მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ევაგრესეული მისტიციზმი — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ევაგრესეული მისტიციზმი — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


17-03-2025, 20:24

ევაგრესეული მისტიციზმი — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ევაგრე პონტოელის ასკეტურ-მისტიკური შეხედულებები ორიგენეს მწვალებლური სწავლებითაა ნასაზრდოები. მონაზვნურ წრეებში გარკვეული ავტორიტეტის მოპოვების მიუხედავად, ის ორიგენიზმის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლად გვევლინება. მისი პირველი მასწავლებლები წმ. ბასილი დიდი და გრიგოლ ღვთისმეტყველი იყვნენ. სწორედ წმ. გრიგოლ ნაზიანზელმა დაასხა დიაკვნად ხელი ევაგრეს. მოგვიანებით მათი გზები გაიყოფა — ევაგრე ეგვიპტის უდაბნოში გადადის სამოღვაწეოდ. იქ იგი ურთიერთობას ამყარებს ორიგენისტ ბერ-მონაზვნობასთან, ეკლესიის ისტორიაში „გრძელი (მაღალი) საძმოს" („Длинные (долгие) братья") სახელწოდებით ცნობილ ბერებთან, ასევე დიდვიმთან, რუფინთან და სხვა ორიგენისტებთან.

   ევაგრემ მონაზვნური ღვაწლი გარკვეულ სისტემაში მოაქცია, მაგრამ არა მამებისეული (ანტონი, მაკარი დიდი) სწავლების კვალდაკვალ, არამედ ორიგენისტულ-პლატონურ სტილში. ის ბერძენი გახლდათ როგორც ნაციონალურობით, ასევე მსოფლმხედველობით, ფილოსოფიური განათლებით, პლატონური სკოლის წარმომადგენლობით. ამიტომ მას სურდა მეუდაბნოეს ცხოვრებაც ბერძნული აზროვნების კატეგორიაში მოექცია, მეტიც: თავს ვალდებულად მიიჩნევდა ამგვარად ემოღვაწა. საამისოდ პლატონურ-ორიგენისტული სწავლებები ზედმიწევნით მორგებული ჩანდა — იქ ხომ სხეული (ხორცი) სულის საპყრობილედ მიიჩნეოდა. აქედან „განთავისუფლებისა" და „აღდგენისათვის" მოღვაწეს მჭვრეტელობით სიმაღლეებზე ასვლის აუცილებლობა ესახებოდა. საბოლოოდ, ყველა ინტელექტუალური არსება „გონი" („умы") სრულ აღდგენას, „აპოკატასტატისს" ექვემდებარება. ეს ორიგენესა და ევაგრეს სწავლებათა საერთო თეზა გახლდათ, ამიტომაც მას მსოფლიო კრებებმა ერთად გამოუტანა განაჩენი.

   ევაგრეს კოსმოლოგია ორგვარ შექმნაზეა აგებული. თავდაპირველად ღმერთმა გონებრივ არსებათა ერთიანობა „მონადა" შექმნა, იგივე „წმინდა გონებები" („чистые умы"), რომლებიც ღვთის მუდმივ ჭვრეტაში იმყოფებოდნენ. მაგრამ გონივრულ არსებათა „უდებებამ" „მონადის" დაშლა გამოიწვია. ეს იყო „პირველი მოძრაობა" („первое движение"), რის შედეგადაც დაირღვა ერთიანი ცოდნა ღმერთზე და გონებრივი არსებები სამ კატეგორიად (ანგელოზებად, ადამიანებად და დემონებად) დაიყო. პირველ შექმნას მეორე — სხეულების შექმნა მოჰყვა. შესაბამისად, მატერიალური სამყაროს შექმნაც, ევაგრეს აზრით, ცოდვით დაცემის შედეგი იყო, სასჯელი განდგომილი გონებებისათვის (умы). „მეორადი შექმნისას" ღმერთმა ყველა დაცემული გონი შესატყვის სხეულში, შესაფერის სამყაროში დააყენა. საბოლოოდ ყველა, დემონების ჩათვლით, ბრუნდება პირველად მდგომარეობაში.1

   პირველად დაცემას მოჰყვა ბუნებათა შესატყვისი მჭვრეტელობა. ამგვარად შეიქმნა ჭვრეტის სხვადასხვა სახის უნარები. ეს ერთგვარი კიბეა, აღმავალი ღვთის შემეცნებისაკენ, რომელიც ასევე სამგვარია: პირველი ორი „ფიზიკური ჭვრეტა" („физическое созерцание") ევაგრემ კაბადოკიელების (ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი...) კონცეფციაზე ააგო — ღვთის შემეცნება ღვთაებრივი ენერგიების მეშვეობით ხორციელდება. ეს კონცეფცია, რისი მართებულობაც დადასტურდა მეთხუთმეტე საუკუნის ავტორიტეტულ კრებებზე, სრულყვეს წმ. მაქსიმე აღმსარებელმა და წმ. გრიგოლ პალამამ.

   აქ ეტაპობრივ სულიერ აღმასვლაზეა საუბარი, რაც 1) მოღვაწის თავშეკავების, მოთმინების, ღვთისმოშიშების საფუძვლებზეა აგებული; რასაც 2) მოსდევს სათნოებათა მწვერვალებისკენ აღმასვლა.

   მაგრამ ადამიანის განღმრთობის მესამე სტადია ევაგრეს სწავლებაში მჭიდრო კავშირშია ორიგენეს აპოკატასტატისის („გონებათა აღდგენის") კონცეფციასთან, რასაც ისინი „არსებით მჭვრეტელობას" („сушностное созерцание") უწოდებდნენ. აქედან უკვე ევაგრეს მისტიციზმში მამებისეული და ერეტიკული სწავლებების აღრევის (შერწყმის) პროცესი იწყება და ძნელი გასარჩევია რომელია მამებისეული და რომელი — ევაგრესეული გამოცდილება.2

   ევაგრეს სწავლებით, ერთ-ერთი ჭეშმარიტი „გონი", რომელიც არ განუდგა საწყის მდგომარეობას, იყო ქრისტე. შესაბამისად, ქრიტეს მისთვის (ისევე როგორც ორიგენესთვის) „მორიგ" ქმნილებად მოიაზრებოდა, ბუნებით დანარჩენ ქმნილებათა ტოლად. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი ბრალდება ევაგრეს წინააღმდეგ. მის კონცეფციაში მკაფიოდ ვლინდება ორიგენეს ქრისტოლოგია — განკაცების სუბიექტი არა ღმერთი-სიტყვაა, არამედ ქრისტეს ქმნილი გონება.

   ევაგრემ ორიგენესაგან გადმოიღო სწავლება სულების საპყრობილედან (სხეულიდან) გამოყვანის შესახებ. მართლმადიდებლური სწავლება კი საპირისპიროდ მიიჩნევდა — ადამიანის სხეული სულაც არ არის სულის საპყრობილე.3

   შეიძლება თამამად ითქვას: ევაგრე „თავისუფალი", „თვითნებური" საღვთისმეტყველო ძიების პრინციპის მომხრე იყო. თუკი ორიგენე საკუთარი საღვთისმეტყველო საზრისის დადასტურებას წმ. წერილის გამოყენებით (თუმც არამართებულად) ანხორციელებდა, ევაგრე თავისი ჰიპოთეზების მტკიცებისას ხშირ შემთხვევაში არაბიბლიურ წყაროებს მიმართავდა. თავის დროზე ამ ფაქტს აკრიტიკებდნენ ღირსი ბარსანუფი და იოანე ღაზელები.4

   სამწუხაროდ, ეგვიპტის მონაზვნურ წრეებში, შემდეგ პალესტინასა და სირიაში, ორიგენისტულ-ევაგრესეული იდეები არა მხოლოდ მიიღეს ასკეტებმა, არამედ განავითარეს კიდეც, ვით მამებისეულ სწავლებაზე უფრო „ამაღლებული". მაგალითისთვის პალადი ელენოპოლელი გამოდგება.5

   ორიგენეს კონცეფციების შესწავლა არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ მიზნებს ისახავდა. პირველ რიგში ბერებს ასკეტიკა, მისტიკა და ანთროპოლოგია აინტერესებდათ, რაც ორიგენე-ევაგრესეული კოსმოლოგიის, ქრისტოლოგიისა და ესქატოლოგიის ჭრილ-შუქში განიხილებოდა და ერთგვარ საყრდენად გამოიყენებოდა. ცხადია, ამან განავითარა ახალი მიდგომებიც ასკეტურ-მისტიკურ სწავლებაში, სადაც აქცენტი ლოცვაში, აზრებთან ბრძოლასა და განუწყვეტელი ლოცვის, მდუმარების პრაქტიკაში გონის (ум) როლზე კეთდებოდა.

   დოგმატური თვალსაზრისით ყველაზე მეტად სადაო ევაგრეს ნაშრომებში იყო „თავნი ხილვების შესახებ" („Главы о ведении"). ეს ნაშრომი დიდი პოპულარობით სარგებლობდა აღმოსავლურ მონაზვნურ წრეებში, მასში პარადოქსულად თანაარსებობდა როგორც ფარული ორიგენიზმის ევაგრესეული ვერსია, ისე ღია ორიგენიზმიც, რაც მე-V მსოფლიო კრებაზე იქნა ანათემირებული.

   ორიგენიზმის (ევაგრიზმის) ზეგავლენა განსაკუთრებით ბერძნულ ღვთისმეტყველებასა და ასკეტურ ცხოვრებაზე (მისგან გამიჯვნის მიუხედავად), საგრძნობი იყო. მეტიც: ის წმ. მამათა ტექსტების გაყალბების (ჩამატება-ჩანაცვლების), ხან მათეულ ცრუშეხედულებათა პირდაპირ, გადაუმოწმებლად გადმოღების გამო, გარკვეულწილად პატრისტიკაშიც შემოიჭრა. სწორედ ესაა სათავე მისი ზემოქმედების ნიშნებისა თანამედროვე ღვთისმეტყველებასა და მისტიციზმზე, რასაც მოდერნისტულ მსოფლმხედველობას ვუწოდებთ.

   ცნობილი მკვლევარი ვ.ნ.ლურიე მიიჩნევდა, რომ ევაგრემ არა მხოლოდ მამებისეული ასკეტური ტრადიციის სისტემაში მოყვანა, არამედ საკუთარის დამკვიდრება განიზრახა. ის ევაგრესეულ აღმავლობის ეტაპებს („ჭვრეტებს") შეუმდგარს უწოდებდა. ევაგრეზე შეიძლება ითქვას, რომ მან მეუდაბნოეთა ცხოვრების პრაქტიკა, ღირსი მაკარის, ანტონის, ამონისა თუ სხვათა მიერ უკვე დაარსებული, არსებითად ორიგენისტულ-პლატონური სისტემებით ჩაანაცვლა.6

   ევაგრეს ლოცვითი პრაქტიკა სინამდვილეში არ ტრანსფორმირდა „იესოს ლოცვად", როგორც მავანნი (მეინდორფი, კრივოშეინი და სხვა) მიიჩნევენ.7

   უფრო მართებული იქნებოდა გვეთქვა, მამებისეული პრაქტიკის პარალელურად არსებობდა:

   1) მამებისეული წარმოიშვა „მაკარისეული კორპუსიდან" („Макариевский корпус"), რასაც „ქრისტოლოგიური ანთროპოლოგია" ეწოდება.

   2) ევაგრესეული (ორიგენისტული) ტრადიცია თავისი დუალისტური ანთროპოლოგიით, ე.წ. „გონების მისტიკით".

   იმის მიუხედავად, რომ ამ ორი, განსხვავებული ტრადიციის ერთმანეთისაგან გამიჯვნა კრებსითად შედგა, მეორეს (მავნეს) შემოჭრა პატრისტიკაში ნაწილობრივ მაინც მოხდა. თავდაპირველად ეს ეგვიპტის უდაბნოში შეინიშნებოდა. ალექსანდრიის პატრიარქმა (თეოფილე) ორიგენისტი ბერები უდაბნოდან გამოაძევა, თუმცა მათი ზეგავლენა მონაზვნურ ცხოვრებაზე მაინც საგრძნობი იყო. მეტიც: ის დღესაც აქტუალურია მოდერნისტულ წრეებში, „ახალ ისიქასტებში".

   ასე რომ, ყოვლად დაუშვებელია ამ ორი, სრულიად განსხვავებული პრაქტიკის გაიგივება — ე.ი. მართლმადიდებლური უნდა გაემიჯნოს ევაგრესეულს. ეკლესიამ, თუკი რამის გადმოღება იყო შესაძლებელი, გადმოიღო (ის, რაც ორიგენესა და ევაგრეში სახარებისეულ-მამებისეული იყო), დანარჩენს მკაცრი განაჩენი გამოუტანა. ამის მიუხედავად, მისი „რეაბილიტაცია", როგორც ღია, ისე ფარული ფორმით, აქტიურად მიმდინარეობს აკადემიურ წრეებში. მამებისეულისა და ევაგრესეულის სინერგიის (გაერთიანების) მცდელობა, დაწყებული „პარიზის სკოლის" (გ. ფლოროვსკისა და სხვათა) მიერ, სულ უფრო პოპულარული ხდება. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, სიფრთხილისა და სიფხიზლისკენ მოვუწოდოთ ორთოდოქსებს.

 

 

 

1А. Р. Фокин. Апокатастстис в сирийской христианской традиции: Евагрия и Исаака.

2 Kepalaia Cnostica. I 65. Evagrius Ponticus. ციტ. А. Фокин. Апокатастатис в сирийских христианских трудах.

3Евагрий. Гностические главы. 3. 72. (52).

4 Фарсануфий и Иоанн. Вопросы – ответы.

5История монахов в Египте.

6 В. Н. Лурье. Приздание Авраама: Идея монашества и ее воплошение в Египте. https//azbuka.ru.

7იხ. Д. Бирюков. Книга Еретиков. Аскетика и мистика Евагрия.

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

 



უკან დაბრუნება