მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ტელევიზია, კომპიუტერი, ტელეფონი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ტელევიზია, კომპიუტერი, ტელეფონი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


7-10-2024, 13:55

ტელევიზია, კომპიუტერი, ტელეფონი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

  

   ახალ დროებაში მას-კულტურის სახეობები (კინო, ტელევიზია, კომპიუტერი, სმარტფონები, მასობრივი პრესა...) არა მხოლოდ გამოხატავს თანამედროვე ადამიანის ყოფით ცხოვრებას, არამედ, ხშირ შემთხვევაში ქვეცნობიერად ზემოქმედებს პიროვნებაზე და აყალიბებს ხასიათს. პირველ რიგში ისინი ზემოქმედებენ ბავშვებისა და მოზარდების სულიერ მდგომარეობაზე.

   ოკულტური გადაცემების, საშინელებათა ფილმების, ვირტუალური კომპიუტერული თამაშების საშუალებით არა მხოლოდ გვთავაზობენ სანახაობებს, არამედ პირდაპირ გვკარნახობენ გრძნობების გარკვეულ შაბლონს, განსაზღვრულ ფსიქიკურ, სოციალურ თუ პოლიტიკურ რეაქციებს.

   ეკრანულმა ხელოვნებამ დიდი ხნის წინ გადააბიჯა დაშვებულ ზღვარს - კინოფილმები და გადაცემების უმრავლესობა ძალადობასა, სექსსა და „უსჯულოების საიდუმლოზეა" დაფუძნებული.

   მთელი „მასობრივი კულტურა" მიმბაძველობის სულისკვეთებაზეა აგებული. ესაა მისი არსიც და მიზანიც. ძალადობისა და გარყვნილების წარმომჩენი სანახაობები უშუალოდ მოქმედებს მოზარდის (არა მხოლოდ) მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.

   მას-კულტურა რეალურად თავად წარმოგვიდგება ჩვენი საუკუნის პათოლოგიად, რომელიც მიზანმიმართულად ძერწავს გადაგვარებული საზოგადოების სახეს.

   დაკვირვებული ადამიანი ამჩნევს, გრძნობს რომ ტელეტრანსლაციებმა (ასევე კომპიუტერმა, ტელეფონმა) ადამიანის სულში ყველაზე ბუნებრივი თვისებების - ღმერთთან და მოყვასთან ურთიერთობის ერთგვარი ჩანაცვლება, სუროგაცია, იმიტაცია გამოიწვია.

   ცივილიზაციისა და პროგრესის ერთ-ერთი „დამსახურებაა" ის, რომ საკუთარ „მე"-ში ჩაკეტილი ადამიანი მოკლებულია სულიერ მოთხოვნას. ტელევიზორიც და ინტერნეტიც თავისკენ იხმობს, თავისკენ იზიდავს ადამიანს, თითქოს სულის კარებს უხსნის, ლამის ჰიპნოზურ მდგომარეობაში აგდებს მას. ტექნოპროგრესი ერთი მხრივ, მეტად მიმზიდველია ყოფით რეალობაში, მაგრამ, მეორე მხრივ, ის სტრესულ-ნევროზულ, ცოდვისმიერ ფონს აყალიბებს. ადამიანი, რომელიც მისგან გამოსავალს ეკლესიურ (სულიერ) ცხოვრებაში არ ეძებს, იმედგაცრუებული რჩება და „ნუგეშს" კვლავ ტელეეკრანთან „პოულობს".

   ისმის კითხვა: რატომ ფლობს ცისფერი ეკრანი ასეთ ძალას? წმ. მამები ამბობენ: იმიტომ, რომ ადამიანს აქვს გართობის ფსიქოლოგიური მოთხოვნა, ხოლო ყველაზე ხელსაყრელი გასართობი საშუალება ტელე-ტელეფონ-კომპიუტერის ეკრანი გახლავთ. შედეგად რას ვიღებთ? თავდაპირველად ინგრევა ადამიანის გონება, მსოფლმხედველობა, ფსიქიკა, ხოლო შემდეგ - მთლიანად ადამიანის ორგანიზმი.

   ტელევიზორი და კომპიუტერი აშორებს ოჯახის წევრებს ერთმანეთისაგან, ამავე დროს, ხელს უწყობს გლობალისტური, კოსმოპოლიტური ცნობიერების ჩამოყალიბებას. მავანის მცდელობაც სწორედ ესაა, გადააქციოს ყველა ერთიან, უსახო, უტრადიციო, უფესვო მასად.

   თანამედროვე მოდა ავითარებს არა მარტო ერთსახოვან ვარცხნილობასა და ტანისამოსს, არამედ ერთნაირ მოქმედებასაც.

   ტელევიზორისა და კომპიუტერის უარყოფითი გამოვლინებანი მრავალგვაროვანია, მაგრამ უმთავრესი ისაა, რომ ღმერთთან ურთიერთობას (ლოცვას, სულიერ ცხოვრებას) ანაცვლებს ტელე თუ კომპიუტერულ-სმარტფონული ეკრანით.

   ისტორიიდან გვახსოვს: ძველი რომი ათასობით მაყურებელს იზიდავდა გლადიატორების ბრძოლებით, ადამიანების მხეცებთან შერკინებით და ა.შ. რომაელი ბრბოს დევიზი იყო „პური და სანახაობა". თითქოს ამ სიტყვებით გამოიხატებოდა მთელი აზრი და არსი ცხოვრებისა. რაღაც მსგავსი ხდება დღესაც - „პური და სანახაობა", ოღონდ სახლიდან გაუსვლელად.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება