მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მთავარი გვედის ფოტო > ღვთაებრივი და ადამიანური ქალაქის მაშენებელნი - დავით ჯინჭარაძე
ღვთაებრივი და ადამიანური ქალაქის მაშენებელნი - დავით ჯინჭარაძე17-12-2024, 11:00 |
ნეტარი ავგუსტინე სახარებაზე დაყრდნობით გვასწავლის, რომ კაცობრიობა ორ ქალაქს აშენებს - ღვთაებრივს და ადამიანურს. ორი ისტორიული შთამომავლობა ვითარდება - აბელის და კაენის. ურწმუნო (კაენის) შთამომავალთა უკმაყოფილების საპასუხოდ ის თავის ნაშრომში სახარების სიტყვებით პასუხობს: „იქნებ მეთუნეს ნება არა აქვს, რომ მის მიერ მოზელილი ერთი და იმავე თიხისგან ძვირფასი ჭურჭელიც გააკეთოს და უფასურიც?” (რომ 9.21). შემდეგ კი ხორციელი (კაენისეული) სულისკვეთების მკაფიო განსაზღვრებას გვთავაზობს: „ხორცის საქმენი აშკარაა: "სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა”. (გალ. 5.19).
ეს სულიერი რეალობა კარგად უნდა იყოს გააზრებული როდესაც დღეს ანტიქრისტიანულ სულისკვეთებას თვალნათლივ ვხედავთ. ღმერთს ყველას ცხონება სურს, ჭეშმარიტ ქრისტიანსაც ყველასი ცხონება სურს, თუმცა ყველა ადამიანს თავად არ სურს ცხონება, გადარჩენა, და უნდა ვაღიაროთ, რომ აქ ჩვენ უძლურნი ვართ. ჩვენი საქმე საკუთარი სულის მიხედვა და შეცდომილთათვის ლოცვა რჩება. "უარისმყოფელნი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათა შეცდომილნი” - ვკითხულობთ დილის ლოცვებში.
ჩვენ არ ვსვავთ დიაგნოზს. ადამიანები საკუთარი ქმედებებით, მიდრეკილებით და სულისკვეთებით თავად უსვავენ საკუთარ თავს დიაგნოზს. განა საკუთარი ნებით არ ემხრობიან ეკლესიის შეურაცხმყოფელებს, სოდომურ გარყვნილებაზე ხელმომწერებს, ეკუმენისტებს, მკრეხელებს, მჩხიბავებს, გრძნეულებს, ხატმებრძოლებს და მოძალადეებს ?!
ბოროტებაში მყოფნი გაიძახიან: "სად არის ეკლესია?”, "სად ხართ ხალხნო?”. ამ სიტყვებში საკუთარი თავის მხილება და შიში გაისმის. მათ არ სურთ ამ "ბრძოლაში” მარტონი აღმოჩნდნენ, მით უფრო ღვთისა და ეკლესიის მტრების კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ. მათ ამ ბოროტებაში ადამიანების და ეკლესიის ჩათრევა სურთ. მიიღეს რა ეკლესიისაგან მტკიცე პასუხი, შეტევაზე გადმოდიან: სასულიერო პირებს ლანძღავენ, სოციალურ ქსელში შემოდიან შენს გვერდზე და უსუსურ კომენტარებს წერენ. ისინი სულ ბრალდების პოზიციაში არიან და ბრალეულობის სხვაზე გადამისამართებას ცდილობენ, თითქოს თავისუფალი არჩევანი არ ქონდათ, ან ჭეშმარიტება ხელმიუწვდომელი იყოს.
გაიძახიან: "ეკლესიამ მხარე დაიჭირა!”. მართლაც, ეკლესიამ და ჭეშმარიტად ეკლესიურმა ადამიანებმა სწორი პოზიცია დაიკავა. პირველი: - მხარე არ დაიჭირა მრევლის თავისუფალი არჩევანის პატივისცემის კუთხით, რადგან ეკლესიის საზრუნავი ყველა ადამიანის სულია. მეორე: - სიკეტის მხარე დაიჭირა და სხვანაირად შეუძლებელია ყოფილიყო, რადგან არ არსებობს ორი ჭეშმარიტება, ან ორი ერთმანეთის საპირისპირო სიკეთე. ან ღმერთს ვცემთ თაყვანს, ან მამონას.
ამიტომ, ამ პირობებში რაიმე სახის კამათი და დისკუსია, როგორც წესი, ზედმეტი და უნაყოფოა. ჩვენ არ უნდა ვიტყუებდეთ თავს. მოყვასის სიყვარული არ გულისხმობს მცდარი იდეის მიმღებლობას. ჩვენ არ უნდა ვამტკიცებდეთ იმას, რაც უკვე ფაქტია, რაც საქმით დადასტურებულია - "საქმემან თქუნმან გამოგაჩინონ”.
ამრიგად, საპასუხო კომენტარი არ უნდა იყოს მათი პოლიტიკური დემაგოგიის მსგავსი. არ უნდა ითამაშო მათი ბინძური წესებით. ზოგჯერ უმზგავსონი უპრიანია პირდაპირ წაშალოთ კიდეც. მოკლედ უნდა მივუთითოთ ლიბერალებს და მოდერნისტებს, რომ მათ არ/ვერ ექნებათ სიყვარული და პატივისცემა ეკლესიის და სიწმინდის, რადგან სამწუხაროდ არ სწამთ, დაშორებულნი არიან ეკლესიის სისავსეს და შესაბამისად აღრეული აქვთ ღირებულებები, რომელნიც ლიბერალური იდეოლოგიის საშუალებით შეისრუტეს.
ჩვენ არ ვიცით ღვთის განგება, ვინ ცხონდება და ვინ არა. არ ვიცით ადამიანები კაენის გზას დაადგნენ, თუ აბელის, რომელიც არ გამორიცხავს ცოდვას, მაგრამ ჭეშმარიტების წყურვილით, საბოლოოდ მართალ გზას ირჩევს.
ჩვენ ღვთის სამსჯავროზე ვდებთ ჩვენს და სხვის მომავალს. დაე, ღვთაებრივი ქალაქის მაშენებულნი და აბელის მემკვიდრენი ვყოფილიყავით ყველანი ერთად!
დავით ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |