მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > „კანონების“ მნიშვნელობა
„კანონების“ მნიშვნელობა18-01-2013, 00:06 |
საკმარისია საჭე ვერ დაიმორჩილო, სულ ოდნავ შეუცვალო მიმართულება - და მიზანსაც ასცდები, თავიდან ეს აცილება შეუმჩნეველი იქნება, მეორე კი - სულ უფრო თვალშისაცემი. ამიტომ უნდა დავიცვათ მართალი აღმსარებლობა და მუდმივად ვამოწმებდეთ საკუთარ თავს. ხელოსნებს თავიანთი ყალიბები აქვთ და მათ მიხედვეით ასწორებენ საგნებს, რომლებიც ფორმას კარგავენ. ასეთივე „ყალიბები", ანუ კანონები აქვს ეკლესიასაც. ბერძნულად მათ კანონები ეწოდებათ (კანონი - წესი, ნიმუში; ამ ტერმინს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში იყენებს - გალ. 6, 16; ფილიპ. 3, 16). ეკლესიის მოწყობა, მისი კანონები წმ. მოციქულთა, წმ. მამათა, მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონებით ანუ ეკლესიის კანონებით განისაზღვრება. ქრისტიანი თავის კერძო სულიერ ცხოვრებაში „ლოცვითი კანონებით" ხელმძღვანელობს: დილა - საღამოს ლოცვითი კანონი, ზიარებისწინა ლოცვითი კანონი და სხვა. ამ ლოცვითი კანონების დანიშნულება მხოლოდ ის როდია, რომ ადამიანს ლოცვის დისციპლინა შეუნარჩუნოს და გულმოდგინება აღუძრას, მათ უფრო ფართო მნიშვნელობა აქვთ. წმ. მამათა სანიმუშო ლოცვების შემცველი კანონები კაცის ზნეობრივი ცნობიერებისა და საკუთარ თავზე მისი წარმოდგენის გამოსწორებაზე ზრუნავენ, ასწავლიან, რა და როგორ უნდა შესთხოვოს უფალს, როგორ უნდა სწამდეს, როგორ შეინანოს და როგორ აღზარდოს სულიერად საკუთარი თავი. ასეთივე წეს - კანონები ესაჭიროება საეკლესიო ხელოვნებასა და შემოქმედებას: იგი საეკლესიო მოწყობისა და გარდამოცემის სწორ კალაპოტში უნდა იყოს შენარჩუნებული. და ეს ასეც არის. ამაოდ როდი ეწოდა მთელ რიგ საეკლესიო საგალობლებს „კანონები". სწორედ ეს საგალობლები გამოირჩევიან აზრებისა და გამოთქმების, მხატვრული ფორმების განსაკუთრებული სიმდიდრით, მიუხედავად იმისა, რომ მათი აგების წესები მკაცრადაა დაცული. თავ - თავისი კანონები აქვს მართლმადიდებლურ ფერწერასა და ხუროთმოძღვრებასაც, და ამ კანონების ერთგულების ხარისხით ფასდება მათი საეკლესიო - ისტორიული ღირებულებაც.
წიგნიდან „საუბრები მართლმადიდებლობაზე" უკან დაბრუნება |