მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ელინიზმის საფრთხე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ელინიზმის საფრთხე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


22-09-2025, 00:59

 

   ჩვენს ნაშრომში „ნეოპელაგიური, ნეოორიგენისტული და ნეომონოფიზიტური გამოვლინებანი" (მე-6 ტომი) ყურადღება გავამახვილეთ იდეათა ერთობლიობაზე, რომელიც ისტორიულად ჩამოყალიბდა მართლმადიდებლურ ლიტერატურაში. 

   ძირითადად და განსაკუთრებით ანთროპოლოგიასა და სოტერეოლოგიაშია თვალშისაცემი მოციქულებრივ სწავლებასთან მართლმადიდებლურისთვის უცხოს (პელაგიურ-ორიგენისტულის, რელიგიურ-ფილოსოფიურის) შერევის საფრთხე. ჩვენც სწორედ ამ საშიშროების თავიდან აცილების აუცილებლობაზე ვისაუბრეთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენეული მსჯელობა-შეფასება არის კერძო, პირადი აზრი, ვით სურთ რომ წარმოაჩინონ მავანთ, არა და სრულიადაც არა! ჩვენ ვეყრდნობით ეკლესიის გარდამოცემას, პირველყოვლისა ვგულისხმობთ ნეტარი ავგუსტინეს შემოქმედებას.

   იქ მკაფიოდ ჩანს (ანთროპოლოგიის საკითხებში და არა ტრიოდოლოგიაში - კ. ჯ.), როგორი კომპეტენტურობით გადააფასა და გადალახა წმ. მამამ ნეოპლატონიზმის (ზოგადად ელინიზმის) ზეგავლენა თავის ღვთისმეტყველებაზე. შედეგად მივიღეთ კრებსითი (კართაგენის კრება, 418 წ.) გადაწყვეტილებები. წესით (მართლმადიდებლური სწავლებისამებრ) ამ ფაქტს წერტილი უნდა დაესვა ანთროპოლოგიაში ნეოპლატონური (ელინისტური) იდეების გავრცელებიათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეკლესიის (სრული) სისავსით ეს არ განხორციელდა.

   თავად ნეტ. ავგუსტინე აღიარებდა: ღმერთს რომ არ ებიძგა გადამეხედა ძველი შეხედულებებისთვის, ამ რევიზიის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა პელაგიური ცრუსწავლების საბოლოო დამარცხებაო. საქმე ისაა, რომ წარმართულ-ელინისტური ხედვები ღრმად იყო შეჭრილი პატრისტიკაში. მისგან განთავისუფლება სერიოზულ სულიერ ძალისხმევას მოითხოვდა, მეტიც:  ზოგიერთმა წმ. მამამ ბოლომდე ვერც მოახერხა ეს.

   წმ. მამათა სწავლებაში კერძო აზრების (თეოლოგუმენის) არსებობა სათანადოთაა განსაზღვრული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ - ის (სწავლებები) კერძო, პიროვნულ აზრად რჩებოდა.

   წმ. ბარსანუფი დიდმა, წმ. ბიკენტი ლირინელმა, წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელმა (რომელთა სწავლებაც შემოგთავაზეთ მე-6 ტომში), შეიძლება ითქვას, ფორმულისეული მკაფიოობით სიცხადით ახსნეს კერძო აზრის მიზეზები და ისიც, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონოდა ამისადმი. ძირითადად საუბარი იყო ძველი მასწავლებლებისაგან, (იგულისხმება ფილოსოფია, ელინიზმი) ნასწავლზე, ცოდნაზე, რაც არ იქნა შემოწმებულ-შეჯერებული წმ. მამებისეულ სწავლებასთან. ეს გარემოება იძლეოდა და ახლაც იძლევა პატრისტიკისა და ელინიზმის (პლატონიზმი, სტოიციზმი, ორიგენიზმი და სხვა ცრუსწავლებების) ურთიერთაღრევის ალბათობას კი არა, მეტიც - საშუალებას.

   მართალია, აღნიშნული ცრუსწავლებები კრებსით დონეზე იქნა მხილებული, მაგრამ საბოლოოდ და მთლიანობაში აღმოჩნდა შემდეგი: თანამედროვე ღვთისმეტყველებელთა დიდმა ნაწილმა ხსენებული ერესების მხოლოდ უკიდურეს ფორმებზე განაცხადა უარი, ხოლო „ზომიერ ფარგლებში" მას გზა გაუხსნა. ამას დაემატა წმ. მამათა კერძო აზრების წარმოჩენა ეკლესიის სწავლებად. ელინიზმთან კომპრომისის შედეგად, ის „დახვეწილი მანიპულაციების" გზით შემოიჭრა ეკლესიაში, მეტიც ორთოდოქსულ სწავლებადაა შემოთავაზებული.

