მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > ეკლესია და მართლმადიდებლობა

ეკლესია და მართლმადიდებლობა


13-01-2013, 00:02
ეკლესია და მართლმადიდებლობა
   ჩვენთვის „ჭეშმარიტი ეკლესიისა" და „მართლმადიდებლობის" ცნებებს არა მარტო ერთი და იგივე მნიშვნელობა, ერთი და იგივე შინაარსიც აქვთ: „ჭეშმარიტი ეკლესია" ნიშნავს „მართლმადიდებლობას", „მართლმადიდებლობა" კი - „ჭეშმარიტ ეკლესიას". მაგრამ რადგანაც ეკლესია ადამიანებისგან შედგება, მართლმადიდებლობა კი სარწმუნოება და ღვთის თაყვანისცემაა, ამიტომ, როდესაც კერძოდ მართლმადიდებლობაზე ვსაუბრობთ, მაინც აუცილებელია ამ ორი ცნების გარჩევა. ეკლესია არის „ვინ?", მართლმადიდებლობა კი „რა?" და „როგორ?" ეკლესია არის სახლი ღვთისა და თესლი ღვთისა, მართლმადიდებლობა კი - მისი ფასეულობა, მისი სულიერი სიმდიდრე.

   როდესაც მართლმადიდებლურსა და არამართლმადიდებლურზე ვლაპარაკობთ, კიდევ ერთი შენიშვნა უნდა გამოვთქვათ: საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ პირველ ათასწლეულში, ეკლესიათა განყოფის სამწუხარო ფაქტამდე, აღმოსავლეთმაც და დასავლეთმაც მრავალი ისეთი თავისებურება შეიძინეს, რომლებიც აღმსარებლობითი ხასიათის მიზეზებზე კი არა, გეოგრაფიულ თუ სხვა სახის პირობებზე იყო დამოკიდებული და ბერძნული და რომაული კულტურის განსხვავებულობიდან გამომდინარეობდა. აღმოსავლეთსა და დასავლეთს ერთმანეთისგან  ხმელთაშუა ზღვა ჰყოფდა, რაც ხელს უშლიდა ღვთისმსახურების ფორმებისა და საეკლესიო ყოფა - ცხოვრების სხვა სახეების ერთგვაროვნებას.

აღმოსავლეთში გაბატონებული ბერძნული ენა და დასავლეთის კულტურულ ენად ქცეული ლათინური მათ შორის არსებულ მანძილს კიდევ უფრო ზრდიდა.

   ასე გაჩნდა ჯერ კიდევ რომის გამოყოფამდე ეკლესიის ორ ნაწილში თავისებული ნიშნები, რომლებიც ჭეშმარიტების დაცვასა ან მისგან გადახვევაზე არსებით გავლენას ჯერ კიდევ ვერ ახდენდნენ. მეორე ათასწლეულში ამ ნიშნებს უკვე განმასხვავებელი, როგორც ერთი, ისე მეორე აღმსარებლობისათვის დამახასიათებელი სახე მიეცა. ახლა უკვე ხშირად ძნელია გარკვევა, ესა თუ ის თავისებურება რომის კათოლიციზმის ან მართლმადიდებლობის სულისკვეთებას აღნიშნავს თუ მხოლოდ ეთნოგრაფიული, ლინგვისტური ან სხვა ხასიათის მიზეზები განაპირობებს.

   და მაინც, უნდა ვაღიაროთ, რომ ამა თუ იმ აღმსარებლობის თითქმის ყოველი, თუნდაც არაარსებითი თავისებურება რომელიღაც კუთხით თავისი ეკლესიის სულისკვეთებას გამოხატავს. ნებისმიერი წვრილმანი, თუნდაც ის არ იყოს მსოფლმხედველობის ძირეული ნაწილი, მაინც შეესაბამება მას, იქნება ეს მართლმადიდებლური, კათოლიკური თუ რაიმე სხვა მსოფლმხედველობა.

 

წიგნიდან  „საუბრები მართლმადიდებლობაზე"


უკან დაბრუნება