მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ადამის ცოდვის“ საკითხის მეტი სიცხადისათვის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ადამის ცოდვის“ საკითხის მეტი სიცხადისათვის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


19-11-2024, 00:04

„ადამის ცოდვის“ საკითხის მეტი სიცხადისათვის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   „ადამის ცოდვის" არსის განხილვისას დაკვირვებული მკითხველი აღმოაჩენს, რომ წმ. მამების აზრი არაერთგვაროვანია: 1) ერთნი საუბრობენ „ყველა ადამიანზე ადამის ცოდვის მემკვიდრეობით გადაცემაზე"; 2) მეორენი კი იმაზე, რომ „ადამის ცოდვა მხოლოდ წინაპრების პირადი ცოდვაა, ხოლო ჩვენ ცოდვის მხოლოდ შედეგებს ვიმკით".

   პატრისტიკაში ორივე მოსაზრებას გააჩნია გარკვეული დასაყრდენი. ამიტომ იბადება კითხვა: მაშ, როგორ გავიგოთ, რომელი სწავლებააა ჭეშმარიტი? პასუხი მარტივიცაა და რთულიც. პირველ რიგში უნდა გავერკვეთ, რომ ეკლესიაში ჭეშმარიტების საზომი არის წმ. წერილი და წმ. გარდამოცემა. წმ. წერილის შესახებ ყველაფერი გასაგებია - ის განცხადებული ჭეშმარიტებაა. წმ. გარდამოცემას რაც შეეხება, აქ კრიტერიუმით მხოლოდ მსოფლიო და იმ ადგილობრივ კრებებს უნდა დავეყრდნოთ, ვენდოთ, რომლებსაც მსოფლიო კრებებმა მიანიჭა უცდომელობის ავტორიტეტი. უცდომელ კატეგორიაში წმ. მამათა ის სწავლება მოიაზრება, მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსით ცნობიერებას რომ გამოხატავს, ე.ი. თუკი მათი სწავლება წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის შესატყვისია. წმ. მამების დანარჩენ სწავლებასაც ეწოდება წმ. გარდამოცემა, მაგრამ არ გააჩნია ზემოხსენებული ავტორიტეტი, რადგან მოსაზრება საერთოდ კერძო აზრად (თეოლოგუმენად) არის მიჩნეული.

   ამ ვითარებაში აბსოლუტურად უადგილოა, მაგალითად, წმ. მამის სწავლებაზე აპელირება იმის გამო, რომ ის აღმოსავლეთიდანაა, ვინაიდან მეთერთმეტე საუკუნემდე აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები ერთად იყო. ამასთან, იმ პერიოდის დასავლეთს არანაკლები დიდი მამები ჰყავდა, ვიდრე აღმოსავლეთს.

   წმ. მამები ყოველთვის ცდილობდნენ საკუთარი საღვთისმეტყველო სწავლება კრებების მეშვეობით გაემყარებინათ. ასე მოიქცა ნეტ. ავგუსტინე (კართაგენის კრება), წმ. კირილე ალექსანდრიელი (III მს. კრება), წმ. მაქსიმე აღმსარებელი (ლათერანის კრება, 649 წ.) და ა.შ. საამისოდ მათ არნახული შრომა და ბრძოლა გასწიეს.

   განვიხილოთ ეს პოსტულატები ნეტ. ავგუსტინეს მაგალითზე.

   1) ნეტ. ავგუსტინეს სწავლებამ განიცადა ერთგვარი ევოლუცია. წმინდანმა უარი თქვა ადრინდელ ფილოსოფიურ სისტემებზე, სინერგიულ შეხედულებაზე და დადგა ორთოდოქსული სწავლების შეუვალ პოზიციაზე (რაზეც ცალკე ვისაუბრებთ).

   2) ნეტარის სწავლება მთლიანად დაფუძნებულია წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეებზე ადამის ცოდვის საკითხში, ე.ი. წმ. წერილის ავტორიტეტი სრულად დაცულია.

   3) ნეტარმა მოახერხა, რომ მისი სწავლება კრებების დონეზე ყოფილიყო აღიარებული. ასე მოხდა ჯერ კართაგენის 418 წ. კრებაზე, რომლის ავტორიტეტი მსოფლიო კრებებმა აღიარა, ე.ი. მიენიჭა უცდომელი სტატუსი.

   ამრიგად, ყველა გარემოება, რომელიც საჭიროა საიმისოდ, რომ სწავლებას ერქვას მართლმადიდებლური, არსებობს რეალურად.

   სამწუხაროდ, ყველა ფაქტორის არსებობის მიუხედავად, აღმოსავლეთში კართაგენის განსაზღვრებები და ნეტ. ავგუსტინეს სწავლება ადამის ცოდვის შესახებ მთლიანად არ იქნა გაზიარებული. როგორ რეაგირებს წესით ამ შემთხვევაში ეკლესია, როდესაც ორივე მხარეს წმ. მამათა არგუმენტებია წარმოდგენილი? ცხადია, უპირატესობა იმ მამების სწავლებას ენიჭება, რომელიც კრებსითად არის აღიარებული. როგორ მოვეკიდოთ დანარჩენი წმ. მამის პოზიციას? ამის პასუხს წმ. ფოტისთან ვპოულობთ:

   „10 ან 20 მამაც კი ერთს რომ ამბობდეს, ხოლო 600 და მრავალი სხვა მას არ იზიარებდეს, ვინ არ არის თანხმობაში მამებთან: ისინი, რომლებიც კრების საწინააღმდეგო პირად მოსაზრებებს გამოთქვამენ, თუ ისინი, რომლებიც თავის დამცველად მრავალ წმინდა მამას ირჩევს?"1

   „კრებაში", ცხადია, უმრავლესი წმ. მამის აზრი იგულისხმება, ხოლო „კრების საწინააღმდეგო პირად მოსაზრებაში" დანარჩენის (10 ან 20) აზრია მიჩნეული.

   „ადამის ცოდვის" საკითხის შესახებ მრავალი წმ. მამის ციტირება ხდება ორივე მხრიდან, მაგრამ კრებსითი საყრდენი, ყველაფრის მიუხედავად, ნეტ. ავგუსტინეს გააჩნია. რა იერიშებიც არ უნდა მიიტანონ ნეტ. ავგუსტინეს წინააღმდეგ მოდერნისტებმა („პარიზელებით" დაწყებული „ახალი მამებით" დამთავრებული), ის მაინც ჭეშმარიტებად რჩება. აქედან გამომდინარე, ამაოდ ცდილობენ ჩვენც ცილი დაგვწამონ წმ. მამების უპატივცემულობაში (ნუ იყოფინ!), მეტადრე იმ ვითარებაში, როდესაც ძირითადად ერთი და იმავე მამებს ვციტირებთ. ჩვენი ვარაუდით, წმ. მამათა საღვთისმეტყველო შემოქმედებაც იხვეწებოდა, ხან პოზიციურად იცვლებოდა სრულყოფის მიზნით. ამიტომ ადვილი შესაძლებელია სხვადასხვა წლების გამონათქვამები არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. ამაში საგანგაშო არაფერია. მთავარი სხვაა: რამდენად მართებულად ხდება წმ. მამის სწავლების ზუსტი გააზრება?!

   მეტი სიცხადისთვის: ნეტ. ავგუსტინე თავის ღვთისმეტყველებას აფუძნებს პავლე მოციქულის სწავლებაზე, ე.ი. წმ. წერილზე, წმ. გარდამოცემაზე (კრების ავტორიტეტზე).

   მოდერნისტები ფაქტობრივად გვეუბნებიან: არ გვაინტერესებს კრებების გადაწყვეტილებები, სრული იგნორი კართაგენს, ნეტ. ავგუსტინე არაა წმინდანი და ა.შ. მაგრამ ორთოდოქსიის თანახმად - კრებსითობა უალტერნატივოა; ხოლო მოდერნიზმის თანახმად: დაე, იზეიმოს ინდივიდუალურმა საზრისმა.

   კიდევ ერთი საკითხი. თუკი დასავლეთის მამებისთვის არსებობდა უცხო სწავლებათა ზეგავლენის საფრთხე, არანაკლებ საფრთხის შემცველი იყო აღმოსავლეთში ორიგენისტული სწავლება. მეტიც: ეს იყო თუ იყო საცდური, რომლის საღვთისმეტყველო სისტემები მთლიანად ანტიკური (ელინური) ფილოსოფიითაა გამოკვებილ-ნასაზრდოები.

   ამრიგად: იმას, რასაც ნეტ. ავგუსტინეს აბრალებენ (მის მიერვე უარყოფილი ფილოსოფიური სისტემები), აღმოსავლეთში (ბერძნებში) ელინიზმის (წარმართობის) გავლენა ღვთისმეტყველებაზე, ცნობიერებაზე, დღესაც აქტუალურია. ამას თუნდაც ათონის თუ მეტეორას მონასტრებში წარმართ ფილოსოფოსთა ფრესკების დემონსტრირებაც ცხადყოფს.

   მიგვაჩნია, რომ სწორედ იქ - ელინიზმში, პლიუს ორიგენიზმში, ბერძნული უპირატესობის ჟინში, აღმოსავლურ პაპიზმში უნდა ვეძებოთ პრობლემის გასაღები და არა სახელდობრ წმ. მამებში. დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა: კართაგენის ეს საკითხი ესოდენ მიუღებელი რომ ყოფილიყო აღმოსავლეთის მამებისთვის, ნუთუ არ მოიწვევდნენ ალტერნატიულ მსოფლიო კრებას კართაგენის გასაბათილებლად? ან ღმერთი დაუშვებდა ცრუ აზრის კრებსით, უცდომელ კატეგორიაში აყვანას?

   ვიფიქროთ ამაზე, მეტი სიცხადისათვის!

 

 

 

 

1ციტ. Даниел Сисоев. Свящ. Теологумен в современном Богословии.2002.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია


 


უკან დაბრუნება