მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის რაობისათვის (ნაწილი I) — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის რაობისათვის (ნაწილი I) — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე18-02-2025, 07:30 |
ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთიდან მარტოოდენ ძველი აღთქმის მართალთა აღმოყვანის სწავლება დოგმატური ხასიათისაა. წმ. გარდამოცემამ წმ. რომის პაპის გრიგოლ დიოლოღოსისა1 და შემდგომ სხვა წმ. მამების მიერ „ჯოჯოხეთიდან ყველას აღმოყვანას" ერეტიკული სწავლება უწოდა. ამის მიუხედავად, პატრისტიკაში აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა. ისმის კითხვა: რამ განაპირობა საღვთისმეტყველო ცნობიერებაში დოგმატურ უზუსტობათა დამკვიდრება და როგორ დარჩა ის ეკლესიას შეუმჩნეველი? სანამ წმ. მამათა უმრავლესობის სწავლებას შემოგთავაზებდეთ, მკაფიოდ განვსაზღვროთ, რა იგულისხმება ტერმინში „კონსესუს პატრუმი" („consensum partum”, მამების ერთიანი სწავლება). ესაა სხვადასხვა დროსა და ეპოქაში მოღვაწე წმ. მამათა და ღვთისმეტყველთა მიერ წმ. წერილის კონკრეტული სწავლების ერთგვაროვანი განმარტება. ამით დასტურდება, რომ ისინი არიან ერთი და იგივე სულიერი სწავლების მატარებელნი, მათი გონება ერთიანი ღვთაებრივი მადლითაა აღვსილი. ამგვარი კონსესუსი სრული სახით მრავალი საკითხის ირგვლივ არსებობს, თუმცა გარდა ამ ზებუნებრივი ფენომენისა, პატრისტიკულ ლიტერატურაში აღდგეს თანხმობის პრეტენზია, ერთგვარი კორპორატიული სოლიდარობის პრინციპი (ე.ი. როდესაც ერთი ადგილობრივი ეკლესიისადმი, ერთი საღვთისმეტყველო სკოლისადმი, ტრადიციისადმი მიკუთვნება, ან უბრალოდ ახლობლობით ურთიერთგაზიარება შეხედულებებისა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით), იწვევს საერთო აზრის ჩამოყალიბებას. რეალურად, იკვეთება ორი, აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა (მიდგომა): 1) როდესაც წმ. წერილი მადლმოსილი ეგზეგეტების (განმმარტებლების) მიერ თავად წმ. წერილისა და მსოფლიო კრებების სწავლებათა სულისკვეთებისამებრ განიხილება, რაც სავსებით საკმარისია მართებული, კორექტული განმარტებისთვის (ასეთია ჯოჯოხეთიდან მხოლოდ მართლების აღმოყვანის სწავლება). 2) როდესაც განმმარტებლები არა წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის (მსოფლიო კრებების) სულისკვეთებისამებრ, არამედ, პირველ რიგში წინამორბედების, მეგობრების, თანამოაზრეების გადაუმოწმებელ სწავლებებს ბრმად იზიარებს და ავრცელებს. ისინი უბრალოდ მათთან ერთად იმეორებენ შემოთავაზებულ თეზას, შიშობენ რა „არ გადაუხვიონ" (მარჯვნივ ან მარცხნივ) „პარტიის (კოლექტივის) გენერალურ ხაზს". ამიტომაც დაკავებულნი არიან სწავლების მარტოოდენ ბრმა გადმოტანით, ან თავიანთი „ავტორიტეტული" წინამორბედების გამონათქვამთა ინტერპრეტაციით. ამგვარად ხორციელდება სხვადასხვა საღვთისმეტყველო სკოლაში არსებული არამართლმადიდებლური შეხედულებით ჩანაცვლება, წმ. გარდამოცემაზე თავსმოხვევა. ნიმუშად ალექსანდრიის სკოლა გამოდგება. მისი გამოჩენილი წარმომადგენლების (კლიმენტი, ორიგენე, ევაგრე, დიდიმი და სხვა) ზეგავლენით პატრისტიკულ ლიტერატურაში ერეტიკული სწავლებები, ვით მართლმადიდებლური, შემოიპარა. ამაზე დროული რეაგირების არმოხდენამ (რასაც ნაწილობრივ ელინური (ბერძნული) სკოლისადმი მიკუთვნება განაპირობებდა) მოიტანა ის შედეგი, რაც დღეს უკვე მოცემულობაა — არსებითად გაართულა საკითხის მართებული განმარტება. იგივე მაგალითია წარმოჩენილი წმ. წერილშიც, სადაც სადუკეველები და ფარისევლები „საკუთარ გარდამოცემას იცავენ" (მარკ. 7.9). მაცხოვრის პასუხი კი შემდეგი იყო: „მაშინ მოუხდეს იესუს იერუსალიმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: რაისათვის მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ხელნი, რაჟამს პურსა ჭამედ. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: და რაისათვის თქუენცა გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა?" (მათ. 15. 1-3). განა ჯოჯოხეთიდან აღმოყვანის საკითხი იგივენაირად არ დაამახინჯეს მოდერნისტ-ეკუმენისტებმა, რაკი იპოვეს ხელჩასაკიდი ალექსანდრიის სკოლაში კლიმენტისთან, ორიგენესა და ევაგრესთან?! ორიგენისტული კონტექსტი (ჯოჯოხეთიდან ყველას აღმოყვანა), ე.ი. ერესი, მსოფლიო კრებათა მიერ ანათემირების მიუხედავად, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე (რწმენა, ნათლისღება, მცნებებით ცხოვრება) გვეუბნება, რომ რატომღაც ავტომატურად ყველანი უნდა ცხონდნენ. ესაა ადამიანის თვითაღორძინების თეზა, შემოგდებული ორიგენესა და ევაგრეს მიერ, პელაგიანობასა და სინერგიზმში განვრცობილი. დღეს კი ის „ზომიერი ორიგენიზმის" სახით მოდერნისტებმა გააიგივეს მართლმადიდებლობასთან. ერთ-ერთმა ასეთმა კონცეფციამ, როდესაც აღიარებულია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე ცხონება არაა — ჭეშმარიტი სწავლება „ზომიერად შეახმატკბილა" ორიგენისტულ სწავლებასთან შემდეგი ვერსიებით: „ყველა ადამიანის სული აღმოიყვანა", „ვისაც სურს იქ (ჯოჯოხეთში) ქრისტეს სწავლების მიღება", „ვისაც სურვილი ექნება", „ვინც გაითავისებს ამ ქადაგებას", „ყველას მიეცა ეს შანსი", „ჯოჯოხეთში ინათლებიან, იღებენ მართლმადიდებლობას" და ა.შ. ცხადია, აღნიშნულ ვერსიებს ვერ, არ ეძებნება დასაყრდენი ეკლესიის კრებსით ცნობიერებაში. ამიტომ „კონსესუს პატრუმად" არაკანონიზირებულ (კლიმენტი ალექსანდრიელი) და ერესში ჩავარდნილ (ორიგენე, ტერტულიანე, ევაგრე, დიდიმი) ავტორებს მიმართავენ. სწორედ კლიმენტი ალექსანდრიელის კერძო აზრზე (თეოლოგუმენზე) დაყრდნობით სულ რამდენიმე წმ. მამა: ამფილოქე იკონიელი (Слово 6. Против еретиков), რომან ტკბილადმგალობელი (Кондак 42) ამბობდნენ, რომ „ყველა ტყვე იქნა განთავისუფლებული". შესაძლოა „ყველაში" ისინი მხოლოდ მართლებს მოიაზრებდნენ. ზოგიერთი წმ. მამის სწავლებაში რომლებსაც ჩვენ ქვემოთ ვციტირებთ, როგორც „ჯოჯოხეთიდან მხოლოდ მართლების აღმოყვანის" მქადაგებლებს, ცალკეული ეპიზოდები იძლევა ორგვარი განმარტების საშუალებას, რაც ობიექტური გაანალიზების საფუძველზე მართებულად განიმარტება. (ამის შესახებ მომდევნო თავებში). ძველი, თუ ახალი დროის მოდერნისტებმა (ნეოორიგენისტები) სწორედ ამგვარ დასაყრდენზე ააგეს თავიანთი „კონსესუს პატრუმი". მოდით, კლიმენტი ალექსანდრიელს მოვუსმინოთ: „განა წმინდა წერილი არ გვიჩვენებს, რომ უფალი უქადაგებდა წარწყმენდილებსაც წარღვნის დროს, მეტიც — მარწუხებსა და საპყრობილეში შეპყრობილებს? მიმაჩნია, მაცხოვარი ანხორციელებდა თავის მაცხოვნებელ საქმეს, აღასრულა კიდეც ის, ყველა მსურველმა ირწმუნა მისი, სადაც არ უნდა ყოფილიყო — ქადაგების მეშვეობით მიიზიდა ცხონებისაკენ. თუკი უფალი ჯოჯოხეთშიც მხოლოდ იმ მიზნით ჩავიდა, რომ ექადაგა, ხოლო ის (უფალი) ნამდვილად შთავიდა იქ, მაშინ მან ყველას უქადაგა თუ მხოლოდ ებრაელებს? ამრიგად, თუკი ყველას, მაშინ ცხონდება ყველა, ვინც იქ ირწმუნა, თუგინდ ისინი წარმართები ყოფილიყვნენ, უფალს უკვე იქ აღიარებდნენ".2 სახეზეა ტიპიური კერძო აზრი, შეხედულება, სადაც კლიმენტის ლოგიკით უფლის ამქვეყნიურ პერიოდში გამოთქმულ ქადაგებასა და ჯოჯოხეთში გამოთქმულს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. ე.ი. გნომური ნება (არჩევანის ნება) სიკვდილის შემდეგაც შენარჩუნებული აქვთ ცოდვილებს: მოისურვებენ და ირწმუნებენ იქვე და გამოვლენ ჯოჯოხეთიდან, არ მოეწონებათ სამოთხე და კვლავ დაბრუნდებიან ჯოჯოხეთში... რა პრობლემაა, კარი ხომ შიგნიდანაა დახურული! ნეოორიგენისტების „კონსესუსის" ნუსხაში ევსევი კესარიელის ამონარიდი ირიცხება: „უფალი მოვიდა ჯოჯოხეთში მყოფი სულების საცხოვნებლად, რომლებიც მრავალი წელი მოელოდნენ მის მოსვლას. ჯოჯოხეთში შთასულმა უფალმა ბჭენი და მარწუხები რკინისანი დაამსხვრია, იქ შეპყრობილთ თავისუფლება მიჰმადლა".3 სულ სხვა ვითარებაა ჭეშმარიტი კონსესუსის შემთხვევაში. სხვადასხვა დროსა და ეპოქაში მოღვაწე წმ. მამები, ერთი და იგივე მადლმოსილი ნიჭით აღვსილნი, ერთი და იგივე ჭეშმარიტ სწავლებას გვთავაზობენ. წმ. კირილე იერუსალიმელი საუბრობდა ჯოჯოხეთიდან მხოლოდ ძველი აღთქმის წმინდანების აღმოყვანაზე: „იგი (ქრისტე) შთახდა ჯოჯოხეთში მართალთა განთავისუფლებისთვის" (Слова огласительные. 4. 2)... მაშინ შეიკრიბნენ წმინდა წინასწარმეტყველები და მოსე სჯულისმდებელი, აბრაამი, ისააკი, იაკობი, დავითი, სამუელი და ესაია, იოანე ნათლისმცემელი... გამოხსნილია ყველა მართალი, ვისაც სიკვდილი ეწია, რადგან ქადაგებულ მეფეს შეეფერებოდა გამხდარიყო კეთილმქადაგებელთა გამომხსნელი. მაშინ უფალმა მართალმა თქვა: „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი...", ხოლო ღმერთსა მადლი, რომელმან მომცა ჩუენ ძლევაი ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩუენისა" (1 კორ. 15. 55-56).4 წმ. ეფრემ ასური: „როდესაც ქრისტე შთახდა ქვესკნელის ტყვეობაში მყოფებთან, იხილა ნოე, სიმართლით განშვენებული... იხილა ყოველი მართალი, წინასწარმეტყველი და უქადაგა მათ — ეს მე ვარ".5 წმ. ირინეოს ლიონელი: „უფალი შთავიდა ჯოჯოხთში, იქაც იქადაგა თავისი მოსვლისა და მორწმუნეთათვის ცოდვათა მიტევების შესახებ. ხოლო მისი ყველამ ირწმუნა, ვინც კი სასოებდა მას (ქრისტეს), ე.ი. თავისი მოსვლა ახარა მართლებს, წინასწარმეტყველებსა და პატრიარქებს, რომლებიც ჩვენსავით ემსახურებოდნენ უფალს და მიუტევა მათ ცოდვები".6 წმ. იოანე დამასკელი: „როგორც დედამიწაზე მყოფთათვის აღმობრწყინდა სიმართლის მზე, მსგავსადვე, წყვდიადსა და სიკვდილის მახეში მყოფთათვისაც გამობრწყინდა ქრისტეს ნათელი, ისე, როგორც ამქვეყნად მყოფთათვის იქადაგა უფალმა მშვიდობა, ტყვეთა განთავისუფლება და ბრმათა თვალთახილვა, ასევე ძველი აღთქმის მართლებისთვის გახდა იგი საწინდარი მარადიული ცხოვრებისა, ხოლო ურწმუნოთათვის — ურწმუნოებაში მხილებისა".7 წმ. ეპიფანე კვიპრელი: „და რაო, ყველას იხსნის თუ არა ღმერთი, როცა ჯოჯოხეთში შთახდება? არა, იქედან მხოლოდ მორწმუნეებს გაათავისუფლებს".8 ნეტარი იერონიმე: „მაცხოვარი ჯოჯოხეთში შთახდა, რათა მასთან ერთად ძლევაშემოსილად აღეყვანა იქიდან ზეცად დატყვევებულ წმინდანთა სულები".9 ნეტარი ავგუსტინე: „... სამსჯავროს დღე კი ახლოვდებოდა ვითარცა წარღვნა, რომლის დროსაც ყველა უკეთური წარწყმდა... ქრისტე შთახდა ჯოჯოხეთს კეთილთა სანუგეშოდ და სხვათა გასაგონად. ასე რომ, პირველთ თავისდა საცხოვნებლად სწამთ, ხოლო მეორეებს თავისდა დასასჯელად არ სწამთ".10 წმ. იოანე ოქროპირი: „ამით ნაჩვენებია, რომ მან (ქრისტე) დაამსხვრია სიკვდილის ძალა და არ გაუნადგურებია მის მოსვლამდე გარდაცვლილთა ცოდვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მან გეენისაგან გაათავისუფლა ყველა მანამდე გარდაცვლილი, მაშინ რატომ თქვა: „უმოლხინოს იყოს სოდომი და გომორი?" ამით შეგვაგონა, რომ ისინიც, თუმც ნაკლებად, მაგრამ უთუოდ დაისჯებიან, თუმც არ ეწიათ უმძიმესი სასჯელი, მაგრამ ეს მათ ვერ გაათავისუფლებს".11 წმ. გრიგოლ პალამა: „უფალი შთავიდა ჯოჯოხეთში, რათა განანათლოს იქ, წყვდიადში მყოფნი, სულით განაცოცხლოს მისდამი მორწმუნენი".12 ჩვენ მარაგში გვაქვს სხვა დიდი წმინდანების დადასტურებაც ამ უდაო ჭეშმარიტებისა, რომ მხოლოდ მართლები აღმოიყვანა ქრისტემ ჯოჯოხეთიდან. თუმცა მათი სწავლების სათავისოდ გამოყენების პრეტენზია მოდერნისტებმაც (ალფეევი, ოსიპოვი, ჩვენგან აყოლილებმაც) გამოთქვეს. ამის შესახებ მომდევნო თავებში.
1Св. Григорий Двоеслов. Письмо 179-е Григорию пресвитеру и Феодору диакону Константинопольскому. 2Климент Александрииский. Строматы. VII-VIII. 3Евсевий Касарийский. Изложение Евангелия. 10. 4Св. Кирил Иерусалимский. Слова огласительные. 14.19. 5 Св. Ефрем Сирин. Толкование на книгу Второзакония. 1.34. 6 Св. Ириней Лионский. Против Ересей. Кн. 4. Гл. 27. С. 391. 7 Св. Иоанн Дамаскин. Точное изложение православной веры. М. 2000. Гл. 29. 8 Св. Епифаний Кипрский. Слово в великую суботу // РСТ. 43. Со((44ОD). 9 Иероним. Блаж. Толкование на послания к Ефесянам. Кн. 2 // ч. 17. Творения. С. 303. 10 Августин. Блаж. Иппонский. Послания. 164, II, 5 // Pi 33. 11 Св. Иоанн Злотоуси. Избранные. Творения. М. 1993. Кн. 1; С. 399. 12 Св. Григории Палама. Гомилии. С. 161.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |