მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობის ძირითადი ნიშანი

მართლმადიდებლობის ძირითადი ნიშანი


6-03-2023, 11:39
მართლმადიდებლობის ძირითადი ნიშანი

 

 

   „მართლმადიდებლობის სულისკვეთება" - ეს გამოთქმა, ესოდენ ხშირად ხმარებული, მასში არსებულ შინაგან ერთიანობასა და ჰარმონიას აღნიშნავს. ძნელია ამ სულისკვეთების მოხელთება, მისი განსაზღვრა, თქმა, თუ რაში მდგომარეობს იგი. მაგრამ იმის უფლება კი გვაქვს, საკითხი სხვაგვარად დავაყენოთ: რა განაპირობებს მართლმადიდებლობის სულისკვეთებას, როგორ ყალიბდება იგი? ესაა რაღაც საშუალო მართლმადიდებლური აღმსარებლობის მრავალრიცხოვან ნიშნებს შორის, ისე, როგორც რომელიმე ქვეყნისა თუ ქალაქის სულისკვეთებაზე ლაპარაკობენ ხოლმე, თუ თვით მართლმადიდებლობის საძირკველში ჩადებული იდეის გამოხატულება? სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა არის მართლმადიდებლობა, ისტორიულად შეკრებილი სულიერი ცოდნისა და გამოცდილების ჯამი თუ, არსებითად, იგი თვითონ არის იდეა, უფრო სწორად, რიგი იდეებისა, რომლებიც მართლმადიდებლობის მთელი სავსებისთვის იმავე როლს ასრულებს, რასაც ხისა და ხის ტოტებისათვის - ფესვები?

   უკვე თვითონ სიტყვა - „მართლმადიდებლობა" მიუთითებს იდეაზე და ასახელებს მას. მაინც, რა იდეას? მისი ფორმულირება სხვადასხვაგვარად შეიძლება, მაგრამ ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი ცნობა ამ ტერმინის ძველი გამოყენების შესახებ და თვით სიტყვის ფილოლოგია იმაზე მეტყველებს, რომ ეს იდეა, პირველ ყოვლისა, სიმართლეა: სიმართლის ძიება, მისი დაცვა და ერთგულება. „და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტმან განგანთავისუფლნეს თქუენ" (ინ. 8, 32); „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მთ. 6, 33).

   ჭეშმარიტების ძიება და მისი ერთგულება - აი, მართლმადიდებლობის მთავარი ნიშანი. სწორედ ეს პრინციპი ჭეშმარიტებისა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მის ისტორიაში, მის საქმეებში ყოველთვის იყო აღიარებული (და მართლაც იყო ასეთი) ძირითად, გადამწყვეტ, კარდინალურ პრინციპად. „არა საყოველთაობა, არამედ ჭეშმარიტება"! ვერც საეკლესიო განხეთქილების შიში, ვერც იერარქიული, სამეცნიერო, საღვთისმეტყველო თუ რაიმე სხვა ავტორიტეტი, ვერც სახელმწიფო ხელისუფლების ზეწოლა, ვერც თვით საეკლესიო კრების ავტორიტეტი ვერ აკავებდა ეკლესიის იმ სტიქიას, რომელიც, ზღვის მძლავრი დინების მსგავსად, შეუჩერებლივ მიისწრაფვოდა ქრისტიანული ჭეშმარიტების ბოლომდე გამომჟღავნებისა და მისი ზეიმისაკენ. ასე იყო მონოთელიტობის ეპოქაში, როდესაც მაქსიმე აღმსარებელმა არ უარყო მართლმადიდებლური სწავლება, თუმცა თავის მოწინააღმდეგეთა შორის სამ პატრიარქსა და იმპერატორს ხედავდა; ასე იყო ხატბრძოლობის ასწლიან პერიოდშიც.

 

 

 

წიგნიდან  „საუბრები მართლმადიდებლობაზე" 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება