მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > რაში მდგომარეობს ნეოპელაგიანობის საფრთხე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

რაში მდგომარეობს ნეოპელაგიანობის საფრთხე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


17-11-2024, 15:28

რაში მდგომარეობს ნეოპელაგიანობის საფრთხე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   საღვთისმეტყველო მოდერნიზმის (იგივე ნეოპელაგიანობის, ნეოორიგენიზმისა თუ ნეომონოფიზიტობის) კვლევა, პირველ ყოვლისა, ეკლესიის ინტერესებიდან მომდინარეობს. პატრისტიკაში არსებულ შეუთავსებლობას (ერთი საეკლესიო მოღვაწე მეორის საპირისპიროს რომ ასწავლის, ან თავად დროთა განმავლობაში ხვეწს, სრულყოფს თავისივე სწავლებას), მოდერნისტი სათავისოდ იყენებს. როგორ? ის იმას კი არ ცდილობს, რომ ეკლესიის კრებსით სწავლებასთან შეაჯეროს ესა თუ ის თეზა, არამედ:

   1) საკუთარი საღვთისმეტყველო აზრი განავითაროს;

   2) ირჩევს სირაქლემის პოზას - თავს ჩამალავს „აპოფატიკის" (ღვთაებრივი საგნების მიუწვდომელობა) ქვიშაში, მაშინ, როდესაც აპოფატიკა დასაშვებია წმ. სამების ცხოვრების, საიდუმლოებების განსაზღვრებისას და უადგილოა ანთროპოლოგიური, სოტერეოლოგიური საკითხების განხილვისას.

   ამიტომ, რათა არ დაკნინდეს სიწმინდე და დამსახურება უდიდესი მამებისა ქრისტეს ეკლესიის წინაშე, თავად მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გავერკვეთ, როგორ მოხდა ერეტიკული სწავლებების (ამ შემთხვევაში ნეოპელაგიანობის) სულისკვეთების თავსმოხვევა ეკლესიაზე, ე.წ. „ახალი მამების" საკუთარი საღვთისმეტყველო კონცეფციების (თეოლოგუმენის) აღიარება მართლმადიდებლურ სწავლებად და მათი თეზების გავრცელება ჩვენს საეკლესიო სივრცეში? აქაურ მამებში თუ მრევლში ვრცელდება ეს თეოლოგუმენები, ვით ეკლესიის უტყუარი სწავლება. არადა, ვერანაირად ვერ სცდება კერძო აზრის კატეგორიას და ვითარების მართებულად შემფასებელთა (ვინც დაინახა ეს საფრთხე) წინააღმდეგ გაშმაგებული ბრძოლა იწყება.

   ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ძმებსა და დებს, დიდი ყურადღებით მივუდგეთ არსებულ პრობლემებს. მხოლოდ მსოფლიო და ადგილობრივი (ავტორიტეტული) კრებების სწავლების საფუძველზე განვიხილოთ წმ. მამებისეულ და თანამედროვე ღვთისმეტყველებას შორის არსებული განსხვავებები. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან წმ. მამათა სწავლების გაგებასაც სათანადო სულისკვეთება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა იოლად აღმოჩნდე რომელიმე (შინაური თუ გარეული) მოდერნისტის თეოლოგუმენის (კერძო აზრის) გამზიარებელი, თან მიგაჩნდეს, რომ „მაგარ მართლმადიდებლობას" მიაგენი. ეს კი მოითხოვს შეცდომების ვაჟკაცურ აღიარებას და არა „დაბოღმვას", შეგონების შემთხვევაში.

   მაგალითად: ნეტარმა ავგუსტინემ ნაშრომების დონეზე „გადახედა" „пересмотр" თავის სწავლებებს, უარი თქვა ადრეულ სინერგიულ თეზებსა თუ ფილოსოფიურ სისტემებზე (პლატონისა თუ სხვა ფილოსოფოსების) შეხედულებებზე (ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ). ამის შემდეგ და ამ გზით, იგი საბოლოოდ დადგა მოციქულებრივი ჭეშმარიტების ლოდზე, დაამარცხა პელაგიანობა და საბოლოოდ კრებსით დონეზე (კართაგენის კრებები) განისაზღვრა მათი ერეტიკული შინაარსი. ამით ჩვენც მოგვცა მაგალითი იმისა, თუ როგორ ვიბრძოლოთ ნეოპელაგიანობის თუ სხვა მცდარი სწავლებების სამხილებლად თანამედროვე პირობებში.

   შევუდექით რა „ადამის ცოდვის" საკითხის სიღრმისეულ გამოკვლევას, აღმოვაჩინეთ, რომ არანაირი „კონსესუს პატრუმი" (მამების ერთიანი სწავლება) ამ მიმართულებით არ არსებობს. საერთოდ, კონსესუსი ან არსებობს ან არ არსებობს. მართალია, ეკლესია იღებს კრებსით გადაწყვეტილებას, როგორც ეს მოხდა „ადამის ცოდვის" დოგმატის შემთხვევაში, (დაადასტურა კართაგენის 418 წ. კრებამ და შემდეგ გაამყარა ეს სწავლება მსოფლიო კრებებმა III), ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ერთი შეხედვით, ბიზანტიური დიალექტიკით შენიღბული, „სამეუფეო გზად" შემოთავაზებული, ხოლო ნეტ. ავგუსტინესა და კართაგენის ავტორიტეტული სწავლება „უკიდურესობად" მიჩნეული, თითქოს ავტომატურ რეჟიმში გადაეცემა თაობიდან თაობას. შედეგად საღვთისმეტყველო ვოლუნტარიზმმა დაიმკვიდრა ადგილი მრავალი ადამიანის თავში და, ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილების მიუხედავად, ისე განმარტავენ ამ საკითხს, როგორც თავად სურთ. ამის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ი. მეინდორფის შეხედულებებია, რომლებიც მეტასტაზურად ვრცელდება ეკლესიაში.

   პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნეტ. ავგუსტინეს ანთროპოლოგია, მთლიანად დამოწმებული პავლე მოციქულის სწავლებით, კრებებით, დადასტურებული არ იქნა სრული მასშტაბით აღიარებული მართლმადიდებლური აღმოსავლეთის მიერ. აქ იკვეთება თავისებური მიზან-შედეგობრივი კავშირი, რისი მოკრძალებული განხილვაც დავისახეთ მიზნად.

   საღვთისმეტყველო პრობლემის არსი, რის წინააღმდეგაც ხმა აღიმაღლა ნეტ. ავგუსტინემ, იყო პელაგიური სწავლება, რომლის ძირითადი არგუმენტები შემდეგნაირად ჟღერდა:

   1) თითქოს ადამის ცოდვაში კაცობრიობის ბრალეულობა არ იკვეთება, რის საპირისპირო სწავლებას ვხედავთ პავლე მოციქულის ეპისტოლეებში.

   „რამეთუ წინასწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაი" (რომ. 3. 9).

   „ამისთვის, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოვიდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5. 12).

   „რომელთა შინა და ჩუენცა ყოველნი ვიქცეოდეთ ოდესმე გულის თქუმათა შინა ხორცთა ჩუენთასა, ვყოფდით ნებასა ხორცთა და გონებათასა და ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა იგი სხვანი" (ეფ. 2. 3).

   2) თითქოს, როგორც შვილებს არ მოეკითხება მამის ცოდვა, ისე ადამის შთამომავლობას არ მოეკითხება ადამისი. ცნობილი არგუმენტი: „ადამმა შესცოდა, მე რა შუაში ვარ".

   აქ მნიშვნელოვანია დავინახოთ არგუმენტის უმართებულო გამოყენება. მართალია, ძველ აღთქმაში რამდენიმეჯერაა ნათქვამი, რომ მამების ცოდვების გამო არ ისჯებიან შვილები (მეორე სჯულ. 24. 15; IV მეფეთა 14. 5; იეს. 18. 1-3), მაგრამ... ღმერთი არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საკუთარ თავს, ვინაიდან ახალ აღთქმაში მოციქულის ბაგით ამბობს „რომლითა ყოველთა შესცოდეს". ცხადია, ერთია პირველი ადამიანის ცოდვის მემკვიდრეობა მთელ შთამომავლობაზე და მეორეა, სულ სხვაა მამათა ცოდვები შვილებთან მიმართებაში, ვინაიდან: თავად მამებიც ხომ ისეთივე შთამომავლები არიან ადამისთვის, როგორც შვილები.

   ამრიგად, პელაგიანელების (ისევე როგორც ნეოპელაგიანელების) ერთი შეხედვით მყარი არგუმენტები, არც ისე მყარია, უფრო სწორად უსუსურია, წმ. წერილის სწავლებას აცდენილია ნეტ. ავგუსტინეს ღვთისმეტყველებასთან მიმართებაში.

   ნეტ. ავგუსტინესა და იულიანე ეკლანელის პოლემიკა „პირველქმნილ ცოდვასთან" დაკავშირებით იყო ერთი მხრივ „ქრისტეს გონისა", მეორე მხრივ, „ხორციელი კაცის" დაპირისპირება. ძირითადი პრინციპი, რითაც უნდა ხელმძღვანელობდეს საღვთისმეტყველო აზრი ადამის ცოდვის, იგივე გამოსყიდვის დოგმატის განსაზღვრებისას, პავლე მოციქულის სწავლებას ეყრდნობა, ეფუძნება.

   1) ადამისა და მისი შთამომავლობის ბუნებები ერთნაირად დასნეულებულია. ხოლო თუ ეს ასე არაა, მაშინ

   2) ახალი (მეორე) ადამის - ქრისტეს განკაცებაც კარგავს არსს.

   სწორედ ამ მიზეზით ნეტ. ავგუსტინემ პელაგიანობა ქრისტიანული საფუძვლების მოშლის საფრთხედ მიიჩნია. იმავე საფრთხეს ვხედავთ დღესაც ნეოპელაგიანობის სახით. მისი მიმდევრები თუმც საუბრობენ ქრისტეზე, მის სწავლებაზე, რეალურად კი ან ამახინჯებენ, ან საერთოდ უარყოფენ გამოსყიდვის დოგმატს. ე.ი. ადამიანს თავად გააჩნია აღორძინების ძალა, შესაძლოა „ღმერთის ცოტაოდენი დახმარებაც დასჭირდეს", მაგრამ მთლიანობაში ის ინდივიდია, რომელსაც შეუძლია არც შესცოდოს, თუკი მოინდომებს. ამ სწავლების საფუძვლები პელაგიანობამ ორიგენიზმიდან აითვისა. ამიტომ საფრთხე, რომელზეც ვსაუბრობთ, მეტად დიდია: თუკი ადამიანს ქრისტეს გამოსყიდვის გარეშეც შეუძლია ცხონება თავისი კეთილი საქმეებით, თუკი ნათლისღების შედეგად არ ხდება პირველქმნილი ცოდვისაგან განთავისუფლება, ე.ი. დაკარგული მადლის დაბრუნება, მაშინ გამოდის, რომ ყველა ადამიანის („კაი კაცის", „ილოცე სადაც გინდა") ავტომატურ ცხონებას ეღება კარი. ეს არის სწორედ ორიგენეს აპოკატასტასური სწავლება. ამიტომაც ნეტ. ავგუსტინეს ანთროპოლოგიასა და სოტერეოლოგიას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ეპოქაში.

   მოციქულის სწავლებით, რაკი ვართ „ბუნებით შვილნი რისხვისანი" (ეფ. 2. 3), ე.ი. ძველ ადამიანს, მის ბუნებას არ შეუძლია საკუთარი თავის გამოსწორება, ხოლო შესაძლებელი ხდება მათთან, სადაც არის „ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე" (კოლ. 3. 11). მოქმედებს პრინციპი: „სადაც გამრავლდეს ცოდვა, მუნ გარდაემატოს მადლი". ღმერთი არ ტოვებს ადამიანს უნუგეშო მდგომარეობაში, სწორედ ამისთვის განკაცდა, ჯვარს ეცვა, აღდგა და მიანიჭა ცხონება ჭეშმარიტების მაღიარებლებს.

   ამრიგად, თუკი პელაგიანობაში ქრისტეს ჯვარცმასა და აღდგომას აბსოლუტურად დაკარგა მნიშვნელობა, ნეოპელაგიანობაში (მოდერნიზმში) ერთი განსხვავება არსებობს - „გამოჯანმრთელების კონცეფცია" (მაგ. მიტრ. ი. ვლახოსის „სულიერი მედიცინის მეცნიერება"), სადაც ვკითხულობთ, რომ ჩვილს ნათლისღებით პირველქმნილი ცოდვა კი არ მიეტევება და ამით იძენს მადლს, არამედ მარტოოდენ ეკლესიის წევრი ხდება. (იხ. ჩვენი ნაშრომი „მოდერნიზმის ანატომია"). პრობლემის სათავის იგნორირების შემდეგ იწყება ცოდვებისაგან და ვნებებისაგან განწმენდის „თერაპია".

   პავლე მოციქულის თქმით, სასჯელი (ადამის ცოდვისა) უკლებლივ ყველაზე ვრცელდება, მათზეც, ვისაც საერთოდ არ შეუძლია ცოდვის ჩადენა და მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათელღებულს, ე.ი. მადლმოსილს, შეუძლია ცხონება. ამიტომაც საუბრობს კართაგენის კრება 418 წ. ჩვილების ნათლისღების აუცილებლობაზე, ნეოპელაგიანობაში: ცოდვით შობა საკუთარი ძალების აღორძინებით ხდება შესაძლებელი, ხოლო ნათლისღებაში სიკვდილითა და აღდგომით მადლის შეძენა, შემდეგ „სტაციონარში მკურნალობითა და თერაპიითაა" ჩანაცვლებული. მაცხოვარმა კი ნიკოდიმოსთან საუბარში სულ სხვაგვარად თქვა: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იონ. 3. 5).

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება