მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ნეტ. ავგუსტინესა და წმ. გრიგოლ ნოსელის კონცეფციების განსხვავებულობა უნათლავ ჩვილებთან მიმართებით - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ნეტ. ავგუსტინესა და წმ. გრიგოლ ნოსელის კონცეფციების განსხვავებულობა უნათლავ ჩვილებთან მიმართებით - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


27-11-2024, 00:58

ნეტ. ავგუსტინესა და წმ. გრიგოლ ნოსელის კონცეფციების განსხვავებულობა უნათლავ ჩვილებთან მიმართებით - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ობიექტური მკითხველი იოლად შენიშნავს, რომ საღვთისმეტყველო (დოგმატურ) საკითხთა განხილვისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ეკლესიის კრებსით (ე.ი. მსოფლიო და ადგილობრივი ავტორიტეტული კრებები) გადაწყვეტილებაზე. სწორედ ასეთ განსაზღვრებებში არ შეინიშნება კერძო აზრის კვალი, ორაზროვნება, ბუნდოვანება, აზრის დაუსრულებლობა და მისთ.

   ადამის ცოდვის დოგმატიდან გამომდინარეობს უნათლავების (თუნდაც ჩვილების) ცხონება-არცხონების საკითხი. აქ უადგილოა ყოველგვარი თეოლოგუმენი, თუნდაც წმ. მამის მიერ იყოს თქმული. საქმე ისაა, რომ პირველქმნილი ცოდვა ბავშვებშიც ისევე დევს, როგორც ზრდასრულებში. ეს ცოდვა ჩვენზეა არა შობიდან, არამედ ჩასახვიდან მოყოლებული („უსჯულოებასა შინა მშვა". ფს. 50). ამიტომ უნათლავად მოწყვეტილი ჩვილების საკითხი არსებითად, თავად პირველქმნილი ცოდვის საკითხია და ბადებს კითხვას: გვართმევს თუ არა ზეციურ სასუფეველს პირველქმნილი ცოდვა?

   ნეტ. ავგუსტინესთან ეს სწავლება წმ. წერილსა და წმ. ეკლესიის საფუძველზეა აგებული. ის ერთმნიშვნელოვნად ამბობს: „ქრისტეს საიდუმლოს მოკლებული გარდაცვლილი ჩვილები საუკუნო სასჯელს დაექვემდებარებიან, თუკი ამგვარ მდგომარეობაში დატოვებენ სხეულს. ამას მოწმობს წმ. წერილი და წმ. ეკლესია".1

   სხვა თხზულებებშიც არაერთგზისაა გამოთქმული ეს აზრი და დამოწმებული მოციქულის ეპისტოლესა და საეკლესიო კრების მიერ:

   „საეკლესიო კრებებისა და მოციქულებრივი საყდრის უფლებამოსილებამ სამართლიანად ბრალეულჰყო ახალგამოჩენილი ერეტიკოსები პელაგიანელები, იმიტომ რომ, მათ კადნიერად განიზრახეს მიაკუთვნოს ცხონებისა და განსვენების ადგილი უნათლავ ჩვილებს ზეციური სასუფეველის მიღმა".2

   ჩვენს ოპონენტებს (სინამდვილეში მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლების მოწინააღმდეგეებს) ყოველთვის უჩნდებათ ხოლმე „კონტრარგუმენტები" ამ სწავლების საპირისპიროდ. ისინი იქექებიან და პოულობენ სხვადასხვა წმ. მამის არასრულად ჩამოყალიბებულ სწავლებას ან საერთოდ კერძო აზრს (თეოლოგუმენს) ამ საკითხის შესახებ და იმოწმებენ ვით უტყუარ ჭეშმარიტებას. ეს კარგად ნაცადი მოდერნისტული ხერხი გახლავთ.

   მსგავსი მიდგომა შეინიშნება წმ. გრიგოლ ნოსელის ზოგიერთი კერძო აზრის მიმართ და ეს არაერთ წმ. მამას აღუნიშნავს. ამის შესახებ შემდგომ ვიტყვით. მანამდე კი თავად ამონარიდი განვიხილოთ:

   „ჩვილთა უასაკო აღსრულება საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ვინც ასე დაასრულა ცხოვრება, არც სამწუხაროთა შორის იქნება, არცთუ იმათ გაუთანასწორდება, რომლებიც ყოველგვარი სათნოების გზით განიწმინდნენ ამ ცხოვრებაში".3

   პირველი, რაც თვალშისაცემია ნეტ. ავგუსტინესა და წმ. გრიგოლ ნოსელის აღნიშნულ სწავლებებში, არის განსხვავებული მიდგომა. ნეტ. ავგუსტინე ამბობს: „ესაა წმ. წერილისა და წმ. ეკლესიის სწავლება"; წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს: „საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ" პირველი - კრებსითობის პრინციპის გამოვლინებაა, მეორე - კერძო აზრის.

   მაგრამ გადავიდეთ არსებითზე. წმ. გრიგოლ ნოსელის აზრით (თუკი ის არ არის ჩამატებული ერეტიკოსების მიერ, რისი საფუძვლიანი ეჭვი არსებობს) უნათლავი ჩვილებიც, საკუთარი ბუნების შესატყვისად, მიიღებენ გარკვეული ხარისხის ნეტარებას. შთამომავლობითი (პირველქმნილი ცოდვის უგულებელყოფის) ცოდვის დაკნინებასთან ერთად მათი სამომავლო ხვედრი აღმატებულ ხარისხშია აყვანილი. ეს სინერგიულ-პელაგიურ-ორიგენისტული კონცეფციის მსგავსი თეზებია, სწავლება რაღაც „საშუალო ადგილის" არსებობის შესახებ (მოგვიანებით გავრცელებული კათოლიციზმში). აღნიშნული ლოგიკით მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ღვთის მადლსა და ადამიანის თავისუფალი ნებით მოპოვებულ დამსახურებას შორის, არ უნდა დაირღვეს. მაჩვენე შენი დამსახურება - მიიღებ მადლს შრომის საფასურად. ეს არის ძირითადი სოტერეოლოგიური პრინციპი სინერგიისა. ამ კონცეფციის თანახმად, ჩვილებსაც გააჩნიათ გარკვეული „უმწიკვლობის" სათნოება, რომლის მიხედვით მათაც ერგებათ თავიანთი წილი ნეტარება (დიდება), არადა მოციქულის სწავლებაში დიდებას მხოლოდ ღვთის მადლი იძლევა:

   „ხოლო განყოფანი მადლთანი არიან, და იგივე სული არს... ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თითოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ნებავს" (1 კორ. 12. 4-11).

   პავლე მოციქულის სწავლებაში დიდებას მხოლოდ ღვთის მადლი გვანიჭებს, რასაც უნათლავი ჩვილი, ვით ხორციელი ადამის ერთარსი, ნათლისღების (ე.ი. ქრისტეში დაბადების) გარეშე ვერანაირად ვერ დაეუფლება, ვინაიდან: არსებობს „ხორცი იგი ზეცისათანი და ხორცნი იგი ქუეყანისათანი, არამედ სხუა არს ზეცისათ მათ დიდება და სხუაი არს ქუეყანისათა" (1 კორ. 15. 40), და კვალად: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწოფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იონ. 3. 5).

   ამრიგად, სინერგიულ კონცეფციაში უნათლავი ჩვილი ვერ გახდება მოღვაწეობრივი სათნოების თანაზიარი, მაგრამ „ჩასახვის უმწიკვლი სათნოების" შედეგად (შეადარეთ „ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან". ფს. 50), გახდება ღვთის დიდების ღირსი, რადგან ამ კონცეფციაში დამსახურების გარეშე არაფერი ხდება. აშკარაა ცნებათა აღრევა, სადაც ბუნებრივი და ზებუნებრივი, „ხორცნი ზეცათა" და „ხორცი ქუეყანისათა" (ე.ი. მადლი და ნება) არეულია ერთმანეთში. რეალურად, არ არსებობს განსხვავება ქრისტიანულ სათნოებასა და წარმართულ „სათნოებას" შორის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს სინერგიულ-პელაგიურ-ორიგენისტული სულის გამოვლინებაა. სწორედ ეს კერძო აზრი (თეოლოგუმენი) ამხილეს წმ. მამებმა წმ. გრიგოლ ნოსელის სწავლებაში (თუკი ის ჩამატებული არაა ერეტიკოსების მიერ).

   ახლა კი შეპირებული სწავლება წმ. მამებისა. მათეული მოძღვრება ცხონებაზე, რაც მსოფლიო მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ მიიღო ვით ორიგენისტულ-პელაგიური შინაარსის სწავლება. დასტურადაც წარმოვადგენთ სამ ავტორიტეტულ წყაროს:

   1. ღირსი ბარსანუფი დიდი (VI ს.): „კითხვა: „...იგივე წმ. გრიგოლ ნოსელი აღდგენის შესახებ გარკვევით მსჯელობს..., რომ ტანჯვა შერბილდება და დამთავრდება; ამრიგად, მარქვი მამაო, ასეთი ადამიანი რატომ არ მოძღვრავს სიმართლით, როგორც შეშვენის წმიდა მამას, ღირსქმნილს სულიწმიდის შთაგონებით საუბრისა?".

   პასუხი: „... წმინდანნი, რომელნიც მოძღვრებად შეიქნენ, ან - თავით თვისით, ანდა სხვათა იძულებით, ფრიად წარემატნენ და საკუთარ მასწავლებლებსაც გარდაემატნენ; და, შეიძინეს რა ზეცით სიმტკიცე, გადმოსცეს ახალი სწავლება, მაგრამ, ამასთანავე, შეინარჩუნეს ისიც, რაც მიიღეს პირვანდელი მასწავლებლებისაგან (გულისხმობს ორიგენეს და ზოგადად ელინური ფილოსოფიის ზეგავლენას - ავტ.).

   ანუ - არასწორი სწავლება; შემდგომში, წარემატნენ და შეიქნენ რა სულიერ მოძღვრებად, მათ არ ილოცეს ღვთისამდი, რათა უფალს გამოეცხადებინა მათი პირვანდელი მასწავლებლების შესახებ - სულიწმიდით თუ მოძღვრავდნენ ისინი, არამედ, თვლიდნენ რა მათ ბრძენებად და გონიერებად - არ გამოიკვლიეს მათი სიტყვები. ამგვარად, პირვანდელი მასწავლებლების აზრები აღიარა წმინდანთა სწავლებაში და ეს უკანასკნელნიც ხან თავისას ასწავლიდნენ, ხანაც თავიანთი მოძღვრებისას, და საბოლოოდ ერთიცა და მეორეც მათ მიეწერა".4

   2. ღირსი მაქსიმე აღმსარებელი (VII ს.): „სამი აღდგენა იცის ეკლესიამ: ერთი - ინდივიდუალური ადამიანისა, თანახმად სათნოების ცნებისა, რომელშიც ის აღედგინება, აღასრულებს რა საკუთარი თავის მიმართ სათნოების მოთხოვნას; მეორე - მთელი ბუნების აღდგენა უხრწნელებაში და - უკვდავება მკვდრეთით აღდგომაში; მესამე - რაც მეტად ბოროტად გამოიყენა გრიგოლ ნოსელმა - აღდგენა ცოდვის ძალაუფლების ქვეშ მოქცეული სულიერი ძალებისა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი იყვნენ შექმნილნი".5

   3. წმ. მარკოზ ეფესელი (XV ს.): „ჩვენ ვერსად ვნახეთ, რომ იგი (წმ. გრიგოლ ნოსელი - ავტ.) საუბრობდეს მარადიულ ცეცხლსა და დაუსრულებელ ტანჯვაზე... პირიქით, ის ამბობდა, რომ იმ ცეცხლით ყოველი ცოდვა განიწმინდება და ყოველგვარი სასჯელი მოიხსნება და ექნება (სასჯელს) დასასრული, როგორც ეს ტანჯვა გახლავთ სხვა არაფერი, თუ არა - განწმენდა, - არა ოდენ უღირსი და ხენეში ადამიანებისა, არამედ - თვით დემონებისაც, რომელნიც აღდგენილ უნდა იქნან (პირვანდელ ნათელ მდგომარეობაში)... ამრიგად, ჩვენ სიტყვასიტყვით უნდა წარმოგვედგინა მისი სწავლება, რათა ისე არ გამოსულიყო, თითქოსდა წმინდანს ცილს ვწამებთ, როდესაც ვამბობთ, რომ იგი ორიგენისტულ სწავლებას ეთანხმებოდა".6

  

 

 

1Блж. Августин. Письмо (66. к Иерониму Стридонкому).

2Блж. Августин. О душе и ее происхождении.

3ციტ. გაზეთი „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. N 2(3). 1999 წ. გვ. 2.

4Преподобных отцев Варсануфи Великого и Иоанна. "Руководство к духовной жизни”. СПБ. Стр. 508.

5 ციტ.Архимандрит Амвросии (Погодин) – "Св. Марк Эфесский и Флорентийская Уния”. Стр. 133. 199.

6 იქვე.Св. Марк Эфесский и Флорентийская Уния.

 

 

 


 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net- ის რედაქცია 


 


უკან დაბრუნება