მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ი. რომანიდისის ქართული გამოცემის კვალდაკვალ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ი. რომანიდისის ქართული გამოცემის კვალდაკვალ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


4-12-2024, 00:43

ი. რომანიდისის ქართული გამოცემის კვალდაკვალ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   დეკანოზ ი. რომანიდისის ღვთისმეტყველება რომ მთლიანად ადოგმატური ხასიათისაა და თავის ძირითად მიზნად გამოსყიდვის დოგმატის - ცენტრალური სწავლების გაბათილებას ისახავს მიზნად, არახალია ორთოდოქსული საზოგადოებისთვის. საიმისოდ მას, ისევე როგორც დანარჩენ (ახალ თუ ძველი თაობის მოდერნისტებს), სჭირდებათ კართაგენის კრების 418 წ. და მისი სულისჩამდგმელის - ნეტ. ავგუსტინეს უგულებელყოფა. რადგან კართაგენის კრების ავტორიტეტი მსოფლიო კრებებზეა დამოწმებული, მათ წინაშე დადგა ორი ამოცანა:

   1) ნეტ. ავგუსტინეს მაქსიმალური დისკრედიტაცია (ბრალდება პლატონიზმსა თუ სხვა ცდომილებებში).

   2) თავად დოგმატის არსის, მნიშვნელობის გაბათილება-გაუქმება, მასში სულ სხვა აზრის ჩადება (რაზეც ვისაუბრებთ მომდევნო თავებში).

   ი. რომანიდისის ქართულენოვანი გამოცემა „პატრისტიკული თეოლოგია"-ც ამ ნიშნით გამონაკლისი არის, მეტიც: მასში ავტორის ყველა კერძო აზრი (თეოლოგუმენი) ერთადაა თავმოყრილი. ავტორს არც აქ დაზარებია ცილისმწამებლური კამპანია ნეტ. ავგუსტინეს მისამართით. ასევე გადავიკითხეთ მისი სხვა ნაშრომებიც და ყველა მათგანში აღმოვაჩინეთ ნეტ. ავგუსტინეს გაუთავებელი ლანძღვა-კრიტიკა. წმ. მამა ხან „მართლმადიდებლობის ანტაგონისტად", ხან „ჰიპოპოტამად", ხან „ფილოსოფიურ-ლოგიკური თეორიის სპეკულიანტად მოიხსენიება.1

   ი. რომანიდისის ქართული ვერსიის გამოჩენამ თემატურად კიდევ უფრო განავრცო ჩვენს მიერ განსახილველი საკითხი (ადამის ცოდვის რაობა). ეკლესიის ისტორიაში არ მოიძებნება ი. რომანიდისის მსგავსი ცილისმწამებელი ნეტ. ავგუსტინესი (თუ არ ჩავთვლით თავად პელაგიანელებს). ვფიქრობთ, უპრიანი იქნება ქართულ გამოცემასთან შედარების პრინციპით დავანახოთ დაინტერესებულ საზოგადოებას, ვინ არის მათ შორის მართლმადიდებლობის ორთოდოქსული აღმსარებელი და ვინ - ნეომართლმადიდებელი (ნეოპელაგიანელი).

   ნეტ. ავგუსტინეს მიმართ ცილისწამების კამპანიას ქართული ვერსიის 76-ე გვერდზე იწყება. ი. რომანიდისი წერს:

   „აღმოსავლეთის მამების უმეტესობა არ იცნობდა ნეტ. ავგუსტინეს. თუ ვინმემ რამე იცოდა მის შესახებ, დიდ მნიშვნელობას არც ანიჭებდა, ყოველ შემთხვევაში, პირველ წლებში. მათ ნეტ. ავგუსტინეს შრომები არ წაუკითხავთ და ვერც კი იფიქრებდნენ, რომ გოთების, ფრანკების, ლონგობარდების, ნორმანებისა და სხვათა მიერ აღორძინდებოდა მთელი დასავლური ტრადიცია და მათი თეოლოგიის ერთადერთი წინამძღოლი გახდებოდა ავგუსტინე. სამწუხაროდ, თავის მხრივ, ნეტ. ავგუსტინემ შეითვისა პლატონური, ნეოპლატონური და არისტოტლური გნოსეოლოგიაა... „იგი იწყნარებს პლატონიზმის არსს - სწავლებას არქეტიპების შესახებ".2

   სხვა ამონარიდების განხილვას (სადაც ვიხილავთ მართლმადიდებლობად გასაღებულ „ახალ სწავლებებს": ადამის ცოდვის, ნათლისღების, დოგმატის, წმ. წერილის, განღმრთობის გარდამოცემის... შესახებ), გადავამოწმოთ აღნიშნული ამონარიდის ძირითადი „ბრალდებები":

   1) აღმოსავლეთის მამების უმეტესობა არ იცნობდა ნეტ. ავგუსტინეს, „დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ" და მისთ.

   2) „თურმე გოთების, ფრანკების, ლონგობარდების, ნორმანების და სხვათა თეოლოგიის წინამძღოლი, დასავლური ტრადიციით ყოფილა ნეტ. ავგუსტინე".

   3) „ნეტ. ავგუსტინემ შეითვისა პლატონური, ნეოპლატონური და არისტოტელური გნოსეოლოგია".

   დავიწყოთ პირველი ბრალდებით, რამდენდ ობიექტურია ის?

   თუკი გადავხედავთ მსოფლიო კრებებისა და ზოგადად მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებას წმინდანებისადმი, მყისიერად მოეფინება ნათელი ფსევდოავტორიტეტთა (რომანიდისი) უსამართლო მიდგომას ნეტ. ავგუსტინეს მიმართ.

   1) ნეტ. ავგუსტინეს გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ეფესოს III მსოფლიო კრებამ ავგუსტინეული ანტიპელაგიანური პოლემიკა (ანუ მისი ანთროპოლოგია და სოტერეოლოგია) საერთო-საეკლესიო სწავლებად აღიარა.3

   2) დასავლეთში ჩატარებული კრებების (პირველ რიგში, კართაგენის კრების, 418 წ.) რეცეფცია III მსოფლიო კრების მიერ.

   3) ამის კვალდაკვალ, ქალკედონში, სხვა წმინდა მამათა გვერდით გაისმის იპონიის ეპისკოპოსის ნეტარი ავგუსტინეს სწავლება (ეპისტოლე ვოლუზიანისადმი), მისივეა იოანე მახარებელის სახარების სარწმუნოებრივი განსაზღვრება-განმარტებები.4

   სხვაგვარად რომ ვთქვათ, წმ. ავგუსტინეს ქრისტოლოგია და ტრიოდოლოგია მსოფლიო კრებების მიერ აღიარებულია, ვით ორთოდოქსული.

   4) V მსოფლიო კრებამ ნეტ. ავგუსტინე ეკლესიის თორმეტი უდიდესი მასწავლებლის რიცხვში მოიხსენია: „წმინდა მამის და ღვთის ეკლესიის მასწავლებლების კვალდაკვალ: ათანასეს, ილარიოს, ბასილის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, ამბროსის, ავგუსტინეს, თეოფილეს, იოანე კონსტანტინოპოლელის, კირილეს, ლევის, პროკლეს ვაღიარებთ, ყოველივეს, რაც მათ გადმოგვცეს მართალი სარწმუნოების, ერესების მხილების შესახებ".5

   5) ნეტ. ავგუსტინეს მაქსიმალური ავტორიტეტი ასევე დეკლარირებულია VI მსოფლიო კრების განჩინებებშიც. აქაც დიდი მამების გვერდითაა მოხსენიებული მისი სახელი.6

   6) ბოლოს, VII მსოფლიო კრებამ, დანარჩენი მსოფლიო კრებების კვალდაკვალ, განადიდა იპონიის ეპისკოპოსის სახელი და „ნეტარი ავგუსტინე" უწოდა მას.

   საინტერესოა, საიდან დაასკვნა ი. რომანიდისმა, რომ „აღმოსავლეთის მამების უმეტესობა არ იცნობდა ნეტ. ავგუსტინეს?!" ალბათ „პირზე კოცნით არცნობას" გულისხმობდა რომანიდისი, წმ. მამები კი მის სწავლებას რომ იცნობდნენ და აღიარებდნენ მართლმადიდებლურად, თავად ნეტ. ავგუსტინეს რომ წმინდანად აღიარებდნენ, მკაფიოდ ჩანს მსოფლიო კრებების განჩინებებიდან.

   ამის მიუხედავად, რომ წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელმა (კალენდარში შეიყვანა მისი სახელი) მიტროპოლიტმა მაკარიმ (ბულგაკოვი) და სხვა მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველებმა აღადგინეს ნეტარი ავგუსტინეს ავტორიტეტი, მეოცე საუკუნეში „პარიზის სკოლის" ნეომართლმადიდებლებმა (ი. რომანიდისი და ძმანი მისნი) კვლავ მიიტანეს მასზე იერიში.

   არსებითად, სწორედ გამოსყიდვის დოგმატის დამცველისა და მედროშის - ნეტ. ავგუსტინეს დისკრედიტაციის მცდელობამ გამოიწვია საღვთისმეტყველო აზრის სისტემური კრიზისი, ვინაიდან: ვინც პირველქმნილი ცოდვის განსაზღვრებისას შეცდება, ის უთუოდ ქრისტიანული სწავლების სხვა საფეხურზეც აცდება მართებულ გზას. ეს მკაფიოდ იკვეთება ი. რომანიდისის სწავლებაში (მაგ. ნათლისღების, ე.ი. ქრისტეს გამოსყიდვის გარეშე, განღმრთობის შესაძლებლობის დაშვება და სხვა).

   ამრიგად, დეკანოზი ი. რომანიდისი ცდილობს საკუთარი ნეომართლმადიდებლობა მართლმადიდებლობად წარმოაჩინოს, ხოლო ნეტ. ავგუსტინეს „კათოლოციზმის", „პლატონიზმის", „სქოლასტიკის" „ტყვეობაში" ყოფნა დააბრალოს. ეს ხომ დიდი ხნის ნაცადი ხერხია, „პროფანებზე" რომ უნდა იმოქმედოს. ირონია იმაშია, რომ ორთოდოქსულად (კრებსითად, მართლმადიდებლურად) საღად მოაზროვნე ქრისტიანებმა „გაშიფრეს" მისი საღვთისმეტყველო კონცეფციის „კოდური" დანიშნულება - „დოგმატის გაუქმება". სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხა ფსევდოავტორიტეტით მოხიბლულ-დატყვევებულმა საზოგადოებამ და ის აღმოაჩნდა ი. რომანიდისის მანამდე გაუგონარი „მართლმადიდებლური" სწავლების მანიპულირების მსხვერპლნი.

   როგორც ვხედავთ, მართლმადიდებელი ეკლესია უდიდეს წმინდანთა რიცხვში მოიხსენიებს ნეტარს. აქედან გამომდინარე, ცხადია, ყველა იცნობდა მის შემოქმედებას. ჩვეულებისამებრ, ამოღებულ იქნა მისი სწავლებიდან კერძო აზრი, რაც კრებებისეულ განსაზღვრებამდე ჰქონდა, რაც ეკლესიის სისავსის სწავლებას არ შეესაბამებოდა (ასე მოხდა წმ. გრიგოლ ნოსელის და სხვა წმ. მამათა კერძო აზრების მიმართაც).

 

 

 

 

 

 

1И. Романидис. О первородном грехе.

2ი. რომანიდისი. პატრისტიკული თეოლოგია. გვ. 76. თბ. 2024.

3Деяния всеселенских соборов. 2008. СПБ. Т2. Ч. 72.

4იქვე. გვ. 42.

5იქვე. Деяния. ტ. 7. გვ. 85.

6იქვე. გვ. 86.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება