მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ნებელობა და მოქმედება ბუნების კუთვნილებაა“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
„ნებელობა და მოქმედება ბუნების კუთვნილებაა“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე3-11-2024, 06:04 |
ნეოპელაგიური ტენდენციების გამოჩენა ანთროპოლოგიასა და სოტერეოლოგიაში განპირობებულია „ნებისა და მადლის სინერგიის" ორაზროვანი კონცეფციით, რაც სწორედ მოდერნისტული ღვთისმეტყველებისთვის არის დამახასიათებელი. ვგულისხმობთ ნახევრადპელაგიურ ბუნდოვანებას, რაც სხვადასხვაგვარი განმარტების საშუალებას იძლევა და რის შედეგადაც საღვთისმეტყველო ლიტერატურაში გამოჩნდა ერთგვარი ტრენდი - ნეოპელაგიანობა. კლასიკური მახასიათებელი პელაგიანობისა გახლავთ ნეტარი ავგუსტინეს ღვთისმეტყველებისა და თავად წმინდანის მიუღებლობა. ხელაღებით უარყოფილია ნეტარი ავგუსტინეს ტერმინი „პირველქმნილი ცოდვა", რაც განმარტა და განსაზღვრა კართაგენის ავტორიტეტულმა კრებამ 418 წელს და რაც ზუსტად შეესატყვისება პავლე მოციქულის სწავლებას. სწორედ მსგავსი ნიჰილიზმია, მყისიერად რომ ავლენს პელაგიურ სულისკვეთებას ახალ თეოლოგებში. პავლე მოციქულის სწავლების ჭეშმარიტი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ძველი კაცობრიობისთვის ცოდვა, ცოდვისმიერი არსი ბუნებრივია და არა ინდივიდუალური ნება. ე.ი. პელაგიანობისა და მოდერნიზმისთვის ცოდვა წარმოიშვება პირადი ნების კანონით, მაშინ როდესაც მოციქულიც, კრებაც, წმინდა მამებიც კი ამბობენ, რომ პირველქმნილი ცოდვის შედეგად მთლიანად კაცობრივი ბუნება დაზიანდა. ნეოპელაგიანობაში კი ასეა: ნებისმიერ ინდივიდს აქვს შესაძლებლობა სცოდოს ან არ სცოდოს. თუკი სცოდავს, ეს მხოლოდ საკუთარი ინიციატივაა (და არა ბუნებრივი ცოდვილობის შედეგი), თავად იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, ხოლო ვინც საკუთარი ნების არ სცოდა - ჯილდოვდება. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. წმ. წერილისა და წმ. მამათა სწავლების თანახმად, მხოლოდ და მხოლოდ მაცხოვრის ბუნება არ დაზიანებულა ცოდვით - „უყვედრელი ვნებები" მან ნებაყოფლობით იტვირთა. შედეგად, რა თქმა უნდა, მაცხოვარს გნომური ნებაც არ ახასიათებდა. მაგრამ ძველი კაცობრიობისთვის ბუნების ზიანი, ვნებულობა ყველას დამახასიათებელია - „ადამში ყველამ შევცოდეთ". გნომური ნების სწავლების განხილვისას პრინციპულად უნდა განვასხვავოთ ქრისტოლოგია ანთროპოლოგიისაგან. დაუშვებელია გავაიგივოთ პირველი ადამისა და ახალი ადამის (ქრისტეს) „ბუნებრივი ნებელობები". რატომ? იმიტომ რომ, მარტოოდენ პირველი ადამის „ბუნებრივი ნება" არასაკმარისია სათნოებაში მყოფობა - დარჩენისათვის (რაც უტყუარად დაადასტურა ცოდვით დაცემამ), არამედ ეს შესაძლებელია, მიიღწევა მხოლოდ ღვთის ნებითა და ღვთაებრივი მადლით. ქრისტეში გნომური ნების არარსებობა (წმ. მაქსიმეს საბოლოო პოზიცია) ამავდროულად ნიშნავს მასში პირველქმნილი ცოდვის აუმოქმედებლობას; კაცობრიობაში კი სწორედ მადლის დაკარგვა იწვევს ადამიანის ბუნებრივი ნების გნომურობასა და ცოდვისმიერობას. ორთოდოქსიის (ე.ი. ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის) პრინციპული განსხვავება ფსევდომართლმადიდებლობისაგან არის შემდეგი: 1) ორთოდოქსული სწავლება ნებასა და ენერგიაზე გვეუბნება: „ნებელობა და მოქმედება ბუნების კუთვნილებაა... ვინაიდან ნებელობით ბუნებრივად მოცული არსება მიმართულია იარსებოს, იცხოვროს და იმოქმედოს გრძნობებისა და გონების შესატყვისად, ყოფიერების სისავსისა და მისი ბუნებისაკენ მიდრეკილი".1 "действие и воление принадлежит природе… ибо сущность, природно охваченная волей, стремится быть, жить и двигаться соответственно чуству и уму, влекомая к полноте бытия, соответствующей ее природе". ყალბი „მართლმადიდებლობის" პირველი ნიშან-თვისება გახლავთ ის, რომ „ნებასა და მოქმედებას მიაწერენ პირს, ინდივიდს და არა ბუნებას". ხოლო წმ. წერილის (პავლე მოციქულის ეპისტოლეები), ავტორიტეტული კრებების (კართაგენის 418, მსოფლიო კრებების მიერ დამოწმებული) და წმ. მამათა (ნეტ. ავგუსტინე, წმ. მაქსიმე აღმსარებელი და მრავალი სხვა) სწავლებით, პირველქმნილი ცოდვის შედეგად ადამში ყველა ადამიანის ბუნება დაზიანდა, ცოდვამ ყველა დაგვაზიანა. „ბუნებრივი ნება" და „ბუნებრივი მოქმედება" - ეს ის ჭეშმარიტი დოგმატური სინდიკატია, სადაც წმ. მაქსიმესა და ნეტარი ავგუსტინეს სწავლებანი სრულად ემთხვევა პავლე მოციქულის ეპისტოლეთ. ორივე წმიდა მამა ამ უცილობელ, ურყევ, საბოლოო სიმართლემდე ხანგრძლივმა ძიებამ, საკუთარი საღვთისმეტყველო სისტემების სრულქმნა-სრულყოფამ მიიყვანა. თავის მხრივ, აღნიშნული პრინციპის - „ნებელობა და მოქმედება ბუნების კუთვნილებაა" (და არა პირის) დეტერმინებული ეკლესიის სისავსის მიერ ნეტ. ავგუსტინეს საშუალებას აძლევს განმარტოს ახალი და ძველი ადამიანის სულიერი ცხოვრების მოქმედების მექანიზმი. ვინაიდან ცოდვისმიერობა (პირველქმნილი ცოდვის მდგომარეობაში ყოფნა, იგივე სულიერი სიკვდილი) გახლავთ ძველი ადამიანის ბუნების „კანონი", რის გამოც მას არ ძალუძს არ ჩაიდინოს ცოდვა. მოვუსმინოთ პავლე მოციქულს: „რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისათა შინაგანითა მით კაცითა და ვხედავ სხვასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განუწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისათა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა" (გალ. 22-23). „რამეთუ უწყი, ვითარმედ არღარა დამკვიდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ხორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაი იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მას არა ვჰპოებ" (რომ. 7. 18). „რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ" (რომ. 7. 15). როგორც ვხედავთ, წმ. წერილში (ეპისტოლეებში) ბუნებრივი ნებელობისა და მოქმედების ტოტალური დეტერმინიზმი მეფობს: პირველქმნილი ცოდვით დაზიანებული ბუნების მქონე ადამიანს არ შეუძლია არ სცოდოს, არამედ ეს ძალუძს მხოლოდ რჩეულებს: „ვითარცა-იგი გამოგვირჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა" (ეფ. 1. 4). ნეოპელაგიანობაში (მოდერნიზმში) „რომელი ნებავს" თუ „არ ნებავს", ინდივიდუალურად ადამიანის გადასაწყვეტია (ადამიანის თვითუფლებრივობა). ეს კი სინამდვილეში საფუძვლიანად ამახინჯებს მოციქულის სწავლებას ძველი და ახალი ადამიანის, იგივე პირველქმნილი ცოდვისა და ცხონების შესახებ. ამრიგად, ქრისტეს კაცობრივ ბუნებაში, ვით ღვთაებაში, ვით ჭეშმარიტი ღმერთკაცის ბუნებაში, დაუშვებელია გნომური მერყეობა ან პოტენციური არჩევანის კეთება, როგორც ეს პირველ ადამშია. ამიტომ განღმრთობის მადლის (განსხვავებით ქმნილების მადლისაგან, რაც ჰქონდა ადამს), სისავსე, რომელსაც ფლობდა მაცხოვარი (მეორე ადამი, პირველისაგან განსხვავებით), არ შეიძლება დაეცეს, გამოავლინოს გნომი, მერყეობა, ცოდვა. იმავე განღმრთობის მადლის მოქმედება აძლევს ახალ ადამიანს (ნათელღებულს, მართლმადიდებელს) საშუალებას განთავისუფლდეს ყალბი, არასწორი არჩევანისაგან, გნომური „ავტონომიისაგან".
1Прп. Максим Исповедник. Марину,преподнейщему пресвитеру. СПБ. 2014. С. 310.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |