მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > ცხონების იდეის არსი

ცხონების იდეის არსი


22-01-2013, 00:06
ცხონების იდეის არსი

   როდესაც მცენარე იზრდება, იგი ზევით მიიწევს. ორგანული ზრდის იდეა განუყოფელია მართლმადიდებლობის სულისკვეთებისგან. ეს იდეა ადამიანის ცხონების მართლმადიდებლურ გაგებაშიცაა ასახული. ქრისტიანის ყურადღების ცენტრში დგას პიროვნული სულიერი ზრდის შესაძლებლობა და აუცილებლობა, უმანკოებისა და სიწმინდის მიღწევა. ადამიანის გამოსყიდვა, მისი შეზრდა ქრისტეს სხეულთან ის პირობებია, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ასეთი ზრდის დაწყება შესაძლებელი ხდება. სულიწმიდის მადლისმიერი ძალები ისე ასაზრდოებენ სულიერ ნერგებს, როგორც მცენარეებს - მზე, წვიმა და ჰაერი. მაგრამ თვითონ ეს „ზრდა" არის „საქმე", სამუშაო, ხანგრძლივი პროცესი, საკუთარ თავზე შინაგანი მუშაობა: დაუღალავი, მდაბალი, შეუპოვარი შრომა. განახლება ცოდვილიდან ცხონებულის მდგომარეობამდე უეცარი გარდაქმნა კი არა, კაცის სულიერი ბუნების ფაქტიური შეცვლაა, მისი სულის საიდუმლო საცავების შინაარსის, აზრების, წარმოდგენებისა და სურვილების, გრძნობების მიმართულების შეცვლა. ეს მუშაობა ქრისტიანის გარეგნულ მდგომარეობაზეც აისახება, როდესაც ხორცი აღარ არის სულის მბრძანებელი, არამედ თავის ადგილს უბრუნდება, ანუ სულის მითითებების შემსრულებლისა და უკვდავი სულის თავმდაბალი მატარებლის როლს კისრულობს.

   ცოცხალი ხე უსათუოდ იზრდება. იგი ფესვებიდან საზრდოობს, სიგანეში დაიტოტება და ჰარმონიულად განვითარებულ კენწეროს ისხამს. ასეთივეა მართლმადიდებელი ეკლესიის გარეგნული მოწყობაც მიწაზე, ასეთივეა მართლმადიდებლობის მთელი სტრუქტურა: სამრევლო ეკლესიები, ადგილობრივი ეკლესიები, საპატრიარქოები - მთელი რიგი ავტოკეფალური ეკლესიები.

   მიწიერი ეკლესიის მთელი ადმინისტრაციული მოწყობა მის ორგანულ ზრდას შეესაბამება: ყოველი მისი ტოტი განივად იზრდება, ისე რომ არ სწყდება ღეროს. ასე ყალიბდება ადგილობრივი ეკლესიების ურთიერთობები: დედა-ეკლესიები, ასული-ეკლესიები; და-ეკლესიები: ქრისტე ღმერთის ოჯახი.

 

წიგნიდან „საუბრები მართლმადიდებლობაზე"


უკან დაბრუნება