მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პირველქმნილი ცოდვა „სიმბოლურ წიგნებში“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

პირველქმნილი ცოდვა „სიმბოლურ წიგნებში“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


25-11-2024, 00:54

პირველქმნილი ცოდვა „სიმბოლურ წიგნებში“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მსოფლიო თუ ადგილობრივი კრებების დოგმატური გადაწყვეტილებები ეთანხმება მთელი ეკლესიის (სისავსის) ერთიან სწავლებას, ე.ი. როდესაც საქმე ეხება მოციქულთა კანონებს, მსოფლიო კრებებს, ადგილობრივ კრებებსა თუ წმ. მამების შედგენილ კანონებს, რომლებსაც მსოფლიო ავტორიტეტი მიენიჭა და მოხსენებულიაVI მსოფლიო კრების მე-2 კანონში, ისინი სავალდებულოა მთელი ეკლესიისათვის. ამ დოგმატურ სწავლებებს შეგვიძლია პირველი დონის განსაზღვრებები ვუწოდოთ.

   მეორე დონის დოგმატურ განსაზღვრებებს წარმოადგენენ ე.წ. სიმბოლური წიგნები და კატახიზისები. მათი ავტორიტეტი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოხატავენ მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსით გადაწყვეტილებას. სიმბოლური წიგნების ფორმა და სტრუქტურა თავიანთი ეპოქებისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიით იყო გაჯერებული, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ისინი წარმოადგენდნენ ეკლესიის კრებსით გადაწყვეტილებას.

   ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი სიმბოლური წიგნები:

   1) აღმოსავლეთის კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მართლმადიდებლური აღმსარებლობა (Православное исповедения кафолической и апостольской церкви восточной).

   2) მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის პატრიარქების ეპისტოლე მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ (Послание патриархов православно-католической церкви о православной вере).

   3) აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვრცელი კატეხიზმო (Православной христианский катахизис православной кафолической восточной церкви).

   აღნიშნულ ნაშრომებში, მსოფლიო და ავტორიტეტული ადგილობრივი კრებების კვალდაკვალ, პირველქმნილი ცოდვის იმავე (იდენტურ) სწავლებას ვხედავთ.

   პირველ სიმბოლურ წიგნში (შემოკლებით „მართლაღსარებაში" ვკითხულობთ:

   „პირველქმნილი ცოდვა არის გარდახდომა ღმერთის კანონისაგან, რომელიც მიეცა პირველშობილს - ადამს, როდესაც ითქვა მის მიმართ: „ხოლო ხისაგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა სჭამოთ მისგან, რამეთუ რომელსა დღესა სჭამოთ მისგან, სიკუდილით მოჰკუდეთ" (დაბ. 2. 17): პირველმშობელთა ეს ცოდვა ადამისაგან გადავიდა მთელ კაცობრივ ბუნებაზე, ვინაიდან მაშინ ჩვენ ყველანი ადამში ვიმყოფებოდით და ამგვარად, ადამის მიერ ცოდვა გავრცელდა ყველა ჩვენგანზე; ამიტომაც ჩავისახებით და ვიშვებით ამა ცოდვით, როგორც ასწავლის წმინდა წერილი: „ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძალით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილით მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5. 12). პირველქმნილი ცოდვა ვერ გადაიშლება ვერანაირი მონანიებით; ის წარიხოცება ოდენ მადლით ღმრთისა უფალი იესო ქრისტეს განკაცებისა და მისი პატიოსანი სისხლის დაღვრის მიერ: ეს ქმედება აღესრულება წმინდა ნათლისღების საიდუმლოში; ამიტომ, ვინც არ მოინათლება, ის არც გათავისუფლდება ამა ცოდვისაგან, არამედ - ექვემდებარება (ღმერთის) რისხვასა და მარადიულ სასჯელს, სიტყვისამებრ (უფლისა): „ამინ, ამინ, გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოან. 3. 5)... „ნათლისღების ეს საიდუმლო აღხოცავს ყველა ცოდვას: ყრმებში - პირველქმნილს, ასაკოვანებში კი პირველქმნილსაც და ნებელობითსაც".1

   2) ხოლო ყრმებში პირველქმნილი ცოდვა, თუ რატომ უნდა წარიხოცოს, ამას უკვე „აღმოსავლეთის პატრიარქების ეპისტოლე" ამომწურავად განმარტავს:

   „გვწამს, რომ ნათლისღება, ნამცნები უფლისა მიერ და აღსრულებული წმინდა სამების სახელით, - აუცილებელია, რამეთუ თვინიერ მისა არავის ძალუძს, რომ ცხოვნდეს, ვითარცა ამბობს უფალი: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იონ. 3. 5); ამისთვის, იგი ესაჭიროება ჩვილსაც, რამეთუ ისინიც ექვემდებარებიან პირველქმნილ ცოდვას, და ნათლისღების გარეშე არ შეუძლიათ მიიღონ ამ ცოდვის მიტევება; და უფალმა, აჩვენებდა რა ამას, თქვა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, მარტივად: „უკუეთუ არა იშვეს"; ე.ი. ქრისტე მაცხოვრის მოსვლისას, ყოველნი, რომელთაც ეკუთვნით ცათა სასუფეველში შესვლა, - მეორედ უნდა იშვნენ; ხოლო თუკი ჩვილებს ესაჭიროებათ ხსნა, მაშასადამე (მათ) აქვთ საჭიროება ნათლისღებისაც, ხოლო ვინც მეორედ არ იშვა, და არ მიიღო პირველქმნილი ცოდვის შენდობა, (ის) გარდაუვალად ექვემდებარება მარადიულ სასჯელს ამა ცოდვისათვის... მაშ ასე, ჩვილებს აუცილებლად ესაჭიროებათ ნათლისღება, როგორც თქმულია მახარებელთან, ხოლო მოუნათლავი არ ცხონდება. მაშასადამე, ჩვილნი აუცილებლად უნდა მოინათლონ".2

   3) წმ. ფილარეტ მოსკოველის „ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმო" მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის სიმბოლურ წიგნად აღიარა. კატეხიზმოში ვკითხულობთ:

   „რატომ მოხდა, რომ არა მხოლოდ პირველი ადამიანები, არამედ ყველა ადამიანი დაექვემდებარა სიკვდილს? პასუხი: „იმიტომ რომ, ყველა ცოდვით დასნეულებული ადამისაგან დაიბადა და თავადაც ამ ცოდვით სცოდავენ. როგორც დაბინძურებული წყაროსაგან მოედინება მოწამლული ნაკადული, ასევე პირველი ადამიანის ცოდვით დაცემამ, შედეგად მოკვდავობამ, ბუნებრივად წარმოშვა ცოდვით დაცემული და მოკვდავი შთამომავლობა".3

   ოპონენტების მიერ ვრცელდება წმ. ფილარეტ მოსკოველის მოცემული სწავლების საპირისპირო ამონარიდი. დიდი ალბათობით ეს შეიძლება ერთ-ერთი კერძო პირისადმი მიწერილი წერილის მონაკვეთი იყოს.4 ერთ წერილში ნამდვილად გაჟღერებულია წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მე-40 სიტყვა, სადაც წერია „არც განიდიდებიან, არც დაისჯებიან" (ჩვილები), რაც ორგვარი განმარტების საშუალებას იძლევა.

   უნდა ითქვას, რომ ეს გახლავთ მკვდრადშობილი დედისადმი მიწერილი სიტყვები, რომელიც დოგმატყური განსაზღვრების ნიმუშად ვერ გამოდგება. ცხადია, ვრცელი მართლმადიდებლური კატეხიზმო ყველა კატეგორიით უპირატესია და საერთო (კრებსითი) პოზიციის გამომხატველი.

   4) როგორც ვხედავთ, მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი სწავლება (მსოფლიო თუ ადგილობრივი კრებები, სიმბოლური წიგნები, კატეხიზმო) ერთხმად აღიარებენ ადამის ცოდვის შთამომავლობით მემკვიდრეობას, ადამის ცოდვაში ყველა ადამიანის თანაყოფნას... ჩვენი მკითხველისთვის, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პოზიციის გაგება ამ საკითხის შესახებ.

   წმინდა სინოდმა განაჩინა: პიროვნების სულის ცხოვნების შესახებ ეკლესიური მოძღვრება გვასწავლის, რომ ცხოვნებისათვის აუცილებელია ცოდვების მიტევება. წმ. იოანეს სახარებაში წერია: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისა" (იოან. 3. 3)

   მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას. სარწმუნოების სიმბოლოს IX მუხლის მიხედვით, ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა" - კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად". ამ კანონით კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია აგრეთვე ადამისმიერი ანუ პირველქმნილი ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვილებიც, რომელთაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმინდონ პირველქმნილი ცოდვისაგან.

   სახარების მიხედვით ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: „სასუმელი ჩემი შესუათ, და ნათლისღება, რომელი მე ნათელ ვიღო, ნათელ-იღოთ" (მათ. 20. 23). ამიტომ ქრისტესათვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათაგან, ანუ იშვებიან მეორედ და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს, ანუ ცხონდებიან.

   ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის, ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფეველის დამკვიდრება ანუ სულის ცხონება, შეუძლებელია".5

   როგორც ვხედავთ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პოზიცია მთლიანად ემთხვევა ზემორე წარმოდგენილ კრებსით სწავლებებს.

   ამის მიუხედავად, საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში, სხვადასხვა იერარქიული ხარისხის მქონე სასულიერო პირების მხრიდან პირად საუბარში განგვიცხადეს: „თავიდან უნდა გადავხედოთ სინოდალურ გადაწყვეტილებას", მეორემ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა, რომ „საერთოდ არ არსებობსო ასეთი სინოდალური განჩინებაო", მესამემ არა თუ სინოდალური, არამედ მთლიანად მართლმადიდებელი ეკლესიის ეს კრებსითი სწავლება უგულებელყო. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული პირების აზრი და ეს სენი მეტასტაზივით ვრცელდება და ძლიერდება. აქედან ზოგისთვის მოდერნისტი, ეკუმენისტი ავტორების (მაგ. მეინდორფის) კრებსითის საწინააღმდეგო სწავლებაა მისაღები, ზოგიც საერთოდ უარყოფს დოგმატის მნიშვნელობას, ვით უცდომელ კრიტერიუმს, შედეგად ზოგს „მფარველ ანგელოზებად" მეინდორფი და სხვა „პარიზელები" ესახებათ, ზოგიც „ანათემამხსნელ ათინაგორას" (სტამბოლის პატრიარქი) „სასოებს" - თუკი კათოლიკებს მოუხსნა ანათემები, მით უფრო „შინაურების" მიმართ გამოიჩენს „მოწყალებასო".

   ფაქტი ერთია, და ის არ არის სახუმარო: ადამის ცოდვაში კაცობრიობის ბრალეულობა არა ჩვენი მონაგონი, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური, კრებსითი სწავლებაა და მისი უარყოფა აღარ ჯდება თეოლოგუმენის კატეგორიაში, არამედ ანათემით ემუქრება მის უგულებელმყოფელებს. იქნებ ამან (ანათემამ) მაინც შეაგონოს ჩვენი „ტკბილმოუბარი" ოპონენტები.

 

 

 

 

1Православное исповедения. О вере. Ч. 1. Вопр. 24. С. 29.

2Послание патриархов православно-католической церкви о православной вере.

3Митр. Филарет. Дроздов. Проастранный Христианский катахизис. С. 34.

4Душеполезное чтение. 1866. г.

5საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (2002 წ. 14 დეკემბერი) წმინდა სინოდის სხდომის მოკლე მიმოხილვა. თბილისი.

 

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net- ის რედაქცია 


 


უკან დაბრუნება