მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ადამის ცოდვა - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

ადამის ცოდვა - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)


2-11-2024, 14:54

ადამის ცოდვა - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

 

   მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა წერილისა და წმინდა მამათა სწავლებაზე დაყრდნობით აღიარებს, რომ ადამის ცოდვის შედეგად შემოვიდა ჩვენში და მის (ადამის ცოდვის) შედეგად დაეუფლა კაცობრიობას სიკვდილი - ადამში ყველამ შევცოდეთ. ამიტომ საჭირო შეიქნა მეორე ადამის - იესო ქრისტეს განხორციელება, რათა დაცემული კაცობრიობა გამოხსნილიყო ტყვეობისაგან.

   არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) ნაშრომში „ადამის ცოდვა" („Грех Адамов") საფუძვლიანადაა განხილული აღნიშნული საკითხი. მოძღვრის აზრით, ყველა საღვთისმეტყველო პრობლემის (მათ შორის უნათლავი ჩვილების საიქიო ხვედრის შესახებ სწავლების) სათავე პირველქმნილი ცოდვის სიღრმისეულად გაუაზრებლობაა.

   მამა ლაზარე უღრმავდება კითხვას, თუ რაში მდგომარეობს უნათლავი ჩვილების, საკუთარი ცოდვების არმქონე ბავშვების ბრალეულობა. საკითხის ანალიზი წიგნის დასაწყისშივეა მოცემული.

   „ბოლო ჟამს სხვადასხვა წრეებში სულ უფრო ხშირად გაისმის აზრი, რომ ჩვილი ბავშვები სრულიად უცოდველნი, უდანაშაულონი, ... არიან, ამდენად მარტოოდენ ადამის ცოდვის, წმინდა ნათლისღების მიუღებლობის გამო შეუძლებელია ისინი ჯოჯოხეთის მკვიდრნი შეიქნან. მართლაც, ერთი შეხედვით, რა არის მათი ბრალეულობა, მარსებითად რაში მდგომარეობს მათი ცოდვა, და ბოლოს, რისთვის უნდა დაისაჯონ? მხოლოდ იმის გამო, რომ მშობლებმა არ მონათლეს? მხოლოდ იმიტომ, რომ ადამის, რომელმაც ოდესღაც ღვთის წინაშე სცოდა, შორეული შთამომავალნი არიან? შეიძლება ეს იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება? განა ღვთის კაცთმოყვარეობა დაუშვებს, სხვისი (ზრდასრული ადამიანის) ბრალეულობის გამო, სრულიად უდანაშაულო, ყოველგვარ ცოდვას მოკლებულ ჩვილებს გარდაცვალების შემდეგ ზეციური სასუფეველი არ დაუმკვიდროს?

   მართლაც, თუკი ამქვეყნიურ ლოგიკას მივყვებით, ღვთის მართლმსაჯულებას მარტოოდენ ადამიანური საზომით მივუდგებით, შედეგად გაუთავებელ გაუგებრობებსა და ეჭვებში ჩავვარდებით. საბოლოოდ კი ეკლესიის წმინდა სწავლების გადამოწმებასა და გადაკეთებას მივეცემით, ვინაიდან ყველა ეს შეკითხვა, საბოლოოდ, პირველქმნილი ცოდვის არსის, მისი შედეგებისა და გამოსყიდვის მნიშვნელობის გააზრებამდე მიგვიყვანს".

   მამა ლაზარე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ამ საკითხის მართებულ ახსნას, ვინაიდან, მისი აზრით, ვინც პირველქმნილი ცოდვის განსაზღვრების განმარტებაში შეცდება, ის უთუოდ ქრისტიანული სწავლების სხვა საფეხურზეც აცდება მართებულ გზას.

   სწორედ ადამის ცოდვა, პირველი ადამიანების მიერ ღვთის მცნებას გარდასვლა გახლავთ ის კანონდარღვევა, რომელიც კაცობრიობის მთელ მოდგმას პირქუში აჩრდილივით დაედო სასჯელად და რომლის მომაკვდინებელი შხამის ქვეშ ყველა ჩვენგანი დედის საშოში ჩასახვის დღიდან ვიმყოფებით."

   მამა ლაზარე წმ. მამათა კრებსითი სწავლების საფუძველზე განიხილავს, როგორ აღასრულა ეს უკანონობა ადამმა და დასძენს:

   „წმინდა მამათა სწავლების თანახმად ირკვევა, რომ სამოთხეში ჩადენილი წინაპართა ცოდვა არცთუისე მსუბუქია, როგორადაც ის ჩანს ზედაპირული განხილვისას. გარდა ამისა, ამ ცოდვამ უმძიმესი შედეგი არა მხოლოდ ადამისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის მოიტანა. ეკლესიის სწავლებაში სწორედ ეს მომენტია ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომაც შევჩერდებით მასზე:

   „მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" („Православное исповедание Церкви Восточной") ნათქვამია:

   „ვინაიდან ადამში ყველა ადამიანი უმწიკვლოდ იმყოფებოდა, როგორც კი მან შესცოდა, მყისიერად ყველამ შესცოდა მასში და ცოდვისმიერ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამდენად, არა მარტო ცოდვას დაექვემდებარნენ ადამიანები, არამედ სასჯელსაც - ცოდვისათვის. სასჯელის რაობა ღვთის შემდეგ განსაზღვრებაში განცხადდა: „მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან, როგორც კი შეჭამ, მოკვდები" (დაბად. 2. 17). იმავეს ამბობს მოციქული: „ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკვდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5. 12). ამრიგად, ამ ცოდვით ვისახებით დედის საშოში. დავით მეფსალმუნის სიტყვისამებრ: „რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა, და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" (ფს. 50). ამ ცოდვას „პირველქმნილი" ეწოდება, პირველყოვლისა იმიტომ, რომ აქამდე ადამიანი არ იყო ცოდვით დამძიმებული: მართალია თავისი ცოდვით უკვე გახრწნილი იყო ეშმაკი, რომლის შთაგონებითაც გაჩნდა ადამიანში ე.წ. პირველქმნილი ცოდვა, რომელსაც დაექვემდებარა მისგან (ადამისგან) შობილი ყველა ჩვენგანი, მეორეც: იმიტომ ეწოდება პირველქმნილი, რომ ადამიანი არ იბადება ცოდვის გარეშე".

   მართლმადიდებელი ეკლესიის ეს ძირეული დოგმატი რატომღაც ძნელად გასაგები შეიქნა რაციონალისტურად მოაზროვნეთათვის. სწორედ აქ ბრკოლდებიან ის ადამიანები, რომლებიც სარწმუნოებრივ საკითხებში დაეჩვივნენ ანალიტიკური აზროვნებით და არა სარწმუნოებრივი უბრალოებით ხელმძღვანელობას. მრავალმა ვერ გადალახა ეს დაბრკოლება, გონებისთვის მიუწვდომელი ჭეშმარიტება, რომელიც განგვიცხადა წმინდა წერილმა, წმინდა მამებმა და მძიმედ დაეცნენ.

   მამა ლაზარე წარმოაჩენს ორ უკიდურეს დაბრკოლებას, რომელშიც ვარდებიან საკუთარ მოსაზრებას მინდობილი ადამიანები. ეს დაბრკოლებებია:

   1) როგორ შეიძლება ადამის ცოდვა დაგვაწვეს მთელი სიმძიმით, როდესაც მასში ჩვენი ნება არ მონაწილეობდა? შედეგად, ჩვენ არ უნდა მოგვეთხოვოს პასუხი პირველქმნილი ცოდვისათვის.

   2) სხვისი (ადამის) ცოდვის გამო, რატომ უნდა ვიყოთ ბრალეულნი?

   როგორც უნდა აიხსნას, განიმარტოს ეს საკითხი? როგორ დავაკავშიროთ ერთმანეთთან, ერთი შეხედვით, დაუკავშირებელი ამბები? საქმე ისაა, რომ ადამის ცოდვა სწორედ უნებლიე შეცოდებებს მიეკუთვნება. „მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" დაისვა კითხვა: „როგორ განიმარტება მომაკვდინებელი ცოდვა?" პასუხია: „მომაკვდინებელი არის პირველქმნილი და ნებაყოფლობითი ცოდვა". ამის შემდეგ განვსაზღვროთ რა არის პირველქმნილი ცოდვა? საღვთისმეტყველო აზრის თანახმად, (Новая Сурыжаль. Ч. 4. §2. М. 1992. С. 328), „პირველქმნილი ცოდვა, პირველყოვლისა, არის უნებლიე შეცოდება ანუ წინაპრებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა, რომელიც არა ჩვენი ნებით, არამედ სხვისი ბრალეულობით მოხდა".

   წმინდა წერილისა და წმინდა მამების განმარტების კვალდაკვალ დავსძენთ: როგორც ადამში ყველა ჩვენგანმა შევცოდეთ, ასევე ქრისტეში ყველანი გავმართლდით. ღვთის სიტყვისა და წმინდა მამათა მოწმობის საფუძველზე მხოლოდ ამ ზღვრამდე შეგვიძლია გავყვეთ გონების მოთხოვნებს. ეს არის ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტება. ვინც ამაზე შორს მიდის საკუთარ მსჯელობებსა და განსჯებში, ღვთის კაცთმოყვარებისა და მართლმსაჯულების განხილვის ჟამს, ის უთუოდ ცრუშეხედულებების სისტემაში მოუწესრიგებელი, დანაწევრებული, რაციონალისტური ნააზრევის ქაოსში აღმოჩნდება.

   შემდეგ მამა ლაზარე წმინდა წერილისა და წმინდა მამების სიტყვებს იმოწმებს თავისი არგუმენტების დასადასტურებლად. ყველაზე მკაფიოდ ამ საკითხის შესახებ ნათქვამია წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეებში. ვინც ყურადღებით წაიკითხავს რომაელთა მიმართ ეპისტოლეს, პირველივე თავში აღმოაჩენს პავლე მოციქულის შემდეგ სწავლებას:

   „ამისთვის, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომელთა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5. 18).

   მამა ლაზარე ეპისტოლეს ამ მონაკვეთის განმარტებისას რამდენიმე წმინდა მამის: წმ. თეოფილაქტე ბულგარელის, წმ. თეოფანე დაყუდებულის, წმ. იოანე ოქროპირისა და სხვა მამების სწავლებას იშველიებს.

   წმ. თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს:

   „ცოდვა და სიკვდილი სამყაროში ერთი ადამიანისაგან - ადამისაგან შემოვიდა და კვლავ ადამით - ქრისტეთი იქნა ძლეული". რას ნიშნავს სიტყვები: „რომლითა ყოველთა შესცოდეს? - იმას, რომ ადამში ყველამ შესცოდა. როგორც კი ადამი დაეცა, მაშინვე ჩვენც, ყველანი, ვისაც არ გვიგემია აკრძალული ნაყოფი, მოკვდავნი გავხდით, თითქოს იმგვარადვე დავეცით, იმიტომ რომ ის დაეცა" (Св. Феофилакт Болгарский. Толк. Посл. Ап. Павла. СПБ. 1911. С. 318).

   აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ გარემოებაზე, - ამბობს მამა ლაზარე: წმინდა მამა მკაფიოდ მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენც ვართ ადამის ცოდვაში ბრალეულნი „როგორც კი ადამი დაეცა, მაშინვე დავეცით ჩვენც", თუმც „არ გვიგემია აკრძალული ნაყოფი", მხოლოდ იმის გამო, რომ „ის დაეცა". სწორედ ამ სიტყვებით გაესვა ხაზი ამ ცოდვაში ჩვენს უნებლიე ბრალეულობას. ამის მიუხედავად პასუხისმგებლობა მაინც გვეკისრება: „თითქოს იმგვარადვე დავეცით"...

   როგორც წმ. წერილისა და წმ. მამების სწავლებიდან ჩანს, ყველა ადამიანი სწორედ ადამის ცოდვის გამო დაისაჯა სიკვდილით, თუმც თავად არ მონაწილეობდა ცოდვაში. ყველა ჩვენგანმა ადამისაგან მემკვიდრეობით მივიღეთ დაცემული კაცობრივი ბუნება... რადგან სწორედ ეს ბუნება იყო ადამსა და ევაში, როდესაც დაუპირისპირდნენ ღმერთს, მის წმინდა მცნებას, მოექცნენ წყევის ქვეშ, სიკვდილისაკენ მიიდრიკნენ.

   დიახ, ჩვენ მემკვიდრეობით ვიღებთ სწორედ იმ ნებას, რომელსაც ადამმა მისცა დასნეულებისა და არაბუნებრივი მოქმედების ნება. ამიტომ ახლა ჩვენი ნებაც იოლად მიიდრიკება ცოდვისაკენ და მერყეობს ბოროტებასა და სიკეთეს შორის... მაგრამ უმართებულო იქნება თქმა იმისა, რომ ჩვენი ნებით შევცოდეთ ადამთან ერთად. ჩვენი პიროვნული არჩევანი არ მონაწილეობდა ედემში, როდესაც გველი წინაპრებს აცდუნებდა, ღვთის მცნების დარღვევას სთავაზობდა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, მრავალი ჩვენი თანამედროვისთვის ეს დოგმატი „დაბრკოლების ლოდად" იქცა. თანამედროვე რაციონალისტურ-ჰუმანისტური სული კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ჭეშმარიტებას იმ სახით, როგორც ამას გვთავაზობს ჩვენი ეკლესია, მაგრამ:

   როგორ მიიღოს გონებამ განცხადებული ჭეშმარიტება - ერთი ადამიანის ცოდვის შედეგად ყველას სიკვდილით დასჯის აუცილებლობა?

   მამა ლაზარეს რჩევით, „პირველყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ გარემოებას - ის უდავო ჭეშმარიტება, რომ ყველა ადამიანს ღვთის მართლმსაჯულება სიკვდილით სჯის, თითქმის არსად განიხილება ცალკე, გამოყოფილად იმ მეორე ჭეშმარიტებისაგან, რომ ყველა ადამიანს ძალუძს ცხონება ერთი ადამიანის - იესო ქრისტეს მადლით. თუკი ცალ-ცალკე განვიხილავთ ამ ორ ჭეშმარიტებას, შესაძლოა, არცთუ სამართლიანად მოგვეჩვენოს ზოგიერთი ასპექტი.

   მაგრამ არც წმინდა წერილში, არც წმინდა მამებთან არასდროს განხილულა ეს საკითხი ცალ-ცალკე, დანაწევრებულად. ღვთის მართლმსაჯულებაზე საუბრისას ყოველთვის ღვთის სიყვარულსა და კაცთმოყვარებაზეა მინიშნება. ერთიც და მეორეც ურთიერთკავშირში განიხილება ადამიანის ცხონების საკითხში.

   ამგვარი შედარება საკმაოდ ხშირად გვხვდება პავლე მოციქულის ეპისტოლეში: „რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროს მადლი იგი ღმრთისა და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესო ქრისტესითა მრავალთა მიმართ აღემატა" (რომ. 5. 15). იმავე აზრი იკვეთება (რომ. 5. 16; 5. 17; 5. 18; 5. 20; 5. 21).

   ასე რომ, ყველგან, სადაც საუბარია „ვითარცა-იგი სუფევდა ცოდვა სიკვდილსა შინა, ეგრეცა მადლი სუფევდეს სიმართლესა მიერ ცხოვრებად საუკუნოდ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა"... (რომ. 5. 21).

   ამრიგად, არაფრით შეიძლება ამ ორი თვისების - მართლმსაჯულებისა და კაცთმოყვარების დაშორება ჩვენი გამოსყიდვის საიდუმლო ამ ორივე თვისებაზეა აგებული და არა რომელიმეს უპირატესობაზე.

   მამა ლაზარე ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ პირველქმნილ ცოდვაში ეკლესია მარტო ცოდვისადმი ჩვენს მიდრეკილებებს მოიაზრებს. არ არის ასე მარტივად, რომ ადამიანი ადამის მსგავსად ხშირად ნებით მიილტვის ღვთის საწინააღმდეგოსაკენ და პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ ცოდვაზე იღებს, ადამისაგან კი მხოლოდ ცოდვისაკენ ერგო წილად. არა! პირველქმნილი ცოდვა გაცილებით უფრო სიღრმისეული ცნება გახლავთ.

   ადამის ცოდვაზე მსჯელობისას ჩვენი გაამსოფლიურებული გონება დაჟინებით ცდილობს იპოვოს პირადი, ნებსით და შეგნებულად ჩადენილი ცოდვა და სწორედ ამ კონკრეტულ ცოდვას მიაბას ბრალეულობა და სასჯელი. ეს იმიტომ გვემართება, ამბობს მამა ლაზარე, რომ სარწმუნოებრივი დოგმატის განხილვის დროს გვეკარგება მთლიანი სურათი და ვივიწყებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დოგმატის დანაწევრებული გააზრება.

   ისაუბრო მხოლოდ ღვთის მართლმსაჯულებაზე ან მის კაცთმოყვარებაზე, ისევე როგორც ისაუბრო ადამის ცოდვაზე და არაფერი თქვა ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლზე, ეს ნიშნავს ისაუბრო აბსტრაქტულად, არ თქვა ჭეშმარიტებაზე ძირითადი სათქმელი.

   ყოველივე ეს განაპირობებს „ზეწოლას", აქცენტირებას ცალკეული პიროვნების პირად ცოდვაზე განსაკუთრებული სიცხადით წარმოჩნდა ეს გაუგებრობა ჩვილებთან დამოკიდებულებაში - მათ ხომ არ შეეძლოთ ცოდვის ჩადენა და მისთ...

   მსგავს ვერგაგებას დოგმატისას მივყავართ პოლემიკაზე და სხვადასხვაგვარ ეჭვებამდე უნათლავად მომწყდარი ჩვილების ხვედრის შესახებ, მაგრამ:

   პირველქმნილი ცოდვის საკითხს ნამდვილად მივყავართ ჩვილების ნათლობის აუცილებლობამდე. მამა ლაზარე კართაგენის კრების (418 წ.) პელაგიური ერესის წინააღმდეგ განსაზღვრული კანონისაკენ მიგვითითებს. აი, თავად კანონი:

   „ასევე განსაზღვრულ იქნა, რომ ვინც უარყოფს და არ აღიარებს ცოდვათა მისატევებლად მონათლულ ჩვილთა და დედის მუცლიდან ახლად შობილთა ნათლობას და ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ მეორედ შობის საბანელით ადამისმიერი ცოდვისა და იქიდან წარმავალი ჭუჭყისგან განწმენდას, რომ მათი ნათლისღების სახე არის არა ჭეშმარიტი, არამედ მოჩვენებით, შეჩენებული უნდა იყოს, ვინაიდან სხვანაირად არ შეიძლება გავიგოთ მოციქულის მიერ ნათქვამი, რომ - „როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ რომ ამით ყველამ შესცოდა" (რომ. 5. 12). [ეს უნდა გავიგოთ ასე], როგორც ესმის ყოველ მხარეს გავრცელებულ და ყველგან, ქვეყნის ყველა ნაწილში განფენილ კათოლიკე ეკლესიას. სარწმუნოების ამ კანონით ცოდვათა მისატევებლად ჭეშმარიტად ნათელს იღებენ ჩვილნიც, თუმცა მათ არ შეუძლიათ თვითონ ცოდვის ჩადენა, რათა განიწმინდონ ისინი მეორე შობით იმ  შეცოდებისაგან, რომელიც მიიღეს პირველი მამისაგან [ადამისაგან]. (რჯულის კანონი. კართაგენის კრება. კანონი 110. გვ. 124).

   როგორც ვხედავთ, საეკლესიო სწავლება ხშირად ხაზს უსვამს იმ ჭეშმარიტებას, რომ არა მხოლოდ პირადი ცოდვის სიმძიმე და პირველქმნილი ცოდვის შედეგი, არამედ კიდევ უფრო მძიმე სულიერი სნეულება ართულებს მათ (უნათლავების) მდგომარეობას - ისინი საჭიროებენ გამოხსნას ნათლისღების მადლის მეშვეობით. ამრიგად, ჩვილებიც ნამდვილად დევს ცოდვა, რომელიც ცხადჰყოფს მათ ბრალეულობას ღვთის წინაშე, თუმცა ეს არ არის მათი პირადი ცოდვა".

   მამა ლაზარე ასევე საჭიროდ მიიჩნევს თავად პირველქმნილი ცოდვის შედეგების განხილვას, იმის ახსნას, თუ როგორ და რანაირად აისახა ის ყველა ჩვენგანში. საამისოდ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რა ხარისხის იყო თავად ადამის ცოდვა, როგორ გადმოეცა ეს სნეულება და სიკვდილი ჩვენს სხეულსა და სულს.

   „პირველყოვლისა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ადამის ცოდვას აქვს ორი მხარე, ორი ასპექტი: ზნეობრივი და სამართლებრივი. ადამმა შესცოდა როგორც შვილმა მამის წინააღმდეგ, ამავდროულად, როგორც კანონის ქვეშ მყოფმა კანონმდებლის წინააღმდეგ. ანუ მან (ადამმა) შესცოდა როგორც ღვთის სიყვარულის, ისე ღვთის მართლმსაჯულების წინააღმდეგაც. დანაშაულის შედეგიც ორგვარია: ერთი მხრივ, დაისაჯა კანონდამრღვევი: „მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდები" (დაბად. 2. 17) - და დაექვემდებარა კიდეც ამ სასჯელს.

   მეორე მხრივ: მან (ადამმა) ჩაიდინა სხვადასხვა ზნეობრივი ცოდვა ღვთის სიყვარულის წინააღმდეგაც. ამით ადამმა შეიტანა რღვევა, მერყეობა, გაორება მთელ თავის შინაგან სამყაროში, მოარყია მთელი თავისი ზნეობრივი სიმტკიცე. ე.ი. დანაშაულისათვის იგი არამარტო დაისაჯა, არამედ შეიბილწა კიდეც, მოაკლდა სიწმინდესა და უბიწოებას. სწორედ ამ ორგვარ დაცემას ვატარებთ ჩვენც ადამთან ერთად. სწორედ ამიტომ ვართ კანონდამრღვევნიც - ვისჯებით და ცოდვილებიც, რაკი ვატარებთ ცოდვისადმი მიდრეკილებებს. სწორედ ამას ვამბობთ დავით მეფსალმუნესთან ერთად: „უსჯულოებასა შინა მშვა მე დედამან ჩემმან"..., „მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა" (ფს. 50).

   მამა ლაზარე წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვასაც გვახსენებს:

   „კაცობრივი ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია. ღმერთს არ შეუქმნია ცოდვილი ადამიანი, არამედ წმინდა და უმწიკვლო შექმნა იგი. მაგრამ როდესაც ადამმა დაკარგა სიწმინდის სამოსი, გახდა ხრწნადი და მოკვდავი, მაშინ ყველა, ადამის თესლისაგან შობილი, ჩასახვისთანავე წინაპრის ცოდვის თანაზიარი გახდა. შობილმა ადამიანმა, თუგინდ ცოდვის არჩამდენმა, უკვე სცოდა პირველქმნილი ცოდვით". (Слово Преподобного. Св. Свимеона Нового Богослова. М. 2006. Ч. 1. С. 443).

   ამრიგად, ადამში ეს (პირველქმნილი ცოდვა) გახლდათ პირადი ცოდვა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენში ეს არ არის პირადი ცოდვა, არამედ მშობლებისაგან მიღებული ბუნების ცოდვიანობაა. ადამმა შესცოდა, ე.ი. ნებით დაარღვია ღვთის მცნება და ამის შედეგად გახდა ცოდვილი - მთელი თავისი ბუნება მან მიდრიკა ცოდვისკენ. შედეგად, პირადად შეიქნა ბრალეული ღვთის წინაშე. ხოლო ჩვენ არ შეგვიცოდავს ადამთან ერთად, მაგრამ მისი ცოდვის შედეგად შევიქენით ცოდვილები: „რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოხდეს მრავალნი" (რომ. 5. 19), მივიღეთ რა მისგან (ადამი) ცოდვისმიერი ბუნება „ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა იგი სხვანი" (ეფ. 2. 3).

   ამიტომ საუბრობს ეკლესია ნათლისღების (მათ შორის ჩვილთა ნათლისღების) აუცილებლობაზე, ვინაიდან სხვაგვარად ადამიანი რჩება იმ სასჯელის ქვეშ, რომელიც არგუნა ადამის ცოდვის შედეგმა. მხოლოდ ნათლისღებით ვიბადებით ღმერთში, ქრისტეში. ე.ი. ვკვდებით ცოდვისათვის და ავღორძინდებით ახალი ცხოვრებისათვის. მხოლოდ ამგვარად ხდება ჩვენი განახლება. მხოლოდ ამის შემდეგ ვხდებით „ცნობადნი" ღვთისთვის".

   აქ საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება: მაშ „როგორღა ცხონდებოდნენ ძველიაღთმისეულნი, როგორ შეეძლოთ მათ ქრისტეს რწმენის თანაზიარობა".

   მამა ლაზარე წმინდა წერილის მრავალ მოწმობაზე დაყრდნობით, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების საფუძველზე ასკვნის, რომ არა უბრალოდ „მართალნი", არამედ მხოლოდ „უფლის მომლოდინე და მორწმუნე მართალნი" ხდებოდნენ ცხონების ღირსნი.

   „სწორედ რწმენით, მოლოდინით, საქმეებით, ამ რწმენის გამოვლინებით შეეძლოთ მათ გამხდარიყვნენ იმ წყალობის თანაზიარნი, რომელიც მიემადლა მთელ კაცობრიობას მაცხოვრის ჯვრის მსხვერპლით".

   შემდეგ არქიმანდრიტი დასძენს: „მაცხოვრის ჯვარი არის ცხონების იარაღი, რომლის თანაზიარების გარეშე ვერასდროს ცხონდება ვერც ერთი ადამიანი, ჩვილი იქნება ის თუ ზრდასრული... ვით უდაბნოში, აღთქმული იუდეისკენ მსვლელობისას, შხამიანი გველებისაგან დაკბენილნი იღუპებოდნენ ტანჯვით, ხოლო მოსეს მიერ ძელზე აღმართული სპილენძის გველის ცქერა სიკვდილისაგან ხსნის ერთადერთი საშუალება იყო. ვისაც არ გააჩნდა რწმენა და არ უყურებდა აღმართულ გველს, იღუპებოდა. ასეა დღესაც: მხოლოდ ის არის დაცული სულიერი გველის მომაკვდინებელი კბენისა და სულიერი სიკვდილისაგან, ვინც რწმენით შეჰყურებს ჯვარზე გაკრულ ჩვენს მაცხოვარს, ანუ ვინც რწმენითა და რწმენის საქმეებით არის მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილის თანაზიარი. ადამიანები უძველესი დროიდან, ადამიდან სვიმეონ მიმრქმელამდე, (ხოლო ახალ აღთქმაში ყოველი ქრისტეს მორწმუნე, ვიდრე დღემდე), უცქერდნენ ჯვარზე სიკვდილით გამომსყიდველს. მხოლოდ ამგვარად შეეძლო ადამიანს მარადიული ცხონების კარიბჭეში შესვლა. ჯვარი ქრისტესი - ცხოველმყოფელი ძელია, რომლის ჩრდილიც კი კურნავს და აცხონებს. მხოლოდ მას, ვინც რწმენით შეუდგა ამ საფარველს, მიენიჭა ღვთის მაცხოვნებელ მადლთან მიახლების უფლება. ეს მფარველობა ყველა დროში ვრცელდება.

   წმ. თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: ქრისტეს ჯვარი მისი სისხლით აღმართულია შუაში და თავისი განმწმენდელი ძალით ყველა წინარე და ამჟამინდელ ცოდვილს უნათებს" (Св. Феофан Затворник. Творения. Толкование Посл. Ап. Павла). ღმერთთან შერიგების სხვა გზა არ არსებობს: „რამეთუ მას შინა სათნო იყო ყოველივე სავსებაი დამკვიდრებად. და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ, მშვიდობაჰყო. სისხლითა მით ჯუარისა მისისათა მის მიერ, გინათუ ქუეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინა" (კოლ. 1. 19-20). „და არავინ არს სხვით ცხორებაი და არცაღა არს სახელი სხუაი ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაი ჩუენდა" (საქმე 4. 12). უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მამა ღმერთის შეცნობა არავის ძალუძს, „გარნა ძეს და მას, ვისაც ძე ღმერთი განუცხადებს", როგორც ამბობს წმ. ირინეოს ლიონელი (II საუკ. წმ. მამა). „ძე კი განუცხადებს მამის შესახებ ყველას, ვისაც სურს შეიცნოს ის (ღმერთი), ხოლო მამის კეთილი ნებისა და ძის ქმედების გარეშე ვერავინ შეიცნობს ღმერთს". ამიტომაც ეუბნება მაცხოვარი თავის მოწაფეებს: „მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხორებაი; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ. უკეთუმცა მიცოდეთ მე, მამაიმცა ჩემი იცოდეთ". ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ღმერთი შეიცნობა ძის ანუ სიტყვის მეშვეობით. ამიტომაც „იუდეველები განუდგნენ ღმერთს, არ მიიღეს მისი სიტყვა, არამედ წარმოიდგინეს, რომ შეუძლიათ თავისთავად შეიცნონ მამა სიტყვა ღმერთის ანუ ძის გარეშე".

   ყოველ ქრისტიანს მტკიცედ უნდა სწამდეს, რომ ადამში მოკვდა ყველა, რომ მარადიული ნეტარებისთვის ცოცხლდება მხოლოდ ქრისტეს მორწმუნე. „ვითარ-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებასა" (რომ. 5. 18), რომ ადამიანი ქრისტეში გამართლების ღირსი ხდება რწმენისა და რწმენის საქმეების მეშვეობით. ადამისაგან ცხოვრება რომ მიიღო, ცხოვრებასთან ერთად მისმა ყველა შთამომავალმა მემკვიდრეობით მიიღო წყევაც, რომლის ქვეშაც იმყოფებოდა ადამი. ის სულიერი სიკვდილიც მიიღო ღვთისაგან და მისი მადლისაგან განშორებაც, რაც თავისი დანაშაულის შემდეგ დაითმინა ჩვენმა წინაპარმა. ვიღებთ რა მშობლებისაგან სიცოცხლეს, მემკვიდრეობით ვიღებთ სიკვდილსაც, რომლის ქვეშაც იმყოფება მთელი კაცობრიობა. ამ სიკვდილისაგან განთავისუფლების მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ქრისტეს სიკვდილთან სულიერი თანაზიარობა, რაც რწმენის მეშვეობით, ღვთივსათნო ცხოვრებით, გაუბზარავი, ჭეშმარიტი სარწმუნოებითა და რელიგიური წეს-განგებით აღესრულება. ისინი ამოწმებენ სარწმუნოებას და მორწმუნეთ იმ დიადი მოვლენის თანაზიარს ხდიან, რომელმაც გარდაქმნა წეს-ჩვეულება.

   მამა ლაზარეს წიგნი „ადამის ცოდვა" საკმაოდ ვრცელი ნაშრომია. აქ არქიმანდრიტი წმინდა მამებისეულ კიდევ ბევრ არგუმენტს იშველიებს, დეტალურად განმარტავს ადამის ცოდვის არსს, მის შედეგებს ადამიანის ცხოვრებაზე.

   დასკვნის სახით მამა ლაზარე იმ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც შეიძლება გასაქანი მიეცეს პირველქმნილი ცოდვისა და უნათლავი ჩვილების ხვედრის არამართებული გაგების შემთხვევაში. (მსგავსი ფაქტი სულ ახლახან მოხდა რუსეთის ეკლესიაში, როცა უნათლავი ჩვილების შესახებ არასწორი მოსაზრება გამოთქვეს). ამიტომ ის კიდევ ერთხელ შეგვაგონებს:

   „საკითხი პირველქმნილი ცოდვის შესახებ დღესაც მეტად აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიას მასზე უცხადესი შეგონებები და განმარტებები გააჩნია. ეკლესია ყოველთვის ცდილობდა თანაგრძნობით მოჰკიდებოდა გაუბედურებულებს. ეკლესია საუბრობს მათი (ჩვილების) საიქიო ხვედრის შესახებ შერბილებული ტონით და მხოლოდ მაშინ, როდესაც ცრუსწავლების საფრთხის მოახლოებას გრძნობს, მყისიერად ამხელს შემცოდეთ მრისხანე სიტყვით.

   სარგებლობენ რა მავანნი ეკლესიის ამ დამოკიდებულებით, იმის ნაცვლად, რომ ამხილონ წარმართული გარემოცვა, ასწავლონ თავიანთ ახლობლებს ქრისტიანული ცხოვრების მოთხოვნები და გადაარჩინონ სულები, ნაცვლად ამისა, ისინი ცდილობენ თავად ეკლესია, თავად მართლმადიდებლობა მოარგონ ამა სოფლის ცოდვისმიერ და დაცემულ სულს. სულ უფრო ხშირად გაისმის ახალი „ინდულგენციებისა" და „დაშვებისაკენ" მოწოდებები. ასეთები გვევლინებიან დაცემული, არაეკლესიური საზოგადოებების ადვოკატებად, სათავისოდ იყენებენ წმინდა მამების კონტექსტიდან ამოგლეჯილ ან აზრდაუმთავრებელ ციტატებს... მსგავსი „მახეების" მიღმა სხვა რამ იკვეთება: გამალებული სურვილი წაშალონ ეკლესიის საზღვრები, დაამახინჯონ უცხადესი სარწმუნოებრივი სწავლება ცრუსწავლებებთან ბრძოლისა და ცხონების შესახებ.

   ამრიგად, უნათლავად მოწყვეტილ ჩვილთა ცხონების ერთი შეხედვით „უვნებელი" სწავლება არის დედაეკლესიის საზღვრების გარღვევის შეფარული მცდელობა - სურთ გაიკეთონ საძრომი. ზღუდეზე გადმოძრომისას ადვილშესამჩნევნი იქნებიან, უმალ პასუხს მიიღებენ მართლმადიდებლებისაგან. მტკიცედ გვჯერა: თუკი მივცემთ ხსენებული საძრომის გაკეთების საშუალებას (ანუ უნათლავ ჩვილთა ცხონების შესაძლებლობას), მათეული საძრომი ხვრელი მალე მრავალი უცნობის (არამართლმადიდებლების, ერეტიკოსების და მისთ.) ფართო შესასვლელად გადაიქცევა. შესაძლოა ვინმე ფიქრობს, რომ ვამუქებთ ვითარებას, წერს მამა ლაზარე, მაგრამ სწორედ ჩვენს დროში მიმდინარეობს გამალებული მუშაობა საიმისოდ, რომ კაცობრიობამ საბოლოოდ დაკარგოს ჭეშმარიტი ორიენტირი - ბოროტებისა და სიკეთის გარჩევის უნარი.

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 



უკან დაბრუნება