მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > მართლმადიდებლობა: დინამიურია იგი თუ სტატიკური?

მართლმადიდებლობა: დინამიურია იგი თუ სტატიკური?


19-01-2013, 00:01
მართლმადიდებლობა: დინამიურია იგი თუ სტატიკური?

   „დაცვა", „გაფრთხილება", „ეკლესიის გარდამოცემის ერთგულება" - ხომ არ არის ეს ყველაფერი კონსერვატიზმის კულტივირება? ხომ არ ახასიათებს მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამორჩენილობა, შეხედულება, რომ „ჩვენი მამა-პაპანი ასე ცხოვრობდნენ და ასე ღებულობდნენ სულის ცხონებას, ჩვენც იგივე გვინდა ვაკეთოთ. ახალი არაფერი გვჭირდება".

     მართლმადიდებელ ეკლესიას ხშირად უკიჟინებენ კონსერვატიზმს.

  თუმცა ძალიან ხშირად მას საპირისპირო ბრალდებებსაც უყენებენ. მაგალითად, განა პროტესტანტები მართლმადიდებლურ აღმოსავლეთს იმას არ საყვედურობენ, თითქოს ის მეტისმეტად წინ წავიდა, თითქოს უამრავი სიახლე შეიტანა საეკლესიო ცნებებისა და წეს-ჩვეულებების სფეროში და ამიტომ აუცილებელია ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ძველ მოწყობასთან დაბრუნება?

   განა ეს კონსერვატიზმი ამ, თითქმის უკვე მიწურული ათასწლეულის ლოგიკით არა არის ნაკარნახევი? თუკი ოდესმე ეკლესიათა გაერთიანება შესაძლებელი გახდება, რა საფუძველზე უნდა განხორციელდეს იგი, თუ არა დოგმატური და კანონიკური დებულებების ორმხრივი აღიარებით, რომლებიც განხეთქილების ჩამოვარდნამდე საერთო იყო ორივე - აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიისათვის? მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც არაფერი შეუცვლია თავის დოგმატურ აღმსარებლობასა და კანონიკურ მოწყობაში, ყოველთვის მზადაა გაერთიანებისათვის ამ, ერთადერთ შესაძლებელ საფუძველზე.

   და ამავე დროს, მეორე ათასწლეულის ეკლესია განუწყვეტელი წინსწრაფვაა. მართლმადიდებლობა სტატიკური კი არა, დინამიურია. ეს დინამიკა გამოიხატა ქრისტიანობის თავისუფალ შეთავსებაში ეროვნულ ხასიათთან, საწესჩვეულებო რეფორმებში, ხატწერისა და საეკლესიო გალობის განვითარებაში, ახალ წმინდანთა განდიდებაში, ახალი ლოცვებისა და საგალობლების შედგენაში და, რაც მთავარია, სულის სიძლიერეში, რომელიც ხან ღრმად იყო დაფარული საცავებში, ხანაც, ქრისტეს ეკლესიის ცხოვრების გარკვეუყლ მომენტებში, მთელი თავისი დიდებულებით ცხადდებოდა.

   „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა" (მთ. 6, 33).

   სიმართლის ძიება, როგორც მთავარი პრინციპი, ერთი შეხედვით ბადებს აზრს, რომ მართლმადიდებლობა არის შემეცნებითი ძალა - გონების, თუნდაც ღვთისმოშიში გონების ნაშობი, „რაციოსაგან" მომდინარე.

   „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის" (მთ. 5, 6).

   დიახ, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, სიმართლე. მაგრამ სწორედ „მართლმადიდებლობა" უკუაგდებს გონებისმიერ მიდგომას, რაციონალიზმს. სამ ძირითად აღმსარებლობას შორის მართლმადიდებლობა ყველაზე ნაკლებად რაციონალისტურია.

    და მას „მართლაზროვნება" კი არ ეწოდება, არამედ „მართლმადიდებლობა", ანუ ღმერთის მადიდებლობა, რომელშიც, კაცმა რომ თქვას, მთავარი ადგილი ყველგან და ყოველთვის ლოცვას ეთმობა.

