მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > „ნაკლულოვანი ეკლესიების თეორია“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ნაკლულოვანი ეკლესიების თეორია“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


29-02-2024, 00:01

„ნაკლულოვანი ეკლესიების თეორია“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ვატიკანის მეორე კრებამ (1962 წ.) შეიმუშავა კონცეფცია სახელწოდებით „ნაკლულოვანი ეკლესიების თეორია". ის ჟან კალვინის პროტესტანტული ღვთისმეტყველებისაგან „ჭეშმარიტი ეკლესიის ნარჩენები" („Остатки истинной церкви”. "vestgia ecclesiae”) ნასესხები თეზა გახლავთ.

   აღნიშნული თეორიის თანახმად, „ქრისტეს ეკლესია იმყოფება („пребывает в". "subsistit in”) კათოლიკურ ეკლესიაში".1

   მანამდე კათოლიკები ამტკიცებდნენ: „„ქრისტეს ეკლესია არის რომაულ-კათოლიკური ეკლესია". აღნიშნული ჩანაცვლება საშუალებას იძლევა ტაქტიკური მოსაზრებით შეცვალოს ძველი პოზიცია. კერძოდ, ის, რომ კათოლიციზმის მიღმა არსებობს არა მხოლოდ ქრისტიანობა, არამედ ეკლესიის ელემენტებიც, მეტიც, ეკლესიები და საზოგადოებები, რომლებიც, თუმც არ იმყოფებიან სრულ ერთობაში, მაგრამ გააჩნიათ ეკლესიის ნიშან-თვისება და თავანთ წევრებს აძლევენ ცხონების საშუალებას".2

   მოგვიანებით ამას მოჰყვა პაპ ბენედიქტ XVI-ს განცხადება (კურია), სადაც ნათქვამია:

   „კათოლიკური ეკლესია ფლობს ეკლესიოლოგიურ განუმეორებლობას, ხოლო ყველა დანარჩენი „ეკლესიები", რომელთა ეპისკოპოსები არ იმყოფებიან პეტრეს მემკვიდრეობასთან ურთიერთობაში „ეკლესიოლოგიურად ნაკლულოვანი" არიან".3

   ამგვარი მანიპულირებით კათოლიციზმი ცდილობს თავისი მეთაურობით რაიმენაირად შემოიერთოს სხვა კონფესიები (განსაკუთრებით მართლმადიდებლები). ამ მიზნით „გადმოგვიგდო საკენკი" - თქვენც „ეკლესიები" ხართ, თუმცა „ნაკლულოვანები", ვინაიდან არ იმყოფებით სრულ ერთობაში კათოლიკებთან.

   როგორც ჩანს, მართლმადიდებელი ეკუმენისტები წამოეგნენ (უფრო სწორად, დიდი ხანია სურთ მათთან გაერთიანება) ამ ანკესს და კრეტის (2016 წ.) კრებაზე ოდნავი სახეცვლილებით, არსებითად ვატიკანის მეორე კრების ანალოგიით განაცხადეს: „მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს ისტორიულ სახელწოდებას სხვა, მასთან ურთიერთობაში არმყოფი ქრისტიანული ეკლესიებისა და კონფესიებისა".4 (6 პუნქტი).

   კრეტის კრებას ამ განსაზღვრებაში ერეტიკული საზოგადოებების აღსანიშნავად ორი განსახვავებული ტერმინი - „ეკლესიები" და „კონფესიები" გამოიყენება. ეს იმის მანიშნებელია, რომ დოკუმენტის ავტორები ზოგიერთ ერეტიკულ საზოგადოებას „უფრო ღირსეულ" ადგილს მიუჩენენ, ზოგს - „ნაკლებს".

   ისმის სამართლიანი შეკითხვა: რანაირად შეიძლება ეკლესიისაგან განდგომილ ერეტიკულ საზოგადოებებს „მასთან ურთიერთობაში არმყოფი ეკლესიები და კონფესიები" უწოდოს? არამართლმადიდებლებს სწორედ იმის გამო ვერა და ვერ ვუწოდებთ „ეკლესიებს" (დოგმატური მნიშვნელობით, პირობითად კი ეს შესაძლებელია), რომ ისინი ერეტიკულ სწავლებასა და დოგმებს აღიარებენ, არიან ერეტიკოსები და შეუძლებელია იყვნენ „ეკლესიები".

   აღნიშნული დოკუმენტი მკაფიოდ არ განსაზღვრავს ვინ არის და ვინ არ არის ეკლესიის წევრი. დამაბნეველი ტერმინებით - „ეკლესიები", „კონფესიები" კრების ავტორებს, ვატიკანის მეორე კრების მსგავსად, სურთ, „მასთან (მართლმადიდებელ ეკლესიასთან) შორი-ახლოს მყოფ" კატეგორიებად დაჰყოს ისინი. ასეთი დაყოფა უცხოა მამებისეული ღვთისმეტყველებისთვის - ნებისმიერი ერეტიკული საზოგადოება ერთნაირადაა ეკლესიის მიღმა მყოფი, არც ახლოს და არც შორს.

   ამრიგად, კრეტის კრებამ ოფიციალური დოკუმენტის სახით მიიღო კონცეფცია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ ფლობს ჭეშმარიტების სისავსეს (ის „ნაკლულოვანია"). ამიტომ, სისავსის მისაღწევად, მას ესაჭიროება „დიალოგი" „დანარჩენს ქრისტიანულ სამყაროსთან", ე.ი. ერეტიკოსებთან, რომლებიც, მისი აზრით, ზოგი სქიზმატური, ზოგი კი „ურთიერთობაში არმყოფი ეკლესიებია". მაგრამ ჩვენ მათზე შეგვიძლია მხოლოდ შემდეგი ვთქვათ:

   ეს ქრისტიანები განუდგნენ, განეშორნენ ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, რომელიც „დანარჩენი ქრისტიანული სამყაროს" მისგან განდგომის მიუხედავად, ინარჩუნებს სისავსესაც და ერთიანობასაც.

   ამრიგად, კრეტის კრების მეშვეობით, კრების აპოლოგეტებმა „კრებსითი" სტატუსი მიანიჭეს ვატიკანის მეორე კრების „ნაკლულოვანი ეკლესიების" თეზას, რაკი აღიარეს ერეტიკული საზოგადოებები „მასთან ურთიერთობაში არმყოფ ეკლესიებად". საგულისხმოა მინიშნება, რომ ეს „ურთიერთობა" უნდა „აღდგეს" არა მართლმადიდებლური, არამედ კათოლიკურ-ეკუმენისტური კონცეფციის თანახმად.

   სავალალოა, რომ მასზე, ვით ოფიციალურ მართლმადიდებლურ დოკუმენტზე, აპელირება მომავალშიც იქნება. ამისგან კრეტის კრებაზე არდამსწრე ადგილობრივ ეკლესიებს მხოლოდ „ხელმოწერაღა" აშორებს.

   ამრიგად, კრეტის (2016 წ.) კრებამ მართლმადიდებლურ წიაღში პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ უამრავი პრობლემა წარმოშვა. ეს ერთ-ერთი საკითხია, თუმცა სათქმელი გაცილებით უფრო მეტია. (გაგრძელება...)






1 Прот. Матфей Вулканеску. Торонская декларация. 2020. С. 17. Исторический подход в контексте диалога с неправославными.

2 Второй Ватиканский собор. (1962 г.).

3 Конгрегация доктрины веры. Ответы на вопросы, касающиеся некоторых аспектов, связанных с учением о церкви.

4 კრეტის კრება (2016 წ.). მართლმადიდებელ ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსადმი.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება