მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ტიტულოვანი მოდერნისტები ფსიქოანალიზსა და ჰიპნოზს მისაღებად მიიჩნევენ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ტიტულოვანი მოდერნისტები ფსიქოანალიზსა და ჰიპნოზს მისაღებად მიიჩნევენ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე28-03-2024, 00:00 |
ახალმა დროებამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ სავალდებულოა ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპევტული მეთოდების მეტად ყურადღებიანი შეფასება. ხშირად გვესმის: მართალია, ესა თუ ის ფსიქოლოგიური მეთოდი არ არის ქრისტიანულ სწავლებაზე დაფუძნებული, მაგრამ ის „შედეგებს" იძლევა. ცხადია, მსგავსი არაქრისტიანული მეთოდების გამოყენება დაუშვებელია. საქმე ისაა, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს არა რომელიმე ფსიქოლოგიური მეთოდის ეფექტურობას, არამედ იმას, რამდენად სასიკეთოდ ან საზიანოდ მოქმედებს ის ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე. უთუოდ ქრისტიანული ანთროპოლოგიის საფუძველზე უნდა შეფასდეს დასავლური ფსიქოლოგიის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა: სიმპტომატიკური ფსიქიატრიული ცოდნა, ფსიქოთერაპიის შესაძლებლობები, ფსიქოანალიზი, ფსიქოფარმაკოლოგია, ეგზისტენციური ანალიზის ცოდნა, გეშტალტთერაპია, როჯერული მიდგომა, მილტონ ერიქსონის მეთოდი, ნ.ლ.პ., ჯგუფური თერაპია თუ სხვა... აქ ჩამოთვლილი მეთოდები მეტნაკლებად საზიანოა ადამიანისთვის. მაგრამ კიდევ უფრო მზაკვრულია ქრისტიანულ ფსიქოლოგიასთან (ე.ი. ანთროპოლოგიასთან) მათი გაერთიანება, „სინთეზი". ასეთი „სინთეზური" მეთოდი მიმზიდველი ხდება ქრისტიანული საზოგადოებისთვისაც, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას: ეკლესიის წიაღში ადგილის მოპოვებას ლამობს ის, რაც ქრისტიანული ანთროპოლოგიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი შეშფოთება სწორედ იმან გამოიწვია, რომ თანამედროვე ფსიქოლოგების დიდი ნაწილი, მათ შორის ე.წ. „ქრისტიანული ფსიქოლოგიის" წარმომადგენლები, სხვადასხვა „დასავლური" მეთოდის სინთეზური გამოყენებით არიან დაინტერესებულნი. ის, რაც ქრისტიანული თვალსაზრისით კატეგორიულად დაუშვებელი და საზიანოა, პრაქტიკული ფსიქოლოგიის აქტუალურ მეთოდიკად იქცა. წინა თავებში უკვე აღვნიშნეთ, რომ ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ნეოწარმართული, ოკულტური მეთოდების „სინთეზი" მოდერნისტული პროექტიცაა. ეს იმის შერწყმის მცდელობაა, რისი შერწყმა-გაერთიანება დაუშვებელია. სამწუხაროდ, არამარტო ფსიქოლოგები, არამედ ტიტულოვანი მოდერნისტი სასულიერო პირებიც (მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი, არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი) დადებითად აფასებენ ფსიქოლოგიის დარგში მსგავსი „სინთეზის" გამოყენებას. მიტროპოლიტ ა. სუროჟელს ჰკითხეს: შეიძლება მორწმუნე ადამიანმა მიმართოს ექიმს ჰიპნოზური მეთოდებით მკურნალობისთვის? რამდენად დასაშვებია მორწმუნე ექიმმა გამოიყენოს ეს მეთოდები? მიტროპოლიტმა უპასუხა: „მე ვფიქრობ კი, შეუძლია. XVIII-XIX საუკუნეთა რომანტიკულ ლიტერატურაში შეიქმნა მესმერასა და სხვა ჰიპნოზიორების ეშმაკისეული პორტრეტი. თითქოს მათ შეუძლიათ ადამიანზე იმოქმედონ იმგვარად, რომ მთლიანად დაიმორჩილონ (დაიმონონ) მისი ნება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჰიპნოზი ვერ დაეუფლება ადამიანის ნებას".1 მეორე შეკითხვაზე, ბოროტი თუ ნათელი ძალების ბუნებისაა ჰიპნოზი, სუროჟელმა უპასუხა: „არც ბოროტის და არც ნათელის, უბრალოდ ბუნებრივი მონაცემების გამოყენებაა. ნებისმიერ ადამიანს, ექიმს შეუძლია ისწავლოს ჰიპნოზით მკურნალობა. ნუ მისცემთ მას დრამატულ სახეს, ის ტექნიკაა".2 მაგრამ ნებისმიერ ტექნიკას თავისი მისაღები თუ მიუღებელი მეთოდები გააჩნია, რომელთა ანალიზი და შეფასება სავალდებულოა. ჰიპნოზის ტექნიკის არსი და მეთოდები რომ დემონური (ოკულტური) შინაარსისაა, ორთოდოქსულ საზოგადოებაში არ საჭიროებს ზედმეტ განმარტებას. წესით, ეს უკვე საკმარისია საიმისოდ, რომ ქრისტიანული თვალსაზრისით ის ნეგატიურად შეფასდეს. მაგრამ მოდერნიზმში ხომ ყველაფერი პირიქითაა. ქრისტიანობისა და ნეოწარმართული სწავლებების (ფილოსოფია, ფსიქოლოგია, გნოსტიციზმი, ოკულტიზმი და ა.შ.) „სინთეზი" მოდერნისტების ხელწერაა. ის ეკლესიაში სეკულარული სულის შემოტანის მკაფიო ნიშანია. ეს ცოდვასთან „შეთამაშებისაკენ" გადადგმული ნაბიჯია, რომელიც სავალალო შედეგებს მოუტანს ქრისტიანულ საზოგადოებას. მოძღვარმა ფსიქოლოგები და ფსიქიატრები კი არ უნდა დაიხმაროს სულიერი პრობლემების განხილვა-გადაჭრის დროს, არამედ თავად სათანადოდ უნდა შეისწავლოს და პრაქტიკაში გამოიყენოს ზნეობრივი ღვთისმეტყველებისა და ასკეტიკის სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სახელმძღვანელოები. ცხადია, უნდა გავეცნოთ თანამედროვე ფსიქოლოგიის მეთოდებსაც, მაგრამ არა მათი პრაქტიკული გამოყენების, არამედ მათი კრიტიკული, ქრისტიანული შეფასებისთვის, მით უფრო, როდესაც საკითხი სასულიერო სასწავლებლებსა და მოწაფეებს ეხება. მაგრამ რა ვუთხრათ ფსიქოლოგებს, როდესაც სასულიერო პირების ბაგეებიდან გვესმის მსგავსი მოწოდებები?! მაგალითად, არქიმანდრიტი კვიპრიანე (კერნი) წერს: „სასულიერო დაწესებულებები, როგორც საშუალო, ისე უმაღლეს საფეხურზე, ყოველთვის იყენებდნენ ფსიქოლოგიას. ეს ცოდნა შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს. სამღვდელო კანდიდატს შეუძლია გაეცნოს ახალ სახელმძღვანელოებს ზნეობრივ ფსიქოლოგიაში, მოძღვრულ ფსიქოთერაპიასა და ფსიქოანალიზში; გამოიყენოს ის, რასაც იპოვის დასავლურ სახელმძღვანელოებში, მართლმადიდებლური მოძღვრული პირობებისამებრ".3 გაუგებარია, რატომ უნდა დავაყენოთ ერთ რიგში ზნეობრივი ღვთისმეტყველება და ფსიქოანალიზი? მსგავსი „სინთეზური" მიდგომით არა ქრისტიანული ფსიქოლოგია, არამედ ნეოფროიდიზმი შეგვრჩება ხელთ. წარმოგვიდგენია, მსგავსი მეთოდოლოგიით „განსწავლული" ქრისტიანი რა სულიერი სიმახინჯით „იმდიდრებს" თავის ცნობიერებას?! აღარაფერს ვამბობთ სამღვდელო კანდიდატებზე, რომლებიც სულიწმინდის შთაგონების ნაცვლად ჰიპნოზის გამოყენებით შეეცდებიან მრევლზე ზემოქმედებას?! ეს დრო შორს არაა, ეს საფრთხე უკვე კარს მოგვადგა. დროული რეაგირების გარეშე ეს პრობლემა კიდევ უფრო გაძლიერდება და ქრისტიანული სულიერების მთლიანად ჩანაცვლებით დაგვემუქრება. ღმერთო, შეგვეწიე!!! (გაგრძელება...)
1 Митр. А. Сурожский. Беседы разных лет. 1994. С. 167. 2 იქვე. А. Сурожский. С. 197. 3 Арх. Киприан Керн. Православное пастырское служение. 1996. С. 362-369.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |