მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ღმერთკაცი ქრისტე - პედაგოგი - არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი
ღმერთკაცი ქრისტე - პედაგოგი - არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი24-10-2024, 20:37 |
ღვთისმსახურების უდიდესი საიდუმლო, გადმოცემული მამების მიერ, არის ღმერთკაც ქრისტეს საიდუმლო. "დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლო; ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (1 ტიმ. 3.16). წინათგრძნობა ჰქონდათ ამ საიდუმლოსი ძველ ათენელ ბრძენკაცებს, როდესაც სურდათ მისთვის ემსახურათ უხილავი ღმერთის სამსხვერპლოზე. არეოპაგის ოფიციალური ტრიბუნიდან ეს საიდუმლო ათენში ღვთაებრივმა პავლემ გაახმიანა. ეს საიდუმლო მივიღეთ ჩვენც ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისაგან. ამ საიდუმლოთი ვცხოვრობთ, მას ვემსახურებით, ის იმედით ყოფნის შესაძლებლობას გვაძლევს. ამ საიდუმლოს გარეშე ჩვენი შეკრება უმიზნო და ზედმეტი იქნებოდა, ხოლო ჩვენი სიტყვა - ამაო და არაფრისმთქმელი იმიტომ, რომ ღმერთკაც ქრისტეს საიდუმლოს გარეშე ვერ შევძლებდით ჭეშმარიტების შეცნობას ადამიანისა და სამყაროს შესახებ. ადამიანი და მისი საქმენი - ფილოსოფია, განათლება, მორალი - წარმავალი და შეზღუდულია. ამიტომ თავად ადამიანს არ ძალუძს სამპიროვანი ღმერთის საიდუმლოს ამოხსნა. ადამიანს არ შეუძლია განმარტოს ეს საიდუმლო მაშინ, როდესაც თავად იქმნის კანონებს, აღმერთებს თავს, როგორც ამას აკეთებენ თანამედროვე ეგზისტენციალისტები. ისინი, ზეიმობენ რა ღვთისაგან "განთავისუფლებას", თავს მიტოვებულად და გამოფიტულად გრძნობენ. მათ არ გააჩნიათ სულიერის დანახვის, გააზრებისა და იმის განმარტების უნარი, რომ აბსურდში ცხოვრობენ. განათლება საუბრობს ადამიანზე, მაგრამ როგორ ადამიანზე? ისეთზე, რომელიც ღვთისნიერია და მიილტვის ღვთისაკენ; იმ ადამიანზე, რომელიც ყველა ქმნილებაზე აღმატებულია. ამიტომ ადამიანის განათლება ვერ იარსებებს თვინიერ ღვთისა და ქმნილების ურთიერთობისა, შესაბამისად, ღმერთკაცისადმი მიმართვის გარეშე. ის (ქრისტე) მოგვითხრობს ღმერთზე, ადამიანსა და ქმნილებაზე და ადამიანს მართებულ დამოკიდებულებაში ამყოფებს ყველა ქმნილებასთან, რომელთაგან ერთ-ერთი თავად ადამიანია. ადამიანის ჭეშმარიტი პედაგოგი არის ის, ვინც შექმნა თავად ადამიანი - შემოქმედი ლოგოსი, რომელიც აზრს აძლევს ადამიანის არსებობას და გამოჰყავს ის უაზრობისაგან. ლოგოსი ზრდის ადამიანს და აცხონებს მას. ყოველი სიტყვა - ლოგოსის შემოქმედებაა, არსობრივად ადამიანის აღმზრდელობითი საქმიანობაა. კლიმენტი ალექსანდრიელი თავის "პედაგოგში" წერს: "ოჰ, სიამტკბილობის მოსურნე პედაგოგიკავ! მჭიდროდ და მტკიცედ შეუერთდი წმინდა ეკლესიის მშვენიერ სხეულს; შევირბინოთ მასში, როგორც ბავშვები მირბიან თავის კეთილ დედასთან. გავხდეთ ლოგოსის მსმენელნი, ვადიდოთ ჩვენი ცხონების შემოქმედი; მისით ადამიანი აღიზრდება ღვთისშვილობის მდგომარეობამდე და განათლდება მისით. ამქვეყნად მიღებული აღზრდის მეშვეობით ის ზეცის მოქალაქე ხდება (ფლპ. 3.20); ზეცაში ის იღებს მამას, რომლის შეცნობასაც სწავლობდა აქ, დედამიწაზე. ლოგოსი შემოქმედი, პედაგოგი და მასწავლებელია".1 ადამიანი ჭეშმარიტად სიტყვა - ღმერთის მზრუნველობით აღიზრდება იმიტომ, რომ ადამიანი მთლიანად იკურნება, ფერს იცვლის, განიღმრთობა და ცხონდება მის მიერ. კლიმენტი ასევე ბრძანებს: "საუკეთესო პედაგოგი - სიბრძნეა, სიტყვა (ლოგოსი), ადამიანის შემქმნელი. ის არის ძირითადი ექიმი კაცობრიობისა, მაცხოვარი. ის კურნავს ადამიანის სულსა და სხეულს".2 მაცხოვრის მზრუნველობა ადამიანზე, წმინდა ნიკოლოზ კავასილას თქმით, ღვთაებრივ ლიტურგიაში ვლინდება. ღვთაებრივი ლიტურგიის დროს, ეკლესიის ამ გულში, ადამიანი იმოძღვრება, აღიზრდება და აღივსება ქრისტეს სიტყვებით. კლიმენტის მიხედვით, სიტყვა - ლოგოსი გარეგნულად კი არ ზრდის ადამიანს, არამედ საკუთარ თავს, სისხლსა და ხორცს უძღვნის მას, ვით საკვებს, რძეს, პურს. "ოჰ, საოცარი საიდუმლო! ახალშობილი ადამიანისათვის ლოგოსი ყველაფერია: მამა, დედა და აღმზრდელი: "უკუეთუ არ სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორება თავთა შორის თქუენთა" (იონ. 6.53). ჯანმრთელობისთვის ესოდენ სასურველი საკვებით გვამარაგებს უფალი. ის თავის სისხლსა და ხორცს გვთავაზობს, რითაც თავისი სამწყსოს აღზრდას უწყობს ხელს. ოჰ, საოცარი საიდუმლო! ის გვიბრძანებს მივატოვოთ ძველი ავხორცული გართობები და ლტოლვა, ვინაიდან ქრისტეს ცხოვრების წესისამებრ გვმართებს სვლა".3 ამრიგად, შინაგან, საიდუმლოებრივი გზით ქრისტე - პედაგოგი აღავსებს ადამიანს.
¹Климент Александрийский. Педагог. III12. 1996 წ. გვ. 283. ²Климент Александрийский. Педагог. Т6. გვ. 58. ³იქვე გვ. 59.
www.xareba.net - ის რედაქცია არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი უკან დაბრუნება |