მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > გართობის სენი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

გართობის სენი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


2-10-2024, 00:04

გართობის სენი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

   უცნაური სენი შეეყარა სამყაროს - გართობის ვნება. არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი მოთხოვნა გართობისა, როგორც დღეს. ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანები გადაეჩვივნენ სერიოზულ ცხოვრებას, მოღვაწეობას, შედეგად - მოვიწყინეთ! ადამიანი არჩევანის წინაშე დადგა: სულიერი, სიღრმისეული, შინაარსობრივი ცხოვრება თუ გართობა? ადამიანების უმეტესობა ირჩევს მეორეს. დღეს გართობა საზოგადოების ცხოვრების წესი გახდა. ამიტომ თავდაპირველად განვმარტოთ, რა არის გართობა? ის მოწყენილობისა და სევდისაგან განტვირთვის საშუალებაა (ასეთად მიიჩნევა), ღვთის წინაშე მართებული დგომისაგან გაქცევის ხერხია.

   რას ეძებს ადამიანი ცხოვრებაში? - სიხარულს!

   წმ. წერილი ბრძანებს: „სიხარული თქვენი იყოს სავსებით" (იონ. 15. 11).

   ამრიგად, პირველი, ყველაზე აღმატებული სიხარულის მონიჭება ძალუძს ღმერთს. ეს სიხარული მოდის მცნებათა აღსრულებით, ღვთისმსახურების მადლითა და აღმსარებლური ცხოვრებით. ცხადია, ამგვარი სულიერი სიხარულის განმცდელი ადამიანი ნაკლებად საჭიროებს დამატებით ამქვეყნიური ცხოვრებისაგან ბოძებულ სიხარულს.

   თუმც, ზომიერების შემთხვევაში, არც ამას გვიკრძალავს ღმერთი, ვგულისხმობთ სადღესასწაულო, საოჯახო თარიღების აღნიშვნას, ურთიერთმანუგეშებელ საუბრებს, ღვინის ზომიერ მიღებასაც („ღვინო ახარებს გულსა კაცისასა").

   გართობა - კაცობრივი სიხარულის უმდაბლესი (უღირსი) გამოვლინებაა და მის გარეშეც, ცხადია, შეიძლება ცხოვრება.

   მაგრამ თანამედროვე ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ აქვს სამსახური, ჰყავს ოჯახი, დადის ეკლესიაში, მაინც ეძებს გართობას.

   რაშია პრობლემა? პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ვერსად ჰპოულობს ნუგეშს, არასწორად ეძებს მას, ე.ი. სულიერ სამყაროში, სულიერ ცხოვრებაში არ ეძებს სიხარულსა და ბედნიერებას. ამიტომ, რაც არ უნდა ჰქონდეს (სიმდიდრე, ოჯახი, სამსახური), გართობის გარეშე უბედურია, ცარიელია, ვერავინ და ვერაფერი ვერ უკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.

   ადამიანი მარადიული არსებაა, წმ. იოანე კრონშტანდტელი ამბობს: „ადამიანმა უნდა იფიქროს და იზრუნოს მარადიულობაზე, სულიერ ცხოვრებაზე და არა მის დავიწყებაზე, რასაც სანახაობების გამუდმებული ცქერა-გართობით აკეთებს".

   ადამიანი პრობლემებისაგან თავდაღწევის საშუალებად მიიჩნევს გართობას, რაც სინამდვილეში ყველაზე დიდი უბედურების საწინდარია. ის ადამიანებს შეუმჩნევლად, შეფარულად ეხვევა თავს და სულიერად ღუპავს. გართობა - მოულოდნელ სიკვდილთან აახლოებს ადამიანს, ე.ი. ადამიანი მოუმზადებელი ხვდება მარადიულობას.

   პრობლემებისაგან დაღწევის ერთადერთი მართებული გზა არა ჭამა-სმა-ღრეობაზე, ნარკოტიკებსა, აზარტულ თამაშებსა თუ ათასგვარ შოუებზე კი არ გადის, არამედ ჭეშმარიტი ორიენტირის მოპოვებაზე. ეს ჭეშმარიტი გზაა - მართლმადიდებელი ეკლესია.

   თანამედროვე ადამიანმა იცის ეს, სმენია ამის შესახებ, მაგრამ ეს მისთვის ძველმოდურია, ის „აცრილია" ამისაგან, მას სხვა რამ სურს. ადამიანმა იცის, რომ გართობა დროებითია, წარმავალია, ის მოტყუებულია, მაგრამ მაინც ამ გაწბილებულ მდგომარეობაში ყოფნა ურჩევნია და იქიდან გამოსვლაც სულ უფრო და უფრო უძნელდება.

   უფალმა ადამიანი მარადიულობისათვის, ღმერთთან ურთიერთობისათვის, ღვთის წინაშე მართებული ყოფნისათვის შექმნა და არა იეზუიტური მდგომარეობისათვის, სადაც „მიზანი ამართლებს საშუალებას", ე.ი. როცა ყველა ხერხი დასაშვებია მიზნის მისაღწევად. არც მოდერნისტული დგომისათვის, მოჩვენებითი კეთილკრძალულებისა და სარწმუნოების, სინამდვილეში ფარული ურწმუნოებისათვის არ შევუქმნივართ ღმერთს.

   ეს ორი მავნე სენი ხელს უშლის ადამიანს ღვთის წინაშე მართებულ დგომაში. ამიტომაც იეზუიტები (კათოლიკები) არ ერიდებიან თავიანთ ტაძრებში გასართობი საშუალებების გამოყენებას. არც „მართლმადიდებელი მოდერნისტებისთვისაა" გართობა უცხო. ამის დასტურია ეკლესიებსა და ეკლესიის ეზოებში გამართული თეატრალური სანახაობები. სეკულარული სული ცდილობს შეაღწიოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის, მოდერნისტი კი ამაში ხალხის ეკლესიაში მოზიდვის საშუალებას ხედავს.

   ამრიგად, გართობა უდიდესი სიცრუეა ადამიანის ცხოვრებაში. ის ეკლესიური ადამიანის ცდუნებასაც ლამობს, რისგან დაღწევაც მხოლოდ ღვთის მადლითა და შეწევნითაა შესაძლებელი. (გაგრძელება...)

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net- ის რედაქცია 


 


უკან დაბრუნება