მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > აღმოსავლეთის წმ. მამების სწავლება პირველქმნილი ცოდვით კაცობრიობის დასნეულების შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

აღმოსავლეთის წმ. მამების სწავლება პირველქმნილი ცოდვით კაცობრიობის დასნეულების შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


23-11-2024, 00:03

აღმოსავლეთის წმ. მამების სწავლება პირველქმნილი ცოდვით კაცობრიობის დასნეულების შესახებ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ახალ ღვთისმეტყველთა კონცეფცია პირველქმნილი ცოდვის მემკვიდრეობით მიუღებლობის შესახებ აგებულია თეზაზე: ნეტ. ავგუსტინეს სწავლება არის წმინდა დასავლური ფენომენი, ხოლო აღმოსავლეთის მამები ადამის ცოდვაში დანარჩენი კაცობრიობის დაბადებას თითქოს არ იზიარებდნენ. მოდით ვნახოთ „დასავლეთის", უკაცრავად, აღმოსავლეთის წმ. მამათა სწავლება ამ საკითხის შესახებ:

   წმ. იოანე ოქროპირი: „ის, რომ ერთი ისჯებოდეს მეორეს დანაშაულის გამო, არცთუ სამართლიანი გვგონია, მაგრამ ერთი რომ ცხონდეს მეორეს წყალობით, მეტად მისაღები და გონების შესატყვისი. და რადგან მოხდა პირველი (ადამში ყველამ შევცოდეთ - ავტ.), მაშინ მით უფრო აღსრულდეს მეორე".1

   წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: „ის გამონათქვამი, რომლითაც თქმულია, რომ არავინ არის უცოდველი გარდა ღმერთისა, თუნდაც (სულ) ერთ დღეს ითვლიდეს მისი ცხოვრება ამქვეყნად, - იმათ როდი გულისხმობს, ვინც პირადად სცოდავენ; იმიტომ რომ ერთდღიან ბავშვს როგორ შეუძლია სცოდოს? მაგრამ ამით გამოიხატება ის საიდუმლო ჩვენი სარწმუნოებისა, რომ ადამიანური ბუნება ცოდვილია თვით მისი ჩასახვიდანვე. ღმერთს ადამიანი ცოდვილად არ შეუქმნია, მაგრამ როდესაც პირველქმნილმა ადამმა დაკარგა სიწმინდის სამოსელი, არა რომლითა სხვა ცოდვით, არამედ - ამპარტავნებით, და გახდა ხრწნადი და მოკვდავი - ასევე ყოველი ადამიანი, წარმოშობილი ადამის თესლისაგან, არის თანაზიარი, პირველმშობელთა ცოდვისა თვით თავისი ჩასახვისა და შობიდან. ვინც ამ გზით იშვა, თუნდაც არ ჩაედინოს არანაირი ცოდვა, - (ის) ცოდვილია პირველმშობელთა იმ ცოდვით. ამ მიზეზით მოვიდა სხვა შობა, ანუ - მეორედ შობა, რაც აღორძინებს ადამიანს სულიწმიდით წმიდა ნათლისღების მიერ; კვლავ მიემთხვევა ადამიანი საღმრთო ბუნებას, ვით მაშინ, როს ღმერთის ხელებმა შექმნეს იგი; აღადგენს მის სულიერ ყველა ძალას, განაახლებს მათ და მოჰყავს იმ მდგომარეობაში, როგორშიც იყვნენ ისინი პირველქმნილი ადამის (ღმერთის მორჩილებიდან) გარდახდომამდე, და ამგვარად შეჰყავს იგი ღმერთის სასუფეველში, რომელშიც უნათლავს შესვლა არ შეუძლია, განანათლებს მისი ნათლით და აძლევს მის სიხარულთა გემებას".2

   წმ. თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს წმ. პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეს (5, 12) სიტყვებს და ამბობს: „ცოდვა და სიკვდილი სამყაროში ერთი ადამიანისაგან - ადამისაგან შემოვიდა და კვლავ ერთი ადამიანით - ქრისტეთი იქნა ძლეული. რას ნიშნავს სიტყვები: „რომლითა ყოველთა შესცოდეს?" - იმას, რომ ადამში ყველამ შესცოდა. როგორც კი ადამი დაეცა, მაშინვე ჩვენც, ყველანი, ვისაც არ გვიგემია აკრძალული ნაყოფი, მოკვდავნი გავხდით, თითქოს იმგვარადვე დავეცით, იმიტომ რომ, ის დაეცა".3

   წმ. კირილე ალექსანდრიელის „გლაფირებში", სადაც საუბარია ადამის ცოდვის შესახებ, ვკითხულობთ:

   „ვინაიდან არაგონივრული იქნებოდა გვეფიქრა, რომ მიწისაგან შობილ და უბრალო ადამიანზე - ადამზე მოწეული წყევის ძალა ბუნებრივი მემკვიდრეობით კაცობრიობის მთელ მოდგმაზე გავრცელდა; ხოლო მან, რომელიც არის არსით ღმერთი - ემანუელი ზეგარდამო მოვლენილი, რომელმაც ჩვენი მსგავსება მიიღო და ჩვენთვის მეორე ადამად იქცა, თავისი ცხოვრების თანაზიარნი არ გაგვხადა ისინი, ვისაც მასთან სარწმუნოებით თანაცხოვრება სურდა".4

   ეს აზრი (თუმცა ორგვარი გააზრების საშუალებას იძლევა) ძირითადად ემთხვევა წმ. იოანე ოქროპირის ზემოთ მოყვანილ სიტყვას. დაკვირვებული მკითხველი შენიშნავს: წმ. კირილესთვის არაგონივრული და უცნაური ის კი არ არის, რომ ადამზე მოწეული წყევა მთელ კაცობრიობას გადაეცა, არამედ შემდეგი: ქრისტე-ღმერთს რომ არ გამოეხსნა მასთან რწმენით მისული ადამიანები. ამიტომ აღნიშნავენ წმ. მამები, რომ ადამის ცოდვის დოგმატური სწავლება არ მოიაზრება მეორე ნაწილის - ქრისტეს (მეორე ადამის) მიერ კაცობრიობის გამოსყიდვის გარეშე.

   საკმაოდ ხშირად გვხვდება პავლე მოციქულის ეპისტოლეში ამგვარი შედარება: „რამეთუ უკეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროს მადლი იგი ღმრთისა და ნიჭი იგი მადლითა მით, ერთისა მის კაცისა იესო ქრისტესითა მრავალთა მიმართ აღემატა" (რომ. 5. 15). ასეთივე შინაარსისაა ეპისტოლეს მთელი თავი (5. 12 – 21).

   აქვე უნდა ითქვას (და შემდეგ წერილებშიც განვავრცობთ): აღმოსავლეთის ეკლესიის დიდი კანონისტი ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი, არა მხოლოდ იზიარებდა ნეტ. ავგუსტინეს სწავლებას ადამის ცოდვის შესახებ, არამედ იმ პერიოდის კალენდარში შეიტანა ნეტარის ხსენება.

   აქ შეგნებულად არ ვციტირებთ „დასავლეთის" წმ. მამებს, (იქ ხომ ავგუსტინემ „აურია" ყველას ტვინი), აღარაფერს ვამბობთ რუს წმინდა მამებზე - ისინი ხომ იურიდიზმსა და სქოლასტიკაში არიან ჩარჩენილები. რუსებთან მიმართებით არის ერთი „მაგრამ" - იგულისხმებიან რუსი მოდერნისტი ღვთისმეტყველები „პარიზის სკოლის" სრული შემადგენლობით დაწყებული და თანამედროვეებით (ალფეევი, კურაევი, ოსიპოვი და ა.შ.) დამთავრებული.

   დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს და ეკლესიის ჭეშმარიტი, სისავსით გადმოცემული კრებსითი სწავლება და არა ცალკეული მამის კერძო აზრი ირწმუნოს ჭეშმარიტების საზომად.

  

 

 

 

1Св. Иоанн Злотоуст. Творения. Т. 9. Кн. 2. СПБ. 2000.

2Св. Свимеон Новый Богослов. Слово преподобного. М. 2006. Ч 1. С. 443.

3Прп. Феофилакт Болгарский. Толкования Посланий ап. Павла. М. 2001.

4Св. Кирилл Александрийский. Глафиры, или обьяснения избранных мест из пятикнижия Моисея. К. 4. О адаме.

 

 

 

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია

 


 


უკან დაბრუნება