მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > „მართლმადიდებელი ეკუმენისტების“ ორი შეხედულების თაობაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„მართლმადიდებელი ეკუმენისტების“ ორი შეხედულების თაობაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


5-03-2024, 09:20

„მართლმადიდებელი ეკუმენისტების“ ორი შეხედულების თაობაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ეკუმენისტური მოძრაობა ახალი დროების მითია, რომლის თანახმადაც ყველა ქრისტიანული კონფესია, ყველა რელიგია სამომავლოდ უნივერსალურ „ეკლესიაში" გაერთიანდება. „მართლმადიდებელი ეკუმენისტებისაგან" სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ არამართლმადიდებლებიც (ქრისტიანულ კონფესიათა წარმომადგენლები) იგივენაირი ქრისტიანები არიან, როგორიც ჩვენ, ამიტომ „ქრისტიანთა ერთობის აღდგენა" გარდაუვალია. ამ დასკვნის საფუძვლიანობას ისინი ორი კონცეპტუალური თეზათი „ამყარებენ":

   1) ქრისტიანული კონფესიების გაერთიანება წმ. წერილის მოწოდებაა.

   2) კონფესიებად დაყოფა ქრისტიანების ცოდვაა.

   ამრიგად, ერთი მხრივ, ეკუმენისტები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ღმერთთან სრულყოფილი ურთიერთობისთვის საჭიროა პრინციპულად უარვყოთ მართლმადიდებელი ეკლესიის ოცსაუკუნოვანი სწავლება და გამოცდილება, ვით დრომოჭმული გადმონაშთი. მეორე მხრივ, „ახალი მამები" და „ახალი ღვთისმეტყველები" გვასწავლიან „ურთიერთსიყვარულს", რომელიც თურმე არ გააჩნდა წმ. მამებსა და მთლიანად მართლმადიდებელ ეკლესიას.

   1) ეკუმენისტები მიიჩნევენ, რომ წმ. წერილის სიტყვები: „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ" (იონ. 17. 21) მიმართულია ყველა ქრისტიანისადმი, მათ შორის ერეტიკოსებისადმი. თითქოს აქ მაცხოვარი ყველა კონფესიას გაერთიანებისკენ მოგვიწოდებდეს.

   მაგრამ მოხმობილ ციტატაში ტერმინი „ყოველნი" მიემართება მოციქულებს და იმ მორწმუნეთ, რომლებიც აღასრულებენ ღვთის სიტყვას: „მე ვსცევდ მათ სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, დავიცვენ, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა ძე იგი წარწყმედისა" (იონ. 17. 12).

   „სოფლისაგანნი არა არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ. წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყვაი შენი ჭეშმარიტ არს" (იონ. 17. 16-17). ე.ი. ღმერთთან ერთობისთვის საჭიროა ჭეშმარიტება, ჭეშმარიტი სწავლება, რაც ერეტიკოსებს აღარ გააჩნიათ. არადა მხოლოდ ამ პრინციპით არის შესაძლებელი „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ..." (იონ. 17. 21).

   მოგეხსენებათ, ერეტიკული საზოგადოების ძირითადი ცდომილებანი სწორედ ტრინიტარული, ქრისტოლოგიური ხასიათისაა, რაც შეუძლებელს ხდის „რაითა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ" (იონ. 17. 22).

   2) ეკუმენისტურ წრეებში ასევე დომინირებს მეორე ხედვაც: ქრისტიანებმა (მათ შორის წმ. მამებმაც) სიყვარულის დეფიციტის („ცოდვის") გამო ვერ შეინარჩუნეს ერთიანობა. ეს კონცეფცია არამარტო ერეტიკული შინაარსისაა, არამედ მთლიანად აცდენილია ქრისტიანულ მსოფლხედვას. თუკი კლასიკური ერესები ეკლესიის ცალკეულ დოგმატურ სწავლებას ამახინჯებენ, „მართლმადიდებელი ეკუმენისტები" მთლიანად უარყოფენ ისტორიულ ქრისტიანობას, ვინაიდან „ისტორიულ ქრისტიანულ გაყოფას" მართლმადიდებელი ეკლესიის ცოდვად მიიჩნევენ. ამით ისინი ადასტურებენ თავიანთ არაქრისტიანულ და არაორთოდოქსულ სულისკვეთებას.

   „პარიზის სკოლის" გამოჩენილი მოდერნისტი ა.ვ.კარტაშევი 1918 წ. საზოგადო მოხსენებაში ამბობდა: „ქრისტიანები (მათ შორის იგულისხმება მართლმადიდებლებიც - კ.ჯ.) თავად არიან დამნაშავენი თავიანთ გაყოფაში და ტკბებიან ამ გამიჯვნით. მათ არ გააჩნდათ სათანადო სიყვარული. თავად გამიჯვნა იმის ნიშანია, რომ მათ შესცოდეს ადამიანური ბუნებით. ნუთუ ეს არ არის გრანდიოზული დანაშაული ღვთის წინაშე: „გან-მე-ყოფილ არს ქრისტე?"1 (1 კორ. 1.13).

   მოგვიანებით 2016 წ. ამას მოჰყვა უკვე ოფიციალური განცხადებებიც. ერთ-ერთი რომის პაპისა და პატრიარქ კირილეს შეხვედრის დროს გაჟღერდა, როდესაც „სქიზმებისა და ერესების ერთიანი ეკლესიიდან გამოყოფა წინამორბედების მიერ „იარების მიყენებად" შერაცხეს".2 ე.ი. წმ. მამების უსიყვარულობის ცოდვის შედეგია თურმე.

   თუკი „მარფთლმადიდებლური ეკუმენიზმი" ქრისტიანების გაყოფის მიზეზად თავად კანონიკურ კრებებს მიიჩნევს, ორთოდოქსული ცნობიერებით ყველაფერი აბსოლუტურად საპირისპირო ხდებოდა: მსოფლიო კრება სწორედ იმისთვის იკრიბებოდა, რომ მათი განყენების შედეგად, შფოთის (ერესის) შემომტანებისაგან დაეცვა ეკლესიის ერთიანობა.

   წმ. რომის პაპი ლევი შენიშნავს: „უნდა შედგეს მსოფლიო კრება, რომელიც ყველა არსებულ უსამართლობას გადაწყვეტს, რათა არანაირი ეჭვი სარწმუნოებისა არ დარჩეს. თუკი ვინმე განუდგა ჭეშმარიტების საფუძვლებს, მოწოდებულია მაცხოვნებელი სიწმინდით მკურნალობისკენ. სხვები, კეთილი რჩევებით რომ დაწყნარებულიყვნენ, მაშინ არ იქნებოდნენ განყენებულნი ეკლესიისაგან".3

   წმ. მამების სწავლებით, ყველანაირი ერთობა როდია სათნო ღვთისთვის. „არსებობს სათნო უთანხმოება და დამღუპველი ერთობა" (მრავალი მამის აზრია).

   მეტიც: ეს ჭეშმარიტად სახარებისეული სწავლებაა, რომელიც თვით უფალმა გვიანდერძა:

   „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მოფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა" (მათ. 10. 34).

   „და აჰა მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსვლისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელი არა ერიდებიან სამწყსოსა" (საქმე. 20. 29).

   „ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნენ ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი იყვნენ, დამცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა, არამედ რაითა ცხად იყვნენ, რამეთუ არა არიან ყოველნი ჩუენგან" (1 იონ. 2. 19).

   „ნუ იქნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაი მოყვასებაი არს სიმართლისა და უშჯულოებისა? ანუ რაი ზიარებაი არს ნათლისა და ბნელისა?" (2 კორ. 6. 14).

   „ამისთვის გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყვის უფალი, და არა-წმინდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ" (2 კორ. 6. 17).

   ამრიგად, შეუძლებელია ამაზე მეტად, უკეთ წარმოაჩინო ზემოხსენებული საკითხი ჭეშმარიტი სწავლების მიხედვით. წმ. წერილის ეს ტექსტები იციან ერეტიკოსებმაც, მაგრამ მაინც უტეხად აგრძელებენ თავიანთ უშჯულოებას, რაც მათთვის სასიკეთოდ არ დასრულდება. (გაგრძელება...)





1 А. Карташев. Христианское воссоединение. Экуменическая проблема в православном сознании. 1993. С. 91.

2 Совместное заявление Папы Рымского Франциска и Святейшего Патриарха Кирилла (2016 г.).

3 Деяние Вселенских соборов. Послание Папы эпископам, которые собирались на святом халкидонском соборе.

   







დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება