მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > შინაგანი ერთიანობა

შინაგანი ერთიანობა


24-01-2013, 00:05
შინაგანი ერთიანობა

   ცოდნის უკმარისობა ზერელე მსჯელობებში ჩანს, არც თუ იშვიათად რომ გვესმის მართლმადიდებლობის შესახებ.

  მართლმადიდებლობა მთლიანი და ერთიანია. არ არსებობს ორი მართლმადიდებლობა: „ჭეშმარიტი" - შინაგანი  და „ოფიციალური" - გარეგანი, არის მხოლოდ შინაგანი და გარეგანი მხარეები, ამასთან გარეგანზე, ცხადია, ცხოვრების მოცემული პირობები, განსაკუთრებით სახელმწიფო პირობები აისახება. მაგრამ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი ცხოვრება მის ღრმა, შინაგან ნაწილშია დაუნჯებული.

   სინოდალური თუ საპატრიარქო მმართველობა ეკლესიაში, საკითხი - სრული თუ არასრული თავისუფლებით სარგებლობს იგი სახელმწიფოში, ან საერთოდ დაკარგული ხომ არა აქვს იგი, არის თუ არა იგი კონტროლის ან წნეხის ქვეშ ან ხომ არ იდევნება: ყოველივე ეს ეკლესიის გარეგან მხარეზე აისახება. მაგრამ ეს ასახვა არ არის პარალელური, არ არის კანონზომიერი და ზერელე დაკვირვებას არ ექვემდებარება.

   არ არსებობს ერთი მხრივ ოფიციალური, ვითომდა მშრალი და მოსაწყენი და, მეორე მხრივ, რაღაც სხვა ღვთისმეტყველება: მთელი ღვთისმეტყველება სიცოცხლით სავსეა, მაგრამ ამ საქმით რომ იყო დაკავებული, სულიერი მომზადებაა საჭირო. არ არიან მართალნი ისინი, ვინც ჩვენს საღვთისმეტყველო მეცნიერებას აგდებულად უყურებენ და მას „სემინერიულს" უწოდებენ. მას სქოლასტიკის ელფერს საყვედურობენ, მაგრამ ეს ეპოქისადმი გაღებული უცილობელი ხარკია; ასევე უკიჟინებენ უცხო აღმსარებლობათა გარკვეულ გავლენასაც, მაგრამ ის კი ავიწყდებათ, რომ არც ისე ადვილია სრულიად ახალი, დამოუკიდებელი ფორმების პოვნა მკაცრად მართლმადიდებლური ფორმულირებებისთვის, რომლებმაც უნდა შეცვალონ დასავლეთის ღვთისმეტყველების ჩვეული და მრავალი საუკუნის მანძილზე ფესვგადგმული ტრადიცია.

  არ არის მაცხოვნებელი და არ არის საჭირო „სიახლეების" ძებნა დოგმატიკაში, როგორც ეს ჩვენს დროში ხდება. მართლმადიდებლური საღმრთო ზრახვისთვის უცხოა „დოგმატების განვითარების" იდეა, იგი არ იცნობს „დოგმატური განვითარების კანონს". ჩვენი დროის დოგმატიკის მიზანი ის კი არ არის, რომ „აღმოჩენები" აკეთოს, ეს მიზანი იგივეა, რაც უწინ და ყოველთვის იყო: მიგვაახლოოს სარწმუნოების დიდ და დაფარულ ჭეშმარიტებებს, ნათელი მოჰფინოს მათ ჩვენთვის და ქრისტიანული სწავლების სრული, მწყობრი და მკაცრად გამართული სისტემა ჩამოაყალიბოს.

  მართლმადიდებლობა თვითმყოფადია და შეუძლებელიცაა სხვაგვარი იყოს, რადგან იგი დასაბამიერია, პირვანდელია. მართლმადიდებლობა ქრისტიანობის მდინარის ძირითადი და სწორი კალაპოტია. ამიტომ არ შეიძლება ვილაპარაკოთ მასზე, როგორც რაღაც საშუალოზე კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს შორის. ასეთი გამოთქმა მით უფრო დაუშვებელია, რომ თვითონ პროტესტანტიზმი სულ რაღაც ოთხი საუკუნეა, რაც არსებობს - ამიტომ ეს გამოთქმა ისტორიულად აბსურდულია.

   მართლმადიდებლობა სულიერია, ესაა საიდუმლო ცხოვრება ღმერთში. მაგრამ მას ნაკლებად უხდება სიტყვა „მისტიკური" -       მისტიციზმის იმ გაგებით, რომელიც ხშირად გვხვდება დასავლეთის სექტანტურ წრეებში. მართლმადიდებლობას არ ახასიათებს მისტიციზმის ავადმყოფური გამოვლინებები. მართლმადიდებლობისთვის უცხოა მშრალი რელიგიური რაციონალიზმიც, ავადმყოფური მისტიციზმიც და საერთოდ, ყოველგვარი უკიდურესობაც - ყოველ დროში და ყოველი ხალხისთვის.

 

წიგნიდან  „საუბრები მართლმადიდებლობაზე"


უკან დაბრუნება