მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მორატორიუმი სიტყვა ერესზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მორატორიუმი სიტყვა ერესზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


6-03-2024, 00:18

მორატორიუმი სიტყვა ერესზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   „მართლმადიდებელი ეკუმენისტების" საერთო მახასიათებლად უთუოდ უნდა მივიჩნიოთ მათი საღვთისმეტყველო ნაშრომების (დოკუმენტების, განცხადებების, მოხსენებების და ა.შ.) ორაზროვანი შინაარსი. ისინი უარს ამბობენ მკაფიო ტერმინებზე: „ერესი", „ანათემა" და მისთანანი. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება მათი პოსტმოდერნისტული ხასიათი, რაც კაცობრივი ცივილიზაციის აპოსტასიური პროცესების დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ.

   ამ ფონზე გასაკვირი არაა „მართლმადიდებელი ეკუმენისტების" უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება ორთოდოქსული ცნობიერების პირთა მიმართ. ნათელი ხდება მათი მზაკვრობა. ეკუმენისტებმა სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, რომ მათი სწავლება პირდაპირ უპირისპირდება იმას, რასაც ეკლესიის წმინდა გარდამოცემა ასწავლიდა ორიათასი წლის მანძილზე.

   „კონსტრუქციული გაურკვევლობის", იგივე ორაზროვან ტერმინთა შეგნებული მანიპულირების გზით ეკუმენისტები არსებითად განუდგნენ ორთოდოქსული ეკლესიოლოგიის საფუძვლებს. ერესებისა და სქიზმების არსებობა მათ მიერ ისტორიული (მართლმადიდებელი) ეკლესიის მისიონერული მოღვაწეობის ნაკლად აღიქმება, რის „გამოსწორებასაც" ეკუმენიზმი კონფესიათაშორისი საღვთისმეტყველო დიალოგის საფუძველზე აპირებს. მაგრამ კაზუსი იმაში მდგომარეობს, რომ თუკი ყველა წმინდა მამა და მსოფლიო კრება ერეტიკულ სწავლებას თავის სახელს - ერესს უწოდებდა, ეკუმენისტებმა ამ სიტყვაზე, ვით პოლიტიკურად მიზანშეწონილ ტერმინზე, „მორატორიუმი" გამოაცხადეს.

   ასე რომ, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა დასის მიერ ერესად სახელდებული ბრალდებულის მხილება არამართებულ, არატოლერანტულ საქციელად მიიჩნიეს „ახალმა მამებმა".

   გამოჩენილი მოდერნისტ-ეკუმენისტი მიტროპოლიტი ილარიონის (ალფეევი) თავის ერთ-ერთ მოხსენებაში ამბობს:

   „მართლმადიდებელი ეკლესია რა მიზეზითა და რა საფუძვლებით შეუდგა დიალოგს კათოლიკებთან? პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ იპოვოს ახალი გზები და მეთოდები თანაარსებობისა და ურთიერთობისათვის. ამასთან, დიალოგის წარმართვისას მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი განაცხადა გამოეყენებინა ტერმინი „ერესი" კათოლიკებთან მიმართებაში. ეს არ ნიშნავს, რომ დღის წესრიგიდან მოხსნილია ტერმინი „ერესი", ან გაბათილებულია ის უთანხმოებები, რომლებიც არსებობს მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის. ეს ნიშნავს, რომ მართლმადიდებლებმა დაადეს მორატორიუმი ამ ტერმინს (ერესს) საღვთისმეტყველო კომისიის მუშაობის პროცესში".1

   საქმე ისაა, რომ არა მხოლოდ კათოლიკებთან, არამედ ზოგადად არცერთ ქრისტიანულ კონფესიასთან დიალოგში „მართლმადიდებელი ეკუმენისტები" არ იყენებენ ტერმინ „ერესს".

   ამის საუკეთესო დასტურია კრეტის კრების (2016 წ.) დოკუმენტები, რომლებიც მკაფიოდ არ განსაზღვრავს ვინ არის და ვინ არ არის ეკლესიის წევრი, რას წარმოადგენს ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისაგან განდგომილი საზოგადოებები; არ ავლებს ზღვარს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ერესს შორის.

   საკითხს რომ ნათელი მოეფინოს, კარგად უნდა გავიაზროთ, რას წარმოადგენს „დანარჩენი ქრისტიანული სამყარო". ე.ი. კათოლიკები, პროტესტანტები, მონოფიზიტები, მონოთელიტები, ნესტორიანელები თუ არიოზელები... ყველა მათგანი ბრალეულია ერესებში მსოფლიო თუ ავტორიტეტულ კრებებზე.

   ამიტომ, იმ ქრისტიანებთან მიმართებაში, რომლებმაც თავიანთ სარწმუნოებაში დაამკვიდრეს ერესი, ვერ გამოვიყენებთ ტერმინს - „ურთიერთობაში არმყოფი კონფესიები და ეკლესიები". მათზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ისინი განუდგნენ ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, მიიღეს ახალი დოგმატები და აღმოჩნდნენ ერესში.

   ამრიგად, „მორატორიუმი", რომელიც გამოცხადებულია როგორც ბერძნული, ისე რუსული ეკლესიების მიერ, საფრთხისშემცველი გახლავთ დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიებისათვის, მათ შორის ჩვენთვისაც.

   მათ მიერ შემუშავებული „ფარული დემონსტრირების" პრინციპი არის მიზანმიმართული ორაზროვნება, ნამდვილი არსის ოსტატური შენიღბვის გზით კლასიკური ერესების რეაბილიტაციაზე გათვლილი. სწორედ ამ გზით არის განსაზღვრული ორთოდოქსული ცნობიერების თანმიმდევრული დაყოლიება, ე.ი. ერესების ლეგალიზებასთან შეგუება.

   ამ კონტექსტის ნაწილია „ანათემების" უგულებელყოფა, რასაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ათინაგორამ ჩაუყარა საფუძველი. ამ ფაქტს შედეგად მოჰყვა მართლმადიდებელი ეკლესიის საუკუნოვან პრაქტიკაზე - მართლმადიდებლობის ზეიმზე ძველი და ახალგამოჩეკილი ერესების საჯარო მხილების, ვით „პარტნიორების" მიმართ არატოლერანტული მოქმედების გაუქმება-ამოღება. (გაგრძელება...)







1 Митр. Иларион (Алфеев). Православно-католические отношения на современном етапе. (лекция МДА. в рамках курса „Внимание церковые связи").




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება