მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > მოცემულობა თუ ის, რასაც უნდა ვეძიებდეთ?

მოცემულობა თუ ის, რასაც უნდა ვეძიებდეთ?


17-01-2013, 00:04
მოცემულობა თუ ის, რასაც უნდა ვეძიებდეთ?

 

 

   „ეძიებდით პირველად... სიმართლესა მისსა (ღმრთისასა)"

   და მაინც, რა არის მართლმადიდებლობა? მოცემულობა თუ ის, რასაც უნდა ვეძიებდეთ? სად ვეძებოთ იგი - წარსულში თუ მომავალში? ღვთისმშობლისა და წმინდანების მართლმადიდებლური ხატები, მართლმადიდებლური ტაძრის ხედი, მართლმადიდებლური ცხოვრების წესი, ასკეტიკა, დოგმატიკა, ღვთისმსახურება, ეთიკა, წეს-ჩვეულებები - განა ყოველივე ეს „მოცემულობა" არ არის, განა ეს უკვე მოპოვებული სიმდიდრე, უკვე განხორციელებული იდეის გამოხატულება არ არის?

   მართლმადიდებლობა განხორციელებულია. მან მნიშვნელოვანწილად სტატიკური, მყარი ფორმები შეიძინა.

   ეს გასაგებიცაა. ეკლესია აგერ უკვე მეორე ათასწლეულია, ატარებს და იცავს მართლმადიდებლობას. ქრისტიანული ცნობიერება სულ უფრო ხშირად გვკარნახობს, რომ ისტორიის დასასრულთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე სათავესთან. ღვთის შემეცნების, სულიერი ცხოვრების მთელი გამოცდილება უკვე მოცემული გვაქვს ქრისტეს ეკლესიის წმ. მამათა თხზულებებში, ეკლესიის ისტორიასა და წეს - განგებაში.

   ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მშობლიური მართლმადიდებლობის შესასწავლად უფრო ყურადღებით ვცადოთ მომავლის განჭვრეტა ანდა წარსულში ჩაღრმავება.

   მართლმადიდებლობა ჩვენ წინაშეა, ჩვენთან არის, მოცემულია, მას უკვე აქვს თავისი მზა შინაარსი და ფორმები. მაგრამ რელიგია ხომ ცხოვრებაა, ამიტომ მართლმადიდებლობა არ არის მზა პასუხების ჯამი ყველა იმ კითხვაზე, რაც შეიძლება წარმოიშვას ჩვენს წინაშე; იგი თვითონ გვიყენებს პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტასაც - ჩვენი ქრისტიანული ცნობიერებისა და სინდისის კვალობაზე - ჩვენგან მოითხოვს. ამიტომ მართლმადიდებლობა კი არა, რაღაც ისეთიცაა, რასაც უნდა ვეძიებდეთ.

   ყოველი ცისმარე დღე ჩვენს წინაშე სვამს კითხვას: „რა ვქნათ?" და ჩვენი საკუთარი გამოცდილების მიუხედავად, წინა თაობების მდიდარი გამოცდილების მიუხედავად, მუდამ ერთი და იგივე დილემა დგება: სად არის გზა, საით წავიდეთ? სად არის სიმართლე, სად უკეთესია?

   ბევრი აზრი გვებადება, ჭეშმარიტება კი ერთია. და მაშინაც კი, როდესაც რაღაც ერთს ვირჩევთ სახელმძღვანელოთ - იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს, მაინც კარგა ხანს ვმერყეობთ: როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ სიმართლეს მივდიოთ, ღმერთს ვემსახუროთ; რა არის სწორი?

   ასეა სარწმუნოების საქმეშიც, ქრისტიანობის საქმეშიც, ეკლესიურ ცხოვრებაშიც. არსებობს დოგმატიკა, კანონები, ქრისტიანული ეთიკა, ეკლესიის გამოცდილება... და მაინც, რა ხშირად ისმის კითხვები: „არის თუ არა ეს მართლმადიდებლური? რა გადაწყვეტილება, რომელი ნაბიჯი შეესაბამება მართლმადიდებლობის სულისკვეთებას?" კითხვაზე: „რა არის მართლმადიდებლური?" პასუხი მზად არის: „მართლმადიდებლურია ის, რაც საუკეთესოა". მაგრამ რა არის საუკეთესო, ყოველთვის ცხადი როდია.

   აი, აქ უკვე იმ მართლმადიდებლური სტიქიის ხმას უნდა მივუგდოთ ყური, რომელშიც ჩვენი სულიერი ცხოვრება მიმდინარეობს ან, ყოველ შემთხვევაში, რომელსაც ყოველთვის ვეხებით, რა არც უფრო ღრმად ვწვდებით მას, მით უფრო ადვილად ვპოულობთ ნამდვილ, მართლმადიდებლურ პასუხს, რომელიც ეთანხმება ჩვენი სინდისის ხმასაც და ჩვენს გონებასაც. ეს პასუხი ინტუიციურ დონეზე იბადება, მაგრამ იგი ეკლესიის კანონებით, სახარებით და ეკლესიის გარდამოცემითაც უნდა იყოს დამტკიცებული. სულის საიდუმლო საცავებში შობილი ჭეშმარიტება ჭეშმარიტებად უნდა რჩებოდეს დღის სინათლეზეც.

   სწორედ ასე ჩნდება ტერმინ „მართლმადიდებლობის" გვერდით სხვა ტერმინი - „მართლმადიდებლურობა". იგი აღნიშნავს იმ ხაზს, რომლის სიტყვით გადმოცემა ძნელია და რომელიც ეკლესიური ცხოვრების კერძო საკითხებს განეკუთვნება: მუსიკას, საეკლესიო კითხვას, ხატწერას, წეს - ჩვეულებებს.

   მართლმადიდებლობა მხოლოდ მოცემულობა კი არა, რაღაც ისეთიცაა, რასაც უნდა ვეძიებდეთ. რამდენი მღელვარება გადაიტანა ეკლესიამ, სანამ ქრისტიანული მსოფლმხედველობის იმ სავსებას დაადგენდა, რომელსაც ჩვენ ახლა მზა სახით ვღებულობთ, როგორც სარწმუნოების მართლმადიდებლურ აღმსარებლობას!

 რა მღელვარებები, რა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ახლდა დოგმატური დავების პერიოდს! და ბოლოს, რა დანაკარგებით - მთელი რეგიონებისა და ხალხების დანაკარგებით ზღო ეკლესიამ ქრისტიანული და საეკლესიო სიმართლის დაცვა!

   ასე და ამგვარად, ეკლესიამ საქმით აღასრულა თავისი აღმსარებლობა - მის დროშებზე წარწერილი „მართლმადიდებლობა".

   ეს არ ნიშნავს, თითქოს ეკლესია გულგრილი იყოს მიწიერი საყოველთაობის პრინციპისადმი: არ აღელვებდეს თავის წევრთა დაკარგვა თუ შენარჩუნება, არ სურდეს სახარების გავრცელება მსოფლიოს ყველა კუთხეში, არ უფრთხილდებოდეს ერთიანობას და არ აღელვებდეს ამ ერთიანობის დარღვევა, თითქოს საკუთარ თავში იკეტებოდეს, თითქოს არ ესწრაფვოდეს პირველი ადგილის დაკავებას, რომელიც მას, სამართლიანობის პრინციპით, ეკუთვნის ქრისტიანულ აღმსარებლობებს შორის.

   მაგრამ თვით სინამდვილემ, თვით ისტორიამ მოითხოვა ეკლესიისაგან მართლმადიდებლობის სამსახური - ქრისტიანული ჭეშმარიტების დასაცავად ბრძოლა; და ამ ბრძოლაში იხარჯებოდა აღმოსავლეთის ეკლესიის მთელი თაობების ძალები მისი ისტორიის პირველ ათასწლეულში.

   „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მთ. 6, 33). საბოლოო გამარჯვება, სულიერი დღესასწაული დარჩება არა მას, ვინც ძალას, მასებს, ბრძოლის საშუალებებს, ნიჭებს ფლობს, არამედ მას, ვისთანაც სიმართლეა. ჭეშმარიტება შეიძლება ბოლო მომენტამდე ჩრდილში ექცეოდეს და უმცირესობაში იყოს. ხანგრძლივი პროცესის, მსოფლიო ისტორიის მსვლელობის მანძილზე არ უნდა დაგვაბრმაოს არც რიცხობრივმა უპირატესობამ (საკუთარმა თუ სხვისმა), მსოფლიო ისტორიის ამა თუ იმ ეტაპზე რომ დგება ხოლმე; არც შინაგანმა თუ გარეგანმა ორგანიზაციამ, არც რაიმე სხვა ხილულმა უპირატესობამ, „რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების" (2 კორ. 12, 9). გამარჯვებას ბოლო მომენტი იძლევა; ამ ბოლო მომენტის დადგომამდე კი აუცილებელია საკუთარი დროშის დაცვა და შენარჩუნება, ჭეშმარიტების დაცვა, მართლმადიდებლობის დაცვა.

   ჩვენ ისიც ვიცით, რომ მწვალებლობები და სხვადასხვა ჯურის არამართლმადიდებლობა მხოლოდ ისტორიის კუთვნილება როდია. მწვალებლები და არამართლმორწმუნეობა მომავალშიც მოსალოდნელია, და ეკლესია მტკიცედ უნდა იდგეს სადარაჯოზე არა მარტო გარედან მომავალი მწვალებლობების, არამედ კიდევ უფრო მეტად - იმ ცრუსწავლებების წინააღმდეგ, თვით ეკლესიის წიაღში, მის წევრებს შორის რომ აღმოცენდება ხოლმე.

 

წიგნიდან „საუბრები მართლმადიდებლობაზე"

 

 


 


 

 

   


უკან დაბრუნება