    უკვე აქედან ჩანს, რომ მართლმადიდებლური სულის მატარებელი გონება კი არა, გულია.

   და მართლაც, „გულის" ცნებას მართლმადიდებლურ ფსიქოლოგიურ ტერმინოლოგიაში პირველი ადგილი უჭირავს. გარდა ამისა, ამ სიტყვას გაცილებით უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჩვენს ყოველდღიურ, ყოფით ენაში ეძლევა. ეს „გრძნობის" ორგანო კი არ არის, როგორც ჩვენ ჩვეულებრივ ვუწოდებთ, არამედ სულის ის საიდუმლო სფერო, რომლის მეშვეობითაც ყველაზე მეტად ვეხებით ღმერთს, მაგრამ რომელიც ბნელი ძალის გავლენის ქვეშაც შეიძლება მოექცეს - სფერო, რომელშიც შედის ეგრეთ წოდებული ქვეცნობიერება და ინტუიციაც: ამ სფეროს ჩვენი გონება ვერ სწვდება, რადგან გონება მისი ერთგვარი ზედნაშენია. ამიტომ ეკლესიის მართლმადიდებელი მამებისა და მოღვაწეების თხზულებებში, ისევე როგორც წმ. წერილში, „გულისზრახვებთან" და „გულისთქმებთან" ერთად ლაპარაკია „გონების ზრახვებსა" და „გონების აზრებზე".

   ჭეშმარიტება, ტყუილის საპირისპიროდ, პირველ ყოვლისა ზნეობრივი კანონია, სამართლიანობა უსამართლობას უპირისპირდება. სიმართლე - ჭეშმარიტება, როგორც სარწმუნოების მართალი აღმსარებლობა და ადამიანის სიტყვების შესაბამისობა მის აზრებთან; ზნეობრივი სიმართლე, როგორც ადამიანის ქცევების შესაბამისობა ქრისტიანული სინდისის მოთხოვნებთან და მადლისმიერი სიმართლე - ღვთის მაცხოვნებელი წყალობისადმი საკუთარი თავის დამორჩილება ქმნიან სიმართლეს, როგორც ყოველი „სიმართლის" ერთიანობას, ანუ ქრისტიანის პიროვნების ისეთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი თვითონ ხდება „მართალი". სიმყუდროვე, სულის სიწრფელე, ლოცვა - ის, რაც მოციქულმა ამ სიტყვებით გამოხატა: „დაფარული იგი გულისა კაცი, უხრწნელითა მით მშვიდისა მის და მყუდროჲსა სულისა წესითა" (1 პეტ. 3, 4). აი, მართლმადიდებელი ქრისტიანის ტიპი, როგორადაც მას განყენებული იდეალი გვისახავს და რომელსაც მორწმუნე ერი, რომელმაც მართლმადიდებლობა აღმოსავლეთიდან მიიღო, ყოფით ცხოვრებაში „მართალს" უწოდებს.

   და ამ ცნებასთან, ჩვეულებრივ, ძიებაცაა შეერთებული. მართალს ახასიათებს არა მარტო „ღვთისმოშიშება" ან არა მარტო „სათნოება", არამედ „ქრისტესმიერი ცხონების ძიება", ღვაწლის თავს-დება, საკუთრების უარყოფა, ამა სოფლის სიკეთეების შეურაცხყოფა, საკუთარი უფლებების არად ჩაგდება - ყოველივე ეს თან ახლავს სიმართლის იმ დაუღალავ „წყურვილსა და შიმშილს", რომელთა მიღმაც ადამიანს ზეცათა სასუფევლის ხედვა ეძლევა, დაბოლოს, ქრისტეს სიმართლისათვის ბრძოლა, ბოლომდე მტკიცედ დგომა ამ ბრძოლაში - უკომპრომისოდ, საკუთარ სინდისთან ყოველგვარი გარიგების გარეშე.

   ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა მუდმივი წინსვლაა არა მარტო ზოგადად, არამედ თავისი ინდივიდუალური გამოვლინებით.

 

წიგნიდან „საუბრები მართლმადიდებლობაზე"


უკან დაბრუნება