მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პათოლოგიური ცნობიერება - დავით ჯინჭარაძე
პათოლოგიური ცნობიერება - დავით ჯინჭარაძე28-09-2024, 09:38 |
ცნება „პათოლოგიური ცნობიერება" შედარებით ახალია ჩვენს რეალობაში, თუმცა არაფერი ისე ზუსტად არ ასახავს ახალი ადამიანის ცნობიერების დონეს, როგორც ეს ტერმინი. იგი ახალი დროების თანმხლები და განუყრელი მეგობარია, რომელმაც მოიცვა თითქმის მთლიანი კაცობრიობა. მოკლე განმარტებით, პათოლოგიური ცნობიერება - დაზიანებული, დაავადებული ცნობიერებაა. ეს აზროვნების გარკვეული ტიპია, რომელიც გაურბის რეალობას, არ შეუძლია და სურვილიც არა აქვს მას თვალი გაუსწოროს. ეს არის ცნობიერება, რომელსაც ეშინია ჭეშმარიტების და მხილებულია მისგან, ამიტომ მას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა. არსობრივად ჭეშმარიტებასთან ბრძოლა და სიცრუის გამართლება მისი ძირითადი ფუნქციაა. პათოლოგიური ცნობიერება, როგორც უგუნურება, არ ადარებს თავის აზრებს და ქმედებებს ღვთაებრივ კანონს, ის არ დგას ღვთის წინაშე, მისთვის უზინაესი არ არსებობს. არ დგას რა ამ ცნობიერების ადამიანი ღვთის წინაშე , და ეს ზოგიერთ მორწმუნესაც ეხება, იგი აუცილებლად რჩება მხოლოდ საკუთარი თავის ან სხვა ადამიანის წინაშე მდგომი. აქ კი ასპარეზზე მათი „ავტორიტეტები" (მოდერნისტები) შემოდიან, რომლებმაც ახალ ეპოქაში ახალი წესრიგი, უფრო სწორად განახლებული უწესრიგობა უკვე დააკანონეს, შენგან კი მხოლოდ ყურმოჭრილი მორჩილება მოითხოვება. თანაც ამ პათოლოგიას თავისუფლება დაარქვეს. როდის იბადება პათოლოგიური ცნობიერება? იგი იბადება მაშინ, როდესაც ქრება სიყვარული ჭეშმარიტების მიმართ. მართლაც, აკვირდები რა საეჭვო ცნობიერების ადამიანს, ხვდები - მას არ უყვარს ჭეშმარიტება. სადაც არ არის ჭეშმარიტების სიყვარული, იქ არ არის რწმენა, ან ის მნიშვნელოვნად სუსტდება, რადგან ღმერთი ართმევს ამ ძღვენს ჭეშმარიტების მოძულე ადამიანს. მცირედმორწმუნეობას და ურწმუნოებას კი ცრურწმენა იდეოლოგიების სახით იოლად ანაცვლებს. პათოლოგიური ცნობიერება სწორედ იდეოლოგიებში გრძნობს კარგად თავს. ამ გაგებით ის ყოველდღიური განდგომილებაა! მაგალითისთვის, დააკვირდით მოდერნისტებს ეკლესიაში და მის გარეთ, მათი რიტორიკა პირდაპირ ურწმუნოა. მათთვის ათეიზმი, ლიბერალიზმი, ფაშიზმიც კი რწმენასთან იოლად თავსდება. მსგავსი რამ მხოლოდ პათოლოგიურ ცნობიერებაში შეიძლება მოხდეს. ხშირად ვხდებით განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამაინებს, მაგალითად, მემარცხენე ლიბერალს და მემარჯვენე კონსერვატორს და ვხედავთ, რომ მათ არაჯანსაღ აზროვნებაში რაღაც საერთო იკვეთება. ეს საერთო სწორედ პათოლოგიური ცნობიერებაა! კიდევ რა ახასიათებს პათოლოგიურ ცნობიერებას? ასეთი ადამიანი თითქოს ფლობს საკუთარ აზრს, თუმცა გრძნობ, რომ პირიქით, გაურკვეველი ცნობიერება ფლობს და მართავს მის აზრებს. ეს მათთვის გაურკვეველი, ხოლო მართლმადიდებელისთვის გასაგები „სული" საბოლოოდ დომინირებს მათზე. პათოლოგიური ცნობიერების ლოგიკა საღად მოაზროვნესთვის (ჭეშმარიტების მოყვარულისთვის) გაუგებარი და მიუღებელია. თუმცა ჭეშმარიტების მოყვარული უდავო უმცირესობაშია, ამიტომ პათოლოგიური ცნობიერება თავის მსგავსს პოულობს და მასთან ნახულობს საერთო ენას. მაგრამ ამ საერთო ენით მეტყველებას უხილავ ფონად ჭეშმარიტების ღალატი, დამახასიათებელი სიმყრალით თანსდევს. სინამდვილეში ხომ მათი გამაერთიანებელი ჭეშმარიტების, ანუ ღვთის ღალატია.
დავით ჯინჭარაძე www.xareba.net- ის რედაქცია
უკან დაბრუნება |