მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მოდერნიზმი, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ანათემის მნიშვნელობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ანათემის მნიშვნელობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


12-03-2024, 20:47

ანათემის მნიშვნელობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში გამოვლენილი ცრუსწავლება, დოგმატურ განსაზღვრებათა თანახმად, წმ. მამების მკაცრი რეაგირების საგანი ხდებოდა. გარკვეული დროის შეგონების შემდეგ, შეუნანებლობის შემთხვევაში, ცრუსწავლება ერესად კვალიფიცირდებოდა და ანათემას მიეცემოდა.

   ერეტიკოსების ანათემიზმი დაცულია მართლმადიდებელი ეკლესიის აღმსარებლურ დოკუმენტში სახელწოდებით „მეშვიდე მსოფლიო კრების სინოდიკი მართლმადიდებლობის შესახებ" („Синодик святого VII Вселенского Собора о Православии"), იგივე „Синодик Православия" - „მართლმადიდებლური სინოდიკი". ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი შესულია VII მსოფლიო კრების განსაზღვრებებში, რომელმაც დაამტკიცა ხატთაყვანისცემის დოგმატი. ამდენად, ვით მსოფლიო კრების გადაწყვეტილება, გააჩნია უმაღლესი ავტორიტეტი და უცდომელობის კვალიფიკაცია.

   843 წ. კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე აღმსარებელი პატრიარქის მეთოდის მიერ დადგინდა, რომ ის ყოველწლიურად იქნებოდა წაკითხული მართლმადიდებელი ზეიმის კვირიაკეს (დიდი მარხვის პირველ კვირას). ანათემის კრებული თავდაპირველად 58 ანათემისაგან შედგებოდა, რომელიც „მართლმადიდებელი სინოდიკის" ნაწილს წარმოადგენდა. შემდეგში თავდაპირველ ტექსტს სხვა ანათემებიც ემატებოდა.

   აქვე უნდა ითქვას, რომ ანათემა სულაც არ ნიშნავს ცრუსწავლების (ერესის) გამზიარებელი პიროვნების (ან პიროვნებათა) სიძულვილს, უსიყვარულობას, როგორც ეს სურთ წარმოაჩინონ მოდერნისტ-ეკუმენისტებს. არა, იყო ეკლესიისაგან საბოლოო განყენების აქტი იმ ადამიანებისა, რომლებმაც, მრავალი შეგონების მიუხედავად, არ ისურვეს ეკლესიის სწავლების დაცვა და ჯიუტად აღიარებდნენ საკუთარ ერეტიკულ (მწვალებლურ) სწავლებას. ამით მათ თავად გამოუტანეს თავიანთ თავს საბედისწერო განაჩენი - ანათემა.

   მრავალი კითხულობს: ქრისტეს თუ გადაუცია ვინმე ანათემას? თავად სიტყვა „ანათემა" მაცხოვარს არ გამოუყენებია, მაგრამ ვპოულობთ ქრისტეს გამონათქვამებს და მოქმედებებს, რომლებიც ან უტოლდება, ან აღემატება კიდეც ანათემას.

   1) ქრისტემ დაწყევლა უნაყოფო ლეღვის ხე, ეგზეგეტების განმარტებით, იუიდეური სინაგოგა:

   „და იხილა ლეღვ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაი ჰპოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და რქუა მას: ნურღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განხმა ლეღვ იგი მეყვსეულად" (მათ. 21. 19).

   2) საშინელ სამსჯავროსა და მეორე მოსვლაზე საუბრისას შეუნანებელ ცოდვილებს „წყეულები" უწოდა:

   „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნოსა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის" (მათ. 25. 41).

   3) მაცხოვარმა მწიგნობრები და ფარისევლები არაერთი მრისხანე სიტყვით მოიხსენია: „ცოფნო, ბრმანო წინამძღვარნო, ორგულნო, გველნო, ნაშობნო იქედნეთანო" (მათ. 23. 13-39).

   4) ქრისტემ შექმნა შოლტი და ტაძარში მოვაჭრენი გამოყარა იქიდან: „და შექმნა შოლტი საბლისაი და ყოველი იგი გამოასხა ტაძრით: ზროხაი და ცხოვარი: და კერმის-მყოფელთა მათ დაუთხია კერმაი და ტაბლები იგი დაუმხუა" (იონ. 2. 15-16).

   ზოგიერთი გაოგნებული ჰუმანისტი იკითხავს: რანაირად შეიძლებოდა სიყვარულით აღსავსე ქრისტეს აღესრულებინა ყოველივე ზემოთქმული? პასუხი მარტივია: ღმერთი არა მხოლოდ მოსიყვარულეა, არამედ მართლმსაჯულიცაა, რაც ვერაფრით თავსდება მოდერნისტ-ეკუმენისტების კონცეფციებში. ამიტომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ დააიგნორონ სახარების ეს სწავლებები, ან ყალბი ინტერპრეტაციით ჩაანაცვლონ ის.

   ამრიგად, სამართლიანობა, სიმკაცრე, სათნო მრისხანება, დასჯა და სამსჯავრო ქრისტეს დამახასიათებელი თვისებებია. ცალმხრივად მაცხოვრის მარტოოდენ „სიყვარულის მქადაგებლად" წარმოჩენა სინამდვილეში არაა ჭეშმარიტი სიყვარული. ამით გაყალბებულ „ქრისტეს" ქადაგებენ, რომელსაც, ცხადია, არ ძალუძს ადამიანის ცხონება.

   ანათემირება (ეკლესიისაგან განყენება, ბერძ. - წყევა), მოციქულებთანაც გვხვდება. წმ. პავლე მოციქული, რომლის ბაგითაც ქრისტეს მეტყველებდა, თავის ეპისტოლეებში არაერთგზის იყენებს სიტყვა „ანათემას" („შეჩვენებას") (რომ. 9.3); (1 კორ. 16. 22).

   მეტად ყურადსაღებია გალატელთა ეპისტოლე: 

   „არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალ. 1. 8).

   როგორც ვხედავთ, წმ. წერილი მრავალგზის იყენებს ტერმინ „ანათემას". იგივე, „შეჩვენებას", „წყევლას". ამას არაღიარება ორი რამის მანიშნებელია:

   1) არ ვიცნობთ კარგად წმ. წერილის შინაარსს;

   2) შეგნებულად უგულებელვყოფთ წმ. წერილის სწავლებას.

   ქრისტეს ეკლესიის მომდევნო პერიოდში, მსოფლიო კრებათა დოკუმენტებში სიტყვა „ანათემამ" საბოლოო მნიშვნელობა შეიძინა - ჭეშმარიტი ეკლესიისაგან განყენებული. ცხადია, სინანული სიკვდილამდეა შესაძლებელი. ანათემა საშიშია არა იმიტომ, რომ ეკლესიას ვინმესთვის ცუდი სურს, ღმერთს ყველა ადამიანის ცხონება სწადია, მაგრამ ანათემირებული ადამიანი ეკლესიის მიღმა მყოფი პირია, რომელმაც დაკარგა ცხონების შესაძლებლობა.

   წმ. თეოფანე დაყუდებული წერს: „ანათემა არის ეკლესიისაგან განყენება, ან საკუთარი წიაღიდან მათი განდევნა, ვინც არ იცავს ეკლესიასთან ერთობისათვის სავალდებულო პირობას; იწყებს სხვაგვარად, არამართლმადიდებლურად აზროვნებას, ე.ი. არა ისე, როგორც აღუთქვა ნათლისღების ჟამს".1

   წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვიც დასძენს: „ანათემა, ეკლესიის სწავლებით, ადამიანის სულიერ მკურნალობას ნიშნავს. კაცობრივი ზრახვა, შემოტანილი ქრისტიანული სარწმუნოების სწავლებაში, ერესად იწოდება, ხოლო ამ სწავლების მიმდევრობა - ბოროტი სარწმუნოებაა, რომელსაც მარადიული სიკვდილი მოაქვს".2

   ანათემით კურნება წმ. ეკლესიის მიერ ყოველთვის მიიჩნეოდა ერესის საშინელი სენისაგან თავდაღწევის, განკურნების საშუალებად. ამის დასტურად კიდევ მრავალი წმინდა მამის სწავლების მოყვანა შეიძლება. მაგრამ თუ წმ. წერილისა და წმ. მსოფლიო კრებების უცხადეს განჩინებებს უარყოფს მავანი, ის უთუოდ წმ. მამათა ცალკეულ გამონათქვამებსაც არად ჩააგდებს. ესეც ხომ მოდერნისტ-ეკუმენისტების ნაცნობი ხელწერაა. (გაგრძელება...)





1 ციტ. Анафемы: выражение гнева, ненависти и прклятие или проявление великой любви Бога и Церкви к заблудшему человеку.

2 იქვე.









დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება