მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > საყოველთაობის იდეა

საყოველთაობის იდეა


23-01-2013, 00:06
საყოველთაობის იდეა

   მართლმადიდებლობა ღრმად სახალხო მოვლენაა. ყველა საბოლოო გადაწყვეტილება მის ისტორიაში მთელი ეკლესიის ხმას წარმოადგენდა. მსოფლიო და ადგილობრივი კრებები ერთი იერარქიის სწავლებას კი არა, მთელი ეკლესიის სარწმუნოებას გამოხატავდა. ამიტომ ხშირად ხდებოდა, რომ ჭეშმარიტებას უბრალო მონაზვნები იცავდნენ, ზოგჯერ პირველმღვდელმთავართა თვალსაზრისის საწინააღმდეგოდაც, და ეკლესია სწორედ მათ სიმართლეს აღიარებდა, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, მონოთელიტური მწვალებლობის ან ხატმებრძოლობის დროს.

   მაგრამ სახალხოობა არ ნიშნავს მმართველობის ფორმის დემოკრატიულობას. ეკლესიას მართავს არა სახალხო წარმომადგენლობა, არამედ იერარქია, და მართავს მტკიცე და ნათელი საეკლესიო კანონების მიხედვით. თუ გვგონია, თითქოს მართლმადიდებლური „საყოველთაობა" იმაში მდგომარეობს, რომ ეკლესიას ეპისკოპოსთან ერთად თანაბრად უნდა მართავდნენ ერისკაცები, ეს ნიშნავს, რომ არც მართლმადიდებლობა გვესმის სწორად და ტერმინ „საყოველთაობის" მნიშვნელობა.

   სახალხოობა არ ნიშნავს დაბალ კულტურას. მართლმადიდებლობა, რომელიც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში სულით ყოველთვის სახალხო იყო, არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პრიმიტიულობის გამოხატულება ანდა ქარისტიანული რელიგიის მდაბიური სახე. მართლმადიდებლობამ შეითვისა ელინური კულტურის კეთილშობილური მხარეები, რომლებიც ბიზანტიას ერგო მემკვიდრეობად. მჭევრმეტყველება, რომლის უმაღლესი ნიმუშები მე-4 საუკუნის მღვდელმთავართა თხზულებების სახით გვაქვს; ფილოსოფია და მეცნიერება, რომლის წარმომადგენელთა შორის აღმოსავლეთის ქრისტიანობაში განსაკუთრებით ბასილი დიდი უნდა მოვიხსენიოთ; პოეზია, გრიგოლ ღვთისმეტყველის დროიდან მოყოლებული აღმოსავლურ ღვთისმსახურებასთან ჩაწნული, კონსტანტინოპოლის აია სოფია - ძველი ხუროთმოძღვრული ხელოვნების მწვერვალი; იოანე დამასკელის „რვა ხმანი"; აღმოსავლური ხატწერა; კონსტანტინოპოლის ტაძრების ფრესკები და მოზაიკა - ყოველივე ეს აღმოსავლეთის ქრისტიანობის მაღალი კულტურის მაგალითებია. და მხოლოდ ისლამის ღამემ, მართლმადიდებელ აღმოსავლეთში ათას წელზე მეტი ხნით ჩამოწოლილმა, შეაჩერა იქ კულტურის ქრისტიანიზაციის ეს ნაკადი.

   როგორც ცნობილია, მართლმადიდებლობა ჩვენი სამშობლოს ისტორიაშიც კულტურის მამოძრავებელი ძალა იყო.

   მართლმადიდებლობა ზანაციონალურია. იგი არც ბერძნული აღმსარებლობაა, არც სერბული და არც რუსული - ესაა ქრისტიანული აღმსარებლობა. მაგრამ იგი თავისუფლად ისრუტავს ეროვნულ სტიქიას, ერწყმის ამა თუ იმ ხალხის ფსიქოლოგიას. ეკლესიას ხალხის ტკივილი სტკივა და ხალხის სიხარულით ხარობს, და სწორედ ხალხისა და ეკლესიის ერთიანობით იქმნება ერის ისტორია. ამის მაგალითად სერბეთის დასახელება შეიძლება: რა მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთს ამ ერის ისტორია და სასულიერო პირთა მოღვაწეობა!

   მაგრამ აქ ერთ საცთურს ვაწყდებით: ხედავენ რა, თუ რამდენი სიკეთის გაკეთება შეუძლია ეკლესიას ხალხისა და სახელმწიფოსათვის, ხოგიერთი ცდილობდა და დღესაც ცდილობს ეკლესიისა და რელიგიის ჩაყენებას ხალხისა და სახელწიფოს „სამსახურში". ისინი მხოლოდ ამ კუთხით აფასებენ რელიგიას, მეტიც, ამუხრუჭებენ მის ქმედითობასა და თავისუფლებას, აქედან გამომდინარე კი თავისივე საქმეს აზარალებენ. ამიტომაცაა, რომ დედა-ეკლესიები ყოველთვის ადვილად როდი სცნობენ ხოლმე ეროვნული ეკლესიების დამოუკიდებლობას, განსაკუთრებით - ახალგაზრდა სახელმწიფოებში. უნდა ვუფრთხილდეთ რელიგიის არაპირდაპირი მიზნებისათვის გამოყენების ტენდენციას; დაუშვებელია მოვითხოვოთ მისგან, რომ მარადიულის ნაცვლად წარმავალ მიზნებს ემსახუროს.

 

წიგნიდან „საუბრები მართლმადიდებლობაზე"


უკან დაბრუნება