მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ეკუმენიზმის საწყისები გ. ფლოროვსკის კონცეფციაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ეკუმენიზმის საწყისები გ. ფლოროვსკის კონცეფციაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


18-02-2024, 15:33

ეკუმენიზმის საწყისები გ. ფლოროვსკის კონცეფციაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   XX საუკუნის დამდეგს „პარიზის საღვთისმეტყველო სკოლაში" მოღვაწე თეოლოგის, დეკანოზ გ. ფლოროვსკის პიროვნებამ, მისმა საღვთისმეტყველო მიმართულებამ, როგორც ორთოდოქსების, ისე მოდერნისტების დიდი ინტერესი გამოიწვია. მოდერნისტებისთვის ის „დიდი მამაა", „ღვთისმეტყველია", რომლის „ნეოპატრისტიკულმა სინთეზმა" „ახალი სიტყვა" თქვა ღვთისმეტყველებაში. ორთოდოქსებისთვის ის რევოლუციონერია, რომელმაც „ახალ ეკლესიოლოგიას" ჩაუყარა საფუძველი მართლმადიდებელ ეკლესიაში. ვითარების დრამატულობას იწვევს ის, რომ გ. ფლოროვსკის მიერ თეოლოგიურ დონეზე ჩაგდებულმა ეკუმენისტურმა თესლმა დღეს უკვე ნაყოფი გამოიღო - მის სწავლებას დოქტრინული ხასიათი მიენიჭა რიგ ავტოკეფალურ ეკლესიებშიც, მეტიც, კრების დონეზეც (კრეტა, 2016 წ.). მისმა „ავტორიტეტმა" ბევრწილად ჩაანაცვლა ოცსაუკუნოვანი მართლმადიდებლური დოგმატური ცნობიერება. ამით ერთგვარი კანონიკური სახეც კი მიეცა ამ დოკუმენტებს. საქმე ისაა, რომ მართლმადიდებლურ დოკუმენტებში არამართლმადიდებლური კონცეფციების გაჟღერება არა უბრალოდ წეს-ჩვეულების შეცვლა, არამედ თავად სარწმუნოებრივი სწავლების „ევრორემონტია", ე.ი. დოგმატური ცნობიერების აშკარა ტექტონიკური ძვრაა, რაც საგანგაშო მოვლენაა ეკლესიის წიაღში.

   გ. ფლოროვსკის თეზის ძირითადი სათქმელი ისაა, რომ თურმე „ეკლესიის ქარიზმატული საზღვრები" არ ემთხვევა მის „კანონიკურ საზღვრებს". ეს „ნაწილობრივი მადლის" არსებობის ირიბი აღიარებაა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური (დოგმატური) საზღვრების მიღმა, რაც მართლმადიდებლურ წიაღში ეკუმენიზმის საფუძველთა გამყარების ტენდენციად უნდა მივიჩნიოთ.

   საქმე იქამდე მივიდა, რომ გ. ფლოროვსკის კრიპტოეკუმენისტური (ფარული) ეკლესიოლოგია „ეკლესიის საზღვრების შესახებ" („О границах церкви"), მიუხედავად მისი ორაზროვანი, კაზუისტიკური განსაზღვრებისა, ვით „შეუხებელი დოქტრინა", დამკვიდრდა რიგ ეკლესიებში. შედეგად მივიღეთ ის, რომ „მონათლულებად" არა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში მონათლულები მოიაზრებიან.

   ოფიციალური დოკუმენტი („Основные принципы отношения русской православной церкви к инославию") „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი პრინციპები არამართლმადიდებლებთან მიმართებაში" ეკლესიის საზღვრების განსაზღვრისას პირდაპირ ეფუძნება გ. ფლოროვსკის კონცეფციას: „ეკლესიის საზღვრებისა და არამართლმადიდებლური რეალობისადმი ეკლესიის დამოკიდებულების შესახებ, ღვთისმეტყველური, მამებისეული თუ ისტორიული თვალსაზრისით, მეტად საფუძვლიანად უნდა მივიჩნიოთ პატრიარქ სერგისა და დეკანოზ გ. ფლოროვსკის პოზიცია, რომლის საფუძველზეც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აგებს თავის ურთიერთობას არამართლმადიდებლებთან".1

   გადავიდეთ თავად გ. ფლოროვსკის სწავლების მიმოხილვაზე.

   გ. ფლოროვსკი წერს: „ეკლესია თავისი საკრამენტული ან მისტიკური პარამეტრებით კანონიკურ ნორმაზე აღმატებულია. ამიტომ კანონიკური გახლეჩა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ (არამართლმადიდებლების - კ.ჯ.) მისტიკურ დაცარიელებას და სიმწირეს".2

   როგორც ვხედავთ, გ. ფლოროვსკი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლობა მხოლოდ ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში არ მოიაზრება; ე.ი. ერეტიკულ და სქიზმატურ საკრებულოებში „რაღაც ქარიზმატული-საკრამენტულ-მისტიკური" მადლი მაინც ტრიალებს, მაგრამ წმინდა მამებმა ეს თურმე ვერ აღმოაჩინეს, რაც დასტურდება მომდევნო ამონარიდით.

   „წმ. კვიპრიანე (კართაგენელი) მართალი იყო: საიდუმლო აღესრულება მხოლოდ ეკლესიის შიგნით („в" церкви), მაგრამ ეს („в") „შიგნით" მან ნაჩქარევად და მეტად ვიწრო გაგებით განსაზღვრა. საპირისპირო წყობით ხომ არ უნდა შევხედოთ ამას: სადაც აღესრულება საიდუმლო, იქაა ეკლესია? ან უფრო მოკრძალებული ფორმით: არის შემთხვევები, როდესაც საიდუმლოებები მნიშვნელოვანია სქიზმატებშიც და ერეტიკოსებშიც კი, საიდუმლოებები შეიძლება აღსრულდეს ეკლესიის კანონიკური საზღვრების მიღმა".3

   შემდეგ გ. ფლოროვსკი ა. ხომიაკოვის (კიდევ ერთი გამოჩენილი მოდერნისტის - კ. ჯ.) კონცეფციას ეთანხმება:

   „გასაკვირი არ არის, რომ „ეკლესიის მიღმა" Extra Eccleisam არსებობს ცხონების შესაძლებლობა... ზეკანონიკური გამონაკლისის არსებობა ყველაზე უკეთ ხომიაკოვმა ახსნა: „ვინაიდან მიწიერი, ხილული ეკლესია ჯერ არ ნიშნავს მთელი ეკლესიის სისავსესა და სრულყოფას, როდესაც უფალი საბოლოო სამსჯავროზე ყველა ქრისტიანს მოევლინება. მანამდე ეკლესია მოღვაწეობს მხოლოდ საკუთარ საზღვრებში, და არ განსჯის დანარჩენ კაცობრიობას, არამედ მხოლოდ განყენებულად აღიარებს მას. ე.ი. დანარჩენნი არ მიეკუთვნებიან იმათ, მისგან თავად რომ განეშორნენ. დანარჩენი კაცობრიობა, ან ეკლესიის „მიღმა" მყოფნი დაკავშირებულნი არიან კავშირით, რომელიც ღმერთმა არ ინება მათთვის გაეხსნა, ყოველივე საბოლოო სამსჯავროს დღეს მიანდო".4

   შევაჯამოთ: გ. ფლოროვსკის, ხომიაკოვის და მსგავს მოდერნისტთა აზრით: 

   1) მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ზღუდის (ე.ი. დოგმატური განსაზღვრებების) მიღმა ჯერ კიდევ ვრცელდება მისი „მისტიკური ტერიტორია".

   2) წმ. კვიპრიანე კართაგენელს (ზოგადად წმინდა მამებს) არ უნდა ვუგდოთ ყური, და კანონიკურ საზღვრებში არ უნდა მოვხაზოთ ეკლესიის მთლიანობა.

   3) ყოველივე ამას (ეკლესიის სისავსეს, ჭეშმარიტ სწავლებას, კანონიკურ საზღვრებს) არ გააჩნია „სრული სახე" და საბოლოოდ ყველაფერი საბოლოო სამსჯავროს დღეს გაცხადდება. მანამდე, რასაც წმ. მამები ასწავლიდნენ, დოგმატურად განსაზღვრავდნენ, თავს სწირავდნენ ამისათვის, აქ არ უნდა დავსავთ საბოლოო წერტილი, იმიტომ რომ, წმ. მამებს ეს ღმერთმა „დაუმალა", ხოლო ხსენებული თაობის მოდერნისტებს, ვით „ახალ მნათობებს" განუცხადა.

   ისმის კითხვა: ნუთუ შეიძლება გ. ფლოროვსკის ვარაუდებს დაეყრდნო ეკლესიისათვის „საყოველთაო, საღვთისმეტყველო ტექსტების, დოკუმენტების" ჩამოყალიბების დროს, როგორც მოხდა კრეტის (2016 წ.) კრებაზე - აქ ხომ არამართლმადიდებლებთან ურთიერთობა განისაზღვრა რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ დოკუმენტში?! (გაგრძელება...)






1 Основные принципы отношения русской православной церкви к инославию. Доклад Митрополита Минского и Слуцкого Филарета. Вопрос о границах церкви в русском православном богословии. www.patriarchia.ru.

2 Прот. Г. Флоровский. О границах Церкви. Azbuka.ru.

3 იქვე. О границах Церкви.

4 იქვე. О границах Церкви.







დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება