მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ადამიანის თავისუფალი ნების“ კონცეფციები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
„ადამიანის თავისუფალი ნების“ კონცეფციები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე7-04-2024, 20:47 |
ადამიანის თავისუფალი ნების საღვთისმეტყველო კონცეფცია რამდენიმე მიმართულებით განვითარდა: 1) ორთოდოქსული, 2) ლიბერტანული, 3) შერეული, ნახევრადლიბერტანული. მოდერნისტი იდეოლოგების მიერ გაჟღერებული „ადამიანის თავისუფალი ნების" თეზა, სახელდობრ მისი შინაარსი, იწვევს ეჭვს, თუ რამდენად შეესაბამება ის ქრისტიანულ მსოფლმხედველობას. თავად პრობლემა, საკითხი ერთმნიშვნელოვნად ხასიათდება ვით „პოსტ" ან „ანტი" ქრისტიანული შინაარსის. თავისუფლების მოდერნისტულ-ლიბერალური იდეა ახალი დროების ისეთივე მითია, როგორიც ევოლუცია, პროგრესი და ა.შ. პრობლემის არსი დაახლოებით ამგვარად ჟღერს: „ადამიანს შეუძლია აკეთოს ის, რაც სურს, მაგრამ არ შეუძლია ისურვოს ის, რაც მართებულია". ე.ი. დაცემის შემდგომი ადამიანის თავისუფალი ნება ერთობ მერყევი ცნებაა, ის არსებითად პელაგიური (ე.ი. ლიბერტანული) შინაარსისაა. პავლე მოციქულისა და ნეტარი ავგუსტინეს კონცეფციის თანახმად: „დაცემულ ადამიანს არ შეუძლია არ ისურვოს ცოდვა იმიტომ, რომ მისი ნება დაზიანებულია პირველქმნილი ცოდვით, რომელიც შეუქცევადად უბიძგებს მას ცოდვისაკენ, რისგან განთავისუფლება მხოლოდ ღვთის მადლითაა შესაძლებელი". პელაგიის კონცეფციით, ადამიანს შეუძლია არ შესცოდოს პირველქმნილი ცოდვით დაცემის შემდეგაც, თუკი ისურვებს, იმიტომ რომ, გააჩნია უპირობო თავისუფალი ნება. ამ საკითხზე თავდაპირველად პავლე მოციქულის სწავლებაში ვკითხულობთ: „ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი არა მნებავს, და მას ვჰყოფ, თანა-მოწამე ვარ შჯულისა, რამეთუ კეთილ არს, აწ უკუე არღარა მე ვიქნ მას, არამედ რომელი-იგი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა ცოდვა" (რომ. 7. 16-17). „რამეთუ ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე, ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ხორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაითა, რომელმან შემიყვარა მე და მისცა თავი თვისი ჩემთვის" (გალ. 2. 20). „რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოხსნაი სისხლითა მისითა და მოტევებაი ცოდვათა ჩუენთა სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა, რომელი-იგი გარდაჰმატა ჩუენდა მომართ ყოვლითა სიბრძნითა და გონიერებითა" (ეფ. 1. 7-8). ასეთივე შინაარსისაა ნეტარი ავგუსტინეს მიერ პელაგიური ცრუსწავლების მხილება: „პელაგი ასწავლის, რომ ღვთის მადლი და მისი შეწევნა თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებაში მდგომარეობს; რომ ღვთის მადლი ჩვენი დამსახურებისამებრ გვეძლევა. ამიტომ თავად მადლი ადამიანის ბუნებაში მდგომარეობს; რომ ადამიანები არ იქნებოდნენ ღვთის ძეებად წოდებულნი, თუკი ყველა მიმართებით არ გახდებოდნენ უცოდველი; რომ ჩვენი გამარჯვება არა ღვთის შეწევნით, არამედ თავისუფალი გადაწყვეტილებით ხორციელდება; რომ ადამიანის სულს შეუძლია იყოს ცოდვის გარეშე ზუსტად ისევე, როგორც ღმერთს".1 რეალურად, რაზეც პავლე მოციქული და ნეტარი ავგუსტინე ხაზგასმით საუბრობენ, არის შემდეგი: რაც ჩვენს თავისუფალ არჩევანშია, არის ცოდვა, ხოლო ცხონება, ცოდვისაგან ხსნა მხოლოდ ღვთის მადლით, ზებუნებრივი ჩარევითაა შესაძლებელი. მოწაფეები ეკითხებიან მაცხოვარს: „ვის-მე ხელ-ეწიფების ცხოვნებად? მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს" (მათ. 19. 