მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > წმ. კირილე ალექსანდრიელისა და სხვა წმ. მამების სწავლება ჯოჯოხეთიდან აღმოყვანის თაობაზე — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

წმ. კირილე ალექსანდრიელისა და სხვა წმ. მამების სწავლება ჯოჯოხეთიდან აღმოყვანის თაობაზე — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


25-02-2025, 19:24

წმ. კირილე ალექსანდრიელისა და სხვა წმ. მამების სწავლება ჯოჯოხეთიდან აღმოყვანის თაობაზე — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   პეტრე მოციქულის ეპისტოლი ცნობილი მონაკვეთი (1 პეტრ. 3. 18-20) წმ. კირილე ალექსანდრიელსაც აქვს განმარტებული. მოდერნისტები მისი სწავლების სათავისოდ გამოყენებასაც ცდილობენ, მიზეზი კი კვლავ წმინდანის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია გახლავთ. წმ. კირილე ამბობს:

   „ამრიგად, მან (ქრისტემ) ჯოჯოხეთშიც იქადაგა, რათა გაეთავისუფლებინა ისინი, ვისაც მართებდა ერწმუნა მისი, თითქოს ის მოვიდა მათთან განკაცებული მათი ამქვეყნიური ცხოვრების დროს. მათ ჯოჯოხეთშიც სრულფასოვნად შეიცნეს იგი (ქრისტე). ვინაიდან კერპთაყვანისცემლები და უსჯულოებაში მცხოვრები სულები, ავხორცული ვნებებით დაბრმავებულნი, უუნარონი იყვნენ დაენახათ ღვთივგანცხადებული ბრწყინვალება, რათა მართებულად შეეცნოთ ის, ვინც ყველას გასანთავისუფლებლად მოვიდა".1

   წმ. კირილე ალექსანდრიელის აღნიშნული განმარტება თავისი თეზა-ანტითეზის მიდგომით მთლიანად ორთოდოქსულია: თეზა — ერთნი, რომლებსაც „მართებდათ ერწმუნა", და ანტითეზა — მეორენი, რომლებიც „უუნარონი იყვნენ" და არ შეეძლოთ ქრისტეს ქადაგების მიღება. სწორედ მართებულისა და არამართებულის პრინციპული განსხვავება განაპირობებს ერთიან ბუნებრივ მოქმედებას, პავლე მოციქულის სიტყვისამებრ: „ვითარცა მიწისაგანი, ეგრეთცა მიწისაგანნი, და ვითარცა იგი ზეცისაი, ეგრეცა ზეცისაგანნი იგი" (1 კორ. 15. 48-49).

   ამრიგად, თუკი ერთი კატეგორიის სულთა კრებულს არ შეეძლო ერწმუნა ქრისტესი სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ თავისი არსებით იყვნენ „მიწისაგანნი", ე.ი. უკვე დედამიწაზე ცხოვრების დროს სულიერად მკვიდრებს არ შეეძლოთ ერწმუნათ ჯოჯოხეთში. ლუკა მახარებელის სიტყვისამებრ: „ხოლო სხუასა ჰრქუა: შენ მომდევდე მე. და მან ჰრქუა: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისვლად და დაფვლად მამისა ჩემისა. ჰრქუა მას იესუ: აცადენ მკუდარნი დაფვლად თვისთა მკუდართა, ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაი" (ლუკ. 9. 58-59).

   შესაბამისად მეორე კატეგორიის სულთა (ზეციურ) კრებულს არა თუ შეეძლო, არამედ უთუოდ უნდა ერწმუნა, იყვნენ რა აღდგენილნი მიწიერი, სულიერი სიკვდილის მდგომარეობიდან ჯერ კიდევ ამქვეყნიური ცხოვრების დროს. იოანე მახარებელიც ხომ შეგვაგონებს: „დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ხელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკუეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეცა არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა" (იონ. 15. 4).

   ხოლო მართლმადიდებლური ორიგენიზმი (ნეოორიგენისტები) პეტრე მოციქულის (1 პეტრ. 3.19) სიტყვებს ვოლუნტარისტული ანტითეზებით განმარტავენ: „უნდოდა — არ უნდოდა", რაც გულისხმობს, რომ ყველას, ნებისმიერს (თუკი ისურვებდა), ქრისტეს (მადლის) მოწოდების გარეშეც, შეეძლოთ ერწმუნათ როგორც ამქვეყნად, ისე ჯოჯოხეთშიც, რაც ამ სწავლებას როგორც ორიგენისტულ, ისე პელაგიურ ელფერს აძლევს.

   წმ. თეოფილაქტე ბულგარელი წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ პეტრე მოციქულის აღნიშნულ სიტყვების განმარტებას ეხმიანება:

   „ვიდრე დღეა, ვიდრე გრძელდება ამქვეყნიური ცხოვრება და ადამიანებს შეუძლიათ ირწმუნონ და უნდა იღვაწონ. შემდეგ დადგება ღამე, როდესაც ვერაფერს ვიმოქმედებთ ანუ ვერ ვირწმუნებთ, ვინაიდან სარწმუნოება — საქმეა. ამრიგად, მომავალ ცხოვრებაში არ არის სარწმუნოება, არამედ ყოველნი — მსურველიცა და არამსურველიც რეალობას დაექვემდებარება... პეტრე მოციქულის სიტყვები: „საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა", წმინდანმა ამგვარად განმარტა: „განაცხადა რა უფალმა, რომ მოკვდა ჩვენ ცოდვილთათვის, მოციქული შემდეგ ამბობს, რომ მან (უფალმა) ჯოჯოხეთში მყოფებსაც უქადაგა, ამის შემდეგ, მოციქულს კიდევ უნდა განემარტა, რამდენად სასარგებლო იყო ქრისტეს სიკვდილი მანამდე გარდაცვლილთათვის და გადაეწყვიტა საკითხი: როგორღა ცხონდებოდნენ მანამდე (ქრისტეს შობამდე) მცხოვრები გარდაცვლილები? მოციქული მყისიერად განმარტავს ერთსაც და მეორესაც, კერძოდ: ქრისტეს სიკვდილმა ერთიცა და მეორეც ერთდროულად წარმოშვა, — თავისი აღდგომით აღდგომის იმედიც და მანამდე მცხოვრებ გარდაცვლილთა ცხონების იმედით. ვინაიდან მან, ვინც ღვთის სათნოდ განვლო ამქვეყნიური ცხოვრება, ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლით მიიღო ცხონება, როგორც ფიქრობს წმ. გრიგოლ (ღვთისმეტყველი). ის ამბობს: „ქრისტემ ჯოჯოხეთში მყოფებთან შთასვლით განურჩევლად ყოველი როდი აცხოვნა, არამედ მხოლოდ მორწმუნენი".2,3

   დავუბრუნდეთ წმ. კირილე ალექსანდრიელის სწავლებას, როგორც ჩანს, მისი ავტორიტეტის დამოწმება მოდერნისტებისთვის მნიშვნელოვანია. კრეტის კრების (2016 წ.) დოკუმენტში „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში", სწორედ კირილე ალექსანდრიელის სწავლება (ოღონდ დამახინჯებული ინტერპრეტაციით) არის მოხმობილი. თურმე როგორც ძველ ადამში იყო შეკრებილი მთელი კაცობრიობის მოდგმა, ასევე ახალ ადამში შეიკრიბება მთელი კაცობრიობა. „მხოლოდშობილი გახდა ადამიანი, რათა ხელახლა ერთად შემოკრიბოს და პირველქმნილ მდგომარეობაში დააბრუნოს წარსაწყმედელად განწირული მოდგმა", ე.ი. კაცობრიობა (კირილე ალექსანდრიელი, იოანეს სახარების განმარტება, 9 PG 74, 273 D — 275 A).4

   კრეტის კრების ეკლესიოლოგია და სოტერეოლოგია ეკლესიის ტრადიციულ წარმოდგენათა საზღვრების გაფართოებისკენაა მიმართული. თუკი ახალ ადამში მთელი კაცობრიობა იკრიბება, ე.ი. ქრისტემ ჯოჯოხეთიდან არა მხოლოდ მესიის მოლოდინში მყოფი მართლები, არამედ ჯოჯოხეთის ყველა მკვიდრიც ამოიყვანა. თუკი მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით „ქრისტეს სხეულში" მხოლოდ (ძველი და ახალი აღთქმის) ეკლესია მოიაზრება (1 კორ. 12. 12-31; ეფ. 1. 22-23), კრეტის ღვთისმეტყველებაში ეს ტერმინი მთელ კაცობრიობაზე ქარიზმატულად განივრცო. მათი კონცეფციის მიხედვით, ღვთის განკაცების შედეგად ადამიანის ბუნება ავტომატურად უმჯობესდება და „შემოიკრიბება პირველქმნილ მდგომარეობაში", რაც წმ. კირილე ალექსანდრიელის და მთლიანად მამებისეული სწავლების კონტექსტიდან ამოგლეჯის დემონსტრირებაა.

   წმ. კირილე ალექსანდრიელის სიტყვა სინამდვილეში სწორედ რომ კრეტის დოკუმენტის საპირისპირო სწავლებაა:

   „ქრისტეს აღდგომის საიდუმლოს შედეგი მთელ კაცობრიობაზე ვრცელდება... როგორც პირველქმნილ (ადამში) ჩვენ სიკვდილით დავეცით, მხოლოდშობილის განკაცებით, ჩვენთვის გახდა რა ადამიანი, ყველა გაცოცხლდება მკვდრეთით, მაგრამ კეთილისმყოფელნი, როგორც წერია — ცხოვრებასა საუკუნესა, ხოლო ბოროტნი — „აღდგომასა სასჯელისასა" (იონ. 5, 29).

   დიახ, აღდგომასა სასჯელისასა, ხოლო მარტოოდენ გამამტყუნებელი განაჩენის მოსმენისთვის გაცოცხლება სიკვდილზე უარესი მგონია. უნდა გავიაზროთ ჩვენი ცხოვრება ქრისტეში, სიწმინდეში, როგორც იოანე მოციქული ბრძანებს: „რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხოვრება საუკუნო, ხოლო რომელიც ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხოვრებაი, არამედ რისხვაი ღმრთისა დადგრომილ არს მის ზედა".5

   როგორც ვხედავთ, წმ კირილე ალექსანდრიელის სწავლება აბსოლუტურად განსხვავდება კრეტის თეოლოგიისაგან, მეტიც: კაცობრიობის მოდგმა ძველ და ახალ ადამში გაერთიანებულია ვით ორივესთვის ბუნებრივი მდგომარეობა, ე.ი. ტოლობის ნიშანია დასმული ძველ ადამში შეკრებილ კაცობრიობასა და ახალ ადამში (ქრისტეში) შეკრებილთა შორის. გაუგებარია, რანაირადაა შეკრებილი, გაერთიანებული „ახალ ადამში მთელი კაცობრიობა"? გავარჩიოთ ეს საკითხი: „ძველ ადამში" კაცობრიობა ბუნებრივად შეიკრიბა, მათ ერთი საერთო გააჩნდათ — პირველქმნილი ცოდვა და მისი მემკვიდრეობა. ხოლო „ახალ ადამში შეკრებას" სულიერი დატვირთვა გააჩნია, ე.ი. ნათლისღებით ენიჭება მადლი სულიწმინდისა, რისი განხორციელება პირდაპირ დამოკიდებულია ცალკეული ადამიანის თავისუფალ ნებაზე, ანუ ადამიანი ნებაყოფლობით ხდება ეკლესიის შვილი. დაახლოებით იგივე ხორციელდებოდა ძველი აღთქმის ეკლესიაში, რომელიც მესიის მოლოდინში იმყოფებოდა. ის ფაქტი, რომ სიტყვა-ღმერთმა მიიღო ადამიანის ბუნება, სულაც არ ნიშნავს, რომ მარტოოდენ ამ ფაქტის გამო ყველა გაერთიანდა (შეიკრიბა) ქრისტეში. სწორედ ესაა მთავარი, რაც „ახალი ღვთისმეტყველების" სახით უნდა მიიღოს მართლმადიდებლებმა.

   მივაქციოთ ყურადღება — სიტყვა „შეკრებილი", რაც დასრულებულ მოქმედებას, მოცემულობას ნიშნავს. მაგრამ „ახალ ადამში" (ქრისტეში) ადამიანების შეკრება სულაც არ გახლავთ აღსრულებული ფაქტი. სამყაროს უდიდესი ნაწილი, როგორც ვხედავთ, ეწინააღმდეგება, მეტიც, ემტერება ქრისტეს სწავლებას. მით უფრო გაუგებარია, რანაირად უნდა ირწმუნონ ასეთმა ადამიანებმა ჯოჯოხეთში ყოფნის დროს, როდესაც ეს სურვილი (როცა ამის რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ) ცხოვრების ჟამს არ იქნა გამოვლენილი. ეკლესიის მისიის (ადამიანის ცხონება) საბოლოო გამოვლინება იყო ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლა, რათა იქიდან მისი მომლოდინენი (მართლები) აღმოეყვანა. ამის შემდეგ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, ღვთის მადლითა და შემწეობით შეიძლება განხორციელდეს ადამიანის ცხონება.

   წმ. კირილე ალექსანდრიელის „სააღდგომო ქადაგებები" („Пасхальная проповедь” 414 г. №1) ადასტურებს, რომ წმინდანისთვის ყოვლად მიუღებელი იყო „ჯოჯოხეთის განქარვების" თეზა. ის წერს: „რა უფრო მტანჯველი და დამთრგუნველია: მარხვა თუ მარადიული ტანჯვის დათმენა? თუკი ნებისმიერი დამეთანხმება, რომ შეუდარებლად უარესია ტანჯვის ატანა, მაშინ რატომ არ ვირჩევთ უკეთესს, როდესაც თავად ცხოვრება გვთავაზობს ერთსაც და მეორესაც?

   ეჭვგარეშეა, რომ მარადიული ტანჯვისაგან შეგვიძლია განვთავისუფლდეთ ღვაწლის შედეგად: „უარს ვიტყვით რა მასზე ჩვენ დაუშრეტელ ცეცხლს ვიმზადებთ ხვედრად".

   ამრიგად, წმ. კირილე ალექსანდრიელის სწავლებაში,თუკი მართებულად გავიაზრებთ მას, დავინახავთ, რომ მასში შეუვალი ორთოდოქსიაა აღნიშნული საკითხის შესახებ. ასე რომ ეს არგუმენტიც გაბათილებულია.

 

 

 

 

 

1Св. Кирилл Александрийский. Фрагменты. / Азбука.ру. Толкование на 1-е Петр. 3. 19.

2Блаж. Феофилакт Булгарский. Толкование на Евангелие от Иоанна. М. 2000. С. 212-218.

3Св. Григорий Богослов. Творения. Слово 45.

4კრეტის კრების დოკუმენტი: მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში.

5Св. Кирилл Александрийский. Кн. 4. Гл. 2. Толкование Евангелия от Иоанна.

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება