მთავარი > მასობრივი კულტურა, მთავარი გვედის ფოტო > "მართლმადიდებლური მას-კულტურა" - დავით ჯინჭარაძე

"მართლმადიდებლური მას-კულტურა" - დავით ჯინჭარაძე


21-08-2025, 15:33

 

   მას-კულტურა როგორც იდეოლოგიის ნაწილი, თავისი მრავალსახოვანი განშტოებებით რომ ებრძვის და ანგრევს მართლმადიდებლობას, ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია. თუმცა, არცთუ ისე იშვიათად მასობრივი კულტურის, იგივე ამსოფლიური სულისკვეთების სამსახურში, მართლმადიდებლური ტელე და რადიო გადაცემები გვევლინება.

   იქ, საიდანაც უნდა ისმოდეს მართლმადიდებლური სწავლების ხმა გვესმის თანამედროვე სულისკვეთებით გაჯერებული: პოლიტიზირებული, თეატრალური, მშვინვიერი და არა სულიერი, და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ერეტიკული სწავლებები.

   მასობრივად ინერგება უხერხემლო, ნაწილობრივი და გაიოლებული მართლმადიდებლობა. ერთი შეხედვით გეჩვენება, რომ გადაცემებში მოწვეული ზოგიერთი სასულიერო პირი შეგნებულად ამარტივებს საუბარს, იყენებს მარტივ, თანამედროვეთათვის ჩვეულ ტერმინოლოგიას, თუმცა გამოცდილი მრევლი აშკარად ამჩნევს ამქვეყნიურ, ვნებიან სულს, პოლიტიზირებას, სიცრუეს და თამაშს.

   ზოგიერთი სასულიერო პირი შეგნებულად კიარ ამარტივებს საუბარს და მართლმადიდებლურ სიბრძნის უბრალო ენით გადმოცემას ცდილობს, არამედ თავად არის „გამარტივებული მართლმადიდებლობის" აპოლოგეტი. ისინი წმინდა უბრალოებით კიარ ცდილობენ მრევლის სულიერ გაზრდას, არამედ თავიანთ მდაბიო გემოვნების დონეზე დაჰყავთ მართლმადიდებლობის ღვთაებრივი მშვენება.

   "თამაშის" წესი მარტივია - ‘არ დავაფრთხოთ ხალხი!’, ‘არ ვიყოთ რადიკალურები!’. ასეთი „მსახიობების" დახვეწილი თამაშის შედეგად ყალიბდება მდაბიო მართლმადიდებლობა, რომელსაც ჭეშმარიტ მართლმადიდებლობასთან თითქმის არაფერი აკავშირებს. ამათი შემხედვარე მორწმუნე რწმენას კარგავს, ურწმუნოს კი ეკლესიურობის სურვილიც არ უჩნდება, რადგან ამასოფლიური განცდები მას ისედაც ჭარბად აქვს.,

   ერთმა ყოფილმა პროფესიით მსახიობმა გაეკლესიურობის შემდეგ თქვა: „ მე თეატრში მეგონა დავტოვე მსახიობები, აქ კი ისინი უფრო მეტნი არიან!". რა ზუსტი შენიშვნაა! „მსახიობების" ცრუ სულიერება ისევ „მსახიობებისთვის" არის გასაგები. მისთვის ეს როლი მშობლიურია და ლექსიკაც აბსოლიტურად მისაღები.

   მას-კულტურის თანამშენებელი „მართლადიდებელი მსახიობები" იდეოლოგები არიან. ისინი აუცილებლად მიაკუთვნებენ თავს რაიმე სახის პოლიტიკურ ძალას ან ორგანიზაციას. მათთვის მართლმადიდებლური ჭეშმარიტება ამქვეყნიური პოლიტიკურ-ორგანიზაციული ძალასთან თანხვედრაში გამოიხატება. ღვთისადმი სასოებას კი უფრო ზედაპირული, უფრო სწორად, თეატრალური ხასიათი აქვს.

   "მართლმადიდებლურ მას-კულტურას" მხოლოდ თავიანთი „მსახიობები" უყვარს. სიტყვით თითქოს ყველა უყვარს, თუმცა მებრძოლ, უკომპრომისო მართლმადიდებელს ნაკლებად შენიშნავ მათ გადაცემებში.

   ამრიგად, მართლმადიდებლური მას-კულტურიდან წამოსული საცდური გაცილებით საშიშია, ვიდრე გარე საფრთხეები, რადგან ესენი შიგნიდან ხრწნიან მართლმადიდებლურ სულს.


                                                                         დავით ჯინჭარაძე

                                                         www.xareba.net - ის რედაქცია


უკან დაბრუნება