25-26). „ადამიანის თავისუფალი ნების" საღვთისმეტყველო ლიბერტანული კონცეფცია ნეოპლატონური და ნეოსტოიკური ეპოქის პროდუქტია. თავის დროზე ის ალექსანდრიისა და ანტიოქიის საღვთისმეტყველო სკოლებში შემოიჭრა და ელინური ფილოსოფიისა და ქრისტიანული მსოფლმხედველობის ერთგვარი სინთეზია, გაჟღერებული ისეთი „აპოლოგეტების" მიერ, როგორებიც არიან - კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე, ვალენტინი და სხვა. ამდენად, გასაკვირიც არაა, რომ ორთოდოქსულმა საღვთისმეტყველო ცნებებმა საღმრთო ჰიპოსტასისა და საღმრთო ბუნების შესახებ, იმ წიაღში დამახინჯებული ფორმები მიიღო, კერძოდ: მათ სწავლებებში (ქრისტოლოგიასა თუ სოტერეოლოგიაში) არის შემოჭრილი. ადამიანის თავისუფალი ნების ამგვარი გნოსტიკური სწავლებების აღორძინებას შედეგად მოჰყვა „ადამიანის თავისუფალი ნების, ვით მიწიერი ღმერთის" კონცეფციის გავრცელება (კანტი, რუსო, ბერდიაევი, ჰეგელი, შელინგი თუ სხვა). ქრისტიანობამ თავისუფლება კონკრეტულად საღმრთო ნების და არა კაცობრივი ბუნების დამსახურებად მიიჩნია: ადამიანი ან ცოდვის (იონ. 8. 34), ან ღვთის მონა (რომ. 1. 11) უნდა იყოს. ორთოდოქსულ მსოფლმხედველობაში ადამიანი ერთმნიშვნელოვნად დაზიანებულია პირველქმნილი ცოდვით. რეალურად, ადამიანისათვის დამახასიათებელია გნომიკური ნება (მერყეობა თავისუფალ არჩევანში), ხოლო ურყეობას მხოლოდ ხელთუქმნელი ბუნება ფლობს. ე.ი. ადამიანი ჭეშმარიტ თავისუფლებას მხოლოდ ღვთის მადლში ცხოვრების შედეგად იძენს, ანუ ღვთის ნების აღსრულებით. ხოლო ლიბერტანული თავისუფლების იდეა იგივე პელაგიანური სწავლებაა, სადაც თავისუფლება დაცემულ ნებაში თავისუფალი არჩევანის აღსრულებას ნიშნავს. ამიტომ ლიბერტანელობისეული „თავისუფლება" არა სულიერ თავისუფლებას, სინამდვილეში ინსტიქტების დონეზე მოქმედებას გულისხმობს და - ეს ადამიანის „ავტონომიის" მითია და სხვა არაფერი. ამრიგად, ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს, პირველქმნილი ცოდვის შედეგად, წაერთვა ყოველგვარი მსგავსება ღვთისა. დაცემული ადამიანის (ეშმაკის ნებას მიმსგავსებულის) ცხონება შეუძლებელი გახდა. ეს მისთვის ზებუნებრივია და მხოლოდ საღმრთო მადლის მიერ არის შესაძლებელი, რაზეც ამყარებს სასოებას მართლმადიდებელი ქრისტიანი. ამას ითხოვს ის მუდმივად ღვთისაგან, ვით „უღირსი მონა". ეს გახლავთ ჭეშმარიტი ორთოდოქსია. მსგავს განცდას არ იწვევს „სინთეზური", „შერეული" მიდგომა ამ საკითხის მიმართ - ახალი აღთქმის სწავლება წარმართული „სიბრძნით მდიდრდება" (პლატონით, არისტოტელეთი, პლოტინით, შელინგით, ჰეგელით თუ სხვა), რაც სულაც არ არის „ადამიანის თავისუფალი ნება", არამედ მისი პაროდიაა მხოლოდ. (გაგრძელება...)
1 Св. Августин. Епископ Гиппонский. О деянии Пелагия.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |