მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ი. რომანიდისის სწავლება წმ. წერილის შესახებ პროტესტანტულის იდენტურია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ი. რომანიდისის სწავლება წმ. წერილის შესახებ პროტესტანტულის იდენტურია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე8-12-2024, 00:57 |
დეკანოზ ი. რომანიდისის საღვთისმეტყველო მიმართულებათა განხილვისას გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ შემდეგ გარემოებას, ავტორის (ასევე თანამოაზრეთა) მართლმადიდებლური ტერმინებით შეფუთული შეხედულებები სინამდვილეში სულ სხვა კონფესიითაა შთაგონებულ-ნასაზრდოები. მოდერნისტებისთვის ზოგადად დამახასიათებელი მეთოდია: „აბრალონ ორთოდოქს მართლმადიდებლებს „კათოლიციზმის", „სქოლასტიკის", „იურიდიზმის", „ტყვეობაში" ყოფნა, (როგორც ამას უტეხად ანხორციელებენ ნეტ. ავგუსტინეს წინააღმდეგ). ამ დროს ავითარებენ სხვადასხვა სახის პროტესტანტულ, ფილოსოფიურ თეზებს, თითქოს მათ მიერ შეთხზული ახალი სწავლებები იყოს მართლმადიდებლობა. ამჯერად, ი, რომანიდისის „ნეომართლმადიდებლურ"* საღვთისმეტყველო მიმართულებაზე ვისაუბროთ. ყურადსაღებია მათი დამოკიდებულება წმინდა წერილის მიმართ, რაც შემდეგ ი. რომანიდისსა და სხვა მოდერნისტებსაც „წაადგათ". კ. ბარტი წერს: „ბიბლია არის სიტყვა ღვთისა იმდენად, რამდენადაც ღმერთი დართავს ნებას, იყოს მისი სიტყვა".2 ცხადია, ეს ხედვა კონსერვატული პროტესტანტების მიერ აღიქმებოდა ვით წმინდა წერილის უცდომელობის უარყოფა. სამწუხაროდ, ი. რომანიდისის შეხედულებებშიც იმავე შინაარსის აზრებია, „რწმენისა" და „ყოფიერების" ანალოგიაზე საუბარი: „მართლმადიდებელ სარწმუნოებაში არ არსებობს რწმენისა და ყოფიერების ანალოგია. ამ მიზეზით წმ. წერილის შინაარსი ღმერთთან მიმართებით ცვალებადი მნიშვნელობისაა. ისინი უარყოფენ ნაღმრთობით გამოცდილებას. წმ. წერილი არის გზამკვლევი ღმრთისაკენ, მაგრამ ღვთის ამ აღწერას არ გააჩნია რეალური მსგავსება ღმერთთან. ის საუბრობს ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, მაგრამ ეს არ არის თავად ჭეშმარიტება, არამედ გზამკვლევია ჭეშმარიტებისაკენ, რომელიც არის ქრისტე, იმიტომ რომ წმ. წერილის სიტყვები უბრალო სიმბოლოებია, რომლებსაც გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია. განათლებისა და განღმრთობის გარეშე წმ. წერილი (ბიბლია) ვერ განიმარტება მართებულად".3 ი. რომანიდისის ქართულ გამოცემაშიც „პატრისტიკული თეოლოგია" მსჯელობა „ტრადიციულად" ნეტ. ავგუსტინეს მიმართ ცრუბრალდებათა ფონზე მიმდინარეობს: „დასავლურ ფილოსოფიურ და თეოლოგიურ ტრადიციაში არსებობს ორი სახის ანალოგია"... „არსებულის ანალოგია განამტკიცეს ავგუსტინეს მიმდევრებმა, მაგრამ თავად ავგუსტინესთან ორივე სახის ანალოგია გვხვდება". ყურადსაღებია ის, თუ რა არ მოსწონს ი. რომანიდისს „რწმენის ანალოგიაში"? „რწმენის ანალოგია" ნიშნავს იმას, რომ ღმერთი ბიბლიაში თავის თავს აცხადებს (ისეთს, როგორიც სინამდვილეშია) და, რომ შეუძლებელია მისი შემეცნება ფილოსოფიის საშუალებით. ამით უილიამ ოკამელი უპირისპირდება ავგუსტინეს ფილოსოფიურ მეთოდს, მაგრამ არა - თეოლოგიურს, რაც ეფუძნება ბიბლიას, ე.ი. „რწმენის ანალოგიას".4 „მართლმადიდებლურ გარდამოცემაში არც „რწმენის ანალოგია" გვხვდება - წმინდა წერილის სწავლებასა და ღმერთის შესახებ ჭეშმარიტებას შორის არ არსებობს რწმენის ანალოგია. ეს იმიტომ, რომ ღმერთსა და ქმნილებებს შორის საერთოდ არანაირი მსგავსება არ იპოვება. ამის გამოა, რომ ბიბლიაში მოცემული ღმერთის შესახებ ცნებები გაუქმებულია".5 „წმინდა წერილის ფუნქცია ღმერთისკენ წინამძღოლობაა, მაგრამ მასში აღწერილი არ იგივდება თავად ღმერთთან. იგი საუბრობს ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, მაგრამ თავად არაა ჭეშმარიტება".6 კ. ბარტის „ნეომართლმადიდებლობის" ერთ-ერთი ძირითადი თეზა გახლდათ იდეა, რომ ღმერთი აბსოლუტურად ტრანსცენდენტურია (მიღმაა) ქმნილებასთან მიმართებით და თავისუფალი ადამიანი თავად განაგებს ცხოვრებას. მათი აზრით, დიალექტიკური და პარადოქსული მეთოდოლოგიის მოშველიებით დაიცავდნენ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ცალკეული დოგმატური შემუშავებისაგან, სინამდვილეში კი ფართო კარი გაუღეს ეკუმენისტურ მოძრაობას. ი. რომანიდისიც (ისევე როგორც პროტესტანტიზმი) „ღმერთის აბსოლუტურ ტრანსცენდენტურობის" პროპაგანდას ეწევა იმდენად, რომ თავად წმ. წერილსა და ღმერთს შორისაც კი ვერ ჰპოულობს ანალოგიას, მეტიც, „მთლიანად გაუქმებული" ყოფილა. ამრიგად, ი. რომანიდისის პარადოქსული სწავლების თანახმად, როდესაც ქრისტე ამბობს, რომ „ვარ გზა ჭეშმარიტება" და მისთანანი! ეს სინამდვილედ ვერ უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ „წმინდა წერილის სწავლებასა და ღმერთის შესახებ ჭეშმარიტებას შორის არ არსებობს რწმენის ანალოგია..." „იგი საუბრობს ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, მაგრამ თავად არაა ჭეშმარიტება". სწორედ ამიტომ - პროტესტანტული (კ. ბარტი) და „მართლმადიდებლურ-მოდერნისტული (ი. რომანიდისი) თეზები საოცრად ერთგვაროვანია. შედეგად, პროტესტანტიზმში ჩასახულმა ეკუმენისტურმა მოძრაობამ „დაუბრკოლებლად" განაგრძო გზა, თავისი ასპარეზი იპოვა „მართლმადიდებელ ეკუმენისტებშიც". მოგეხსენებათ, ი. რომანიდისი „მამალი ეკუმენისტია", არაერთი ეკუმენისტური თავყრილობის აქტიური მონაწილე და იდეოლოგი. მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლების თანახმად, უცდომელ კრიტერიუმთა ნუსხაში წმინდა წერილს პირველი ადგილი უკავია. ყოვლად დაუშვებელია წმ. წერილზე თქვა, რომ ის „ღმერთთან მიმართებით ცვალებადი მნიშვნელობისაა", რომ „ამ აღწერას არ გააჩნია რეალური მსგავსება ღმერთთან", რომ მისი სიტყვები „უბრალო სიმბოლოებია", მით უფრო დაუშვებელია თქვა ის, რომ იგი „გაუქმებულია". მსგავსი საღვთისმეტყველო რელატივიზმი პროტესტანტულ ჭრილში ნათქვამს უფრო ჰგავს, ვიდრე მართლმადიდებლობას. ამიტომაც ვუწოდეთ ი. რომანიდისის მორიგ მოდერნისტულ მიმართულებას „ნეომართლმადიდებლობა". დეკანოზ ი. რომანიდისის ნეოპროტესტანტული ხედვები და მიდგომები გაითავისა კიდევ ერთმა გამოჩენილმა ღვთისმეტყველმა, მიტროპოლიტმა იეროთეოსმა (ვლახოსი). ის. რომანიდისის კვალდაკვალ, იმეორებს „ყოფიერებისა" და „რწმენის" ანალოგიების კრიტიკას.7 კრეტის კრების მასალათა განხილვისას მიტროპოლიტი ი. ვლახოსი აღნიშნავს, რომ კრების ერთ-ერთი დოკუმენტის „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი" დამუშავებისას უნდა თქმულიყო ყოფიერების ანალოგიისა (analogia entis) და რწმენის ანალოგიის (analogia fidei) შესახებ. მისი აზრით, ეს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პაპიზმის ღვთისმეტყველებებს შორის ყველაზე საკვანძო განსხვავებას ასახავს".8 სინამდვილეში ი. ვლახოსი, ი. რომანიდისის მსგავსად, იმეორებს კარლ ბარტის ანტიკათოლიკურ პოლემიკის შინაარსს, რაც, თავის მხრივ, ეყრდნობა სერენ კირკეგორის ათეისტურ სწავლებას „ღმერთზე, როგორც აბსოლუტურად სხვაზე" (Абсолютно другом). მიტროპოლიტი, ისევე როგორც ი. რომანიდისი მოდერნისტების ნაცვლად ხერხს მიმართავს: „კათოლიციზმისაგან მართლმადიდებლობის დაცვის ეგიდით გვთავაზობს პროტესტანტულ თეორიებს, ვით მართლმადიდებლობლურს. სინამდვილეში, მოდერნისტებს (ვით ეკუმენისტებს) დიდად სულაც არ აინტერესებთ კათოლიციზმის ბრალდება; მათი სამიზნე სხვაა: ნეტ. ავგუსტინე და კართაგენის კრება, სადაც გასმა, აღიარეს და ეკლესიის სწავლებად დადასტურდა გამოსყიდვის დოგმატი. სწორედ აქეთკენაა მათი იერიში მიმართული, ხოლო კათოლიციზმის ბრალდება ისეთივე ფარსია, როგორც მთლიანად მათი „ნეომართლმადიდებლობა".
* „ნეომართლმადიდებლობა" – (Неоправославие, Neoorthodoxia) - არ გახლავთ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ასოცირებული შეხედულება. მაგრამ მისი იდეებით რატომღაც დაინტერესდა მართლმადიდებელი მოდერნისტები (ი. რომანიდისი, ი. ვლახოსი). მოძრაობის ფუძემდებლად პროტესტანტი თეოლოგი კარლ ბარტი გვევლინება (1919 წ.). მეორე გამოჩენილი წარმომადგენელი გახლავთ უილიამ ოკამელი, რომლის ხედვებსაც ეყრდნობა ი. რომანიდისი ნეტ. ავგუსტინეს სწავლების გასაბათილებლად. „ნეომართლმადიდებლობას" უნდა უარეყო, უკუეგდო ტრადიციული პროტესტანტული ფორმულირებები და ქადაგებები და „ახალ", „ბრენდ" ორთოდოქსიას მიჰყოლოდნენ. სიტყვა „მართლმადიდებლობა" (ორთოდოქსია) ერთგვარი მინიშნებაა, სურვილია, დაუბრუნდნენ პირველი სახის პროტესტანტულ რეფორმაციას, მეტიც, ადრეულ საუკუნეთა ეკლესიას. რაც შეეხება ზედსართავს „ნეო"- მას წმ. წერილის ზუსტი შინაარსის ახალი ფილოსოფიური პრინციპებით გადმოცემა უნდა გამოეხატა. ეს ორთოდოქსიასთან შეხამებით, მძლავრად დაამოწმებდა ღვთის განგებას ახალ სამყაროში.1 1 Нео-православие-история. Расширенная информация. 2 К. Барт. Церковная догматика. 1/2. 123. 3 Romanidis. I Aanalogia of being and analogia of faith. 4 ი. რომანიდისი. პროტოპრესვიტერი. „პატრისტიკული თეოლოგია". გვ. 125. 5 იქვე. გვ. 126. 6 იქვე. გვ. 126. 7 И. Влахос. Митр. Православие и западное богословие. 8 И. Влахос. Митр. Границы и условия для успешного проведения святого и великого всеправославного собора.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net- ის რედაქცია
უკან დაბრუნება |