მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > გ. ფლოროვსკის, ი. რომანიდისის, ი. ვლახოსის ერთიანი კონცეფცია (მესამე ნაწილი) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

გ. ფლოროვსკის, ი. რომანიდისის, ი. ვლახოსის ერთიანი კონცეფცია (მესამე ნაწილი) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


24-12-2024, 00:24

გ. ფლოროვსკის, ი. რომანიდისის, ი. ვლახოსის ერთიანი კონცეფცია (მესამე ნაწილი) - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   ახალ ღვთისმეტყველთა (რომანიდისი, ვლახოსი) ჩვენ მიერ უკვე მიმოხილული კონცეფციების მიხედვით ღვთაებრივი მადლის (განღმრთობის) მოქმედება სცდება ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს (ე.ი. ნათლისღების გარეშეც არსებობს). სანაცვლოდ „ქარიზმატული" (უსაზღვრო) ეკლესიის წარმომადგენლობა და მასში „მკურნალობა" განღმერთობის წინაპირობადაა შემოთავაზებული. ეს საღვთისმეტყველო „ნოუ-ჰაუ" ახალი რელიგიური ცნობიერებითაა დეტერმინირებული, უფრო ზუსტად: სულიერსა (კანონიკური, დოგმატური) და ამქვეყნიურს (ადოგმატური) შორის ტოლობის ნიშანია დასმული. შედეგად, ნეოპელაგიური ქარიზმატოლოგიის ინერციამ ყველა საღვთისმეტყველო დონეზე (ანთროპოლოგია, საკრამენტოლოგია, სოტერეოლოგია, ეკლესიოლოგია) იჩინა თავი. ამ პროცესს პირობითად „ქარიზმატული მონოფიზიტობა" ვუწოდეთ, რაკიღა ფილოსოფიისა და პატრისტიკის „სინთეზია" შემოთავაზებული; ე.ი. ღვთისა და მადლის ერთიანი, ღვთაებრივი ბუნების თვისება სპეკულაციურად გადატანილია ქმნილ ბუნებაზე; შედეგად ნიველირდება ყველანაირი განსხვავება დაცემულ სამყაროსა და საღმრთო მადლს შორის, ქმნულსა და ხელთუქმნელს შორის. ამას ვგულისხმობთ „ქარიზმატულ მონოფიზიტობაში", გნებავთ „მონოფიზიტურ ქარიზმაში".

   ამ ნიშნით გამოვარჩევდით დეკანოზ გ. ფლოროვსკის თეოლოგუმენს. მისი თეზის ძირითადი სათქმელი ისაა, რომ თურმე „ეკლესიის ქარიზმატული საზღვრები" არ ემთხვევა მის „კანონიკურ საზღვრებს". ეს არის „ნაწილობრივი მადლის" არსებობის ირიბი აღიარება მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ (დოგმატურ) საზღვრებს მიღმა, რაც მართლმადიდებლურ წიაღში ეკუმენიზმის საფუძველთა გამყარების ტენდენციად უნდა მივიჩნიოთ.

   გ. ფლოროვსკი წერს: „ეკლესია თავისი საკრამენტული ან მისტიკური პარამეტრებით კანონიკურ ნორმაზე აღმატებულია. ამიტომ კანონიკური გახლეჩა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ მისტიკურ დაცარიელებას და სიმწირეს".1

   სხვა წერილშიც იმავე შინაარსს ვპოულობთ:

   „დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა სარწმუნოებრივი დაყოფა და განხეთქილება სიყვარულის დეფიციტის ნიშანია. მაგრამ ეს არ ნიშნავს მადლსა და საიდუმლოებებში განხეთქილებას, ვინაიდან სულიწმიდა არ განიყოფა. ის ერთიანი და განუყოფელია განხეთქილებაშიც კი".2

   როგორც ვხედავთ, გ. ფლოროვსკი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლობა მხოლოდ ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში არ მოიაზრება; ე.ი. ერეტიკულ და სქიზმატურ საკრებულოებში „რაღაც ქარიზმატულ-საკრამენტულ-მისტიკური" მადლი მაინც ტრიალებს.

   შეგახსენებთ: დეკანოზი გიორგი ფლოროვსკი, დეკანოზ იოანე რომანიდისის მოძღვარი და მასწავლებელია, ხოლო ი. რომანიდისი - მიტროპოლიტ იეროთეოზის (ვლახოსი) მოძღვარი. საინტერესო „მამა-შვილ-შვილიშვილობა" იკვეთება. დაკვირვებულ მკითხველს არ გამოეპარება მათეული, საერთო საღვთისმეტყველო ხედვა.

   საქმე ისაა, რომ წმ. მამები ერთმანეთისაგან განარჩევენ „მაცხოვნებელ", განმსაზღვრელ მადლს („спасающая") „მოსამზადებელი" („предворяющая") მადლისაგან. პირველი რჩეულთა ხვედრია, მეორე კი საყოველთაო, რომელიც სხვაგვარადმადიდებლებშიც მოქმედებს. პალამიზმის კატეგორიებში ეს ნიშნავს, რომ მისი (გარეგნული, მოსამზადებელი, საყოველთაო) მოქმედება ბოძებულია ზოგადად მთლიანი კაცობრიობისათვის, ხოლო საეკლესიო (შინაგანი, მაცხოვნებელი) მადლი - მხოლოდ „რჩეულებს" ე.ი. კონკრეტულ პიროვნებას ხვდება წილად.

   პალამიზმში „მაცხოვნებელი მადლი" აღინიშნება ტერმინით „ჰიპოსტასირებული", ან „განღმრთობილი" („воипостасировано"): „აღუთქვამს რა ღმერთი მორჩილთ დაუბადებელ (неражденный) განღმერთობას".3

   გარეგნული და შინაგანი მადლის მოქმედება განსხვავებულია. ამის ვერშეცნობამ მიიყვანა ვარლამ კალამბრიელი ერესამდე. იმავე პრობლემამ, ოღონდ ოდნავ სხვა რაკურსით, იჩინა თავი მოდერნიზმში - აქაც ასევე საზღვრებია წაშლილი ქმნილსა და ხელთუქმნელს, ნათელღებულსა და მოუნათლავს შორის; შედეგად შესაძლებელი ხდება მოუნათლავთა და მეტიც - სხვაგვარადმადიდებელთა განღმრთობა. ისინი ვერ იაზრებენ (ან შეგნებულად უგულებელყოფენ), რომ გარეგნული ყველა ადამიანის (ვით ღვთის ქმნილების) კუთვნილებაა, ხოლო შინაგანი - მარტოოდენ მათი, ვისაც ღმერთი აცხონებს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.

   „საყოველთაო", („მოსამზადებელი") მადლი მოქმედებს ეკლესიის მიღმა, რათა მიიყვანოს ადამიანი ეკლესიაში. ასეთი მადლი მოქმედებდა ნათლისღებამდე კორნელის, ეთიოპიელი ევნუქის თუ სხვა კეთილ, თუნდაც ძველი აღთქმის მართალთა შემთხვევაში. მოდერნისტებისთვის ეს ხელსაყრელი „გამონათებაა". ი. რომანიდისმაც, ისევე როგორც გ. ფლოროვსკიმ, შემდეგ ი. ვლახოსმა სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ერთიანი სათქმელით გადაშალეს გამოსყიდვის მადლის სისავსის მაცხოვნებელი მნიშვნელობა და ის გარეგნულთან გააიგივეს. ამით განღმრთობასაც უფრო ფართო მნიშვნელობა მიენიჭა.

   ამრიგად, გარეგნული მადლი ყველას მოიცავს, ამზადებს ადამიანს ეკლესიაში მიღებისთვის (ნათლისღებით). ძველი აღთქმის მართლები სულმოუთქმელად ელოდნენ ქრისტეს განკაცებას, მაგრამ მხოლოდ ჯვარცმის, ჯოჯოხეთში შთასვლის შემდეგ მიეცათ ცხონება. ახალი აღთქმის პერიოდში მოსამზადებელი მადლით ნათლისღების მსურველი კატახიზაციას გადის და შემდეგ ინათლება. ცხონების სხვა გზა, გარდა ამისა, არ მოიაზრება. სხვაგვარად რომ ვთქვათ: გარეგნული მადლი ონტოლოგიაა და არა ეკლესიოლოგია, ის გარეგნულად მოქმედებს და არა შინაგანად. ი. რომანიდისმა შეგნებულად, მიზანმიმართულად აურია ერთმანეთში ონტოლოგია (ყოფიერება) და ეკლესიოლოგია, რათა ეკლესიის მიღმა მყოფნიც რაიმენაირად, „ქარიზმატულად" გახადოს ეკლესიის წევრი. ამას ისეთი „ოსტატურობით" აკეთებს, რომ ორთოდოქსებიც კი შეჰყავს ცდომილებაში. ვიფხიზლოთ!






1 Г. Флоровский. О границах церкви.

2 Г. Флоровский. Проблематика христианского воссоединения. Избранные богословские статьи. М. 2000. С. 179.

3 Св. Григорий Палама. Вопросы к Фаласию. N6.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება