მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ორიგენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ორიგენიზმი და პელაგიანობა — ერთი მონეტის ორი მხარე — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ორიგენიზმი და პელაგიანობა — ერთი მონეტის ორი მხარე — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


1-02-2025, 23:16

ორიგენიზმი და პელაგიანობა — ერთი მონეტის ორი მხარე — დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდზე (IV-V ს.ს.) საუბრისას ავგუსტინელობისა (ვით ორთოდოქსულის) და პელაგიანობის (ერესი) სწავლებები მიმოვიხილეთ. უსათუოდ უნდა ითქვას, აგრეთვე, ორიგენიზმის შესახებაც.

   საქმე ისაა, რომ ორიგენიზმსა და პელაგიანობას შორის იმთავითვე შეინიშნებოდა საღვთისმეტყველო, მისტიკური კავშირი, თანხვედრა. ამიტომ არ გახლავთ შემთხვევითი ნეოორიგენისტთა და ნეოპელაგიანელთა დღემდე შენარჩუნებული ურთიერთსიმპატიები. ამის მაგალითებს უხვად ვაწყდებით იმ დროის ისტორიაში, როცა აღმოსავლელთა (ორიგენისტულ-ევაგრისტული) შეხედულებები დასაყრდენს პოულობდა დასავლეთში (პელაგიანელებსა თუ ნახევრადპელაგიანელებში) და პირიქით: დასავლეთიდან (პელაგიანელები) — აღმოსავლეთში. მაგალითად: ალექსანდრიელი პატრიარქის, თეოფილეს მიერ ეგვიპტის უდაბნოდან გამოგდებული ორიგენისტი ბერების დიდმა ნაწილმა სამხრეთ გალიაში (საფრანგეთი) იპოვა თავშესაფარი. სწორედ აქედან მოგვიანებით ნახევრადპელაგიური (სინერგიული) ცრუსწავლება აღორძინდა. დასავლეთიდანაც (პელაგიანელები) შეინიშნებოდა კავშირები აღმოსავლეთში. (მაგალითად, პელაგიელი ეპისკოპოსის იულიანე ეკლინელის ვიზიტი თეოდორე მაფსუსტელთან). ცნობილია ორიგენისტებისა და პელაგიანელების მრავალი მიმოწერა, თარგმანების გაზიარება და ა.შ.

   ცხადია, ეს პროცესები არ გამოპარვიათ ეკლესიის არც დასავლელ, არც აღმოსავლელ მამებს. ცნობილია ნეტარი ავგუსტინეს ორი ეპისტოლე, აღმოსავლეთის მამებისადმი მიწერილი (ერთი წმ. კირილე ალექსანდრიელისადმი (Письмо к св. Кирилу Александрийскому. Диалог против Пелагия); მეორე — ეპ. იოანე იერუსალიმელისადმი (К Иоанну Иерусалимскому). ("De gestis Pelagil”. 417 г.)).

   ესეც მათ საპასუხოდ, ვინც გაიძახის, ნეტ. ავგუსტინეს სწავლებას აღმოსავლეთში არ იცნობდნენო (ი. რომანიდისი).

   აღნიშნული საფრთხის აღმოჩენის მიუხედავად, ორიგენისტულ-პელაგიური მოსაზრებები, სამწუხაროდ, „ოსტატურად" შემოიჭრა პატრისტიკაში — ზოგ შემთხვევაში ვით მისაღები სწავლება, ზოგჯერ კი წმ. მამათა სწავლებებში ჩამატების ან ერეტიკული სწავლების მთლიანად ამა თუ იმ წმ. მამის სწავლებად წარმოჩენის სურვილით შეპყრობილნი უკაფავდნენ გზას, ამიტომ წმ. მამები ტექსტოლოგიური თუ იდეოლოგიური ანალიზის საფუძველზე ადგენდნენ ტექსტის ავთენტურობას. მეტადრე მაშინ, როდესაც საკითხი დოგმატებს ეხებოდა. მსოფლიო კრებების განსაზღვრებებიც ამიტომაც წარმოადგენს უტყუარ წმ. მამებისეულ ჭეშმარიტ სწავლებას. სულ სხვა ვითარებაა ზოგადად პატრისტიკულ სივრცეში, სადაც მრავალი წმინდა მამის სწავლება სპეკულაციის საგანი იყო ერეტიკოსთა მხრიდან. ჩვენი დროის კომპეტენტური მკვლევარებიც ადასტურებდნენ ამ ფაქტს. მაგალითად, ცნობილია, რომ ერეტიკოს ევაგრე პონტოელის ცალკეული ნაშრომები ვრცელდებოდა ისეთი წმ. მამების სახელით, როგორებიც იყვნენ — ნილოს სინელი, წმ. ბასილი დიდი, წმ. მაქსიმე აღმსარებელი და სხვა.1

   მოდერნისტებისთვის ამ გარემოებას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, მეტიც: ხელსაყრელიცაა ერეტიკული სწავლება წმ. მამის სახელით ვრცელდებოდეს. მათ კონცეფციაში ეკლესიის კრებსით, დოგმატურ სწავლებას უცდომელის სტატუსი არ გააჩნია. ამიტომ წმ. მამის სახელით გაჟღერებული თეოლოგუმენი მათთვის დოგმატია, თავიანთი საღვთისმეტყველო კონცეფციის გასამყარებლად იდეალური შესაძლებლობაა. ამასთან, არავის ადარდებს, როგორ შეიძლება წმ. მამა ერთ თხზულებაში ორთოდოქსულად ასწავლიდეს, მეორეში — ერეტიკულად.

   ამით ჩვენ გვსურს ვთქვათ შემდეგი: სამწუხაროდ საუკუნეთა განმავლობაში ორიგენისტულ-ევაგრისეული სწავლებები იმდენად შემოიჭრა პატრისტიკაში, ისე გავრცელდა, ვით ამა თუ იმ წმინდა მამის სწავლება, რომ დღეს უკვე შეუძლებელია ზუსტად, გაერკვე, ნამდვილად არის ეს საეჭვო სწავლება ამ წმ. მამისა, თუ ის ერეტიკოსთა მანიპულაციების შედეგადაა დამკვიდრებული. ამ დილემას ვაწყდებით დღეს, როდესაც, მაგალითად, წმ. მამების დოგმატური სწავლება ჯოჯოხეთიდან მარტოოდენ მართლების აღმოყვანის შესახებ, რომელიმე (ან რამდენიმე) წმინდა მამის (გაურკვეველი ავთენტურობის) კერძო შეხედულება (ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არაკრებსითი), ეკლესიის სწავლებად ვრცელდება. უცნაური ფაქტის მომსწრენი ვხდებით: წმ. მამა ხან შეუვალი ორთოდოქსია, ხან კი ორიგენიზმისა და პელაგიანობის მქადაგებელი, რაც ან წმ. მამის ტექსტის გაყალბების (ერესის ჩამატების) შედეგია, ან თავად წმ. მამამ გადაუმოწმებლად გაითავისა ცრუსწავლება. მეორე შემთხვევას ყოველთვის მსოფლიო კრებამდე, ე.ი. დოგმატურ განსაზღვრებამდე ჰქონდა ადგილი და არასდროს — კრების შემდეგ. ამით ხელსაყრელად სარგებლობენ ძველი თუ ახალი დროის მოდერნისტები: — ამგვარად ჩამოყალიბებული, უფრო ზუსტად — ჩამოუყალიბებელ-ორაზროვანი სწავლება, მთელი თავისი სილამაზით დღეს „სამეუფეო გზად სახელდება ორ უკიდურესობას შორის". „უკიდურესობა" კი მათთვის მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებაა, ე.ი. ჭეშმარიტი, წმ. გარდამოცემა.

   საკითხიც სწორედ ასე დგას: მართებულად როგორ განიმარტება წმ. გარდამოცემის მნიშვნელობა? თუკი ერთი გარდამოცემა საფუძველშივე ეწინააღმდეგება მეორეს, ამასთან წმ. წერილის სწავლებას და მსოფლიო კრებების განსაზღვრებას, მაშინ რომელი წმ. მამის აზრი უნდა გავითავისოთ? წმ. წერილსა და მსოფლიო კრებებზე დაფუძნებული თუ გნებავთ საუკუნეების მანძილზე შეუმჩნეველი, ან (კიდევ უფრო ცუდი ვერსიით) ორიგენეს აპოკატასტასისის ფარული თანაგრძნობით გამსჭვალული?

   ორიგენიზმსა და პელაგიანობას შორის საერთო საღვთისმეტყველო ხედვა პირველქმნილი ცოდვის არამართებულ განმარტებაშიც ვლინდება. ამის ინიციატორი არა პელაგი, არამედ ორიგენე იყო. მთლიანობაში ორივენი მადლისა და ნების სწავლებას ნეოპლატონური ნიშნით განმარტავდნენ: ადამიანის სულზე პირველქმნილი ცოდვა ვერ იმოქმედებს, იმიტომ რომ, ბუნება ცოდვის მდგომარეობაშიც კი უცვლელი და უვნებელი რჩება (პელაგი). ამიტომ საკუთარ ბუნებრივ ნებას ისინი (ორიგენე, პელაგი) ბუნებრივ მადლად მიიჩნევდნენ, ვით სულიერი ცხოვრების წარმომშობელ ძალას; ხოლო „მადლის შეწევნა" ესმოდათ, როგორც გაწეული ძალისხმევისათვის, მცდელობა-მონდომებისათვის ღვთისაგან ჯილდოს სახით მონიჭებული, ბოძელული ძალა. ე.ი. თურმე ჯერ ორიგენისტი (ან პელაგიელი) მუშაკობს, ლოცვის ფორმულებს აყალიბებს (მაგალითად ლოცვის ძალიან ნელა წაკითხვა), ხოლო შემდეგ მადლიც არ აყოვნებს გადმოსვლას (აბა სად წავა!), ის ხომ ღვაწლშია! აქ (ამ სინერგიზმში) მადლს, უკეთეს შემთხვევაში, ადამიანის ბუნებრივი ნების თანაბარი უფლებრიობა აქვს. „სტოსი" აშკარად ადამიანის ნებას მიჰყავს, ისაა „ლიდერი". სინამდვილეში თავად მადლი იძლევა ლოცვის ძალასაც, სურვილსაც და სულიერ წარმატებასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში მადლი არ იქნება მადლი. მას, რაც მარტოოდენ ღმერთს შეუძლია დაამკვიდროს ადამიანში, ორიგენისტები და პელაგიანელები საკუთარ წარმართულ სიბრძნეს მიაწერდნენ. ამიტომ მიიღეს კიდეც ავგუსტინესაგან პელაგიანობისა და ორიგენიზმის ერესების ვერდიქტი. იგივე ვერდიქტს ექვემდებარებიან ნეოორიგენისტებიც და ნეოპელაგიანელებიც ძველ ერესთა რეაბილიტაციის გამო.

   თუკი პატრისტიკაში რაიმე წმ. წერილისა და მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებათა საპირისპიროა, რომელი უნდა ჩასწორდეს ნეტავ?

   თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ერთი მაგალითი. პავლე მოციქულის (ე.ი. წმ. წერილის) სწავლებით „ყოველმა შესცოდა", „ყველაში" იგულისხმება ყველა ადამიანი. ესაა წმ. ავგუსტინეს, კართაგენის, ეფესოს სწავლება. მოდერნისტები (ნეოპელაგიანელები) ამბობენ, რომ „ყველა" შეიძლება განიმარტოს ვით „მრავალი" ან „ყველა" გარკვეული ნიშნით. თავის დროზე პელაგიელი ეპისკოპოსი იულიანე ეკლინელი სწორედ ამ სიტყვებით ედავებოდა ნეტარ ავგუსტინეს — ე.ი. მოციქულის სწავლებას იულიანე საპირისპირო მნიშვნელობას ანიჭებდა. თუ მოციქული ამბობდა „სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანზეო", იულიანე განმარტავდა: არა ყველაზე, არამედ „მრავალზეო" (მათზე, ვინც ნებაყოფლობით შესცოდა ადამის მსგავსად); ხოლო სადაც მოციქული ამბობს „ყველას" იმ მნიშვნელობით, რომ „ქრისტეში ყველა გამოირჩია" (მთელი ისრაელი გადარჩება); იულიანე ვოლუნტარისტული სულისკვეთებით განმარტავს: „საერთოდ ყველა მცხოვრები".2

   იგივე სურთია ორიგენიზმშიც (და მისი გავლენით გარკვეულწილად პატრისტიკაშიც, სადაც წმ. მამის (მამათა) ძირითადი სწავლება ორთოდოქსულია, მაგრამ ზოგიერთ ასპექტებში იძლევა ორაზროვანი განმარტების შესაძლებლობას. სწორედ ამ „ორაზროვანი განმარტების შესაძლებლობაზე" (და არა წმინდანის ორთოდოქსულ სწავლებაზე) აგებს მოდერნისტი თავის საღვთისმეტყველო კონცეფციას. მოციქულის სწავლებაში ასეა: ჯოჯოხეთიდან აღმოიყვანა „ყველა ახალი ქმნილება ქრისტეში", ეკლესიის საიდუმლოებებში თანამონაწილეობით. ისინი კი გაიძახიან: ჯოჯოხეთიდან აღმოყვანილ იქნა მთელი კაცობრიობა. მათი კონცეფციით გამოდის, რომ „ყველას" — ძველ ადამში მყოფი კაცობრიობას, მესიის მოლოდინის, ეკლესიის საიდუმლოებების, სარწმუნოებრივი საქმეების გარეშე შეუძლია ცხონდეს. აქედან ერთადერთი სწორი გამოსავალია (თუ გვსურს არ აღმოვჩნდეთ არც პელაგიანობაში, არც ორიგენიზმში): ქრისტე განცხადდა მხოლოდ მათში, ვინც განახლდა „ახალ ადამში" და არა ძველ ადამში დარჩენილებში.

   ამრიგად, ორიგენიზმიც და პელაგიანობაც სინამდვილეში ერთი მონეტის ორი მხარეა, საითკენაც არ უნდა გადაატრიალო, ყველგან ერესია! არაფერი პირადული, ასეთია ორთოდოქსული ღვთისმეტყველება!

 

 

 

  

 

 

1Сидоров А. И. Евагрий Понтийский: жизнь, литературная деятельность и место в истории хринстианского богословия.

2Антропологическая дисскусия Юлиана Эклинского с Августином Иппонским.

 

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება