მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ჰომოსექსუალიზმისადმი ორაზროვანი მიდგომა კრეტის კრების (2016 წ.) დოკუმენტში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ჰომოსექსუალიზმისადმი ორაზროვანი მიდგომა კრეტის კრების (2016 წ.) დოკუმენტში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


1-04-2024, 20:00

 

   21-ე საუკუნის დამდეგი ოფიციალურ საღვთისმეტყველო დოკუმენტებში ორაზროვნებისა და გაურკვევლობის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ. სად, თუ არა საეკლესიო კრებაზე, უნდა იყოს განსაკუთრებული სიცხადით გადმოცემული მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლება, საღვთისმეტყველო თუ ზნეობრივი თვალსაზრისით წამოჭრილი.

   პირველი პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით აზიანებს კრეტის კრების (2016 წ.) დოკუმენტებს, გახლავთ ზოგიერთი ტექსტის ორაზროვანი, ბუნდოვანი შინაარსი. როდესაც საქმე ეხება მნიშვნელოვან, მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის აუცილებლად გამოცხადებულ დოკუმენტებს, ყოვლად მიუღებელი და გაუმართლებელია ტექსტის ორაზროვნებაც და გაურკვევლობაც.

   მართლაც, სად უნდა გამოთქვას ეკლესიამ თავისი მკაფიო პოზიცია ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიც ჰომოსექსუალიზმია, თუ არა კრებსით დოკუმენტში? კრეტის კრებას ჰქონდა შესანიშნავი საშუალება, რომ წარმოეჩინა ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლება დოკუმენტში „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები". მაგრამ ერთმნიშვნელოვანი, კატეგორიული პოზიცია ერთნაირსქესიანთა „ქორწინების" საკითხზე კრების იდეოლოგებმა მკაფიოდ არ დაადასტურეს; მეტიც: რამდენიმე პუნქტი (6; 10) მართალია ირიბად, მაგრამ მაინც ერთგვარ „მწვანე შუქს" უნთებს ჰომოსექსუალი წყვილების „ქორწინებას".

   დოკუმენტის მე-6 და მე-10 პუნქტები შინაარსობრივად ერთმანეთს ეხმიანება. მათი შინაარსი, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესატყვისება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას. როგორც ჩანს, სწორედ არამართებული შინაარსის გამო, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა შამბეზის (2016 წ.) წინასაკრებო შეხვედრაზე ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

   მე-6 პუნქტში ვკითხულობთ:

   „ქორწინების საკითხში მოციქულ პავლეს მიერ წარმართთა შემწყნარებლობის შესაბამისად (რომ. 7. 2-3; 1 კორ. 7. 12-15. 39), ეკლესია ყოველთვის აუცილებელი სიმკაცრითა და სამოძღვრო გულისხმიერებით ეკიდებოდა როგორც დადებით წინაპირობებს (სქესის განსხვავებულობა, სრულწლოვანება და ა.შ.), ასევე უარყოფითს (სისხლით ნათესაობა, ქორწინებით ნათესაობა, სულიერი ნათესაობა, უკვე არსებული ქორწინება, სარწმუნოებრივი განსხვავება და სხვა) ქორწინების საიდუმლოს აღსასრულებლად. სამოძღვრო გულისხმიერება აუცილებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიბლიური ტრადიცია ქორწინების კავშირს საეკლესიო საიდუმლოთი ამტკიცებს, არამედ იმიტომაც, რომ საეკლესიო პრაქტიკა არ გამორიცხავდა გათავისებას ბერძნულ-რომაული ბუნებითი სამართლისას, რომლებიც ხაზს უსვამდნენ შემდეგ ფაქტს: ქორწინების საკვრელნი მამაკაცსა და ქალს შორის მიჩნეულია „საღვთო და ადამიანურის სამართლის თანაზიარებად" (მოდესტინი) და იგი შეთავსებადია ქორწინების საიდუმლოს იმ სიწმინდესთან, რომელსაც ეკლესია ანიჭებს მას".1

   დიდად არაფრის მთქმელია წმ. წერილის (პავლე მოციქულის ეპისტოლეების ამონარიდები) ეს მითითება კრეტელების მიერ, რადგან კრება შეგნებულად არ მიუთითებს პავლე მოციქულის მკაფიო სწავლებას „სქესის განსხვავებულობის" აუცილებლობაზე: „ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგართა... სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ" (1 კორ. 6. 9).

   დოკუმენტის მე-6 პუნქტი ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებად არ ასახელებს ერთსქესიანთა კავშირს, „ქორწინებას", სამაგიეროდ თხზავს სპეციალურ ტერმინს „დადებითი წინაპირობა" (ე.ი. აუცილებელი მოთხოვნა), სადაც „სქესის განსხვავებულობაც" მოიაზრება.

   ლოგიკური და ცხადი იქნებოდა ქორწინების „დაბრკოლებად" მითითებულიყო ერთნაირსქესიანობა და არ შეფუთულიყო ის „დადებითი წინაპირობითა" და „ერთნაირსქესიანთა კავშირის" მიუღებლობის მითითებით, რაც რატომღაც არ ისურვეს დოკუმენტის შემდგენელებმა.

   მაგრამ, ნუთუ ეკლესია და პავლე მოციქული „შემწყნარებლობით" ეკიდებოდა ამ საკითხს?! კორინთელთა ეპისტოლის ჩვენს მიერ მითითებულ ამონარიდში ეს არ ჩანს. კრეტის კრების აღნიშნული „კოდის" გაშიფვრას რომ შევუდგეთ, აი რას მივიღებთ: ეკლესია და პავლე მოციქული შემწყნარებლურად ეკიდებოდა ჰომოსექსუალურ, ერთნაირსქესიანთა წყვილებს?! სულაც არა! უფრო პირიქით, მაგრამ ამის წარმოჩენა კრეტელებმა არ ისურვეს.

   კიდევ უფრო საგანგაშო სიგნალია აღნიშნული დოკუმენტის მე-10 პუნქტში:

   „ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს, ასევე სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრებას, გარდა ქორწინებისა. ეკლესია მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რომ მისმა წევრებმა, რომლებით ასეთ კავშირში იმყოფებიან, მიაღწიონ ჭეშმარიტ სინანულს და სიყვარულს, კურთხეულს ეკლესიის მიერ".2

   გავიმეორებთ მათთვის, ვინც ფიქრობს, ხომ არ მომეჩვენაო: „ეკლესია საკუთარი წევრებისთვის „ერთი სქესის მქონე" (ჰომოსექსუალი) და „ნებისმიერ ფორმით თანამცხოვრებ" (ჰეტეროსექსუალი) პირებს იღებს მხოლოდ „ქორწინებით"." ამას ნიშნავს „გარდა ქორწინებისა".

   კიდევ ერთხელ მათთვის, ვისაც არ სურს ზემოთქმულის დაჯერება: „ეკლესია არ აღიარებს სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა (ჰომოსექსუალურ თუ ჰეტეროსექსუალურ წყვილებს, გარდა ქორწინებისა". ქორწინებით, კი ბატონო - ამას გვასწავლის ჩვენ კრეტის კრება!

   სწორედ ამიტომ არ არის ნახსენები მე-6 პუნქტში ჰომოსექსუალიზმი (ერთნაირსქესიანთა კავშირი) დამაბრკოლებელ გარემოებად. შემთხვევითობას ეს სულაც არ ჰგავს. პრაქტიკულად ესაა ღია მოწოდება ჰომოსექსუალური წყვილების ქორწინებისა და ღმერთი ნუ გაგიწყრებათ და ქორწინების გარეშე ნუ გექნებათ „ასეთი ურთიერთობა".

   ტერმინი „ასეთი კავშირი" კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს „ეჭვებს". რა საჭიროა „ასეთი" და „ისეთი" ტერმინები, როდესაც აქ ერთმნიშვნელოვნად არის სათქმელი: ქრისტიანული ქორწინება არის მხოლოდ (გენეტიკური) მამაკაცისა და (გენეტიკური) დედაკაცის ცოლ-ქმრული კავშირი. სხვა დანარჩენი უმძიმესი, მომაკვდინებელი ცოდვებია!!!

   კიდევ დავძენთ: დოკუმენტების „ორაზროვნების" (ჩვენი აზრით, შეგნებული მანიპულირების) გამოსწორების სურვილი რომ ყოფილიყო, მათ ბევრი დრო და საშუალებაც ჰქონდათ საამისოდ. ნუ დაგვავიწყდება, რომ კრეტის კრებისთვის მოდერნისტ-ეკუმენისტები ლამის ერთი საუკუნე ემზადებოდნენ. ასე რომ, ეს „ბუნდოვანება" სინამდვილეში მათი შეგნებული მსოფლხედვაა, რომელსაც, შედავების შემთხვევაში, ისე განმარტავ, როგორც მოგესურვება.

   კრეტის ამ დოკუმენტმა უკვე გამოიღო თავისი „შედეგი"; საბერძნეთის მთავრობამ „ჰომოსექსუალთა ქორწინება" დააკანონა. ეს „კანონი" პრემიერმა შვიდი თვით ადრე დააანონსა, მაგრამ მღვდელმთავრებიდან (100 ეპისკოპოსი) მხოლოდ რამდენიმემ აღიმაღლა ხმა. იხილეს რა ეკლესიის „შემწყნარებლური" პოზიცია, მას გაუბედეს ის, რაც საუკუნოდ გაჰყვება სირცხვილის ლაქად მართლმადიდებელი ბერძენი ხალხის ისტორიას. (გაგრძელება...)






1 კრეტის კრება 2016 წ. „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები". (პუნქტი 6).

2 იქვე. (მე-10 პუნქტი).








დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება