მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ვარლამიზმიდან ეკუმენიზმამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ვარლამიზმიდან ეკუმენიზმამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


9-02-2024, 00:02

ვარლამიზმიდან ეკუმენიზმამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   განღმრთობის საღვთისმეტყველო ნიშნით მართლმადიდებლური სწავლების მოკლე მიმოხილვამ დაგვანახა, რომ განღმრთობიდან გაამსოფლიურობისკენ დაღმასვლის პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. ეკლესიის წიაღში ფსევდოქრისტიანული, რეალურად უნიატური სულის შემოჭრამ, რომლის საწყის ეტაპად უთუოდ ვარლამ კალამბრიელის „ჯაშუშური მოღვაწეობა" უნდა მივიჩნიოთ, ნეგატიურ საღვთისმეტყველო პროცესებს (მართალია, ოდნავ სახეცვლილს) ჩაუყარა საფუძველი. ორთოდოქსული, მამებისეული აღმსარებლური სწავლების სანაცვლოდ, სადაც ერესებთან ბრძოლა ჭეშმარიტ დოგმატურ საფუძვლებზე დაყრდნობით მიმდინარეობდა და სათანადო შედეგებიც ჩანდა. დღეს ერესებთან ბრძოლა საერთოდ ამოღებულია დღის წესრიგიდან, თითქოს გაქრნენო ისინი ორბიტიდან. უკეთეს შემთხვევაში ერესებთან ბრძოლა ადოგმატური მეთოდებით ხორციელდება.

   პალამიზმის ეპოქაში, წმ. გრიგოლ პალამასთან პოლემიკამდე, ვარლამ კალამბრიელისნაირი პიროვნება მართლმადიდებლური ინტერესების „დამცველად" მოგვევლინა ლათინებთან დიალოგში, რეალურად უნიის განხორციელებისკენ იყო მიმართული მისი მზაკვრული თეოლოგია; ბოლო საუკუნეებში კი ერესებთან გამკლავების მიზნით მოდერნისტმა ღვთისმეტყველებმაც ანალოგიურ მეთოდს მიმართეს: მართლმადიდებლობის მცველთა მოჩვენებითი იმიჯით შენიღბულებმა, სინამდვილეში „გააპრავეს" ეკუმენიზმი, მეტიც - კრების (კრეტა 2016 წ.) დონეზე, დეკლარირებულად აღიარეს ის.

   საქმე რომ სწორედ ამგვარი მიმართულებით განვითარდებოდა, არ უნდა გაგვკვირვებოდა. როგორც ვარლამ კალამბრიელი განიხილავდა თავის საღვთისმეტყველო თეზებს წარმართულ ფილოსოფიურ ჭრილში, აკნინებდა ეკლესიის დოგმატურ სწავლებას; მსგავსად ამისა, ე.წ. „პარიზის სკოლის ღვთისმეტყველებმაც" არა წმინდა მამებისეულ სწავლებაზე, არამედ გერმანული იდეალიზმის ფილოსოფიაზე ააგეს, მასთან „სინთეზით" დაწერეს საღვთისმეტყველო ტრაქტატები.

   თუ XX ს-ის დასაწყისში „პარიზელების" (გ. ფლოროვსკი, ხომიაკოვი, მეინდორფი, შმემანი და ა.შ.) მოჩვენებითმა მოშურნეობამ, რეალურად „ახალ მართლმადიდებლობას" (ნეომართლმადიდებლობას) ჩაუყარა საფუძვლები, მათმა მემკვიდრეებმა (რომანიდისი, ვლახოსი, ზიზიულასი, ალფეევი და სხვა), საბოლოო ბეჭედი დაუსვეს ამ მოვლენას. შედეგად, მავანი გრძნობს, რომ რაღაც „სხვაგვარი" გახდა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, მაგრამ სად, როგორ და როდის მოხდა ჭეშმარიტის ყალბით ჩანაცვლება, ვერ გაარკვია. ცხადია, იდეურმა მოდერნისტებმა შესანიშნავად იციან, საით მიდიან - მათ მიერ დათესილმა საღვთისმეტყველო ინდიფერენტიზმმა, ადოგმატიზმმა საბოლოო მიზნამდე უნდა მიგვიყვანოს, რასაც ეკუმენიზმის ტერმინებით „უნივერსალური ეკლესიის" ჩამოყალიბება ჰქვია.

   ამიტომ მომდევნო თავი გვსურს სწორედ ამ პრობლემის განხილვას მივუძღვნათ. (გაგრძელება...)

   






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება