მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > როდის არის კაცობრივი ბუნება სრულყოფილი — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
როდის არის კაცობრივი ბუნება სრულყოფილი — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე12-02-2025, 08:36 |
ორიგენეს სწავლება სულთა წინასწარარსებობის შესახებ პირველად პითაგორამ, შემდეგ პლატონმა („Tимеи"), მოგვიანებით ნეოპლატონისტებმა (პლოტინი) განავითარეს. მათი აზრით, ინდივიდუალური სულები მსოფლიო სულის დანაწილებად, მრავალი მსოფლიო სხეულების გაცოცხლებად, ვით „ემანაციად* წარმოჩინდება.1 ადრეულ პატრისტიკულ სწავლებებში სულების წარმომავლობაზე რამდენიმე მიმართულება ჩამოყალიბდა: სულების წინასწარარსებობის, ტრადუციონიზმისა და კრეაციონიზმის თეორიები. სულების წინასწარარსებობის პლატონიზმისეულ თეორიას იზიარებდნენ ცნობილი ალექსანდრიელები — კლიმენტი (strom. Строматы), ორიგენე (Hieron Pe vir. 1. 11) დიდიმი (De Trin. 31) და ევაგრე პონტოელი (Keh. Gost).2 განსაკუთრებული პოპულარობა ამ თეორიამ ორიგენეს მეშვეობით მოიპოვა. მას თუ ვერწმუნებით, თურმე ხილული სამყაროს შექმნამდე ღმერთმა უსხეულო გონიერი არსებობის სისავსე შექმნა — წმინდა სულები, ან გონებები (умы). ორიგენეს აზრით, სულების დაცემის საფუძველი იყო ღვთის ჭვრეტის დაკარგვა და გარეგნულისაკენ მიდრეკა. სულმა დაკარგა ადრეული გულმხურვალება და სამშვინველად გადაიქცა. ამის შემდეგ სამშვინველი ხდება სულის მდგომარეობა (გაქვავება მასში). ეს სწავლება ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ანთროპოლოგიასა და სოტერეოლოგიას, ვინაიდან თავად ცხონება გარდაიქმნება გნოსტიკურ სწავლებად და ტრანსცენდენტური (მიღმიური) სამყაროს სპირიტიულ ჭვრეტად.3 განვმარტოთ, რეალურად რას ასწავლიდნენ წარმართი ფილოსოფოსები (პლატონი, პლოტინი) და ორიგენისტები. ინდივიდუალური სული თავად ფლობდა „რაღაც ღვთაებრივს". საქმე ისაა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მადლი არ არის რაღაც გარეგნული, არააუცილებელი. მადლი ტრანსცენდენტურია (მიღმიურია) თავისი ბუნებით, მაგრამ, ამავე დროს, ქრისტეში განახლებული ადამიანისთვის იმანენტურია (შინაგანია), ე.ი. მიეკუთვნება ღმერთსაც და შვილობილ (წმინდა) ადამიანსაც (იონ. 17. 11-15). ამიტომ ვამბობთ, რომ მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ადამიანის სული ტრიხოტომიურია (სული (მადლი), სამშვინველი და სხეული). სწორედ „ძველ" ორშემადგენელიან (ღვთის მადლს მოკლებულ) ადამიანს მიიჩნევდა პლატონიზმი, შემდეგ ორიგენიზმიც, ბუნებრივ მდგომარეობად. ამიტომ განღმრთობის, სულის აღდგენის საკითხი იქ არ იყო აქტუალური — ადამიანი ავტომატურად ფლობდა „ღვთაებრივს" და თავის თავში (ღვთის გარეშე) ისედაც ატარებდა სიცოცხლის წყაროს. ამ გზით შემოიჭრა პატრისტიკაში კრეაციონიზმის (სულების არაფრისაგან წარმოშობის) სწავლება, რომლის მიხედვითაც სული „ერთგვარი ღვთაებრივი ანარეკლია", შენარჩუნებული დაცემულ ადამიანში. „ახალ ღვთისმეტყველებაში" ხომ სულერთია, არაფრით განირჩევა ერთმანეთისაგან „ძველ" და „ახალ" ადამში ყოფნა. „ახალ" ადამში (ქრისტეში ყოფნა) არ განიხილება, ვით ღვთის ზებუნებრივი ნიჭის (მადლის) ნათლისღებით მონიჭება, არამედ მიიჩნევა ადამიანის ბუნებრივ „განვითარებად", რასაც ემანაციურად ისედაც გააჩნია თვითაღორძინების ძალა. წმ. წერილი კი სულ სხვას ამბობს: „რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იონ. 15. 5). ამიტომ არის ტრიხოტომიისა და დიხოტომიის განსხვავებულობის აღნიშვნა ერთ-ერთი საკვანძო საკითხი ანთროპოლოგიაში. ამის გარეშე შეუძლებელია მართებული სოტერეოლოგიაც (ცხონების გააზრება). კერძოდ: ცხონების საქმეში მადლისა და კაცობრივი ნების ადეკვატური კორელაცია.* მართალია, ორივე ანთროპოლოგიური მოდელი შეიძლება იყოს მართებული, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული ნიშნით (და არა დიალექტური სინთეზით, როგორც ეს მოდერნიზმშია), ვინაიდან: თუკი პირველქმნილი (ლოგოსისეული ადამიანი) და „ქრისტეში ახალი ადამიანი" სამშემადგენელიანია (სხეული, სამშვინველი და მასში მკვიდრი ღვთაებრივი მადლის სული). „ძველი", ორშემადგენელიანი ადამიანი, სწორედ ცოდვით დაცემის გამო მოკლებულია ბოლო შემადგენელს - სულს (Дух). უამისოდ კი ადამიანის ლოგოსი არასრულყოფილია, ე.ი. ღვთის მადლის გარეშე ადამიანი სუბსტანციურად არასრულფასოვანია — ესაა ქრისტიანული ანთროპოლოგიის არსი. ღვთის მადლი (ღვთაებრივი ბუნების ატრიბუტი, ენერგია), არასუბსტანციური კაცთა მოდგმისთვის, სუბსტანციური ხდება მხოლოდ ქრისტეში (ახალ ადამში) განახლებული ადამიანის ბუნებისათვის. ამრიგად, მადლი (სული), სამშვინველი და სხეული — ერთიანი „განახლებული ადამიანია", რომლის განუყრელი ნაწილიცაა სული (მადლი ღვთისა). ამ დროიდან აღარ შეიძლება მათი დიფერენცირება ისე, თითქოს მადლი იყოს რაღაც გარეგნული, არააუცილებელი, არამედ ის „ჰიპოსტასირდება" (პალამას ტერმინი) ადამიანში. ესაა ორთოდოქსული მიდგომა ამ საკითხისადმი, ხოლო მართლმადიდებელ ორიგენისტებში მადლი „მიღმიურად" მოქმედებს. თუკი „შექმნილი" სული თავისთავად ფლობს ღვთის მსგავსებას, მაშინ რა საჭირო იყო ადამიანის შექმნის დამაგვირგვინებელი აქტი, კერძოდ „შეჰბერვა სულისა" (შესაქმ. 2. 7)?! წმ. ბასილი დიდი ამბობს: „თუმც ღმერთმა შექმნა ადამიანი მიწისაგან და თავის მსახურებად გაალებული ცეცხლი (ანგელოზები) (ებრ. 1. 7), მაგრამ ადამიანებში არსებობს უნარი გაიაზროს და შეიცნოს თავისი შემოქმედი, ვინაიდან მან შეჰბერა მას (ადამიანს), ე.ი. ჩადო ადამიანში რაღაც საკუთარი მადლისაგანი, რათა ადამიანო მსგავსით შეიცნობდე მსგავსს".4 ამრიგად, სამშვინველი და სხეული „იქმნება", ხოლო სული „შეიბერება", ვით სულის ცხოვრება (წმ. ბასილი დიდი). ორთოდოქსული სწავლებისთვის ნიშანდობლივია „ძველისა" („მშვინვიერი", ან „ხორციელი") და „განახლებულის" („სულიერი", ან „ზეციური") ადამიანის გამიჯვნა ერთმანეთისაგან, ვინაიდან: მხოლოდ მეორე გახლავთ ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობის თანამონაწილე. წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს: „სხვაგვარია ცხოვრების სუნთქვა მშვინვიერი ადამიანისა და სულ სხვაა ცხოველმყოფელი სულისაგან, რომელიც მას სულიერს ხდის".5 პირველყოვლისა, უნდა გავერკვეთ ტერმინებში. ადამიანის ბუნებაში იგულისხმება სამშვინველი და სხეული ერთიანად შეერთებული. სხეულის ბუნება ორგანული მატერიის სხვა სხეულების ერთარსია, ხოლო სამშვინველის ბუნება პირველ რიგში ხასიათდება გონებითა და ნებით, რითაც ადამიანი პრინციპულად განსხვავდება სხვა არსებათაგან. შესაბამისად, გონებასა და თავისუფალ ნებაში მოიაზრება ღვთის ხატება ადამიანში (შესაქმ. 1. 27). სხვაგვარად რომ ვთქვათ: კაცობრივი ბუნება — ესაა „ღვთის ხატება", ხოლო „ღვთის მსგავსება" იწოდება ვით „სამშვინველის მიერ მიღებული სული მამისა", ე.ი. ღვთის მადლი, ან „ბუნების ენერგია" (პალამიზმის ტერმინებით). პრინციპული აქ ის გახლავთ, რომ მსგავსებას ღვთისა (ხატებისაგან განსხვავებით) იღებს არა კაცობრივი ბუნება, არამედ კაცობრივი ჰიპოსტასი, ვინაიდან ღვთის ხატებას (ან კაცობრივ ბუნებას), კაცობრივი მოდგმის ყველა წარმომადგენელი ფლობს, მაგრამ ღვთის მსგავსებას ყველა ადამიანი როდი ეუფლება, არამედ მხოლოდ ისინი, ვისი გონება და ნება მადლის თანაზიარია. ამრიგად, „ღვთის მსგავსება" მამებისეული ტერმინით „იყო ღმერთი მადლით", ამაშია ორთოდოქსული სწავლების განსხვავება ორიგენისტულისაგან. ვინც ვერ ჰიპოსტასირდა, ე.ი. ვერ მოიპოვა მსგავსება, შესაბამისად „აღდგენილი კაცობრივი ბუნების" კატეგორიის მიღმა აღმოჩნდება, ე.ი. მადლისაგან განძარცული მარადიული სატანჯველის მკვიდრი ხდება. ამრიგად, „მსგავსება", „სული", „ღვთაებრივი ენერგია", „მადლი" ერთგვარი სინონიმებია, რომლის გარეშე კაცობრივი ჰიპოსტასური ბუნება არ გახლავთ სრულყოფილი. ამიტომ კაცობრივი ბუნების აღდგენაში უპირველესად მოიაზრება დაკარგული მადლით შემოსვა, ლოგოსისეული (ღვთის მსგავსების) დაბრუნება. მაგრამ ბუნების აღდგენა სულაც არ გახლავთ გარანტირებული აქტი (როგორც ეს მართლმადიდებელ ორიგენისტებს მიაჩნიათ); არა, ეს მხოლოდ მათი ხვედრია, ვინც ელოდა მესიის მოსვლას და ცხოვრობდა მცნებების შესაბამისად. კვლავ წმ. ირინეოსს დავესესხოთ: „როდესაც ეს სული შეერთდება სამშვინველთან, ის ერთდება ქმნილებასთან, სულის გარდამოსვლის მიზეზით (შედეგით) ადამიანი სულიერი და სრულყოფილი ხდება. არსებითად ესაა ადამიანი, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი. თუკი სამშვინველში არ იქნება სული, ასეთი ადამიანი მარტოოდენ მშვინვიერი და ხორციელი, არასრულყოფილი რჩება: მას ღვთის ხატება გააჩნია, მაგრამ მსგავსებას ვერ მიიღებს სულისაგან, ამიტომაც არასრულყოფილია".6 როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ეს პრინციპული განსხვავებაა ორთოდოქსული სწავლებისა ორიგენისტულ-მოდერნისტულისაგან. აქ საუბარია თავად სულის მდგომარეობის განსხვავებულობაზე. როგორც ღირსი იოანე დამასკელი ბრძანებს: „ვინაიდან რაც ქმნილია, ცვალებადია; უცვლელი კი მხოლოდ ისაა, რაც ხელთუქმნელია".7 წმ. მაქსიმე აღმსარებელიც ამბობს: „ვნებების დაუფლების შედეგად, ღვთაებრივი და ნეტარი ხატების ნაცვლად, მცნებების მყისიერი დარღვევით, ადამიანში ცხადი და გამოკვეთილია უგუნურ პირუტყვთა მიმსგავსება".8 წმ. კირილე ალექსანდრიელიც მოწმობს: „ვინც არ ემორჩილება ღმერთს, უარყოფილია მის მიერ და აღარ იწოდებიან ღვთის ძეებად".9 ორიგენიზმში კი ყველაფერი მამებისეული სწავლების საპირისპიროდაა, კაცობრივი დიხოტომიური (ორშემადგენელიანი) ბუნება (სამშვინველი და სხეული) სულის (მადლის) გარეშეც ფლობს აღორძინების, ღმერთთან თანაარსებობის ძალას. ორთოდოქსიაში (მართლმადიდებლობაში) კი განღმრთობილი კაცობრივი ბუნების შედეგად ხდებიან „ძენი ღვთისანი". ამიტომ ვამბობთ, ვინც არ მოიპოვა ნაყოფი გამოხსნისა (ნათლისღებით) ახალ ადამში, „წყევის ქვეშ" იმყოფება.
* ემანაცია — რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინი, აღნიშნავს ღვთაებრივი საწყისიდან სამყაროს მთელი მრავალფეროვნების გამოსხივებას. 1 Plotin. Enn I 1. 12. Фокин А. Различные патристические подходы к вопросу о происхождении человеческой души. 2 იქვე. Фокин. А. 3 იხ. Арх. Рафаил (Карелин). Karelin –r.ru. Ориген и либерализм в церкви. * კორელაცია — (ლათ. Correlation — შესატყვისობა). ერთმანეთისაგან განსხვავებული დამოკიდებულების შეფასება. 4 Св. Василий Великий. Гомилии на псалмы. (Пс. 48). 5 Св. Ириней Лионский. Доказательство апостольской проповеди. § 98. 6 იქვე. Св. Ириней Лионский. 7 Прп. И. Дамаскин. Точное изложение православной веры. Кн. 2. Гл. III. 8 Прп. Максим Исповедник. Вопросы – ответы к Фаласию. Вопр. 1. 9 Св. Кирил Александрийский. О поклонении и служении в духе и истине. Кн. 1.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |