მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პეტრე მოციქულის ეპისტოლის (1 პეტრ. 3.18-21) განმარტება წმ. მაქსიმე აღმსარებელის სწავლების მიხედვით — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

პეტრე მოციქულის ეპისტოლის (1 პეტრ. 3.18-21) განმარტება წმ. მაქსიმე აღმსარებელის სწავლების მიხედვით — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


23-02-2025, 15:03

პეტრე მოციქულის ეპისტოლის (1 პეტრ. 3.18-21) განმარტება წმ. მაქსიმე აღმსარებელის სწავლების მიხედვით — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   „ოპტიმისტი ღვთისმეტყველები" ჯოჯოხეთიდან ყველას აღმოყვანის არგუმენტად პეტრე მოციქულის ეპისტოლეს მონაკვეთს (1 პეტრ. 3.18-20) ეყრდნობიან. ამით სურთ, თავიანთი ორიგენისტული განმარტება წმ. მამათა სწავლებადაც წარმოგვიჩინონ.

   თავდაპირველად პეტრე მოციქულის აღნიშნული მონაკვეთი განვიხილოთ, შემდეგ წმ. მამებისა, რომლებმაც სინამდვილეში ორთოდოქსული განმარტება შემოგვთავაზეს:

   „მოკუდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა, რომლითაცა საპყრობილესა მას სულთა მივიდა და ქადაგა. რომელნი-იგი ურჩ ოდესმე იყვნეს, რაჟამს ერთ გზის თავს-ედვა სულ-გრძელებასა მას ღმრთისასა დღეთა მათ ნოვესთა, შემზადებასა მას კიდობნისასა, რომელსა შინა მცირედნი, ესე იგი არს რვანი სულნი განერეს წყლისაგან" (1 პეტრ. 3.18-20).

   ქრისტე სულთა საპყრობილეში შთავიდა მაშინ, როდესაც ის იყო მკვდარი ხორცით, ე.ი. როცა ხორცი განშორებული იყო სულისაგან, ვიდრე აღდგომამდე. ეს სწავლება საღვთისმსახურო გალობებშიც ისმის: „შთახედ საფლავსა ხორცით, ხოლო ჯოჯოხეთს სულით", ხოლო მესამე დღეს სული შეუერთდა სხეულს და აღდგა, მის თანა და აღადგინა ყოველი მართალი, რომელიც ელოდა მის მოსვლას.

   პეტრე მოციქული საუბრობს „ურჩებისადმი" მიმართულ „ქადაგებაზე", შემდეგ ცხონებისათვის აუცილებელ პირობაზე ამახვილებს ყურადღებას: „რომლისა სახედ თქუენცა გაცხოვნებს ნათლის-ღებაი, არა ხორცთაგან განშორებაი მწინკულისა, არამედ გონებისა კეთილისა ტრფიალებაი ღმრთისა მიმართ აღდგომითა იესო ქრისტესითა" (1 პეტრ. 3.21). ე.ი. პირობაა: „კეთილი გონების ტრფიალება ღმრთისა მიმართ", რომელიც განსაზღვრებისამებრ შემართებას გულისხმობს და არა საყოველთაო მდგომარეობას. ამიტომ როგორც მაშინ (ნოეს დროს), ასევე ეხლაც „მცირედნი" ცხონდებიან, ე.ი. ღვთის მაძიებელი ადამიანების გულები.

   1. არსებითად იმავე შინაარსისაა წმ. მაქსიმე აღმსარებელის სიტყვაც:

   „ზოგიერთი ამბობს, წმინდა წერილი „მკვდრებად" მოიხსენებს ქრისტეს მოსვლამდე აღსრულებულ ადამიანებს, მაგალითად წარღვნის, ბაბილონის გოდოლის დროს, სოდომსა და ეგვიპტეში მცხოვრებთ, აგრეთვე, სხვებსაც, რომლებსაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვაგვარად, საღმრთო განგებულებისამებრ საშინელი უბედურებები დაატყდათ თავს. ეს ადამიანები არა იმდენად ღვთის შეუმეცნებლობის, არამედ ერთმანეთისადმი მიყენებული წყენის გამო დაისაჯნენ. სწორედ მათზეა პეტრე მოციქულის სიტყვა: „ისაჯნენ კაცობრივ ხორცითა და ცხონდნენ ღმრთისა მიერ სულითა" (1 პეტრ. 4.6), ე.ი. ხორცში ცხოვრების დროს მიიღეს სასჯელი ერთმანეთის მიმართ დანაშაულისათვის, რათა ეცხოვრათ ღმერთში სულით. ე.ი. იყვნენ რა ჯოჯოხეთში, აღიქვეს ღვთის ხილვის ქადაგება (восприняли проповедь боговидения), მაცხოვრის რწმენისამებრ, რომელიც ჩავიდა ჯოჯოხეთში მკვდრების საცხოვნებლად. ამრიგად, რომ გავიგოთ წმ. წერილის ეს ადგილი, ასეთნაირად გავითავისოთ: ამიტომაც მკვდრებისთვისაც იყო ნაქადაგები, ბრალეულთ კაცობრივი ხორცით, რათა ეცხოვრათ ღმერთში სულით.

   ან შესაძლოა წმ. წერილი შეფარულად „მკვდრებად" მოიხსენებს მათ, ვინც „სიკუდილი იგი უფლისა იესოსი ხორცთა შინა ჩუენთა გვიტვირთავს" (2 კორ. 4.10), ვისაც ჭეშმარიტად, თავიანთი საქმეების წყალობით, მიეცათ ღვთაებრივი სახარება (ვინაიდან სახარება ადგენს ხორციელი ცხოვრების უგულებელყოფასა და სულიერის აღიარებას); ისინი, ვინც ყოველთვის კვდება კაცობრივ, ე.ი. ამქვეყნიური ცხოვრებით, ხოლო ცხოვრობს ღმერთში მხოლოდ სულით, ღვთაებრივი მოციქულის მსგავსად (გალ. 2.20; 5.25) და მისი თანაშემწეებით, რომლებიც ცხოვრობდნენ არა საკუთარი ცხოვრებით, არამედ მხოლოდ მათში მყოფი ქრისტეთი, ამგვარად განისჯებიან ხორცით ამქვეყნიური ცხოვრების დროს ღვთისთვის მკვდარნი, ჰქონდათ რა მრავალი ტანჯვა, მწუხარება, ურვა და სიხარულით გადაჰქონდათ დევნა და ათასგვარი განსაცდელი".1

   როგორც ვხედავთ, არსებითად პეტრე მოციქულის ეპისტოლის ანალოგიური შედარებაა ნაჩვენები: როგორც ამ ქვეყნად ცხონებული ქრისტიანები, ვით გამოსყიდვისა და სახარების ქადაგების შემდეგ მცხოვრებნი და იქ, საიქიოში (მაცხოვრის მოსვლამდე გარდაცვლილნი, რომლებსაც არ ჰქონდათ საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება და ცხოვრების დროს ეპასუხათ კეთილ უწყებაზე). ისევე როგორც დღესაც მრავალი ნებაყოფლობით როდი კვდება ხორცით და აღდგება სულით (ქრისტეში), ასევე იქაც (საიქიოში) არა ყოველი ხორციელად მკვდარი გაცოცხლდება სულიერად (ე.ი. ცხონდება). სხვაგვარად სიმეტრია საპირისპირო მხარეს გადაიხრებოდა — ქრისტეს აღდგომამდე მომკვდარნი ცხონების გაცილებით უკეთეს პირობებში აღმოჩნდებოდნენ, თუკი ჯოჯოხეთში ჩასული ქრისტეს ქადაგება გარდაუვალად აცხოვნებდა ჯოჯოხეთის ყველა მკვიდრს.

   აღნიშნული საკითხის უკეთ გააზრებაში არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) ვრცელი განმარტება დაგვეხმარება:

   „წარღვნამდელი ხალხი ასი წლის მანძილზე ისმენდა ნოეს ქადაგებას. გარდა ამისა, მათი მეხსიერებიდან ვერ წაიშლებოდა სეითის შთამომავლობის მიერ დაცული გარდამოცემა; ბაბილონის გოდოლის მშენებლებსაც ჰქონდათ ნოეს მიერ დაცული გარდამოცემის ცოდნა: სოდომში მართალი ლოთი ცხოვრობდა, თავისი სიყვარულით ისიც შეეცდებოდა ღვთისაკენ მოექცია ხალხი. ებრაელი ხალხის ეგვიპტეში გადასახლებიდან მოსეს პერიოდამდე ოთხასი წელი გავიდა, ამდენად ეგვიპტელებსაც უნდა სცოდნოდათ იუდეველების მიერ დაცული გარდამოცემა. გარდა ამისა, თავად ეგვიპტეში, აბრაამის დროს, არაერთი მონოთეისტი ცხოვრობდა, ასე რომ, ეს ტომები და ხალხები არ იყვნენ სრულიად მოკლებულნი ამ ცოდნას. მათ საკუთარ თავზე იხილეს ძველ წინასწარმეტყველებათა აღსრულება და მართლების მხილება, რომელნიც მათ უგულებელყვეს.

