მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > რა არის იგი - მართლმადიდებლობა?

რა არის იგი - მართლმადიდებლობა?


12-01-2013, 14:37
რა არის იგი - მართლმადიდებლობა?

 

   ეს განსაკუთრებული სიტყვაა... და სოცარი მიმზიდველობა ახლავს. ბევრისთვის „მართლმადიდებლობა" წმინდა, ძვირფასი სიტყვაა, რომლის განსაზღვრა ძნელია, მაგრამ ამასთან ერთად, იგი უბრალო და გასაგებიცაა. ზოგიერთი გვსაყვედურობს:  რატომაა, რომ თქვენს შეკრებებსა და გამოსვლებში ასე ხშირად აჟღარუნებენ სიტყვა „მართლმადიდებლობასო"? შესაძლოა, ეს პროტესტი სამართლიანიც იყოს - არ უნდა ვაქციოთ ხალხისათვის ძვირფასი ცნება გაცვეთილ ტერმინად, არ უნდა ვილაპარაკოთ მასზე იქ, სადაც იგი ნაკლებად აინტერესებთ, არ უნდა გავხადოთ საბრძოლო იარაღად საზოგადოებრივ კულტურულ - პოლიტიკურ შეკრებებზე. ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ ამ სახელს - ჩვენს წმინდა სიტყვიერ ემბლემას.

      მართლმადიდებლობაზე ლაპარაკი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ვეცადოთ მის ამომწურავ განსაზღვრებას. ძვირფას საგანზე საუბარი ხშირად მოთხოვნილებაა: ხანდახან გსურს, უბრალოდ, გულისნადები გაუზიარო ადამიანს, თანაც არავინ დაგძრახავს, თუკი იდეალურად წარმოაჩენ იმას, რაც გიყვარს.

  გვეტყვიან - მეტისმეტი სითამამე ხომ არ არის მართლმადიდებლობაზე საკუთარი აზრების გამოთქმაო? იქნებ, სანამ მსჯელობას შევუდგებოდეთ, მანამდე მის სულიერ სიმაღლეს უნდა მივაღწიოთ? შესაძლებელია კი მოვიცვათ მთელი მისი სავსება?

    განა უმჯობესი არ იქნება, სრულიად არაფერი ვთქვათ - იმის შიშით, რომ რაიმე სისულელე არ წამოგვცდეს? ან იქნებ ყოველ ჩვენგანს აქვს უფლება, ისე იმსჯელოს მართლმადიდებლობაზე, როგორც დიდებულ ტაძარზე, რომელსაც გარედან ვათვალიერებთ და შიგნით მხოლოდ ეზოდან შევიხედავთ ხოლმე?

    ხშირად იმ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიისგან  შორს დგანან და მის სუნთქვას ნაკლებად გრძნობენ, სიტყვა „მართლმადიდებლობაზე" ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.

    აი, მათი ჩვეულებრივი გამონათქვამები:

    „ესაა რაღაც საშუალო კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს შორის..."

    „გასაგებია: ესაა ცეზაროპაპიზმი!"

  „მე ვაღიარებ მართლმადიდებლობას, ოღონდ ნამდვილ მართლმადიდებლობას და არა სემინარიის ღვთისმეტყველებას".

    „რომელს გულისხმობთ, ოფიციალურ მართლმადიდებლობას"?

    თქვენ გპასუხობენ:

    „ო, დიახ, ესაა მართლმადიდებლობის მისტიკა: „ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელი", სალოსები, „იესო ტკბილი, შვენიერებით შემოსილი" (ერთ - ერთი საჯარო გამოსვლიდან).

    „მართლმადიდებლობა ერთობაა, სასულიერო პირთა და ერისკაცთა მონაწილეობა ეკლესიის მართვაში".

    „ნამდვილი მართლმადიდებლობა დოსტოევსკის ბერი ზოსიმეა, ლესკოვია".

    „ჩვენ უნდა დავიცვათ მართლმადიდებლობა, რადგან ეს მამა - პაპისგან მოგვდგამს".

    „მე მაინტერესებს სიახლე მართლმადიდებლობაში: მაგალითად, სწავლება სოფიას შესახებ - სოლოვიოვი, ბულგაკოვი, ბერდიაევი, უამისოდ კი ეს მოსაწყენია".

    და მართლაც: რა არის მართლმადიდებლობა? რა არსებითი, განმასხვავებელი ნიშნები ახასიათებს მას:

    კონსერვატიზმი, რომელიც წმინდად იმარხავს შვიდი მსოფლიო კრების სწავლებას?

    სიმკაცრე, მარხვებსა და ხანგრძლივ ღვთისმსახურებაში ასახული?

   ღვთის თაყვანისცემის ფორმების სხვადასხვაობა, ადამიანის სულიერი ცხოვრების მოთხოვნილებებთან მისადაგებული?

    მართლმადიდებლობის  სახალხო ხასიათი, ასე ადვილად  რომ ანიჭებს რელიგიას ეროვნულ კოლორიტს?

    რატომ ამბობენ ხოლმე: „აი, ეს მართლმადიდებლურია, ეს კი არ არის მართლმადიდებლური" - ო?

    ამ კითხვებს რაღაც პასუხი უნდა გაეცეს. და მაინც, რა? ეს საკითხები ისტორიულ საფუძველზე წყდება (ვთქვათ, ასეა „მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში") თუ იდეოლოგიურზე („ეს შეესაბამება მართლმადიდებლურ იდეას")?

   ამგვარად, რა დროიდან არსებობს ტერმინი „მართლმადიდებლობა?" „თქვენ ძველ  მართლმადიდებლობაზე ლაპარაკობთ. მაგრამ მართლმადიდებლობა ხომ ეკლესიების განყოფამდე არ არსებობდა?" - გეუბნებიან თქვენ.

    „სულ ტყუილად ფიქრობთ ასე", - პასუხობთ თქვენ.

    როგორც კი ქრისტიანულ ეკლესიაში გაჩნდა აუცილებლობა, დაეცვათ ჭეშმარიტება წარმოშობილი ცთომილებებისგან (ცთომილებები კი მოციქულთა დროიდან მოდის), გაჩნდა „ჭეშმარიტების მართალი აღმსარებლობის" ცნებაც, როგორც ეს ძველი ეკლესიიდან მომდინარე ლიტურგიკულ ლოცვაში გვესმის, „წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა" (2 კორ. 2, 15). ეს გამოთქმა ეკლესიის მძიმე არიანული მღელვარებების დროს ერთ სიტყვად იქნა კრისტალიზებული. წმ.ათანასე დიდმა თითქმის მთელი ცხოვრება მართლმადიდებლობის არიანელობისგან დაცვას შეალია. წმ. ეპიფანე ათანასე დიდს „მართლმადიდებლობის მამას" უწოდებს. ისიდორე სევილიელი წიგნში „საწყისები" ამბობს: „მართლმადიდებელი არის ის, ვისაც მართლად სწამს და, ამ სარწმუნოების შესაბამისად, სწორად ცხოვრობს". მე-4 საუკუნის დიდი აღმოსავლელი მამები ხშირად იყენებენ ამ სახელს, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი კი იმ სიტყვათშეთანხმებას ხმარობს, რომელიც ჩვენს დროშიც ხშირად გვხვდება: „ვნებული მართლმადიდებლობა" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მე-6 სიტყვა).

   მე-6 მსოფლიო კრების შემდეგ, როდესაც წარმოიშვა დავა ხატთა თაყვანისცემისა და, შესაბამისად, ღვთის თაყვანისცემის გარეგნული ფორმების შესახებ, მართლმადიდებლობის ცნება ქრისტიანული ღვთისმეტყველებისა და ღვთისმსახურების მთელ სფეროზე გავრცელდა. ეკლესიათა განყოფამდე „ორთოდოქსია" - მართლმადიდებლობა - როგორც აღმოსავლეთში, ისევე დასავლეთში ჭეშმარიტი ქრისტიანობის აუცილებელ ნიშნად ითვლებოდა. როდესაც რომის ეკლესია გამოეყო საეკლესიო ერთიანობას, ორივე კლასიკური, უფრო სწორად, ძველი საეკლესიო ცნება - „მართლმადიდებელიც" და „მსოფლიო - კათოლიკეც" შენარჩუნებულ იქნა აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, მაგრამ ისე, რომ პირველი დომინირებული გახდა აქ, მეორე კი - იქ, და თითოეული ერთგვარად ეკლესიის ნიშნად იქცა: აღმოსავლეთში - მართლმადიდებლობა, ანუ პირველ ყოვლისა აღმსარებლობის სიწმინდის შენარჩუნებაზე ზრუნვა; დასავლეთში კი - „მსოფლიო - კათოლიკურობა", როგორც სარწმუნოების საყოველთაო გავრცელების იდეა. ქრისტეს ეკლესიის, როგორც კათოლიკე ეკლესიის წოდება, ცხადია, აღმოსავლეთშიც დარჩა და ეს სარწმუნოების სიმბოლოშიც არის ასახული, მაგრამ აქ, აღმოსავლეთში, ამ სახელმა შეინარჩუნა ის ადგილი ეკლესიის სხვა აუცილებელ ნიშნებს შორის, რომელიც მეორე მსოფლიო კრებაზე მიენიჭა ამ რიგში: „ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო" - აქ მას არ ეძლევა რაიმე განსაკუთრებული, სხვა ნიშნებისგან გამორჩეული მნიშვნელობა.

 

 

 

წიგნიდან   „საუბრები მართლმადიდებლობაზე"

 


უკან დაბრუნება