მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ურწმუნოება როგორც ბოლო ჟამის საცდური - დავით ჯინჭარაძე
ურწმუნოება როგორც ბოლო ჟამის საცდური - დავით ჯინჭარაძე13-04-2025, 13:05 |
ჩვენ ვიცით, რომ საღმრთო გამოცხადება სოფლის აღსასრულისა და ანტიქრისტეს მოსვლის მოახლოების ერთ-ერთ ძირითად ნიშნად ქრისტიანული სარწმუნოებისაგან განსაკუთრებულ განდგომილებაზე მიგვითითებს. "უმთავრესი ნიშანი მოახლოებული მეორედ მოსვლისა არის საყოველთაო ურწმუნოების გავრცელება "- ამბობს წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი. წმინდა თეოფანე დაყუდებული ბოლო ჟამის შესახებ ამბობს: "გონებაში იხატება მეტად უნუგეშო სურათი ბოლო ჟამის ადამიანთა ზნეობრივ-რელიგიური მდგომარეობისა. სახარება ყველასთვის იქნება ცნობილი. ადამიანთა ერთი ნაწილი არ ირწმუნებს სახარებას, მეორე, მცირე ნაწილი, მწვალებლობაში იქნება, არ გაჰყვება ღვთივმონიჭებულს სწავლებას, არამედ თავის სარწმუნოებას გამოიგონებს, თუმცაღა საღვთო წერილის გამოყენებით... ადამიანთა ერთი ნაწილი იქნება ჭეშმარიტი სარწმუნოების მპყრობელი – იმ სარწმუნოების, რომელიც წმიდა მოციქულებმა გადმოგვცეს და მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული; მაგრამ ამათგანაც არცთუმცირე ნაწილი მხოლოდ სახელით იქნება მართლმორწმუნე, გულში კი არ ექნებათ ის წყობა, რომელსაც სარწმუნოება ითხოვს, რამეთუ წუთისოფელზე იქნებიან შეყვარებულნი. აი ამგვარი დიდი განდგომილებაა მოსალოდნელი.” არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) ბოლო ჟამის ქრისტიანებს შემდეგნაირად აღწერს: „უკანასკნელი ჟამის ქრისტიანობა ძველისგან მხოლოდ მის გარსს ისესხებს, შინაარსი კი შეუმჩნევლად შეიცვლება ახალი სულით, ცხოვრების სულ სხვა სტილით, აზროვნების სხვა წესითა და სხვა ფასეულობებით”. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ბოლო ჟამის მორწმუნეებს შემდეგნაირად ახასიათებს: "ქრისტეს რწმენა თვითდინებაზე მიუშვეს, ქრისტეს მცნებების მიხედვით ცხოვრება კი უარყვეს – ამ მცნებების საპირისპირო ცხოვრება დაიდეს წესად, რის გამოც სარწმუნოება ვერასგზით ვერ გადავა დაწყებითიდან ქმედითში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება ცხოველი, ანუ სულიერი. "სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა” – ანუ ქრისტეს მცნებების შესრულების გარეშე – "მკუდარ არს” (იაკ. 2, 20). მამა ლაზარე აბაშიძე ბოროტის მეთოდებზეც საუბრობს: "ეშმაკი სახარების გარეგან, სიტყვიერ ქადაგებას კი არ დააბრკოლებს, არამედ ქრისტეს მცნებების შესრულებას, ქრისტიანობის თვით არსში წვდომას; იგი ყოველმხრივ შეეცდება ქრისტეს რწმენის გამიწიერებას და რაციონალიზებას. თავისთავად სეკულარიზებული, ფრთამოკვეცილი ქრისტიანობა კი არათუ საშიშია ეშმაკისათვის, პირიქით, მის წისქვილზეც კი ასხამს წყალს”. მამა ლაზარე ასევე სამართლიანად შენიშნავს ინდეფერენტულობის როლს ურწმუნოების გავრცელებაში: "ინდიფერენტიზმი სარწმუნოების საკითხებში კაცთა მოდგმის წყლულია. იგი აუძლურებს და კლავს სულს. ვისაც ინდიფერენტიზმი დაეუფლება, ის თითქმის იგივეა, რაც უღმერთო, რადგანაც ცხადია, რომ მისთვის სარწმუნოება რაღაც გარეშე საქმეა და მას მხოლოდ ჩვეულების ძალით მისდევს.” ეს დამოკიდებულება მკვეთრად შეინიშნება დღევანდელ ქრისტიანებში და სამწუხაროდ მას "რწმენა” ეწოდება. წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს: „ბოროტება იზრდება; ურწმუნოებისა და ბოროტებისადმი რწმენა თავს გავიდა; რწმენა და მართლმადიდებლობა სუსტდება. ნუთუ ვერ მოვეგებით გონს? ღმერთო! შეგვიწყალე და დაგვიფარე შენი სამართლიანი რისხვისაგან!" თანამედროვე ადამიანს რატომღაც მიაჩნია, რომ სარწმუნოებისადმი ზემოთ აღწერილ დამოკიდებულებას შესაბამისი შედეგი არ მოჰყვება. წმინდა ეგნატე გვასწავლის: "თუ არ გეცოდინებათ ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება, შესაძლებელია მიიღოთ ცრუ და მკრეხელური აზრი ჭეშმარიტებად, შეითვისოთ ის და მასთან ერთად სამუდამო დაღუპვა შეითვისოთ. ღვთისმგმობელი ვერ გადარჩება!” წმ. ეგნატე განაგრძობს: "ურწმუნო საუკუნო წარწყმედის კერძია, ხოლო თუ კაცს ქრისტე მხოლოდ სიტყვით სწამს, მაგრამ არ ასრულებს მის წმინდა მცნებებს, ანუ საქმით უარყოფს ქრისტეს, იმას საუკუნო წარწყმედა ელის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხონებისათვის საჭიროა ქრისტეს ცოცხალი რწმენა. მოციქულიც ხომ მკაცრად გვაფრთხილებს:"რაჲთა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენეს ჭეშმარიტებისა მის, (2 თეს.2, 12) რომელთა დაიმარხეს მართალი სარწმუნოება და ქმნეს საქმენი კეთილნი, წარვიდენ ცხოვრებად საუკუნოდ, ხოლო ცოდვილნი და შეურაცხმყოფელი სარწმუნოებისანი სატანჯველად მიეცნენ საუკუნოდ, - წმინდა მაქსიმე აღმსარებელი. თანამედროვე ქრისტიანებს კარგად უნდა გვესმოდეს თუ რა ურწმუნო ეპოქაში ვცხოვრობთ, ასევე რა ქრისტიანული ღვაწლია ამ ჟამისთვის დამახასიათებელი. ამ მხრივ ძალიან გვეხმარება არქიმანდრიტი ლაზარე: "ჩვენი დროისათვის უკვე აღარაა დამახასიათებელი სულიერი საკვების ის სიუხვე, ის ბრწყინვალება, ის სურნელება, რითაც ესოდენ სავსე იყო ადრინდელ ქრისტიანთა ცხოვრება”. „ჩამავალი მზე ცოცხლად წარმოგვიჩენს ჩვენი დროის ქრისტიანობის მდგომარეობას. ისევ ანათებს მზე ქრისტეს სიმართლით, ისევ გამოსცემს იგივე სხივებს, მაგრამ ისინი აღარ მოგვფენენ არც იმ სინათლეს, არც იმ სითბოს, როგორც ჰქონდა ჩვენს წინამორბედ ხანში”; „უნდა გვესმოდეს დროის სული და არ უნდა გაგვიტაცოს ადრინდელმა წარმოდგენებმა და შთაბეჭდილებებმა, რომელთა განხორციელებაც ჩვენს დროში შეუძლებელია". - გვასწავლის წმ. ეგნატე. იღუმენი ნიკონი მამებზე დაყრდნობით წერს: „ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით კაცობრიობის ცხოვრების ისეთ პერიოდში, როდესაც გადარჩებიან მხოლოდ მწუხარებათა უსიტყვოდ დამთმენნი, ღვთისადმი რწმენით აღვსილნი, მისი წყალობის მომლოდინენი, სხვა გზებს გადარჩენისას დღეს არავინ იცნობს. ჩვენი დროისათვის დარჩა მხოლოდ ერთადერთი გზა - ტანჯვათა დათმენა”. მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი ზუსტად შენიშნავს: „ჩვენ ღრმად უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი დრო, თუ რაოდენ ცოტა ვიცით ჩვენი მართლმადიდებლობის შესახებ, რადგან ცუდად ვგრძნობთ მას და შორს ვართ არა მარტო წმინდა სიძველეებისაგან, არამედ იმ უბრალო მართლმადიდებელი ქრისტიანებისაგან, რომლებიც ცხოვრობდნენ ასი წლის წინ, თუნდაც ერთი თაობის წინ.” წმინდა პაისი მთაწმინდელი მანუგეშებელ სიტყვას ამბობს ჩვენი საუკუნის ქრისტიანებზე: "XXI -ე საუკუნის ადამიანები გადარჩებიან და სიწმინდესაც კი შეიძენენ სამი სახის მორჩილების გამო: მართლმადიდებლური სარწმუნოების შენარჩუნებისთვის და მისი სხვებისთვის გადაცემისთვის, განსაკუთრებით შვილებისა და შვილიშვილებისთვის, ყოველდღიური სინანულისთვის და ეკლესიის საიდუმლოებში რეგულარულად მონაწილეობისთვის.” ამრიგად, ჩვენ მყარად უნდა გავიაზროთ, რომ ურწმუნოება მართლაც უდიდესი საცდურია. ის, რასაც დღეს ადამიანების უმრავლესობა რწმენას უწოდებს, საერთოდ არ გახლავთ რწმენა; რომ ჩვენი დროისთვის აღარაა დამახასიათებელი უწინდელ ქრისტიანთა მსგავსი ღვაწლი, რადგან სადაც არ არის რწმენა , იქ ქრისტიანული ღვაწლი ვერ იქნება; ყველაზე მზაკვრული საცდური კი გახლავთ ის, რომ ურწმუნოებას რწმენა დაარქვეს, მორწმუნეებს კი "რადიკალებად და ფანატიკოსებად” მოიხსენებენ. ამიტომ ამბობს მაცხოვარი: „ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?" (ლუკ.18:8).
დავით ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |