მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > კრეტის (2016 წ.) კრება და „ტორონტოს დეკლარაცია“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

კრეტის (2016 წ.) კრება და „ტორონტოს დეკლარაცია“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


27-02-2024, 22:32

კრეტის (2016 წ.) კრება და „ტორონტოს დეკლარაცია“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ეკუმენისტურ „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" პირველი ასამბლეის ორი წლის თავზე შედგენილ იქნა დეკლარაცია, რომელიც ისტორიაში „ტორონტოს დეკლარაციის" სახელწოდებით შევიდა. ეს დოკუმენტი ეკუმენისტურ მოძრაობაში ერთგვარ „მნათობად", „სვეტად" მოიაზრება, ვინაიდან მისი კონფერენცია „მართლმადიდებელი ეკუმენისტებისთვისაც" საკმაოდ მისაღები აღმოჩნდა.

   2016 წ. კრეტის ე.წ. „წმინდა და მსოფლიო კრებაზე" მიიღეს წყება შემაჯამებელი დოკუმენტებისა, წლების მანძილზე რომ მუშავდებოდა ეკუმენისტურ წრეებში მოსამზადებელ შეხვედრებზე. ერთ-ერთი მათგანი — "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანული სამყაროსადმი" ეკუმენისტური მოძრაობისა და სახელდობრ „ტორონტოს დეკლარაციის", ვით მართლმადიდებლებისთვის ერთობ მნიშვნელოვანი დოკუმენტის, პოპულარიზაციაა. აი, რა წერია აღნიშნული დოკუმენტის მე-19 პუნქტში:

   „„ეკუმენისტური მსოფლიო საბჭოს" მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები ღრმად დარწმუნებულნი არიან, რომ ტორონტოს დეკლარაციის (1950 წ.) ეკლესიოლოგიურ განსაზღვრებას „ეკლესია, ეკლესიები და ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" მართლმადიდებლების მონაწილეობის საფუძველს წარმოადგენს".

   თავის დროზე, ტორონტოს დეკლარაციაზე კათოლიკებთან და პროტესტანტებთან ერთად მუშაობდნენ მართლმადიდებელი თეოლოგებიც (მათ შორის დეკანოზი გ. ფლოროვსკი, მიტრ. გერმანე).

   მართლმადიდებელი ეკუმენისტები მიიჩნევენ, რომ ტორონტოს დეკლარაცია იქნება საიმედო დასაყრდენი ერეტიკულ საზოგადოებებთან მართლმადიდებელი ეკლესიის თანამშრომლობისთვის.

   კრეტის კრების ორგანიზატორები მიზანმიმართულად ამახვილებენ ყურადღების ტორონტოს დოკუმენტში ისეთ პუნქტებზე, რომლებშიც ღიად არ არის გაშლილი „ეკუმენისტური მსოფლიო საბჭოს" (ე.მ.ს.) მთავარი მიზნები. ამ გზით მიამიტ მართლმადიდებლებს უყალიბდებათ აზრი, თითქოს საგანგაშო აქ არაფერი ხდება. ამ მიზანს ემსახურება კრეტის დოკუმენტში ტორონტოს დეკლარაციის შენიღბულად წარმოჩენა.

   პუნქტი III. 1: „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" არ გახლავთ და არასდროს გახდება „ზე-ეკლესია".

   მიამიტი, მით უფრო ეკუმენისტი მართლმადიდებლებისთვის მიმზიდველი დაპირებაა, თითქოს „ე.მ.ს"-ს არ გააჩნია „ზე-ეკლესიის" ჩამოყალიბების პრეტენზია.

   ამ ნიშნით ყურადსაღებია ე.მ.ს.-ს მესამე გენერალური ასამბლეა (ნიუ დელისი, 1961 წ.), რომლის დოკუმენტი „Доклад о единстве" ეყრდნობა ტორონტოს დეკლარაციის 49 (2) სტატიას. მასში კი წერია: „„ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" სხვა არაფერია, თუ არა ეკლესია-წევრების გაერთიანება. მრავალმა ქრისტიანმა იცის, რომ ე.მ.ს. არის ახალი პრეცენდენტი, სულიწმინდის ინსტრუმენტი მთელი ეკლესიისათვის, ხოლო ეკლესიის მეშვეობით მთელი მსოფლიოსათვის ღვთის ნების აღსასრულებლად".1

   ამრიგად, „ე.მ.ს" არა მხოლოდ „ზე-ეკლესია", არამედ უზენაესი სათათბირო ორგანოა, ერთგვარი მუდმივმოქმედი სინოდი მთელი ეკუმენისტური „ეკლესიისათვის".

   პუნქტი III. 2:

   ""ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" მიზანია ჩამოყალიბდეს ცოცხალი კავშირები ეკლესიებს შორის და ხელი შეუწყოს ეკლესიის ერთიანობის საკითხის შესწავლასა და განხილვას".

   ცხადია, „ეკლესია", რომელშიც გაერთიანებას გვთავაზობს „ე.მ.ს.", არ არის მართლმადიდებელი ეკლესია. ე.ი. კრეტის კრების (2016 წ.) გადაწყვეტილებით მართლმადიდებელი ეკლესია მონაწილეობას მიიღებს „ეკლესიის გაერთიანების" (სხვადასხვა კონფესიათა გაერთიანების) მიღწევის „მისიაში". ეს აზრი საფუძველშივე ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლმხედველობასა და ცნობიერებას, ვინაიდან მართლმადიდებლების მიზანი სულაც არ არის დოგმატურ მინიმალიზმზე სხვა კონფესიებთან ურთიერთობის „დალაგება".

   მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ვერსად ვიპოვით მოსაზრებას, სადაც ეკლესია ეძებს „ცოცხალი კავშირის" აღდგენას ერეტიკულ საზოგადოებებთან. „ცოცხალი კავშირი" ნიშნავს მინიმუმ ორი ცოცხალი ორგანოს არსებობას, რაც მართლმადიდებლების მხრიდან სხვა კონფესიებში (პარტნიორებში), რაღაც დოზით ეკლესიურობის, მადლის არსებობის აღიარებას გულისხმობს.

   კრეტის (2016 წ.) კრება, თუმც არა დეკლარირებულად, მაგრამ რეალურად აღიარებს ტორონტოს დეკლარაციის IV. 1. პუნქტს, სადაც ვკითხულობთ:

   ""ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" წევრები მოლაპარაკებების, თანამშრომლობის საფუძველზე აღიარებენ, რომ ქრისტე - ღვთაებრივი თავია მისტიკური სხეულისა".2

   ამ თეზისის თანახმად გამოდის, რომ ქრისტე არის თავი ყველა დენომინაციისა, რომლებსაც „ქრისტიანობაზე" გააჩნიათ პრეტენზია. ეს აშკარა მკრეხელობაა, რაზეც არანაირი რეაგირება არ გააჩნიათ ეკუმენისტურ „დიალოგებში" მონაწილე მართლმადიდებელ ეკუმენისტებს. დიდი ალბათობით, მათ სჯერათ კიდეც ამ მკრეხელობის.

   პუნქტი III. 3.

   კრეტის კრება კვლავ აპელირებს ტორონტოს დეკლარაციის ერთ-ერთ პუნქტზე: "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს არ შეუძლია და არ მართებს რომელიმე ეკლესიის კონკრეტული კონცეფციის შემოღება". (პუნქტი III. 3).

   ამრიგად, ტორონტოს დეკლარაციის თანახმად თვალნათელია მართლმადიდებლების მხრიდან იმის აღიარება, რომ:

   1) „ქრისტე - თავია სხვა ეკუმენისტური (ერეტიკული) დენომინაციებისაც". (პუნქტი IV. 1).

   2) „„ეკლესია - წევრები" აღიარებენ ქრისტეს ეკლესიის ერთიანობას" (პუნქტი IV. 2).

   3) „„ეკლესია - წევრები" მიიჩნევენ, რომ „ქრისტეს ერთიან სხეულში წევრობა უფრო აღმატებულია, ვიდრე საკუთარი ეკლესიის წევრობა" (პუნქტი IV. 3).

   4) „„ეკლესია - წევრები" აღიარებენ სხვა ეკლესიებში ჭეშმარიტი ეკლესიის ელემენტებს". (პუნქტი IV. 4).

   ცხადად, აშკარად, ჩვენ თვალწინ, რომ იტყვიან დღისით, მზისით, ჭეშმარიტად აღიარებენ პროტესტანტულ თეორიებს (განშტოების, ნათლისღების, უხილავი ეკლესიის და ა.შ.).

   როგორც ვხედავთ, ე.მ.ს. არც კი მოიაზრებს დედამიწაზე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობას. მეტიც, არანაირ შანსს არ უტოვებს (თითქოს ეს მასზეა დამოკიდებული) გახდეს ოფიციალური დოქტრინა მთლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის.

   ამის მიუხედავად, კრეტის კრება სავალდებულოდ მიიჩნევს „ე.მ.ს."-ში მონაწილეობას. კიდევ: „ეკლესიების გაერთიანების" საქმეში თურმე „ტორონტოს დეკლარაციას" აღიარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

   ორთოდოქსული თვალსაზრისით კი ტორონტოს დეკლარაციის მართლმადიდებლურ დოკუმენტებში ასახვა უკვე ნიშნავს ერეტიკული ეკუმენისტური ეკლესიოლოგიის აღიარებას. ეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია მართლმადიდებლური კრებსითი ცნობიერებისათვის. მასში მართლმადიდებელი ეკლესია არა სისავსის მქონე ჭეშმარიტებაა, არამედ მისი მხოლოდ ერთი ნაწილი სხვა კონფესიებმა უნდა შეავსონ. ე.ი. „ე.მ.ს."-ში გაწევრიანებით „ეკლესიებს" უფრო ყოვლისმომცველი მნიშვნელობა ენიჭება.

   ამრიგად, „ტორონტოს დეკლარაციამ", რომლის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წილი შეიტანეს მიტრ. გერმანემ, დეკანოზმა გ. ფლოროვსკიმ, საფუძველი ჩაუყარა თეზას: მართლმადიდებელი ეკლესია არაა სისავსის მქონე ჭეშმარიტება.

   გ. ფლოროვსკის კონცეფციამ „საზღვრების შესახებ" („О границах Церкви"), ეკუმენისტურ საბჭოს მისცა ბიძგი, მის ასახვას უკვე „მართლმადიდებლურ  დოკუმენტებში".

   კრეტის (2016 წ.) კრება კი ამის საუკეთესო ნიმუშია, სამწუხაროდ. (გაგრძელება...)





1 Прот. Матфей Вулканеску. Торонская декларация. Исторический подход в контексте диалога с неправославными. 2020. Келия св. Модеста.

2 Торонская декларация. Пункт IV. 1.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება