მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > შემოქმედებითი უნარების გნოსტიკური გამოვლინება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

შემოქმედებითი უნარების გნოსტიკური გამოვლინება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


26-09-2024, 21:09

შემოქმედებითი უნარების გნოსტიკური გამოვლინება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   შენიშნულია: ჭეშმარიტ ქრისტიანულ მსოფლმხედველობას დაშორებულ ხელოვან ადამიანთა გარკვეული ნაწილი, საკუთარ შემოქმედებით წარმატებას ზებუნებრივ მნიშვნელობას ანიჭებს, მოწმობად და დასტურად თავისი ექსკლუზიური „სიახლოვისა" ღმერთთან. ეს „მუზის მსახურების" ისეთ ხელოვანთა რელიგიურ ხედვებში, მისტერიულ შთაგონებებში აისახება, რომლებიც ტრადიციული ეკლესიურობისა და მართლმადიდებლური სარწმუნოების აღიარების სანაცვლოდ ამა თუ იმ ფორმის ალტერნატიულ „რელიგიურობასა" და „სულიერებას" ირჩევენ.

   ამის დასტურია „შემოქმედებითი" ინტელიგენციისა თუ რიგითი „ხელოვანი მისტიკოსების" დიდი ნაწილის წიაღში მართლმადიდებლობისადმი ოპოზიციური განწყობა, რაც გამოწვეულია საკუთარი „ღვთივრჩეულობის" განცდით. საეკლესიო საიდუმლოებები მთლიანად ჩანაცვლებულია შემოქმედებითი შთაგონებით (კინო, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა, პოეზია...), განცდილით ხელოვანის მიერ. მისი „შემოქმედებითი" აღქმა „განღმრთობის" ერთგვარი ანტიპოდია, სახეობაა. ასეთი ხელოვანი თავის ნიჭს რელიგიურ ელფერს სძენს, მას თავი „უზენაესი სულიერი სამყაროს მჭვრეტელი" ჰგონია, ხოლო თავისი შემოქმედება - ერთგვარი თეურგი. აქედან მომდინარეობს მათი გამორჩეულობისა და სხვაზე, უბრალო მომაკვდავზე, უპირატესობის განცდა. ისინი „არ არიან, ვითარცა იგი სხვანი კაცნი". მათ შორის არ არიან „კანონიკური ქრისტიანები" (ე.ი. მართლმადიდებლები ცხოვრების წესით), რომლებიც სულიერ საკვებს საეკლესიო „პროცედურებსა" და „რიტუალებში" ეძებენ, ამიტომ მათთვის (ე. ი. ჩვენთვის) მიუწვდომელია „ღმერთთან სიახლოვის" ის ხარისხი, რომელიც გააჩნია „ზეციდან გამორჩეულ შემოქმედს".

   ძველი გნოსტიკოსების აზრით, ორთოდოქსი ქრისტიანები მხოლოდ „მშვინვიერ" საფეხურზე რჩებოდნენ, ხოლო „უზენაეს" სულიერ სამყაროს გნოსტიკოსები ეუფლებოდნენ.

   სინამდვილეში, საეკლესიო კოორდინირების სისტემაში მსგავსი გნოსტიკური „ნეტარების" გამოვლინებას სულიერი (ეშმაკისეული) ხიბლი, „ცრუწარმოდგენა" ეწოდება, ე.ი. ადამიანი დაცემული სულების (დემონების) შთაგონებით სულიერად მძიმე (ცოდვისმიერ) მდგომარეობაში იმყოფება. ღმერთთან მოჩვენებითი „თანაშემოქმედობა" რეალურად მასთან დაპირისპირებაა - მტრობაა ყოველივე იმისა, რასაც ეკლესიის ტრადიცია ჰქვია.

   მათი (გნოსტიკური) შემოქმედება განუყრელ კავშირშია ადამიანის „განთავისუფლებისათვის" ბრძოლასთან. გნოსტიკური შემოქმედება აქ ტრადიციის ჯაჭვის გაწყვეტის ფუნქციას აღასრულებს. ე.ი. „ხელოვანი" უნდა განთავისუფლდეს ყოველგვარი საეკლესიო (დოგმატურ-კანონიკური) „მარწუხებისაგან", რომელიც „გუნათლებელმა" სასულიერო პირებმა თავს მოახვიეს „ბრბო-საზოგადოებას" (მორწმუნე ადამიანებს).

   ამრიგად, თავად ცოდვის არსი ორთოდოქსი ქრისტიანებისა და გნოსტიკოსი ხელოვანის მიერ სხვადასხვაგვარად აღიქმება. ცოდვა, მათ „რელიგიაში" არ არის ღვთის მცნებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული (როგორც ეს ქრისტიანობაშია), პირიქით: ღმერთისა და ეკლესიის ცოდვაა ხელოვანი ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ეკლესია არ აძლევს ნებას თავისუფლად გამოხატოს საკუთარი „შემოქმედებითი" უნარები, კანონიკური ზღუდეების აღმართვით მათ წინააღმდეგ.

   აქედანაა თავისუფლების მოჩვენებითი გამოძახილიც: ცოდვის არსის ქრისტიანული გააზრების სანაცვლოდ, შემოთავაზებულია ცოდვის ჩადენის თავისუფლება, ვით განთავისუფლება „ცოდვის მარწუხებისაგან", რომლებიც დააწესა ღმერთმა (ეკლესიამ).

   ეს იგივე ადამის ცოდვის გამეორებაა, „კეთილისა და ბოროტის" შეცნობის თავისუფლება, არჩევანი, ე.ი. გადალახვა იმისა, რაც ქრისტიანული და ძველმოდურია, ხოლო გნოსტიკური ხელოვნება (ეშმაკისეული ხიბლი) „აღმატებულ სულიერ სამყაროდ" არის შემოთავაზებული.

   ესაა ის რევოლუციური სული, რომელმაც ზეციური ანგელოზი ეშმაკად აქცია, რომელმაც ედემიდან განაძევა ადამი და ევა. იგივე მაცდურის „შემოქმედებითი წიაღსვლები" კვებავს გაამპარტავნებულ საზოგადოებას დღესაც და ოსტატური ჩანაცვლებით იოლად იზიდავს თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე „ხელოვან თეურგს". ეს ის სატანური აკორდია, რომელიც საბოლოოდ ქრისტეს ნაცვლად ანტიქრისტეს თაყვანისცემით დასრულდება. (გაგრძელება...)




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება