მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ადამის ცოდვის ინტერპრეტაცია ი. მეინდორფის სწავლებაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ადამის ცოდვის ინტერპრეტაცია ი. მეინდორფის სწავლებაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


8-11-2024, 09:34

ადამის ცოდვის ინტერპრეტაცია ი. მეინდორფის სწავლებაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   ახალი დროების „ახალ ღვთისმეტყველებში" დაკვირვებული მართლმორწმუნე ქრისტიანი მოდერნიზმის სიოთი გაჯერებულ სწავლებას აღმოაჩენს. „პარიზის სკოლის" გამოჩენილ თეოლოგთა ყალბი საღვთისმეტყველო არგუმენტაცია სიტყვასიტყვით მეორდება „ახალ პარიზელებში".

   ამდენად, რასაც ახლანდელებზე ვამბობთ, ის ეხება პირველებსაც, უფრო ზუსტად: ჩვენს დროში „ამუშავებულ" ცრუსწავლებათა მექანიზმების ძირითადი „ძრავი" სწორედ ისინი არიან. აქ მოვიაზრებთ ახალი თუ ძველი პერიოდის თეოლოგებს, მათ პელაგიურ-ორიგენისტულ-მონოფიზიტურ თუ სხვა ერესების სულით აღბეჭდილ ღვთისმეტყველებას, რასაც ნამდვილად არ აკლია ანთროპოლოგიითა და ორაზროვანი სოტერეოლოგიით გამორჩეულ თეზათა კორიანტელი.

   ამჯერად, ჩვენი ინტერესის საგანია დეკანოზ. ი. მეინდორფის სწავლება „ადამის ცოდვის" შესახებ. თავის ნაშრომში „ანთროპოლოგია და პირველქმნილი ცოდვა", ქართულ ენაზე სწორედ მოდერნისტული ვერსიის დამკვიდრების მიზნით რომ ითარგმნა, მეინდორფი ორი მიმართულებით მანიპულირებს.

   1) პავლე მოციქულის რომაელთა ეპისტოლის (5, 12) მუხლის არასწორი თარგმნა, აქაოდა, ლათინური და რუსული თარგმანები ნაცვალსახელისა არ შეესაბამება ბერძნულსო. (მაგ, სიტყვა „სიკვდილი" თურმე სხვა მნიშვნელობისაა ბერძნულ თარგმანში). შესაბამისად, მიზეზშედეგობრივი კავშირი ცოდვასა და სიკვდილს შორის ურთიერთსაპირისპიროა სხვადასხვა თარგმანებში.

   2) წმ. მამების (წმ. კირილე ალექსანდრიელი, ნეტ. თეოდორიტე) სწავლებათა არაკორექტული შეფასება: ერთი მხრივ, თავად წმ. მამის (კონკრეტული) სწავლების საკუთარი საღვთისმეტყველო ინტერესისამებრ წარმოჩენა, მეორე მხრივ: წარმოდგენილ მოსაზრებათა (რადგან ერთი ალექსანდრიის და მეორე ანტიოქიის სკოლის წარმომადგენელი იყო) ეკლესიის სისავსის სწავლებად ე.ი. კრებსით აზრად გამოცხადება. არადა კრებსითი აზრი ამ საკითხის შესახებ (პელაგიური ერესი) მარტო კართაგენში უამრავ ადგილობრივ კრებაზე იქნა მხილებული. გამორჩეული იყო 418 წ. კრება, რომლის ავტორიტეტი მსოფლიო კრებებმა, ეკლესიის სისავსემ დაადასტურა და დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. აღარაფერს ვამბობთ ნეტ. ავგუსტინეს თავგანწირულ ბრძოლაზე ამ ერესის წინააღმდეგ. მისმა ღვაწლმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პირველქმნილი ცოდვის დოგმატის ჩამოყალიბებაში. ამიტომაც ჰყავთ ყელში გაჩხერილი ახალი თუ ძველი დროის მოდერნისტებს ნეტარი მამა.

   სინამდვილეში, აშკარაა თითიდან გამოწოვილი საღვთისმეტყველო შეუთავსებლობა, პროფანებზე გათვლილი თეოლოგია, რომელშიც ავტორი როგორც ორთოდოქს, ისე „თავისიან" მკითხველს მოიაზრებს. იმავე პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეში უამრავი სხვა მუხლია, სადაც მოციქული ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ადამში, აქტუალურად, ყველამ შევცოდეთ.

   რა არის მსგავსი მანიპულირების მიზანი? ის, რომ ნეოპელაგიანელებს პავლე მოციქულის სწავლების თავდაყირა დაყენება სჭირდებათ, რათა თეთრი გახდეს შავი, ხოლო შავი - თეთრი. ამიტომ მეინდორფის მიერ (რომ. 5, 12) მუხლის განმარტება „გოიმების გაბითურების" მცდელობად უნდა მივიჩნიოთ, თუნდაც ამ „გოიმებს" უმაღლესი სამეცნიერო-სადოქტორო ხარისხები ჰქონდეთ.

   მეინდორფი წერს: „... სიტყვა „ψ" მამრ, ან საშ. სქესის ადგილის ნაცვალსახელია. შესაბამისად, ამ ტექსტის გრამატიკული გაგების ორი ვარიანტი გვეძლევა. თუ ნაცვალსახელ „ψ"-ს მივაკუთვნებთ მამრობით სიტყვას „θάνατος" (სიკვდილი), მაშინ ფრაზა ასეთ მნიშვნელობას შეიძენს: „სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანზე, რა მიზეზითაც ყველა ადამიანმა შესცოდა". ასეთი ვარიანტი გრამატიკულად შესაძლებელია, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ვღებულობთ, რომ სიკვდილი მომდინარეობს ცოდვიდან, შემდეგ კი გავრცელდა ყველა ადამიანზე. ხოლო სიკვდილის მიზეზით ყველა ადამიანს ბრალი მიუძღვის ცოდვაში, ამ შემთხვევაში, ცოდვა კონკრეტული პიროვნების მოქმედების შედეგია და არა მემკვიდრეობითი ბრალი. არსებობს მეორე ვარიანტიც, რომელიც ბიბლიის ბევრ თარგმანში გვაქვს. მასში „ψ" ნაცვალსახელი საშუალო სქესისაა და შესაბამისად სიკვდილს ყველა ადამიანი დაემორჩილა, იმიტომ რომ, ყველამ შესცოდა. „იმიტომ რომ" გამოხატავს მიზეზობრივ კავშირს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ყოველი ადამიანის სიკვდილი სასჯელია პიროვნული ცოდვისა, რაც გამორიცხავს მემკვიდრეობით ბრალს".1

   მოდით, თავად პავლე მოციქულის ეპისტოლეს სხვა მუხლები განვიხილოთ, სადაც თარგმანით მანიპულირება ვერ მოხერხდა მეინდორფის მიერ:

   „ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასასჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათვის ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხოვრებისა" (რომ. 5. 18).

   „რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესოს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკვდილისა" (რომ. 8. 2).

   „ქრისტემ ჩუენ მოგვიყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთვის წყევასა ქუეშე..." (გალ. 3. 13).

   ამრიგად, მოდერნისტული ანთროპოლოგიის ორთოდოქსული კორექტირება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გადავლახოთ პელაგიური და ნეოპელაგიური კონცეფციები, მდგომარეობს შემდეგში: გვმართებს განვასხვავოთ კაცობრივი ბუნების სამი ტროპოსი, კერძოდ:

   1) პირველქმნილი (ბუნებრივი)

   2) ძველი (დაცემული, სულიერად მკვდარი)

   3) ახალი (სრულიად აღორძინებული, ან განღმრთობილი).

   მოდერნიზმში, ისევე როგორც პელაგიანობაში, თვითუფლება ადამიანის ბუნებაში არ არსებობს, არაა განსხვავება ძველ და ახალ ბუნებას შორის, დაცემულსა და განღმრთობილს შორის, ვინაიდან პირველქმნილი ცოდვით ის თურმე არ დაზიანებულა.

   არსებითად, ი. მეინდორფი გვთავაზობს პავლე მოციქული მუხლის (რომ. 5, 12) ახლებურ განმარტებას, შესაბამისად, პირველქმნილი ცოდვის, იგივე გამოსყიდვის დოგმატის ახლებურ ინტერპრეტაციას.

   წმ. ფილარეტ მოსკოველი თავის კატეხიზმოში სვამს კითხვას: „რატომ მოხდა, რომ არა მხოლოდ პირველი ადამიანები, არამედ ყველა ადამიანი დაექვემდებარა სიკვდილს?" იქვე პასუხობს: „იმიტომ რომ, ყველა ცოდვით სცოდავენ. როგორც დაბინძურებული წყაროსაგან მოედინება მოწამლული ნაკადული, ასევე პირველი ადამიანის ცოდვით დაცემამ, შედეგად მოკვდავობამ, ბუნებრივად წარმოშვა ცოდვით დაცემული და მოკვდავი შთამომავლობა".2

   წმ. იოანე ოქროპირი შენიშნავს: „გამოცდილი ექიმები ყოველთვის ცდილობენ აღმოაჩინონ სნეულების საფუძველი, ბოროტების წყარო. იმავეს აკეთებს პავლე მოციქული. ზემოთ თქვა: გამართლებულნი ვართ და დაგვიდასტურა ეს მამამთავრის მაგალითით, სულიწმინდის გარდამოსვლით, ქრისტეს მსხვერპლით. ვინაიდან ქრისტე არც მოკვდებოდა, რომ არ სდომოდა ჩვენი ცხონება. ამჯერად იმავე საკითხს განიხილავს მეორე მხრიდან, უკვე დადასტურებულს სხვა არგუმენტებით ამყარებს. კერძოდ: განიხილავს რა, თუ რა არის სიკვდილი და ცოდვა, იკვლევს, როგორ, რაგვარად და საიდან შემოვიდა და გამეფდა სამყაროში სიკვდილი. მაშ როგორ შემოვიდა და გამეფდა სიკვდილი? - ერთის შეცოდებით".3

   წმ. მღვდელმთავარმა შესანიშნავად დაგვანახა ცოდვისა და სიკვდილის მიზეზშედეგობრივი კავშირი.

   წმ. თეოფანე დაყუდებულის თქმით, ღვთის განგებულებაში სიკვდილი და ცოდვა ერთად მოიაზრება: „მოგვეცა რა მცნება, ღმერთმა თქვა: „როგორც კი შესცოდავთ, მოკვდებით, ან დაექვემდებარებით სიკვდილის კანონს". მათ შეცოდეს და დაექვემდებარნენ სიკვდილის კანონს. ამის შემდეგ მათი შვილებიც ექვემდებარებიან სიკვდილის კანონს. ამრიგად, წინაპრების ცოდვის მიზეზით შემოვიდა სიკვდილი სამყაროში".4

   აი, ასეთია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება სიკვდილისა და ცოდვის ურთიერთკავშირის შესახებ.

   ამრიგად, პავლე მოციქულის, იგივე წმ. წერილის სწავლება, რომ ადამის ცოდვის შედეგად ცოდვა „სოფლად შემოვიდა და ცოდვისა ძლით სიკვდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკვდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5. 12) ნიშნავს, რომ კაცობრიობას ადამის ცოდვის შედეგად დაეუფლა სიკვდილი. ადამში შევცოდეთ ყველამ. ამგვარ დაცემულ მდგომარეობაში მყოფი პირველი ადამიანები შობდნენ შვილებს, მათი შვილები ჩასახვისთანავე ხდებოდნენ წინაპართა ცოდვებისა და უსჯულოების ზიარნი (ფს. 50. 7).

   წმ. თეოფილაქტე ბულგარელი ამგვარად განმარტავს აღნიშნულ მუხლს წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეში: „ცოდვა და სიკვდილი სამყაროში ერთი ადამიანისაგან - ადამისაგან შემოვიდა და კვლავ ახალი ადამით - ქრისტეთი იქნა ძლეული". რას ნიშნავს სიტყვები: „რომლითა ყოველთა შესცოდეს? - იმას, რომ ადამში ყველამ შესცოდა. როგორც კი ადამი დაეცა, მაშინვე ჩვენც, ყველანი, ვისაც არ გვიგემია აკრძალული ნაყოფი, მოკვდავნი გავხდით, თითქოს იმგვარადვე დავეცით, იმიტომ რომ, ის დაეცა".5

   აღმოსავლეთის მამათა უმრავლესობა იყო ერთსულოვანი ტექსტის (რომ. 5. 12) განმარტებისას (მათ კრებსით განსაზღვრებებს ცალკე თემად შემოგთავაზებთ) ნეტარი ავგუსტინე აღმოსავლეთის წმინდა მამების მსგავსად ირწმუნებოდა, რომ ადამიანის ბუნება მთლიანად დაზიანდა, რომ ყოველი ადამიანი არა მხოლოდ პირველქმნილი ცოდვის შედეგისა და სასჯელის, არამედ თავად ადამის ცოდვის თანამონაწილე, თანაბრალეულია.

   წერილის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, რომ მოდერნისტებს (ამჯერად ი. მეინდორფს) დიდად არ ანაღვლებთ მართებულადაა თუ არა თარგმნილი მოხმობილი ციტატა, ამ შემთხვევაში, პავლე მოციქულის ეპისტოლედან მუხლი. მათთვის პავლე მოციქულის მთლიანი სწავლება ცოდვასა და სიკვდილზე, გამოსყიდვის დოგმატზე, არის მიუღებელი. ამას ადასტურებს ი. მეინდორფის სხვა ტექსტი: „აქ (ადამის ცოდვის შესახებ სწავლებაში) არსებობს დასავლური ავგუსტინიზმისაგან განსხვავებული პერსპექტივა, რის მიხედვითაც დაცემული ბუნება კოლექტიური ბრალეულობის განხრით განიხილება... ამაში იკვეთება იურიდიული დოქტრინა ცხონებისა, რომელიც, სხვათა შორის, პავლე მოციქულსაც გააჩნდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის რჯულის ცნობიერებაზე დაფუძნებულ რაბინისტულ მიდგომებს იყენებდა".6

   როგორც ვხედავთ, დეკანოზი ი. მეინდორფი არა მხოლოდ ნეტ. ავგუსტინეს, არამედ თავად პავლე მოციქულსაც სდებს ბრალს რაბინიზმის ზეგავლენაში. აქედან დასკვნაც: ნეტ. ავგუსტინესა და პავლე მოციქულის სწავლება არის იდენტური და ეკლესიის სისავსის გამოხატულება. რაც შეეხება ი. მეინდორფის თეზებს: რაგვარი თარგმანიც არ უნდა შემოგვთავაზოს წმ. წერილისა, ეს მისი კერძო აზრია (თეოლოგუმენია) მხოლოდ, რაც არაფერს ცვლის არც პავლე მოციქულის და არც წმ. მამათა უცდომელ სწავლებაში.

   ი. მეინდორფი პარიზული ინტერპრეტაციებით ცდილობს ზოგიერთი წმ. მამის სწავლების სათავისოდ გამოყენებას. ამის შესახებ შემდეგ თავში ვისაუბრებთ.

 

 

 

1დეკ. ი. მეინდორფი. ანთროპოლოგია და პირველქმნილი ცოდვა. 05/01/2016. By Orthodox Theology.

2Митр. Филарет Дроздов. Просмрянный Христианский катахизме. С. 34.

3 ციტ.Толкования Свю Феофаны Затворника. Толк. Посл. Ап. Павла Послание к Римлянам. С. 307-308. М. 1996.

4იქვე. Св. Феофан Затворник.

5Св. Феофилакт Болгарский. Ап. Павла.

6Наследие Адама с точки зрения И. Меиндорфа. Azbuka.ru.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net-ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება