მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > აღმსარებლობა ახალგაზრდებში - დავით ჯინჭარაძე

აღმსარებლობა ახალგაზრდებში - დავით ჯინჭარაძე


6-12-2024, 09:01

აღმსარებლობა ახალგაზრდებში - დავით ჯინჭარაძე

 

   დღეს არსებულ ტერმინოლოგიების და ღირებულებების აღრევის ეპოქაში განსაკუთრებული ზიანი მიადგა ახალგაზრდობას, რამაც მათ ფსიქიკაზე, მსოფლმხედველობაზე და ზოგადად სულიერებაზე დამანგრეველი გავლენა იქონია.

   განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი ახალგაზრდების მცირე ნაწილზე, რომლებიც ეკლესიური და ტრადიციული ღირებულებების დაცვით ცხოვრებას ცდილობენ. ჩვენი საზოგადოების ეს მცირე ჯგუფი განსაკუთრებული „ბულინგის", იგნორირების და დევნის ქვეშ აღმოჩნდა იდეოლოგიურად აჟიტირებულ თანატოლებისაგან და მასწავლებელ-ლექტორებისაგან მხოლოდ იმიტომ, რომ შეიყვარეს ჭეშმარიტება.

   ამიტომ ვალდებულად ვთვლით თავს გავამხნევოთ და ვანუგეშოთ ახალგაზრდები, რომლებმაც ამ მძიმე დროში თავიანთი მართებული გამოხატულებით დაუპირისპირდნენ ლიბერალურ იდეოლოგიას. ვიცით რა ამ იდეოლოგიის არამართლმადიდებლური არსი, მასთან ნებისმიერი სახით ბრძოლა ნამდვილად ატარებს აღმსარებლურ ხასიათს.

   ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, სურთ, რომ ისინი უყვარდეთ და პატივს ცემდნენ. და, ჰოი საოცრებავ, აფიქსირებან რა სუფთა მართლმადიდებლურ და ტრადიციულ პოზიციას; არ იგინებიან, არ ესვრიან ქვებს პოლიციელებს, არ ანადგურებენ ქუჩებს, არ აქვთ ზომბირებული მასების ცნობიერება, - ისინი "გარიყულთა” სიაში აღმოჩნდნენ, ჩვენი თვალთახედვით კი რჩეულთა მცირე ნაწილში, რომელსაც მაცხოვარი "მცირე სამწყსოს" უწოდებს.

   მორწმუნე ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს ,თუ რა დროში ცხოვრობს, რომ მას ვერ გაუგებენ და დევნიან ადამიანები, რომელთაც ეკლესიური ცხოვრების იგივე განცდა არასდროს განუცდიათ, რომ მომრავლდა ადამიანები, რომლებიც თავს მორწმუნედ მიიჩნევენ, მაგრამ ღვთის ნაცვლად იდეოლოგიას ეთაყვანებიან. მაცხოვარი ამბობს: "უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა”… "უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ”.ეს ქრისტიანობის აუცილებელი პირობაა!

   დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც მორწმუნენი ნუგეშისთვის და მხარდაჭერისთვის არა "მორწმუნეთა” სიმრავლეს ეძებდეს წუთისოფლის მოყვარე საზოგადოებაში, არამედ ეკლესიის მადლით მტკიცდებოდეს ღვთისადმი რწმენაში და უშიშრად აფიქსირებდეს თავის აღმსარებლურ პოზიციას.

   თუკი ღვთის გზას ავირჩევთ მაცხოვარიც ჩვენთან იქნება, როგორც შეგვპირდა: "დაადგერით თქუენ ჩემთანა, და მე თქუენ თანა”. რისი უნდა გვეშინოდეს, როდესაც ღმერთი ჩვენთანაა?!

   ახალგაზრდავ! თუ ბრძოლის სურვილი გაქ, იცოდე: - არაფერია უფრო აღმატებული რისთვისაც ბრძოლა ღირს, ვიდრე ღვთაებრივი ჭეშმარიტება და მისი წესრიგი. და არავის არ ელოდება უფრო დიდი ჯილდო, ვიდრე ამ სულიერ  ბრძოლაში გამარჯვებულს!

   მათ კი, ვინც აცდუნებს ჩვენს ახალგაზრდებს ზოგიერთი ლიბერალ-მოდერნისტი  სასულიერო პირების ჩათვლით, შევახსენებთ მაცხოვრის სიტყვებს: "ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური”.

 

 

 

დავით ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება