მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > ღვთის განდიდება
ღვთის განდიდება20-01-2013, 00:05 |
„მართლმადიდებლობა": თუკი ამ სიტყვის პირველი ნახევარი მართლმადიდებლობაზე, სიმართლეზე, სიწრფელეზე ლაპარაკობს, მეორე ღვთის განდიდებისკენ მოგვიწოდებს. ღვთის განდიდება სიტყვა „მართლმადიდებლობაში" ჩადებული მეორე იდეაა. იგი ჩაგვაგონებს, რომ ქრისტიანობის ყველა მხარე: მსოფლმხედველობა, ადამიანებისადმი დამოკიდებულება, პირადი ცხონება მთავარში - ღვთის განდიდებაში მდგომარეობს და მის მიერვე ერთიანდება. თუ „ღვთის დიდებაა", ესე იგი, მართლმადიდებლური ცნობიერების ცენტრში ღვთისმსახურება და ლოცვა დგას. მაგრამ ცხადია, ღვთის დიდება მხოლოდ ღვთისმსახურებაში არ გამოიხატება. „ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა" (1 კორ. 6, 20). ეს ნიშნავს: ზნეობრივი ცხოვრება, ზნეობრივი სიწმინდე მარტო ღვთის სათნო ლოცვის პირობა კი არ არის, იგი თავისთავად უკვე ღვთის განდიდებაა, ღვთისმსახურებაა. შემდეგ: საღმრთო ზრახვა, გულითა და გონებით ჭვრეტა ღვთის სახიერებისა, მოწყალებისა, სიბრძნისა და ყოვლადძლიერებისა, გულისა და გონების მოდრეკა ღვთის დიდებულებისა და კაცთმოყვარების საიდუმლოთა წინაშე იგივეა, რაც ღვთის განდიდება. მაგრამ მართლმადიდებლობის საფუძველში რჩება ღვთის განდიდება ლოცვითი ღვთისმსახურებით, რადგან მართლმადიდებლური ლოცვა - საეკლესიო ღვთისმსახურება - ყოველივეს აერთიანებს. იგია მართლმადიდებლობის ჰაერი. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია მართლმადიდებლური ღვთისმსახურების შინაარსის გაცნობა. „მოუკლებლად ილოცევდით" - ო (1 თეს. 5, 17), გვასწავლის მოციქული. ამით ის გვინერგავს, რომ აუცილებელია ღმერთის მუდმივი ხსოვნის გზით სულის მღვიძარება მოვიპოვოთ. მოციქულის ეს მცნება სრულდება როგორც ცალკეული ქრისტიანების ლოცვაში, ისე საზოგადო ღვთისმსახურებაში. სწავლება პირადი დაუცადებელი (განუწყვეტელი) ლოცვის შესახებ საფუძვლად უდევს ეკლესიის წმ. მოღვაწეთა მოძღვრებას ცხონებაზე. მისი ნიმუშია „უფალი იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" ანდა მოკლე „უფალო შემიწყალე" - ესაა არა ვედრება მამაზეციერისადმი საკუთარი საჭიროებების გამო, არამედ ცოდვების შენანება და გლოვა მაცხოვრის წინაშე. საზოგადო ღვთისმსახურება, როგორც ეს მართლმადიდებელი ეკლესიის სრულ წეს-განგებაშია აღწერილი (ეს წეს-განგება მონასტრებშია შემუშავებული), ისე ნაწილდება, რომ იგი თითქმის განუწყვეტლივ აღესრულება ტაძარსა თუ სენაკში, დღისით თუ ღამით, და ძველად არსებობდა სამონასტრო ტაძრები „დაუძინებელი" ღვთისმსახურებით; პირველ, მესამე, მეექვსე და მეცხრე ჟამნს - დღის ჟამნობას ჟამნობის შედეგი ცვლიდა, ღამე კი სერობას, ჟამნსა და ცისკარს ეკავა. და თუმცა თავისი მოთხოვნილებებით წეს-განგების იდეალთან მიახლოების საშუალებას არ იძლევა (არა მართო სამრევლო ტაძრების პირობებში, არამედ მონასტრების უმრავლესობაშიც), მაგრამ მართლმადიდებლური ღვთისმსახურება მაინც თავისი ხანგრძლიობითა და მდიდრული შინაარსით გამოირჩევა. „ულოცევდით ურთიერთსა" - ილოცეთ ერთმანეთისთვის (იაკ. 5, 16). ეკლესიის ხსოვნა მისი წევრების შესახებ იმით ნარჩუნდება, რომ ღვთისმსახურებისას დროს ამ ადამიანების ახლობლები - სულიერი ახლობლები, თუნდაც უზარმაზარი მანძილით იყვნენ დაშორებულნი, ლოცულობენ მათთვის, განსაკუთრებით მწუხარეთა, სნეულთა, მოგზაურთათვის. ეს ხსოვნა კაცის გარდაცვალების შემდეგაც არ წყდება, და ხშირად მიცვალებულთათვის ლოცვა ეკლესიაში მრავალი ათეული წლის, ასი წლის შემდეგაც კი აღევლინება: ასე გრძელდება ეკლესიის ლოცვის მეშვეობით ჩვენი ურთიერთობა შესვენებულ ძმებთან და მამებთან - ჩვენს ლოცვაში მათთვის და მათ უხილავ ლოცვაში ჩვენთვის. „გინა თუ შჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოველსავე სადიდებლად ღმრთისა იქმოდეთ" (1 კორ. 10, 31); „ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს, და არარაჲ არს განსაგდებელ მადლობით მიღებული, რამეთუ განწმიდნების სიტყვითა ღმრთისაჲთა და ლოცვითა" (ტიმ. 4, 4-5), მოციქულის ეს სიტყვები გვიხსნიან, თუ რატომ არის, რომ ცხოვრების მართლმადიდებლური წესის პირობებში საეკლესიო ლოცვა ხშირად სცდება ტაძრის კედლებს და, ასე ვთქვათ. ხალხის ყოფითი ცხოვრების წიაღში გადადის. ბევრ მართლმადიდებელს ბუნებისა და ყოფის ამგვარი კურთხევა რაღაც წარმართობად, ქრისტიანობამდელი წეს-ჩვეულებების ნარჩენებად ეჩვენება. მაგრამ ცხოვრებასთან ეს სიახლოვე თვით მართლმადიდებლობის სულისკვეთებითაა განპირობებული. წყლის საზეიმო კურთხევა მდინარეებზე გასვლითურთ ნათლისღების დღესასწაულზე, სანოვაგის კურთხევა წმ. პასექზე, ხილის, ყვავილების, თავთავის კურთხევა მოსავლის აღების შემდეგ, წმ. ხატები და ჯვრის გამოსახულებები სახლებში, ქუჩებში, მოედნებზე, ჭიშკრებზე - ყოველივე ეს იმის მაგალითია, თუ როგორ აკურთხებს ეკლესია კაცთა მთელ ცხოვრებას ტაძრებს გარეთაც. საზოგადო ღვთისმსახურებით იკურთხება ქრისტიანის მთელი ამქვეყნიური გზა დღიდან მისი დაბადებისა. ლოცვა ადამიანის შობის პირველ დღეს სახელის დარქმევითურთ, ნათლისღება, მეორმოცე დღის ლოცვები, ლოცვა ყოველი საქმის წინ, მოგზაურობის წინ, სნეულების დროს, სამადლობელი და სხვა ლოცვები საეკლესიო საკითხავებში შედის. „აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაჲ ჩემი - სახელისა წმიდასა მისსა" (ფს. 102, 1); „ყოველი სული აქებდით უფალსა" (იქვე, 150, 6). მეფსალმუნის ეს ორი აზრი მართლმადიდებლობაში განსაკუთრებული სისრულითაა განხორციელებული. „ყოველი გონებაჲ ჩემი" აკურთხევდეთ უფალსა: ეს სიტყვები ყველა ნიჭსა და ყველა ტალანტს ღვთის დიდებისაკენ იწვევს და მოუწოდებს. ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ გონებას მივმართავთ ღმერთისკენ, არამედ სიტყვითაც ვადიდებთ მას, და არა მარტო სიტყვით, არამედ გალობითაც, ფერწერითაც და ხელოვნების სხვა კეთილმსახური სახეებითაც. მოზაიკა და ფრესკები, ქსოვილები და ოქრომკედით ქარგვა, ხეზე ჭრა და ზომიერი სკულპტურული რელიეფები, რამდენადაც იგი თავისი ხორციელებით სულს არ ფარავს, საოქრომჭედლო ხელოვნება, ხუროთმოძღვრება და ადამიანის ტალანტის სხვა გამოვლინებები თავიანთ ადგილს ჰპოვებენ ღვთის სახელისა და მის წმინდანთა განდიდებაში.და მართლმადიდებელი ქრისტიანის ხელში მთელი ბუნება, „ყოველი სული" უნდა აქებდეს უფალს. წყლის კურთხევა, სანთლის ალი მლოცველის ხელში, საკმევლის სურნელება, ბზა - უფლის იერუსალიმში შესვლის დღეს, ყვავილები - სულიწმიდის მოფენის დღეს: ბუნების ყველა ეს ნიჭი უნდა იყოს ორღანო ღვთის დიდებისა. მცირე სენაკი ან სკიტე ტყის იდუმალ სიღრმეში, სამლოცველო ან ჯვარი წყაროს თავზე, ათობით თუ ასობით კილომეტრზე მოგზაურობა სიწმინდეთა მოსალოცად - ეს ყველაფერი ადამიანის კავშირია ბუნებასთან, როდესაც ისინი ღვთის სადიდებელ სიხარულში ერთიანდებიან. მაგრამ ვაი, რომ დღეს ეს ჩვენს სამშობლოში სულ რამდენიმე ტაძრის კედლებშია შეყუჟული. განა ეს არის რელიგიური ცხოვრების თავისუფლება?
წიგნიდან „საუბრები მართლმადიდებლობაზე" უკან დაბრუნება |