მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვა - პასუხი
კითხვა - პასუხი17-01-2013, 18:28 |
შეკითხვა: გთხოვთ მომწეროთ პასუხი. მაინტერესებს ასეთი რამ: ვიცით რომ ღმერთი ადამიანს ორ სქესად ჰყოფს - კაცად და ქალად. მაგრამ ხშირია შემთხვევა, როდესაც მამაკაცი (ან ქალი) სქესს იცვლის პლასტიკური ოპერაციის ხარჯზე. ჩემი შეკითხვა შემდეგში მგდომარეობს: სქესშეცვლილი ადამიანი სინანულის შედეგად გახდება თუ არა ღირსი ზიარებისა და გარდაცვალების შემდეგ ცხონდება თუ არა ეგეთი ადამიანი? და როგორ უნდა მოვიხსენიოთ სქესშეცვლილი ადამიანები ლოცვაში? მხევალი ღვთისა თუ მონა ღვთისა? საეკლესიო ლიტერატურიდან ვიცით, რომ „მხევალი" სიტყვა იხმარება ქალის დროს, ხოლო სიტყვა „მონა" იხმარება კაცის დროს. და როგორ უნდა მოვიხსენიოთ სქესშეცვლილი ადამიანი, რომელიც გარდაცვლილია? პირველი ბუნება დაბადებიდან რა სქესიც მიანიჭა უფალმა იმით? თუ პლასტიკური ქირურგიის შედეგად რა სქესიც ჰქონდა და როგორი სქესითაც აღესრულა ამქვეყნად?
პასუხი: პატივცემულო №, თქვენ რამოდენიმე შეკითხვა გაქვთ, რომლებიც ერთი ძირითადი საკითხიდან გამომდინარეობს. დავიწყოთ იმით, რომ არა მგონია საქართველოში ხშირი იყოს სქესის შეცვლის შემთხვევები, მაგრამ, თუგინდ ერთი ფაქტი აღინიშნოს, მაინც აღმაშფოთებელია.სქესის შეცვლა ოპერაციის მეშვეობით დიდი ცოდვა გახლავთ. ასეთმა ადამიანმა ღმრთის განგებულების საპირისპირო სვლა გადაწყვიტა. ეს არის ერთგვარი გამოწვევა ღმერთისა, ჯანყი მის წინააღმდეგ. ღმერთმა კაცად (ან ქალად) შექმნა ადამიანი. სქესობრივი გადახრების მქონე პირი კი არაფრად აგდებს ღვთის მცნებას. სქესშეცვლილი ადამიანის სინანულზე საუბრამდე უპრიანი იქნება ცნება სინანულის არსი გავიაზროთ. სინანული არის საკუთარი ცოდვილობის განცდა, გულწრფელი აღიარება მოძღვრის წინაშე, და მზადყოფნა აღარ დაუბრუნდე ცოდვას. სქესშეცვლილი ადამიანი თუ გულწრფელად ინანიებს თავის ცოდვას, შესაბამისად უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის სქესობრივ მდგომარეობას. ამით დაადასტურებს თავისი განცდების გულწრფელობას. ანუ ეს იქნება ნაყოფი სინანულისა. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ზიარების საკითხის წამოწევაც. ხოლო, თუ ადამიანის ზიარება გახდება შესაძლებელი, ე. ი. ის უკვე აღარ იქნება ეპიტემიის (სასჯელის) ქვეშ. შესაბამისად, ცხონების საკითხიც ადეკვატური გახდება. თუმცა, ყველაფერი ღვთის ნებაა. მომდევნო შეკითხვების არსი ავტომატურად იცვლება. რა თქმა უნდა, საწყისი სქესობრივი მდგომარეობის მიხედვით უნდა მოხდეს მისი მოხსენიება ლოცვებში. რაც შეეხება სქესშეცვლილი გარდაცვლილის საკითხს, აქ სიტუაცია უფრო რთულია. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი (ასაკი, გარდაცვალებამდე განწყობა, თუ ჰქონდა სინანული და ა. შ.). მაგრამ, თუ ადამიანი აღნიშნული ღვთივგმობური ცოდვით წარსდგა ღვთის წინაშე, გირჩევთ არ მოიხსენიოთ ღვთისმსახურებაზე. დეკითხეთ სხვა გამოცდილ მოძღვრებსაც. ღმერთმა დაგლოცოთ!
უკან დაბრუნება |