   მაგრამ დიდმა განსაცდელმა გაალღო მრავალი მათგანის გაქვავებული გული და ისინი საკუთარი ცოდვების მონანიებით, თავიანთი მხსნელის მოლოდინში აღესრულნენ. სწორედ ამას ნიშნავს „ისაჯნენ კაცობრივ ხორცითა და ცხონდნენ ღვთის მიერ სულითა".

   წარღვნის წლებში დაღუპულ ადამიანებს სინანულისთვის მოცემული ჰქონდათ ასორმოცდაათი დღე წარღვნის დაწყებიდან დედამიწის სრულ ოკეანედ ქცევამდე. სოდომელებს სინანულისთვის მცირე დრო მიეცათ, მაგრამ უფალმა ორივეს მიჰმადლა ცოდვათა მიტევების იმედი; მათ, „ჯოჯოხეთში მყოფებმა, ღვთისშემეცნების ქადაგება აღიქვეს რწმენით მხსნელისა, რომელიც „მკვდართა" ჯოჯოხეთში გადასარჩენად შთავიდა".

   ყურადღება მიაქციეთ ფრაზას — „ჯოჯოხეთში მყოფებმა", ე.ი. არ დაუჯერეს ნოეს ქადაგების შემდეგ, მაგრამ სწამდათ, ამიტომაც შეიცნეს ქადაგება.

   რაც შეეხება ღირსი მაქსიმე აღმსარებელის სიტყვებს: „ერთმანეთის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა და არა იმდენად ღვთის შეუმეცნებლობის გამო" — მოდერნისტები ასე განმარტავენ: ადამიანები მეტწილად თავიანთი ამაზრზენი ცოდვების გამო დაისაჯნენ. „ღვთის შეუმეცნებლობა" არ შეიძლება ნიშნავდეს საერთოდ ღვთის არცოდნას, ვინაიდან ამ ხალხებს შორის იყვნენ ჭეშმარიტი ღმერთის მქადაგებლები; აქ იგულისხმება ღვთისაგან განშორების შინაგანი განცდა, გულის დამბლა, რითაც და მეტადრე კაცისკვლითა და გარყვნილებით თავად სამყაროს შეურაცხყოფდნენ. ცოდვილთა ერთმა ნაწილმა სიკვდილის წინ შეინანა, სინანულში გარდაიცვალა, ამიტომაც შეძლეს ქრისტეს ქადაგების აღქმა.

   მოდერნისტებს (ალფეევი, ოსიპოვი, მათი მიმდევრები) სურთ გადაასხვაფერონ წმ. მამის ტექსტის შინაარსი და წარმოგვიდგინონ შემდეგი სურათი: ცოდვილებმა საკუთარი ცოდვების საზღაური დედამიწაზე მიიღეს —„ღვთაებრივი განგებულებისამებრ საშინელი უბედურებები დაატყდათ თავს"; ღვთისადმი ურწმუნოებით და მოუნანიებელ მდგომარეობაში შთავიდნენ ჯოჯოხეთში, ხოლო იქ „ცხონების ქადაგება აღიქვეს" და ცხონდნენ.

   მოდერნისტების მთავარი სათქმელი არის შემდეგი: ღვთის შეუმეცნებლობა ხელს არ უშლის ცოდვილს, რათა ქრისტე ღმერთად აღიაროს საიქიოში. ყოველივე ამით მათ უნდათ დაარწმუნონ მკითხველი, რომ ადამიანებს, რომლებსაც ამქვეყნიური ცხოვრების დროს არც რწმენა გააჩნდათ და არც კეთილი სარწმუნოებრივი საქმეები (მაგალითად სოდომელები), მათი მოპოვება ჯოჯოხეთშიც შეუძლიათ. მართლაც, თუ ყველაზე ჯიუტი ცოდვილებიც კი ცხონდებიან ჯოჯოხეთში, მაშინ რა აზრი აქვს ამ ქვეყანაზე რწმენას, სიყვარულს, ღვაწლს, განსაცდელთა დათმენას და მოწამეობას?!"2

   მიგვაჩნია, მოდერნისტების მცდელობა პეტრე მოციქულის ეპისტოლისა (1 პეტრ. 3.18-21) და ღირსი მაქსიმე აღმსარებელის სწავლება გამოიყენონ სათავისოდ — გაბათილებულია.

 

 

 

 

 

 

1Прп. Максим Исповедник. Вопросответы к Фаласию VII.

2Арх. Рафаил (Карелин). О современном гностицизме. (Ответ А. Зайцеву).

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net- ის რედაქცია 


უკან დაბრუნება