მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ი. რომანიდისის ისტორიული კონსპეროლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ი. რომანიდისის ისტორიული კონსპეროლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე6-12-2024, 08:49 |
არანაკლებ გაოცებას იწვევს დეკანოზ ი. რომანიდისის ერთობ უცნაური ისტორიული კონცეფცია. მასში ი. რომანდისი ცდილობს დახატოს შემდეგი სურათი: ფრანკების (და რიგი ერების) მიზეზით გაბატონდა დასავლეთში არა რომაული (რომელშიც მეტწილადაც ელინურ (ბერძნულ) ცივილიზაციას მოიაზრებს), არამედ სქოლასტიკური ფილოსოფია და ყოველივე ამ ბოროტების სათავეში დგას (ალბათ მიხვდებით) - ნეტარი ავგუსტინე. ამ კონცეფციას ი. რომანიდისი ავითარებს თითქმის ყველა თავის ნაშრომში.1 გამონაკლისს არც მისი ქართული გამოცემა „პატრისტიკული თეოლოგია" წარმოადგენს. ვინ იფიქრებდა „რომ გოთების, ფრანკების, ლონგობარდების, ნორმანებისა და სხვათა მიერ აღორძინდებოდა მთელი დასავლური ტრადიცია და მათი თეოლოგიის ერთადერთი წინამძღოლი გახდებოდა ავგუსტინე".2 „აღსანიშნავია, რომ ფრანკები, რომლებიც მრავალი საუკუნის მანძილზე თარეშობდნენ როგორც ელადის სხვადასხვა მხარეში, ისე შუა აღმოსავლეთში, ძალისხმევას არ იშურებდნენ იმისათვის, რათა მართლმადიდებელი ქრისტიანები ფრანკი ეპისკოპოსებისადმი დაექვემდებარებინათ"...3 „ჩვენ გვესმის, რომ მართლმადიდებლურ ტრადიციაში გვაქვს ელინური და რომაული ფილოსოფია... მაგრამ დასავლეთში არსებობს განსხვავებული ფილოსოფიური ტრადიცია... რომელსაც „სქოლასტიკა" ეწოდება"...4 „ფრანკულმა ტრადიციამ, რომელიც ავგუსტინეს დაეფუძნა".5 ეჭვი მიჩნდება ი. რომანიდისის ფსიქოლოგიური „აკვიატება" ჰქონდა ნეტ. ავგუსტინეს მისამართით. გასაკვირს ვერაფერს ვხედავთ იმაში, რომ ფრანკები ცდილობდნენ მართლმადიდებელი ეპისკოპოსების გადაბირებას - ისინი ხომ აღმსარებლობით ლათინები იყვნენ. გაუგებარია, რა შუაშია აქ ნეტ. ავგუსტინე? და რატომ ცდილობს ი. რომანიდისი ყოველივე ბოროტების სათავედ ნეტ. ავგუსტინე წარმოაჩინოს? ცხადია, ფასადის მიღმა ისევ და ისევ გამოსყიდვის დოგმატი იმალება, რომელიც რაიმენაირად დასავლურ (სქოლასტიკურ, იურიდიულ და ა.შ.) სწავლებად უნდა გასაღდეს, ხოლო თავად ელინური ფილოსოფია მართლმადიდებლურ ტრადიციად გამოაცხადეს, თურმე „მართლმადიდებლურ ტრადიციაში გვაქვს ელინური და რომაული ფილოსოფია", ანუ დასავლური ფილოსოფია ნეტ. ავგუსტინესია, შესაბამისად - ცუდია - „ხი, ხი", ხოლო ელინური წარმართული ფილოსოფია კარგია - „მართლმადიდებლურია". სინამდვილეში, ი. რომანიდისის (და ყველა მოდერნისტის) ამოცანაა „სქოლასტიკასთან" ბრძოლის ეგიდით დოგმატური (კრებსითი) აზროვნების, ლოგიკის, მეთოდოლოგიის, სისტემურობის უგულებელყოფა. ისინი გაურბიან ეკლესიის მტკიცე კანონიკურ განსაზღვრებებს, სურთ შექმნან ფსევდომართლმადიდებლური სისტემა თავიანთი ფსევდოავტორიტეტით გადაფარვით - აქ ჭეშმარიტება მარადიულობის საზომი კი არ არის, არამედ ისტორიული ატრიბუტია მხოლოდ. საამისოდ სჭირდებათ ასევე „სქოლასტიკის"* კომპრომიტირება. მოდერნისტები ცდილობენ სქოლასტიკა დაუპირისპირონ პატრისტიკას (წმ. მამათა სწავლებას) და ბოლოს მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებლური სწავლება კათოლიკური თეოლოგიის გადმოცემაში დაადანაშაულონ (რასაც ანხორციელებენ ნეტ. ავგუსტინეს შემთხვევაში). ამასთან, სურთ უგულებელყონ ის ფაქტი, რომ სქოლასტიკა არა ახალი სწავლება, არამედ მეთოდია, რაც სარწმუნოებრივი დოგმატების უკეთ ათვისებაში ეხმარება ადამიანის გონებას. თუკი სარწმუნოება ღმერთთან ურთიერთობის უნარია, სქოლასტიკა სარწმუნოების გააზრების საშუალებაა. აქვე უნდა ითქვას, რომ სქოლასტიკა სულაც არ იღებს სათავეს დასავლური ღვთისმეტყველებიდან, მეტიც: სულაც არ უარყოფს მსოფლიო კრებებსა და მამებისეულ ტრადიციას, როგორც ამას ი. რომანიდისი და ძმანი მისნი ამბობენ. სქოლასტიკის საბაზისო სათავეები შეგვიძლია ვიპოვოთ ღირსი იოანე დამასკელის „მართლმადიდებლობის ზუსტ გადმოცემაში", რომელიც რამდენიმეჯერ ითარგმნა ბერძნულიდან ლათინურ ენაზე და წარმოადგენს თომა აქვინელის „ჯამური თეოლოგიის" (Суммы теологии) - დასავლური თეოლოგიის მწვერვალის ერთ-ერთ წყაროს".6 ძველი თუ ახალი მასტის, ყაიდის მოდერნისტები შეგნებულად უვლიან გვერდს იმ უდავო ფაქტს, რომ არსებობს მართლმადიდებლური (აღმოსავლური) და კათოლიკურ-პროტესტანტული (დასავლური) სქოლასტიკა, რომ მათ შორის უზარმაზარი შინაარსობრივი განსახვავებაა. დასავლური სქოლასტიკა ნამდვილად შეერწყა არისტოტელიზმს, მაგრამ ი. რომანიდისი და ძმანი მისნი აღმოსავლურ და დასავლურ სქოლასტიკას ერთ ჭრილში განიხილავენ. მათთვის ორივე სახის სქოლასტიკა პრობლემურია. არადა ფაქტია, ცხადია ორი სრულიად განსხვავებული არსის სქოლასტიკა: 1) აღმოსავლური (ორთოდოსქსული) ქვეტექსტია: „მე ვიცი, იმიტომ რომ მრწამს და თავად ცოდნას ვიყენებ სარწმუნოების დასაცავად" – (ავგუსტინესეული მიდგომა). 2) დასავლური (ერეტიკული-კათოლიკურ-პროტესტანტული) ქვეტექსტია: „მრწამს, იმიტომ რომ ვიცი და ცოდნას ვიყენებ სარწმუნოების კრიტერიუმად" – (თომა აქვინელი და სხვა). აღმოსავლურ სქოლასტიკაში ძირითადად იგულისხმება საუკუნეთა მანძილზე დაგროვილი მასალების სისტემაში მოყვანა, სქემის ჩამოყალიბება, საღვთისმეტყველო თეზების უკეთ გააზრება აღქმისა და დამახსოვრებისათვის. აღმოსავლური სქოლასტიკა (დასავლურისაგან განსხვავებით) უფრო ფრთხილად, კორექტულად იყენებდა ფილოსოფიურ ენას. მისი (აღმოსავლური სქოლასტიკის) ძირითადი მიზანი იყო შეეჯამებინა და განსაზღვრული სქემებით მოეწოდებინა ქრისტიანობის ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტება. ასეთია „დასავლელი აღმოსავლელის" - ნეტ. ავგუსტინეს საღვთისმეტყველო სისტემაც, ნეტარ მამას აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ მისი სისტემური ღვთისმეტყველება ასეთი სპეკულაციის საგანი გახდებოდა მოდერნისტებისათვის - აბრალებენ დასავლური სქოლასტიკის (თომა აქვინელი) ფუძემდებლობას, როდესაც ის წმინდაწყლის ორთოდოქსია. ნაკლულოვანებები კი წმიდა მამამ თავად აღიარა და ჩაასწორა თავის ნაშრომებში. ამდენად, სქოლასტიკა სულაც არ ემიჯნება პატროლოგიას, როგორც ამას ი. რომანიდისი წარმოგვიჩენს. ის ღვთისმეტყველების ერთგვარი ჯებირია, რომლის მოშლის თვალსაჩინო ნიმუშია ი. რომანიდისის ქართული გამოცემა „პატრისტიკული თეოლოგია". მასში მრავალგზის წაიკითხავთ, რომ „განღმრთობის შედეგად დოგმატი განქარდება" და ა.შ. აღნიშნული ბრალდება )რომ ნეტ. ავგუსტინეს საღვთისმეტყველო სისტემა არამართლმადიდებლური იყო), რა თქმა უნდა არის ცრუ და რეალურად ააშკარავებს სურვილს, რაიმენაირად მოიშალოს კრებსითი ცნობიერება ეკლესიაში. ნეტ. ავგუსტინეს სწავლება ხომ კართაგენის ავტორიტეტულმა კრებამ და შემდეგ მსოფლიო კრებებმა დაადასტურა! აი ამის მოშლა განიზრახეს ფსევდოავტორიტეტებმა. შემდეგ კი ინდივიდუალური, პერსონალური, მოდერნისტული, ნაირ-ნაირი მიმართულებები შემოგთავაზეს. ი. რომანიდისისა და მის მიმდევართა მოდერნისტულ მიმართულებას კი, თურმე „ნეომართლმადიდებლობა" ეწოდება. ამის შესახებ შემდეგში ვისაუბრებთ. ასე რომ, ი. რომანიდისის მიერ ფანტასტიკის სფეროდანაა წარმოდგენილი ეს კონცეფცია: ფრანკების ბრალია ყველაფერი, იმიტომ რომ მათ ნეტ. ავგუსტინეს სქოლასტიკას დაესესხნენ. მსგავს „კონსპეროლოგიას", რატომღაც, ფსევდოავტორიტეტით მონუსხული მკითხველები იჯერებენ, მეტიც, მართლმადიდების შუქურად აღიარებენ. ღმერთო დაგვიფარე!
1 იხ. "Франки, Римляне, Феодолизм и доктрины”, "Лекарство от неиробиологической болезни религии”, "Августин о Троице”. Заблуждения потомков франколатинов римакатоликов и протестантов. И. Романидис. 2 ი. რომანიდისი. პროტოპრესვიტერი. პატრისტიკული თეოლოგია. გვ. 76. 3 იქვე. გვ. 95. 4 იქვე. გვ. 215. 5 იქვე. გვ. 105. * სქოლასტიკა - (ბერძ. სქოლა) - ეს სახელი დაუმკვიდრდა „შუა საუკუნეების ფილოსოფიის" მიმართულებას, რომელიც უპირატესად ისწავლებოდა სკოლაში. იმ დროს ფილოსოფია ღვთისმეტყველების „მსახური" იყო და ამიტომ არ იკვლევდა ბუნებას და გარემომცველ სინამდვილეს, არამედ ცდილობდა ეკლესიის ზოგადი დოგმატებიდან კონკრეტული დასკვნები გამოეტანა და ადამიანის ქცევის წესები განესაზღვრა. აქედან - ცხოვრებისაგან მოწყვეტილს, ასოკირკიტს, გამოწვლილვას, ფაქტებისა და მისტიკის გარეშე, ზოგადი ცნებებითა და დასკვნებით ოპერირებას „სქოლასტიკა" ეწოდება. წარმომადგენლები: ალბერტ ბოლშტედტელი, თომა აქვინელი, დუმს სკოტი და რაიმონდ ლუდი (XIII ს.). 6 Арх. Рафаил (Карелин). Почему модернисты ненавидят схоластику. Karelin –r.ru.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net- ის რედაქცია
უკან დაბრუნება |