   როგორც მოგახსენეთ, თანამედროვე ღვთისმეტყველებაში ბატონობს აზრი: მთავარია გავემიჯნოთ ორიგენეს, პელაგის, პლოტინის, ნესტორის და ა.შ. „უკიდურესობებს", მაგრამ „ზომიერი დოზით" ის მისაღებიცაა. ერთმა გამოჩენილმა ღვთისმეტყველმა მას „ელინიზმი და ქრისტიანობის შხვედრა" უწოდა1, თითქოს თანაბარი სუბსტანციებია და „რა პრობლემაა" (არასაზიანო, უსაფრთხო) ელინიზმთან ქრისტიანობის „შეხვედრა"; ეს ხომ „სინთეზური" თანაარსებობაა ყოველგვარი ზიანის გარეშე. არასდიდებით არ შეესაბამება ეს ინტერპრეტაცია ისტორიულ სიმართლეს.

   წმ. იუსტინეს მიერ შემთხვევით როდი იყო ანათემირებული სწორედ ელინიზმის საფუძვლები ვით „ნაციონალურ-კულტურული" (ბერძნული) ნიშანთვისება; „ელინურის" ძალისხმევითაც ის ასიმილირდა, გაიგივდა ქრისტიანობასთან (მათ ცნობიერებაში).

   შედეგად, ორივე ელინისტური სკოლის (ალექსანდრიულში ორიგენისტული განხრით, ანტიოქიის - ნესტორიანული იდეალებით) სოტერეოლოგიაში ერეტიკულ მოსაზრებათა კომპრომისული ვარიაციები შემოიჭრა.

   რეალურად, მოდერნიზმის ეპოქაში პლატონურ-ორიგენისტულ-პელაგიურ იდეებს შესაძლებლობა მიეცა ერთგვარი ისტორიული რევანში აეღოთ მსოფლიო კრებებზე დამარცხების გამო.

   ამრიგად, ჩვენი საუბრების მიზანია დავანახოთ მკითხველს, რამდენად მიუღებელია მოციქულებრივი ქრისტიანობისა და ელინიზმის იდეოლოგიური სინთეზი; და რამდენად მნიშვნელოვანია წმ. წერილისა და მსოფლიო კრებების სწავლებათა დაცვა აღნიშნულ საკითხებში.

   ფაქტია: „სინთეზურად" შემოთავაზებული მამებისეული სწავლება და ელინზიმი გახლავთ შენელებული მოქმედების ნაღმი, ჩადებული საეკლესიო დოგმატური ღვთისმეტყველების საძირკველში.

   ანთროპოლოგიაში კრეაციონიზმი (ადამისეული მემკვიდრეობითი ცოდვის არქონის სწავლება), თავისი არსით არის ორიგენისტულ-პელაგიური.

   XIX-XX საუკუნეთა მოდერნისტული ღვთისმეტყველების განვრცობის შედეგი ცხადია: საკითხები, რომლებიც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე იყო მხილებულ-ანათემირებული, დღეს კვლავ „აღორძინებული" სახით წარდგა საზოგადოების წინაშე. ამიტომ „საუბრები საპოლემიკო თემებზე" სინამდვილეში ნიშნავს ელინისტური გამოვლინებების კრებისეულად კვლავინდებურ მხილებას: დიახ, ვინაიდან არსებითად აქ საპოლემიკო არაფერია კრებსითი თვალსაზრისით (ეკუმპრომისო მართლმადიდებლობისამებრ), თუმცა „ზომიერი" და „მისაღები" მოდერნისტულ-ელინისტური კატეგორიების მიხედვით.

   მართალია, აღმოსავლური საღვთისმეტყველო სკოლების „ოქროს ეპოქამ" ძირითადად გადალახა ორიგენიზმის, პელაგიანობისა და ელინისტური ფილოსოფიის საცდურები, მაგრამ... პატრისტიკული (მით უფრო თანამედროვე ღვთისმეტყველება) მთლიანად არ განთავისუფლებულა ელინისტური საცდურისაგან. მეტიც: „ზომიერი ნეოპლატონიზმი" გარკვეულწილად მისაღებიც კი აღმოჩნდა „რადიკალური ავგუსტინიზმის, კართაგენიზმის ფონზე.

   სინამდვილეში ჭეშმარიტი ორთოდოქსული ღვთისმეტყველებაა ნეოპლატონიზმისა და ორიგენიზმის საერთოდ ამოღება ღვთისმეტყველებიდან. მაშინ ვიხილავთ სქიზმამდელ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის წმ. მამათა სწავლების ჭეშმარიტ სინთეზს.   






1 Митр. Иерофей Влахос. Богословие и пастырство. https://bogoslovie.ru.//text./546292.html




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება