მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > საყოველთაობა - მართლმადიდებელი ეკლესიის ნიშან-თვისება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

საყოველთაობა - მართლმადიდებელი ეკლესიის ნიშან-თვისება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


1-03-2024, 09:07

საყოველთაობა - მართლმადიდებელი ეკლესიის ნიშან-თვისება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მართლმადიდებელ ქრისტიანებს ნიკეა-კონსტანტინოპოლის (325-381) მრწამსის თანახმად გვწამს "ერთი, წმინდა, კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესია". მრწამსის ეს მუხლი ყველაზე ზუსტად გამოხატავს ეკლესიის ნიშან-თვისებას.

   საყოველთაობის (ბერძ. - ეკუმენე. მსოფლიო) პრეტენზია მეთერთმეტე საუკუნიდან ლათინებმა (პაპისტებმა, პირობითად კათოლიკებმა) გამოაცხადა, ხოლო მეოცე საუკუნეში, კიდევ უფრო მასშტაბური სახით, ამის ამბიცია ეკუმენისტურმა მოძრაობამ გამოხატა.

   რატომ ვუწოდებთ მართლმადიდებელ ეკლესიას "კათოლიკე"-ს (საყოველთაოს, მსოფლიოს)? იმიტომ, რომ ის არსებობს განურჩევლად ადგილისა, დროისა თუ ეროვნული კუთვნილებისა. ის შეუზღუდავია და აკავშირებს ყველას ადგილის, დროისა თუ ეროვნების მიუხედავად. პავლე მოციქულის სიტვისამებრ: "სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინა-დაცვეთილება და წინა-დაუცვეთელობა, ბარბაროზ, სკვითელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე" (კოლ. 3. 11).

   წმ. იუსტინე პოპოვიჩი წერს: "ეკლესიის ღმერთკაცობრივ სხეულში ყოველი წევრი თავისი პიროვნების მთელი სისავსით ცხოვრობს, როგორც ცოცხალი, ღვთისმსგავსი უჯრედი. ღმერთკაცობრივი საზოგადოების, საყოველთაობისა და ერთობის კანონი ყოველივეს მოიცავს და ყოველივეთი მოქმედებს. ამასთანავე, ყოველთვის დაცულია ღმერთკაცობრივი წონასწორობა ღვთაებრივსა და ადამიანურს შორის. ჩვენ, ეკლესიის წევრები, ჩვენი არსების მთელ სისრულეს განვიცდით მასში ყოფნით და ყველა საზომით ხდება განცდა ღვთისმსგავსებისა... საყოველთაობა ეკლესიისა სინამდვილეში არის ადამიანის განუწყვეტელი, მადლმოსილი და ნებაყოფლობითი ყოფნა ქრისტეში".¹

   პავლე მოციქულის სიტყვები - "აღვსება... რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო" (ეფ. 1. 23) მიგვითითებს, რომ ცხონებისაკენ მოხმობილია მთელი კაცობრიობა. თითოეულს გვმართებს, გავხდეთ მართლმადიდებელი ეკლესიის, ე.ი. ქრისტეს ეკლესიის წევრი, თუმცა კაცობრიობის უმრავლესობა უარყოფს ამ მოწოდებას, ან ყალბი "საყოველთაობის" მომხრე ხდება. ცხონებისათვის აუცილებელი პირობაა კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის წევრობა. მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა არ არის ცხონება. წმ. მღვდელმოწამე ილარიონი (ტროიცკი) წერს: "ეკლესიის მიღმა არ არის ქრისტიანობა, არც ცხოვრება, არც ცხონება. ყოველივე ეს მთელი სისავსით არის ერთიან ეკლესიაში".²

   ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ არც ერთ რელიგიას თუ რელიგიებს გაერთიანების არანაირი უფლება არა აქვს საყოველთაობის პრეტენზიას აცხადებდეს, ვინაიდან საყოველთაობა, ჭეშმარიტების დამახასიათებელი თვისებაა. სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა მთელი მსოფლიოსთვის განკუთვნილი ჭეშმარიტების მატარებელი, და, შესაბამისად, საყოველთაო, მსოფლიო. იგი გამორიცხავს დანაწევრებასა და დაყოფასთან შეგუების შესაძლებლობას და შემდეგ ყალბი სიყვარულის კიჟინით მწვალებლური კონფესიების "ერთიან ეკლესიაში" გაერთიანებას.

   "ჭეშმარიტი გაერთიანება ქრისტე ღმერთის განხორციელებით დაიწყო, - ამბობს არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანისი), - რომელმაც ადამიანური ბუნება მიიღო და აღადგინა პირველი ადამიანი - ადამი. იესო ქრისტე ჭეშმარიტად მსოფლიო ადამიანია, რადგან სადაც ქრისტე მკვიდრობს, ასევე მსოფლიო ხდება ქრისტიანი.

   ქრისტე საკუთარ არსებაში მოიცავს მისდამი მორწმუნე ყოველ ადამიანს. განღმრთობილი ქრისტიანი არის მსოფლიო და კათოლიკე (საყოველთაო) ადამიანი. ამგვარი მსოფლიო ადამიანები იყვნენ ყველა მოციქული, მოწამე, მოღვაწე, თავმდაბალი ქრისტიანი".³

   სწორედ თორმეტი მოციქული ედგა სათავეში სულ 120 კაცისაგან შემდგარ ეკლესიას. უფალმა მათ დიდი მისია დააკისრა - ქრისტეს ჭეშმარიტების მთელ მსოფლიოში გავრცელება: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულიწიდისათა" (მათ. 28. 19).

   სხვადასხვა ქვეყნებმა და ერებმა სახარებისეული ფასეულობების ირგვლივ დაიწყეს გაერთიანება. ქრისტიანობის სულიერმა ზეგავლენამ მრავალი ერი გამოიყვანა ბარბაროსული და წარმართული ცხოვრებიდან და მართლმადიდებლობაში გააერთიანა.

   ცნობილია, რომ "საყოველთაობისა" და "მართლმადიდებლობის" ცნებები ადრექრისტიანობის დროიდან იყო ერთმანეთთან გაიგივებული. უკვე "მართლმადიდებელ სარწმუნოებას" გულისხმობს.

   მართლმადიდებელი ქრისტიანები ყველგან და ყოველთვის, უწინაც და დღესაც, ერთიანად მიიჩნევდნენ თავს სწორედ ერთი სარწმუნოების გამო, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული.

   სამ მღვდელმთავარს - ბასილი დიდს, გრიგოლ ღვთისმეტყველსა და იოანე ოქროპირის ტროპარში "მსოფლიო მოძღვარნი" იმიტომ იწოდებიან, რომ ისინი სოფელს მართლმადიდებლური სწავლებით განანათლებდნენ. მსოფლიო საეკლესიო კრებები მხოლოდ იმიტომ როდი ნიშნავს მართლმადიდებლურ კრებებს, რომ მათში მაშინდელი ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ამბობდნენ მწვალებლურ ცრუ მოძღვრებებს, იცავდნენ და განამტკიცებდნენ მართლმადიდებლურ ჭეშმარიტებას, რომელსაც მსოფლიო მართლმადიდებლობა ქადაგებდა. წმ. იოანე ოქროპირის თქმით, "ეკლესია არის სამყაროს სვეტი. იგი მსოფლიოა (საყოველთაოა), რამეთუ იცავს ჭეშმარიტებას, რომელიც არის და უნდა იყოს საყოველთაო (მსოფლიო)".

   ამრიგად, ცნება "მსოფლიო, საყოველთაო (ეკუმენე) ეკლესიასთან მიმართებაში იმდენად რიცხოვნებას ან გეოგრაფიას არ გამოხატავს, რამდენადაც ხარისხობრივ, ჭეშმარიტ აღმსარებლობას. ამიტომ პაპისტებმა, ეკუმენისტებმა, ნიუ-ეიჯის მიმდევრებმა თუ სხვა რელიგიურმა მიმდინარეობებმა თუ კონფესიებმა სრულიად უსამართლოდ მიითვისეს წოდება "კათოლიკე", მსოფლიო, საყოველთაო. მათ სათავეში დგას "ეკუმენისტური მსოფლიო საბჭო" (ე.მ.ს.). ძალიან არიან სოფელ-ქვეყნად მოდებულნი, მაგრამ საყოველთაობის პრეტენზია მაინც არ უნდა ჰქონდეთ: მწვალებლობა ვერასოდეს იქნება მსოფლიო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სიცრუეს ქადაგებენ.

   ამრიგად, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა მსოფლიო და საყოველთაო. მთელ მსოფლიოს სჭირდება, რომ მან შეინარჩუნოს, დაიცვას ეს საყოველთაობა. მაცხოვრის სიტყვისამებრ: "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". ამდენად ეკლესია მოვალეა იყოს მსოფლიო და არ გადაუხვიოს ეკუმენიზმისაკენ (ყალბი საყოველთაობისაკენ), რათა დაიცვას თავისი უტყუარობა და ამით დაეხმაროს მთელ მსოფლიოს. (გაგრძელება...)

   




¹ არქ. იუსტინე პოპოვიჩი. მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენიზმი. ციტ. "სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა". ტ. 5. გვ. 67.

² Св. Иларион (Троицкий). Без церкви нет христианства. с. 68.

³ Арх. Гиоргий (Капсанис). Глобализация. Св. Григория Монастырь. Афон.

წმ. იოანე ოქროპირი. ციტ. სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა. ტ. V. 1998. გვ. 210.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება